26/01/2022 GIP

გაკვეთილები უკრაინის კრიზისიდან: რუსეთი, ნატო და მათ მიღმა

ავტორი

ანდრეი მაკარიჩევი

ანდრეი მაკარიჩევი, რეგიონული პოლიტიკის კვლევის პროფესორი, ტარტუს უნივერსიტეტი

რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობებში არსებულ ჩიხში, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ალბათ ყველაზე სერიოზულია,ორივე მხარე  არც ისე შორი წარსულის მემკვიდრეობით მიღებულ ილუზიებზე დაყრდნობით მოქმედებს.

ტრანს-ატლანტიკური დასავლეთის მთელი ფილოსოფია კოლექტიურ და შესაბამისად თანასწორ და განუყოფელ უსაფრთხოებას ეფუძნება. თუმცა, ხშირად  შეუმჩნეველი რჩება ხოლმე, რომ ეს „თანასწორობა და განუყოფლობა“ კარგად მუშაობს პოლიტიკურ (ევროკავშირი) და სამხედრო (ნატო) ალიანსებში, ვინაიდან ერთად აჯგუფებს და აკავშირებს წარსულში ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილ ქვეყნებს. თუმცა, როდესაც ვსაუბრობთ ისეთ სახელმწიფოებზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ლიბერალურ საერთაშორისო წესრიგს, ეს მიდგომა არ მუშაობს. რეალურად მხოლოდ ერთი ინსტიტუციური პლატფორმა არსებობს – ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) – სადაც რუსეთსა და დასავლურ ქვეყნებს შეუძლიათ უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრონ. თუმცა, როგორც მუდმივი საბჭოს ვენაში 2022 წლის 13 იანვრის სხდომამ აჩვენა, ეს ორგანიზაცია სტრატეგიულად იმაზე მეტი წონის არ აღმოჩნდა ვიდრე მოსკოვი-ვაშინგტონის და მოსკოვი-ბრიუსელის პირდაპირი დიალოგის ფორმატი. მიზეზი კი მდგომარეობს იმაში, რომ „თანასწორობა და განუყოფლობა“-ს პრინციპი საჭიროებს უსაფრთხოების საზოგადოებას რომლის მიღწევამდე ჯერ კიდევ შორია, თუ გავითვალისწინებთ მთელ რიგ საფრთხეებს რომელსაც მოსკოვის და მინსკის რეჟიმები წარმოქმნიან. ეს არის ის გრძელვადიანი დილემა, რასაც თვალი უნდა გაუსწოროს ევროკავშირმა, ეუთომ და ნატომ: თუ „ჭეშმარიტი“ უსაფრთხოების მიღწევა შეუძლებელია ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დღის წესრიგის მიღებისა თუ დაცვის გარეშე, მაშინ ევროპაში არიან ქვეყნები, რომელთა ჩართვა ლიბერალურ მსოფლიო უსაფრთხოების წესრიგში ყოველთვის საფრთხე იქნება.  რუსეთი და ბელორუსი კი, ნამდვილად მოიაზრებიან ასეთ სახელმწიფოებს შორის.

მეორე საკითხი,  რომელიც ასევე ხშირად რჩება ხოლმე ყურადღების მიღმა ეხება ურთიერთწინააღდეგობას ერთის მხრივ კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპსა (თანასწორი და განუყოფელი) და მეორეს მხრივ ალიანსებში გაწევრიანების თავისუფლებას შორის. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ცნება ლიბერალიზმის პირმშოა, არსებულ კონტექსტში ისინი შეიძლება ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდნენ. პოლიტიკურ და სამხედრო ალიანსში გაწევრიანების თავისუფალი არჩევანი პრაქტიკულად და ინსტიტუციურად განხორციელებადია: არსებობს წესები და პროცედურები, რომლებიც ქმნიან ინსტიტუციურ  ჩარჩოს და წარმართავენ პროცესს ევროკავშირში, ნატოსა თუ სხვა ბლოკსა და ალიანსში. მიუხედავად ამისა, ისეთი საკითხები, როგორიცაა უსაფრთხოება ყველასთვის ან საერთო კეთილდღეობა უფრო მეტად აღქმების, განსჯისა და შეფასებების საგანია, რაც იძლევა მათი სუბიექტურად ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. თუ კრემლში ფიქრობენ,რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოსთან კავშირი, თუნდაც გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) გარეშე, რუსეთის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველია, მაშინ სერბეთსაც შეუძლია მსგავსი არგუმენტის გამეორება მონტენეგროს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.. თავის მხრივ, უკრაინასაც შეიძლება ჰქონდეს მიზეზები, თუ რატომ არის მისთვის ბელორუსის წევრობა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (CSTO) გამოწვევა და საქართველომაც, შეიძლება, მსგავსი არგუმენტები წამოაყენოს სომხეთის ამ ორგანიზაციაში მონაწილეობის გამო. ამ ლოგიკის გავრცობამ კი,  შეიძლება ხელი შეუწყოს მსოფლიო პოლიტიკის ანარქიული კომპონენტის გაძლიერებას.

