2025-05-07 10:09:26
საქართველოში მრავალპარტიულობა და პლურალიზმი ბოლო წლებში განსაკუთრებულ რეგრესს განიცდის. ირღვევა პოლიტიკურ ველზე თანაბარ პირობებში პარტიებს შორის შეჯიბრებითობის პრინციპები, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარების გარანტიები (OSCE ODIHR 2024), რაც ხელს უშლის პოლიტიკური სისტემის სიჯანსაღის უზრუნველყოფას (Bernatskyi 2024). ბოლო წლებში განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ოპონენტებს შორის სიძულვილის ენაზე დაფუძნებული კამპანიები, რაც საზოგადოების ფრაგმენტაციას აღრმავებს, განსაკუთრებით იმ კლასიკური გაგებით, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალა მეორის პოლიტიკური სივრციდან ჩამოშორებას განიზრახავს (Martin & Nai 2024). ამგვარი დაპირისპირების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია 2024 წელს “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ე.წ. „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვის და არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ, რაშიც ისინი პრაქტიკულად ყველა იმ პარტიას მოიაზრებდნენ რომელთაც არჩევნებში ოპოზიციური სპექტრიდან ყველაზე მაღალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოიპოვეს (პირველი არხი 2024ა).
მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვა, არჩევნების შემდგომ აღნიშნულზე საუბარი არ შეწყვეტილა. ერთი მხრივ შეიქმნა არსებული პარლამენტის ე.წ. „დროებითი საგამოძიებო კომისია“ რომლის მთავარი ფუნქცია მათი თქმით ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენა იყო, მოგვიანებით კი ეს მანდატი გაფართოვდა და 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდა, რის ფარგლებშიც დაიწყო ზოგადად საარჩევნო ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციის მცდელობა (საქართველოს პარლამენტი 2025ა). 2025 წლის მარტის ბოლოს “ქართული ოცნების” მეორე ინიციატივა საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ცვლილების შეტანას გულისხმობს, რაც უშუალოდ პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად (საქართველოს პარლამენტი 2025ბ). კერძოდ, მის მიხედვით:
„დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით.“
პარალელურად, ცვლილება ასევე შეეხება „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონს, რომლის მიზანია პოლიტიკური პარტიის აკრძალვის განხილვის ვადების შემჭიდროება, რომელიც პარტიის გაუქმებას დაჩქარებული წესით, ორ კვირაშიც კი ხდის შესაძლებელს (სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2025).
მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტები განხილვის ქვეშაა, “ქართული ოცნების” განცხადებით ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში შეძლებენ მონაწილეობის მიღებას და მხოლოდ ამის შემდგომ, მათი თქმით, “ფაქტებზე დაფუძნებულ კონსტიტუციურ სარჩელს მოამზადებენ,” რათა ე.წ. “კოლექტიური ნაცმოძრაობა” საკონსტიტუციო სასამართლოს ხელით აიკრძალოს (მდინარაძე 2025).
პარტიულ პოლიტიკაში მსგავსი პრაქტიკა მძიმე პოლიტიკური რყევების, არასტაბილურობის და მოქალაქეთა დაპირისპირების გამომწვევი შეიძლება იყოს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში მსგავსი პრაქტიკა დამკვიდრდება, არ არსებობს გარანტია იმისა რომ მომდევნო მთავრობები იმავეს არ გაიმეორებენ და ამას ბუმერანგის ეფექტი არ ექნება.
პოლიტიკის მემორანდუმში მიმოხილულია “ქართული ოცნების” ფორმალური განმარტებები ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მოტივზე. ასევე ტექსტში გაანალიზებულია ამ მიზნის მიღმა არსებული შესაძლო მიზეზები მათი რიტორიკიდან და ქმედებებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, ტექსტში წარმოდგენილია ადგილობრივი, თუ საერთაშორისო აქტორების და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების განმარტებები და ხედვები პარტიების შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით არსებული განცხადებებზე და წერილობით ინტერვიუებზე დაყრდნობით. მემორანდუმში საქართველოს კონტექსტი ასევე ახსნილია სხვა დემოკრატიული და ავტორიტარული ქვეყნების მაგალითებზე დაყრდნობით.