18/07/2019 magda

ქართულ-გერმანული ურთიერთობები ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში – როგორ შევაჯეროთ მოლოდინები?

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
18-07-2019

კორნელი კაკაჩია, კატრინ ბეტგერი,
ბიძინა ლებანიძე, ვიქტორია პალმი, მიხეილ სარჯველაძე

პოლიტიკის დოკუმენტი, ივლისი 2019
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი / ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტი

საქართველოსა და გერმანიას შორის არსებობს მჭიდრო, ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც ისტორიული კავშირებითა და პოლიტიკურ-კულტურული სიახლოვით ხასიათდება, თუმცა ამ ეტაპზე, ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე, იკვეთება უკმაყოფილების გრძნობა და პოლიტიკის შეუთავსებლობა სამ, ერთმანეთთან დაკავშირებულ სფეროში: ურთიერთობები რუსეთთან, ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი. განსხვავებები ამ საკითხებისადმი არსებულ პოზიციებში, ძირითადად, სხვადასხვა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, ორმხრივი ურთიერთობების ასიმეტრიულობას და შეუთავსებელ მოლოდინებსა და (არასწორ) აღქმებს უკავშირდება.

საქართველოს შემთხვევაში, მძლავრია ერთგვარი სკეპტიციზმი გერმანიის როლთან დაკავშირებით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროექტის მიმართ. საქართველოს პოლიტიკური კლასის ზოგიერთი წარმომადგენელი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გერმანიის, როგორც სანდო პარტნიორის, როლს და ქვეყანას რუსეთის ფედერაციის მიმართ შემწყნარებლური დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს. ქართული მხარე, ასევე, მოითხოვს საკუთარი მიღწევების მეტად დაფასებასა და რეფორმების პროცესისთვის ახალი, წამახალისებელი შეთავაზებების გაჩენას. თავისმხრივ, „გერმანიას, გარკვეულწილად, აშფოთებს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ საქართველოს გამალებული სწრაფვა და უპირატესობას შედარებით დინჯი ნაბიჯებით სვლას ანიჭებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მოახერხა დემოკრატიისა და კარგი მმართველობის მიმართულებით პოსტსაბჭოთა სივრცეში მოწინავე ადგილის დაკავება, გერმანული მხარე დაახლოების შემდგომი ეტაპებისთვის, შესაბამისი რეგულაციების სრულ იმპლემენტაციას მოითხოვს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო და გერმანია უახლოეს მომავალში ვერ შეძლებენ ყველა არსებული განსხვავების აღმოფხვრას, გაუმჯობესებული კომუნიკაცია და ერთმანეთის ინტერესების გათვალიწინებისთვის მზაობა, ხელს შეუწყობს ურთიერთობების უკეთესობისკენ წარმართვას და არასწორი წარმოდგენების მინიმუმამდე დაყვანას. ეკონომიკურ სფეროში გაზრდილი თანამშრომლობა და საზოგადოებრივ დონეზე უფრო მჭიდრო კავშირები, ასევე, შეუწყობს ხელს ორივე მხარეს არსებული სკეპტიციზმის დაძლევასა და ორმხრივი ურთიერთობებისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვას.

, , , , , , ,