2016-03-23 22:44:05
ალექსანდრ სკრივენერი
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
პოლიტიკის ინსტიტუტი / 2016 წლის მარტი
გახდა თუ არა პარლამენტი უფრო ეფექტური 2012 წლის შემდეგ?
დიახ – პარლამენტში ამჟამად მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები არიან წარმოდგენილნი. წინა პარლამენტში, ძირითადი ოპოზიციური ჯგუფები პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდნენ. იმის მიუხედავად, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახლაც ბოიკოტს უცხადებს საკომიტეტო შეხვედრებს, მისი წევრები პლენარულ სხდომებს ესწრებიან, ეს კი ნიშნავს, რომ პარლამენტში ორ მთავარ ქართულ პარტიას შორის რეალური დებატები მიმდინარეობს.
დიახ – პარლამენტი აღარ არის მთავრობის გადაწყვეტილებების ავტომატურად დამადასტურებელი ორგანო. 2003-2012 წლებში, პარლამენტი მხოლოდ სამთავრობო ინიციატივების დამკანონებელი ორგანოს როლს ასრულებდა. ამას გარდა, მთავრობა საკონსტიტუციო ცვლილებებს საკუთარი სურვილისამებრ იღებდა. მართალია, კანონების მიღების თვალსაზრისით სიტუცია მხოლოდ ოდნავ გამოსწორდა, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისათვის უფრო მაღალი ზღურბლის შემოღებამ სტაბილურობა გაზარდა.
დიახ – პარლამენტი ქართული პოლიტიკური პროცესის უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. 2013 წელს შემოღებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტის ფორმალური როლის გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების შედეგად საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად არ გადაქცეულა, ამჟამად ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ძალაუფლების უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელია.
არა – პარლამენტში არ ხდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კვლავ მმართველი კოალიციის, „ქართული ოცნების“ ლიდერთა მცირე ჯგუფის მიერ დახურულ კარს მიღმა მიიღება. ყველაზე გავლენიანი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილია, იმის მიუხედავად, რომ მას ფორმალური თანამდებობა აღარ უკავია. კოალიციაში ნებისმიერი შიდა წინააღმდეგობა, როგორც წესი, არაფორმალურ შეხვედრებზე გვარდება და საზოგადოებისთვის დახურულია.
არა – კვლავ სერიოზული პრობლემები არსებობს პარლამენტის ფუნქციონირებაში. ელემენტარული საკანონმდებლო დავალებების შესრულების დროს, მაგალითად, კანონების შედგენისას, ვლინდება კომპეტენციის ნაკლებობა, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. საპარლამენტო კომიტეტები (ნაწილობრივ ოპოზიციის ბოიკოტის გამო) ასევე ვერ ახდენენ მიღებული კანონმდებლობის სათანადო მონიტორინგს.
არა – საპარლამენტო სისტემას საფრთხეს უქმნის სუსტი პარტიული სისტემა და პოლიტიკური კულტურა. საქართველო კვლავ ინარჩუნებს ზედმეტად პერსონიზირებული პოლიტიკური კულტურას, რომელიც მას ლათინური ამერიკის კლასიკურ საპრეზიდენტო პოლიტიკურ სისტემებთან აახლოებს. თუმცა, ლათინური ამერიკისგან განსხვავებით, საქართველოში თითქმის არ არსებობს მკვეთრად გამოხატული იდეოლოგიების მატარებელი პოლიტიკური პარტიები. ამ ორი ფაქტორის კომბინაცია აფერხებს პარლამენტის უნარს, მოახდინოს აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტური მონიტორინგი.