23/04/2025 თინათინ ახვლედიანი

დემოკრატიული უკუსვლისა და გეოპოლიტიკური მოვლენების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2025-04-23 13:16:58

საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ბოლო წლების განმავლობაში შემაფერხებელი ფაქტორების – შიდაპოლიტიკური ტურბულენტობისა და მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის – ზრდის ფონზე ვითარდება. უკრაინაში მიმდინარე ომმა და რეგიონული მასშტაბით მისმა ფართომასშტაბიანმა შედეგებმა კარგად გამოაჩინა საქართველოს ეკონომიკის სუსტი წერტილები. შიდა პოლიტიკის ფრონტზე ქვეყანა მზარდ პოლიტიკურ არასტაბილურობაშია ჩაფლული, – დემოკრატიული უკანდახევით, შეჩერებული ევროინტეგრაციითა და მუდმივი საზოგადოებრივი პროტესტით. მოვლენათა განვითარების ამ ტრაექტორიამ მნიშვნელოვნად შეარყია ინვესტორების ნდობა, შეამცირა ფინანსური მხარდაჭერა მოკავშირეებისგან, მათ შორის ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებისაგან, და გაურკვევლობის ახალი დონე შემოიტანა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაში.

როგორც მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, საქართველო განსაკუთრებით მგრძნობიარეა გარე შოკების მიმართ, ხოლო პოლიტიკური და გეოპოლიტიკური არასტაბილურობის კუმულაციური ზეწოლა კიდევ უფრო მეტად აშიშვლებს მისი ეკონომიკის სიმყიფეს. მდგრადი, მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკური სტრატეგიის არარსებობა, რასაც ებმის სოციალური დაცვის არასაკმარისი მექანიზმები, უმუშევრობის მაღალი დონე და მზარდი უთანასწორობა, ქვეყანას კიდევ უფრო უბლაგვებს შესუსტებულ უნარს, გაუძლოს ეკონომიკის შემაფერხებელ ფაქტორებსა და მზარდ შიდა ზეწოლას.

კურსის საფუძვლიანი კორექტირების გარეშე საქართველოს ეკონომიკას გაჭიანურებული, დროში გაწელილი ვარდნა ემუქრება. აუცილებელი რეფორმების არარსებობამ, მუდმივ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ არასტაბილურობასთან ერთად, შეიძლება გააღრმავოს სტრუქტურული სისუსტეები და კიდევ უფრო მეტად გამოუთხაროს ძირი ინვესტორების ნდობას. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი უკვე გამოვლენილი ეფექტი შესაძლოა მართვადი აღმოჩნდეს, რეალური შედეგები უფრო მეტად შეიგრძნობა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გარე მხარდაჭერა შემცირდება და შიდა მოწყვლადობა გაძლიერდება. ამრიგად, საჭიროა გადაუდებელი ნაბიჯების გადადგმა მდგრადი ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის გასატარებლად, რაც დაეყრდნობა დემოკრატიული გზის აღდგენასა და ევროპულ მისწრაფებზე გეზის ხელახალ სწორებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს სახელმწიფო, აღადგინოს საერთაშორისო ნდობა და შექმნას სტაბილური, მიმზიდველი გარემო ეკონომიკური საქმიანობისა და უცხოური ინვესტიციებისთვის.

პოლიტიკის მემორანდუმი #83 | აპრილი 2025

© Cover Photo: Commersant
, , , , , , , , , , ,