კრემლის მხარეს ყველაზე დიდი ილუზია არის არასწორი აღქმა, რომ მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია ერთი გეოპოლიტიკური სივრცეა. ამას   ევრაზიის ძალიან სახიფათო მეტაფორასთან, ე.წ. „უსაზღვრო სივრცესთან“ მივყავართ, სადაც რუსეთს პრივილეგიები უნდა ჰქონდეს. ამ ლოგიკით, ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ რუსეთის ერთგულება მათი „რაციონალობის“ დონეზეა დამოკიდებული, რაც გულისხმობს მულტი-ვექტორული საგარეო პოლიტიკის მოდელის საპირწონედ მოსკოვთან ურთიერთობებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას.

ეს ილუზიური ხედვაა ის, რაც ხსნის რუსეთის მიერ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის შედეგების უკანასკნელ რეინტერპრეტაციას. დასავლეთის გადმოსახედიდან, ალიანსის ორჭოფობა საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭებაზე, აშკარად, მოსკოვის შეშფოთებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებაა. შესაძლოა, გერმანიისა და საფრანგეთის ხელისუფლებებს ეგონათ, რომ ამ ორი დასავლეთის მიმართ ლოიალური ქვეყნისთვის MAP-ზე უარის თქმა „თანასწორ და განუყოფელ“ უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანდა. თუმცა, სინამდვილეში, მოსკოვმა უბრალოდ არაფორმალური დადასტურება მიიღო იმისა, რომ ქვეყნები, რომლებიც სრულად ვერ აკონტროლებენ საკუთარ ტერიტორიას ან არიან მეზობლებთან კონფლიქტურ მდგომარეობაში, ვერ გახდებიან ნატოს წევრები. ეს განწყობა განსაკუთრებით ჩანს საქართველოში, სადაც ბუქარესტის სამიტი  გაგებულია, როგორც  2008 წლის აგვისტოში  რუსეთის სამხედრო კამპანიის მაპროვოცირებელი და ხელშემწყობიც კი. თუმცა, რასაც დღეს მოსკოვისგან ვისმენთ  სრულიად სხვა ისტორიაა: კრემლის ყველაზე უკანასკნელი ვერსიით, ნატომ დატოვა მისი კარი ღია როგორც უკრაინისთვის, ასე საქართველოსთვის და უბრალოდ, დროებით გადადო საბოლოო წევრობა.

კრემლის უსაფრთხოების გაგება ძირითადად სამეზობლოს ფინურ მოდელს ემყარება, რაც  ორ მთავარ იმპერატივს გულისხმობს – ტერიტორიული დანაკარგების მიღებას და სამხედრო ნეიტრალიტეტს, როგორც იმ უსაფრთხოების ბლოკების წევრობაზე უარის თქმას,  სადაც რუსეთი არ არის გაერთიანებული.როგორც რუსმა პოლიტიკის ანალიტიკოსმა, სერგეი მედვედევმა მართებულად შენიშნა, კარელიის საკითხი დაექვემდებარა ფინელების მიერ თვითცენზურას, უარყოფას და ტაბუსაც კი. მისი სიტყვებით, „ფინეთი იძულებულია კარელიის მიმართ საკუთარი სურვილი დათრგუნოს, რათა ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა წინ წასწიოს“. მიუხედავად ფინური მოდელის ყველა დადებითი მხარის, ის უფრო მეტად გამონაკლისია ვიდრე წესი და ძალიან რთულია მისი გამეორება რუსეთის სხვა მეზობლების შემთხვევაში, რომელთა ტერიტორიებიც არის ანექსირებული ან ოკუპირებული პოსტ-საბჭოთა რუსეთის მიერ. ფინური მოდელი ძალიან საეჭვოა როგორც საქართველოში, ასევე უკრაინის შემთხვევაში, ვინაიდან თავად პუტინი უთხრის ძირს ამ ე.წ. „ფინლანდიზაციის“ მიმზიდველობას: რუსეთის უკრაინის საზღვართან სამხედრო ძალების მობილიზების საპასუხოდ მთავრობებმა ჰელსინკიში და სტოკჰოლმში,მართალია მხოლოდ რიტორიკის დონეზე, მაგრამ ნათელი გახადეს, რომ რაც უფრო აგრესიული გახდება რუსეთი, მით უფრო გაიზრდება ნეიტრალური ქვეყნების დაუცველობის განცდა, რომელსაც  შეიძლება მოჰყვეს მათ მიერ საკუთარი ნეიტრალიტეტის გადახედვა. უკანასკნელმა ინციდენტმა – რუსული თვითმფრინავის ფინურ სამხედრო ბაზაზე გადაფრენამ – კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატოს არაწევრობა არ იცავს მეზობლებს რუსეთის არამეგობრული ნაბიჯებისა და პროვოკაციული ჩარევებისგან. რუსეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადება კი, რომლის მიხედვითაც ფინეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები „მოხოხდებიან“ რუსეთის ახალ იმპერიაში, ამ მხრივ მრავლისმეტყველია.

