2017-05-15 08:13:06
საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, მმართველი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის შეცვლას აპირებს. საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომლის შემადგენლობაში 300 ხმოსანი შევა, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები.
ამ ინიციატივამ რამდენიმე კითხვა გააჩინა: რატომ ანიჭებს მმართველი პარტია პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას უპირატესობას? როგორ წარიმართა კონსტიტუციური რეფორმის პროცესი? ჰქონდა თუ არა პროცესს ხარვეზები? და თუ კი, როგორ შეიძლება ამ ხარვეზების გამოსწორება ცვლილებების ძალაში შესვლამდე? ეს ნაშრომი სწორედ ამ კითხვებს ეხმიანება, კონკრეტულად კი, მიმოიხილავს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებას და მკითხველს ამ საკითხზე ავტორისეულ შეხედულებებს სთავაზობს. ნაშრომი, ასევე, წარმოადგენს რეკომენდაციებს კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესისთვის.