2025-03-17 10:54:11
დემოკრატიები მსოფლიოს გარშემო ბოლო რამდენიმე წელია კრიზისს განიცდიან. 2024 წელს, ზედიზედ ცხრამეტჯერ, გლობალური თავისუფლების ქულა შემცირდა. გასულ წელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სამოცი ქვეყნის ადამიანის უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მაჩვენებელი გაუარესდა, გაუმჯობესება კი მხოლოდ ოცდათოთხმეტში აღინიშნა (Gorokhovskaia & Grothe 2025). სამწუხაროდ, საქართველოს ლიბერალური დემოკრატიის ხარისხიც ამ ე.წ. დე-დემოკრატიზაციის ტალღას მიყვება, რაც უკანასკნელი ორი-სამი წლის განმავლობაში მმართველი პარტიის ავტორიტარიზმისკენ შემოტრიალებაში აისახა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების ლეგიტიმურობაც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა, „ქართულმა ოცნებამ“ მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები დაანიცირა, რომელმაც ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმის ჩამოყალიბების საფრთხე კიდევ უფრო რეალური გახადა (Caryl 2024; Civil Georgia 2025).
თუმცა, „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარიზმის შენების პარალელურად, სამ თვეზე მეტია ქვეყანაში ადგილი აქვს უწყვეტ სამოქალაქო პროტესტს. ეს პროცესები განსაკუთრებით თვითორგანიზებითა და ჰორიზონტალური მობილიზაციით ხასიათდება, რაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი ლიდერების შედარებით უკანა რიგებში გადასვლასაც გულისხმობს. ამ პოლიტიკის მემორანდუმის მიზანია, ერთის მხრივ, მოკლედ მიმოიხილოს გასულ წელს, დემოკრატიის კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევები, ხოლო მეორეს მხრივ, გაანალიზოს თუ რამდენად მოდის თანხვედრაში პოლიტიკური ელიტის, ექსპერტთა, სამოქალაქო საზოგადოებებისა და მოსახლეობის მოსაზრებები? ასევე, ამ ნაშრომში განხილული იქნება ის ბმა, რომელიც არსებობს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ ევროატლანტიკური საგარეო კურსის მხარდაჭერასა და დემოკრატიზაციას შორის.
პოლიტიკის მემორანდუმი #81 | მარტი 2025
პუბლიკაცია მომზადდა “საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს” ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა” და „საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩო” შეხედულებებს.