2024-08-20 12:40:16
ავტორი
გიორგი ლაბაძე
საქართველოს, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდანახასიათებს მოსახლეობის კლება, თუმცა, ეს ტენდენცია, ბოლო 10 წლის განმავლობაში განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა. წარმოდგენილი პოლიტიკის ნარკვევი აანალიზებს თუ როგორი პრობლემების წინაშე დგას ადგილობრივი თვითმმართველობის სუბიექტები საქართველოში, რამდენად მწირია მათი ფინანსური წყაროები და რა შედეგები მოჰყვება ამ მოცემულობას. პარალელურად, გაიზარდა შიდა მიგრაცია და ეკონომიკურ, თუ პოლიტიკურ თავკომბალად იქცა თბილისი, რომელსაც თუ ქვეყნის დანარჩენ ნაწილებს შევადარებთ, ეკონომიკის და ძალაუფლების ნამდვილ გიგანტად მოგვეჩვენება. რაც ყველაზე მთავარია, ამ უთანაბრობის შედეგი გამოხატულია რეგიონების ადამიანებისგან შეუქცევად დაცლაში. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ შიდა მიგრაციისა და რეგიონების დაცლის ძირითადი წინაპირობა, პერიფერიებში დაბალი ეკონომიკური აქტიურობა, ადგილობრივი ბიუჯეტის მწირი შემოსავლები და დანახარჯებია.
აღნიშნული კვლევის მთავარი მიზანი რეგიონების განვითარების არათანაბრობის შესახებ შესაბამის ადრესატებსა და საზოგადოებაში დისკუსიის გააქტიურებაა. ამ გამოწვევების გადაჭრის აუცილებლობა და ხედვა წარმოდგენილია საქართველოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში, რომელიც 2025 წლამდე უნდა შესრულდეს, თუმცა, დარჩენილი დროიდან გამომდინარე, მისი შესრულების შესაძლებლობა ბუნდოვანია. ამიტომ, ნაშრომი რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს. ეს რეკომენდაციებია – გადაიხედოს საგადასახადო გადანაწილება ცენტრალურ ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის, დაჩქარდეს ინფრასტრუტურული პრობლემების მოგვარება რეგიონებში, დროულად გაუმჯობესდეს პირველადი მუნიციპალური სერვისების ეფექტური მიწოდება, გააქტიურდეს დამატებითი, კლასგარეშე საგანმანათლებლო პროგრამები მოსწავლეთათვის, უფრო აქტიურად წარიმართოს თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება მუნიციპალიტეტებს შორის და სხვ.
საკვანძო სიტყვები: დეცენტრალიზაცია, მუნიციპალიტეტი, ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი ბიუჯეტი, ადგილობრივი მოსახლეობა