უსაფრთხოების ორ მოდელს,დასავლურ ლიბერალურს და რუსულ არალიბერალურს შორის განსხვავება არის ის, რომ პირველი შეიძლება  არათანმიმდევრული და არაეფექტური იყოს, ხოლო მეორე ევროპისთვის საშიში და საფრთხის შემცველი. „თანასწორი და განუყოფელი“ უსაფრთხოების მიმართ ერთგულება განსაკუთრებით ნათელია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში, სადაც ის რუსეთის ამა თუ იმ გზით პან-ევროპულ უსაფრთხოების წესრიგში ინტეგრირებასა და რუსეთის მოთხოვნების გათვალისწინებაზე საუბრობდა. ამ სცენარის მიხედვით და რუსეთსა და დასავლეთს შორის განხეთქილების სიღრმის გათვალისწინებით, უკრაინა და საქართველო არიან ის მხარეები, ვინც ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მაკრონის საწინააღმდეგო არგუმენტად შეიძლება მოვიშველიოთ ის, რომ მიუხედავად ამ ქვეყნებთან ასოცირებულ ხელშეკრულებებში უსაფრთხოების საკითხების ჩართვისა, მიმდინარე სამხედრო ესკალაციის ფონზე ევროკავშირი მათ ფაქტობრივად ვერ ეხმარება.

პარალელურად, მოსკოვში სახელისუფლებლო პოლიტიკის კომენტატორებს რუსული ხედვის დომინაციის და ა.შ.შ.-თან სწრაფი „გასაოცარი“ წარმატების  მოლოდინი აქვთ. ვინაიდან მოსკოვი უკვე აღარ ისწრაფვის დასავლური დომინაციის ლიბერალური საერთაშორისო საზოგადოების წევრობისაკენ, ამან შეიძლება საბოლოო ჯამში მიგვიყვანოს ორ განსხვავებულ უსაფრთხოების საზოგადოებებს შორის კონფლიქტურ თანაარსებობამდე. ამ სცენარით, ევროპის აღმოსავლეთით შესაძლოა  ორმაგი იერარქია ვიხილოთ: რუსეთი სრულად გამოიყენებს მის სამხედრო უპირატესობას, მაშინ როდესაც ევროკავშირისა და ნატოსკენ მიმავალი ქვეყნები გახდებიან ამ ორგანიზაციების პოლიტიკური ნებისა და ფართო გეოპოლიტიკური საკითხებზე დამოკიდებულნი. ამის ერთ-ერთი უკანასკნელი მაგალითია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს მიერ ესტონეთისთვის გერმანული წარმოების სამხედრო აღჭურვილობების უკრაინისთვის მიწოდების დაბლოკვა. ეს ორმაგი იერარქია გამორიცხავს „თანასწორ და განუყოფელი“ უსაფრთხოებიდან არამხოლოდ უკრაინას, არამედ, პოტენციურად, საქართველოსაც. ეს ასევე დააბრუნებს დიდი სახელმწიფოების მართვის სამწუხარო ტრადიციას – მოდელს, რომელიც ერგება რუსეთის ინტერესებს და მისი მეზობლების უმრავლესობას დაუცველს ტოვებს.

 

 

ანდრეი მაკარიჩევი, რეგიონული პოლიტიკის კვლევის პროფესორი, ტარტუს უნივერსიტეტი
[მომზადდა „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის – სამხრეთ კავკასიის რეგიონში“ და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.]

 

, , , , , , , , ,