13/06/2022 GIP

GEODEM 2022 კონფერენციის ანგარიში – პარტიული დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში: კონსენსუსის პერსპექტივები გახანგრძლივებული კრიზისის პერიოდში

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2022-06-13 09:52:40

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველო ღრმა და გაჭიანურებულ პოლიტიკურ კრიზისშია. გრძელვადიან პერსპექტივაში, აღნიშნულ  კრიზისს შესაძლოა  დამაზიანებელი შედეგები ჰქონდეს როგორც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე, ასევე,  მისი ევრო-ატლანტიკურ მომავალზე. მაშინ, როდესაც მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებები ქმნის შესაძლებლობათა ფანჯარას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისათვის, რომ მათ კიდევ უფრო გააძლიერონ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა, საქართველოს შემთხვევაში დემოკრატიზაციის პრინციპებისადმი ერთგულება და ამ მიზნით, დეპოლარიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული როლი ენიჭებათ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც  შეუძლიათ,  შეამცირონ  პოლარიზაცია და ერთმანეთთან თანამშრომლობის გზით ხელი შეუწყონ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის განმტკიცებას. თუმცა, დღესდღეობით ვერც მმართველი პარტია და ვერც ოპოზიციური პარტიები ვერ ახერხებენ, ამომრჩეველს პოზიტიური დღის წესრიგი შესთავაზონ. მნიშვნელოვან საკითხებზე დაფუძნებული დისკუსიებისა და ქვეყნის განვითარების არგუმენტირებული ხედვის წარმოდგენის ნაცვლად, წინასაარჩევნო კამპანიები ხშირად ფოკუსირებულია სკანდალებზე და ნეგატიურ მოვლენებზე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს პოლიტიკური კულტურის განვითარებასა და მის მდგრადობაზე. პოლიტიკური ველის ორპოლუსიანი რადიკალური პოლარიზაცია, ასევე, მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს პარტიათა შორის თანამშრომლობის პერსპექტივისთვის, აიძულებს რა მცირე პოლიტიკურ პარტიებს, „აირჩიონ რომელიმე მხარე“.

მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც გასათვალისწინებელია, არის ის, რომ მიუხედავად პოლიტიკური ველის პოლარიზაციისა, ყოველწლიურად, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს კოალიციური მმართველობის იდეას და თვლის, რომ ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისთვის.  ეს ფაქტები მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანი შეუსაბამობაა პოლიტიკური პარტიების ამბიციებსა და ამომრჩეველთა სურვილებს შორის. ამიტომ, როგორც ფართო საზოგადოებამ, ასევე პოლიტიკურმა კლასმა უნდა დაიწყოს ფიქრი ამ გამოწვევების დაძლევისა და პოლიტიკურ პარტიებსა და ქართულ საზოგადოებას შორის ნდობისა და კავშირების აღდგენის გზებზე.

სწორედ აღნიშნული საკითხები წარმოადგენდა დემოკრატიის მე-7 ყოველწლიური კონფერენციის პანელების საკვანძო თემებს. კონფერენცია, რომელზეც წარმოდგენილი იყო სამი თემატური პანელი, გახსნა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ. შესავალ სიტყვაში პროფესორმა კაკაჩიამ  ხაზი გაუსვა პარტიებს შორის და, ასევე, მათი ამომრჩევლებთან ეფექტიანი კომუნიკაციის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ამისთვის სხვადასხვა ახალი გზებია მოსაძიებელი. კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა აგრეთვე წარმოთქვა შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა ჰაიდი გრაუმ, რომელმაც ისაუბრა საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგზე და შინაარსზე ორიენტირებული პოლიტიკური დისკუსიის აუცილებლობაზე. მან მწუხარებით აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში პოლიტიკური დისკუსიის ტონი საკმაოდ დესტრუქციული ხასიათისაა, რაც მოიცავს პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმას, რისი გამოსწორებაც აუცილებელია. მან პარალელები გაავლო შვეიცარიულ პოლიტიკურ სისტემასთან და აღწერა, თუ რამდენად არის იქ პოლიტიკური კლასი ხიდების გაბმაზე ორიენტირებული იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ. მან ასევე ისაუბრა მედიის როლზე და აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება და ამავდროულად მოსახლეობამდე ობიექტური ინფორმაციის მიტანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ხალხს ელექტორალურადაც ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალები მიეცეს.

კონფერენციის პირველი პანელი მიზნად ისახავდა კოალიციური თანამშრომლობისთვის ქართული პოლიტიკური პარტიების მზაობის განხილვას. პანელზე მოხსენებით წარსდგენენ დოქტ. ფერნანდო კასალ ბერტოა (ნოტინგემის უნივერსიტეტი), გიორგი ვაშაძე (პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი), ნათია მეზვრიშვილი (პარტია, გახარია- საქართველოსთვის), დისკუსიას კი მოდერაციას უწევდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კონრად ადენაუერის ფონდის პროექტის მენეჯერი, პროფ. დავით აფრასიძე. მეორე პანელი შიდაპარტიული დემოკრატიისა და ახალი პოლიტიკური ლიდერების შესახებ დისკუსიას დაეთმო. აღნიშნულ პანელზე მოხსენებით წარსდგნენ დავით ბერძენიშვილი (რესპუბლიკური პარტია), თეონა ზურაბაშვილი (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი), დავით შერვაშიძე (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი), ზაზა ბიბილაშვილი (ჭავჭავაძის ცენტრი), ხოლო დისკუსია რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, ნინო გელაშვილმა წარმართა. კონფერენციის მესამე პანელზე მოხდა ინტერპარტიული მანიფესტის რას ითხოვს ქართველი ამომრჩეველი: გზავნილი საქართველოს პოლიტიკური პარტიებისთვის პრეზენტაცია, რომელიც შემუშავდა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ფასილიტაციით ათი პარტიის წევრებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ. პროექტისა და ინტერპარტიული მანიფესტის შემუშავების მეთოდოლოგიის შესახებ ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსებმა, ნინო სამხარაძემ და შოთა კაკაბაძემ. პანელის მომხსენებლები იყვნენ პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების წევრი გოგა ჭკადუაპარტია სტრატეგია აღმაშენებელის წევრი, ელისაბედ ბრეგვაძე, პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი, მიხეილ წვერავა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი, თამუნა მანველიშვილი. კონფერენციის მესამე პანელს მოდერაციას უწევდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი, ფელიქს ჰეტი.

 

GEODEM 2022 კონფერენციის ანგარიში | მაისი-ივნისი 2022

, , , , , , , ,