Author

23/10/2023 ნინო სამხარაძე

ქართული პოლიტიკური პარტიები ევროპულ კონტექსტში: გამოწვევები და შესაძლებლობები

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2023-10-23 08:17:54

ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო თანდათანობით შორდება განვითარების ევროპულ გზას. ხელისუფლება ევროინტეგრაციისთვის საჭირო ფუნდამენტური რეფორმებისთვის საკმარის ნებას არ გამოხატავს, კონფრონტაციულად უპირისპირდება ქვეყნის შენელებული დემოკრატიზაციის დასავლურ კრიტიკას; მმართველი პარტია, რომელსაც 2024 წელს ძალაუფლების მეოთხე ვადით შენარჩუნების ამბიცია აქვს, ევროპასთან კავშირებს სწრაფად კარგავს. ამ შემაშფოთებელი დინამიკის ერთგვარი კულმინაციური ეპიზოდი იყო 2023 წლის მარტში ევროპელ სოციალისტთა ევროგაერთიანების რიგებში ქართული ოცნების გარიცხვის საკითხის დაყენება, რასაც თავად ქართულმა ოცნებამ დაასწრო და დატოვა პარტია იმ მოტივით, რომ ის ვერ ხედავდა საკმარის მხარდაჭერას ევროპელ მეგობრებში (PES 2023b; ქართული ოცნება 2023).

მეორე მხრივ, ოპოზიცია სუსტი და ფრაგმენტულია და, ამ ეტაპზე,  მზარდი ავტორიტარული ტენდენციების გათვალისწინებით, არ აქვს საკმარისი რესურსი ქართული ოცნების ერთპარტიულობის დასაბალანსებლად. სხვადასხვა სოციოლოგიური  გამოკითხვების მიხედვით, პარტიების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა არც ისე მაღალია (CRRC 2023a). იმისთვის, რომ ოპოზიციამ შეძლოს და რეალური წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროინტეგრაციულ პროცესში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა შეიძლება იყოს ევროპულ პარტიულ გაერთიანებებში გააქტიურება.

წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი იკვლევს, თუ როგორ მოქმედებენ დღეს ქართული პარტიები საერთაშორისო არენაზე, კერძოდ, ევროპულ პარტიულ გაერთიანებებში. რატომაა განსაკუთრებით ახლა მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით პარტიების მუშაობის გაძლიერება. კვლევის ფარგლებში ჩატარდა ინტერვიუები ქართული პარტიების წევრებთან, ევროპული პარტიების გაერთიანებების წარმომადგენლებთან, და ექსპერტებთან. კვლევის მიგნებების საფუძველზე, ნაშრომში წარმოდგენილია რეკომენდაციები, თუ როგორ შეიძლება, პარტიებმა ეფექტიანად გამოიყენონ ევროპულ პარტიულ გაერთიანებებთან კავშირები.

საკვანძო სიტყვები: პოლიტიკური პარტიები; ევროპული პარტიების გაერთიანებები; ევროინტეგრაცია; დემოკრატია; არჩევნები

პოლიტიკის დოკუმენტი #36 | ოქტომბერი 2023

 

პუბლიკაცია მომზადდა „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ და „საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს“ შეხედულებებს.

, , , , , ,