13/11/2020 GIP

ეთნიკური უმცირესობები საქართველოში და ევროპეიზაცია

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
13-11-2020

ავტორები

გიორგი სორდია, ივანე ჩხიკვაძე, ნინო მარჯანიშვილი, კორნელი კაკაჩია, ელენე ფანჩულიძე, ნათია დაღელიშვილი

საქართველო ეთნიკური თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან სახელმწიფოს წარმოადგენს ევროპაში. მოსახლეობის უკანასკნელი აღწერის მიხედვით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 13.2 პროცენტი მიეკუთვნება ეთნიკური უმცირესობას, მათ შორის რაოდენობით ყველაზე მსხვილ ჯგუფებს წარმოადგენენ აზერბაიჯანელები (6.2 პროცენტი) და სომხები (4.5 პროცენტი), რომლებიც კომპაქტურად არიან წარმოდგენილი ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში (ქვემო-ქართლისა და სამცხე- ჯავახეთის რეგიონები). დანარჩენი ეთნიკური ჯგუფები კომპაქტურ დასახლებებს ნაკლებად ქმნიან და განსახლებულები არიან სხვადასხვა რეგიონებსა და ურბანულ ცენტრებში. ქვეყანაში ეთნიკურ უმცირესობათა და კულტურულად მრავალფეროვანი თემების არსებობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა საქართველოს ხელისუფლებისათვის. მთავარი გამოწვევა კი მდგომარეობს ადეკვატური და ეფექტური სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის გატარებაში. ამ პოლიტიკაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ის თუ რამდენად მოახერხებს ქართული პოლიტიკური ორგანიზმი ჩართულობაზე, თანამონაწილეობასა და პლურალიზმზე დაფუძნებული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვა და მათი სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში საქართველოს ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტსაც წარმოადგენს. ეს მიდგომა ნათლად არის დაფიქსირებული სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუტებთან საქართველოს თანამშრომლობის დოკუმენტებში. ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებული თემატიკა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს როგორც ევროკავშირთან ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებაში, ასევე ევროსაბჭოს და ეუთოს ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებებში. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროსაბჭოს ეგიდით ინიცირებული უმცირესობათა დაცვის ევროპული ჩარჩო-კონვენცია, რომელიც იურიდიულად სავალდებულო მექანიზმებს აწესებს ხელმომწერი სახელმწიფოსთვის და შესაბამისად უპირველეს საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს უმცირესობათა უფლებების დაცვისათვის.

საქართველო, რომლისთვისაც ევროპული ორიენტაცია მთავარ პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს, ვალდებულია განახორციელოს ჩართულობასა და ინტეგრაციაზე ორიენტირებული პროგრამები ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში. ამის გამოხატულებაა შესაბამის ევროპულ ინსტიტუტებთან ანგარიშგების მექანიზმების შექმნა და შიდა სამართლებრივი მექანიზმების უზრუნველყოფა, რომლებიც ორიენტირებულია ეთნიკურ უმცირესობათა საჭიროებების გამოვლენასა და მათი ინტეგრაციისათვის შესაბამისი ზომების მიღებაზე. ამ მიზნის უზრუნველყოფისათვის 2005 წლიდან საქართველოში მოქმედებს უმცირესობათა სამოქალაქო ინგეგრაციის და შემწყნარებლობის ეროვნული კონცეფცია და შესაბამისი სამოქმედო გეგმები. კონცეფცია შემდეგი ზოგადი მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული: თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობა სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში; თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების შექმნა; ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომოის უზრუნველყოფა და სახელმწოფო ენის ცოდნის გაუმჯობესება; ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნება და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფა.

თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს შორის ცნობიერების დონე, როგორც საქართველოს ევროპული პოლიტიკის, ასევე უმცირესობებთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ უკიდურესად დაბალია, რაც ნეგატიურად აისახება ქვეყნის უსაფრთხოებასა და საზოგადოებაში ევროპული ღირებულებების გავრცელებაზე. წარმოდგენილი ტრენინგ სახელმძღვანელოს შექმნა განპირობებულია სწორედ ამ მთავარი გამოწვევის არსებობას უკავშირდება და მიზნად ისახავს ეთნიკურ უმცირესობებში ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.

ტრენინგის მასალაში გაერთიანებულია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა იმ ბენეფიტების მიღებისთვის, რის საშუალებასაც ევროკავშირ- საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება იძლევა. პირველი თემა წარმოადგენს ევროკავშირის და საქართველოს ევროპული პოლიტიკის თეორიულ ჩარჩოს და მოიცავს ისეთ ქვეთემებს, როგორიცაა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროპეიზაცია და თანმხლები გამოწვევები და პერსპექტივები; ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატები და მათი არსი. მეორე თემა ეხება კონკრეტულად ეთნიკური უმცირესობების როლს და უფლებებს საქართველოს ევროპული პოლიტიკის ფარგლებში. მესამე თემა ძირითადად პრაქტიკულ საკითხებს მოიცავს, თუ როგორ შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ისეთი ბენეფიტების გამოყენება, როგორიცაა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო მიმოსვლა და საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამები.

იხილეთ ნაშრომი აზერბაიჯანულ ენაზე

იხილეთ ნაშრომი სომხურ ენაზე

 

წინამდებარე სახელმძღვანელო შექმნილია ევროკავშირის Erasmus + და ჟან მონეს პროგრამაში დაფინანსებული “წაახალისე და იმოქმედე ევროპისთვის” პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია წაახალისოს ევროკავშირის საკითხებზე დისკუსია საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ევროინტეგრაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საშუალებით.

, , , , , , , ,