21/03/2025 GIP

ევროსკეპტიციზმის პოლიტიკა საქართველოში და საზოგადოების რეზონანსი

გაეცანით ნაშრომს

გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
2025-03-21 09:36:18

საქართველო პოლიტიკურ კრიზისშია 2024 წლის სადავოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგებითაც “ქართულმა ოცნებამ” გამარჯვება დაიმტკიცა, ხოლო ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა. კრიზისი გაამწვავა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ, რომ მისი მთავრობა აჩერებდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რამაც დემონსტრაციები და პოლიციასთან შეტაკებები გამოიწვია. მზარდ ავტორიტარიზმთან ერთად, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი მმართველი „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკის ევროსკეპტიციზმისკენ მკვეთრმა გადახრამ გაამწვავა. ერთ დროს მემარჯვენე და კრემლთან დაკავშირებული პარტიების მიერ მხარდაჭერილი რადიკალური პოზიცია, 2022 წელს რუსეთს-უკრაინის ომის დაწყებიდან, საქართველოში წამყვან ნარატივად იქცა (Tabatadze & Gigauri, 2025). მსხვილი ოპოზიციური პარტიები მხარს უჭერენ ევროკავშირში ინტეგრაციას, ხოლო ანტიდასავლური ჯგუფები, როგორებიცაა „ალტ-ინფო“, „პატრიოტთა ალიანსი“ და „ქართული ოცნების“ სატელიტი – „ხალხის ძალა“, დიდი ხანია ევროსკეპტიციზმს აძლიერებენ. ამჯერად, „ქართული ოცნება“ ოფიციალურად შეუერთდა ამ „ბანაკს“ და გაამძაფრა ანტიდასავლური რიტორიკა,  ხშირად წარმოაჩენს რა ევროკავშირს, როგორც დამოუკიდებელ აქტორს, ან ფართო „კოლექტიური დასავლეთის“ ნაწილს (Kintsurashvili, 2022). ეს ცვლილება დაემთხვა საკვანძო მოვლენებს, მათ შორის, 2022 წლის ივნისში ევროკავშირის თავდაპირველ უარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და დასავლეთიდან წამოსულ მზარდ კრიტიკას დემოკრატიის უკუსვლის შესახებ, კერძოდ, „აგენტების“ კანონისა და 2024 წლის სადავო არჩევნების შემდეგ (Kintsurashvili & Ratiani, 2024).

მეორე მხრივ, მთავრობის მიერ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებამ საქართველოს მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რადგან ყოველი ხუთიდან ოთხი ქართველი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს (CRRC 2023). თუმცა, ამავდროულად, მოქალაქეთა 33% მხარს უჭერს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებას (KAS 2024), ეს მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ევროსკეპტიციზმმა, სამთავრობო არხებით გავრცელებულმა პროპაგანდამ, მოსახლეობის ნაწილში საკმარისი გამოხმაურება ჰპოვა.

წინამდებარე დოკუმენტი აანალიზებს პოლიტიკურ კლასში გავრცელებულ ევროსკეპტიციზმს და მის რეზონანსს საზოგადოებაში. ამ მიზნით, დოკუმენტი აანალიზებს ხუთ საკვანძო ევროსკეპტიკურ ნარატივს, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები ავრცელებდნენ 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. დოკუმენტში ასევე განხილულია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები, თუ რამდენად დიდი რეზონანსი მოჰყვა ამ პოლიტიკურ დისკურსებს საქართველოს მოსახლეობაში.

პოლიტიკის მემორანდუმი #82 | მარტი 2025

პუბლიკაცია მომზადდა ბერლინში Institut für Europäische Politik (IEP)-თან თანამშრომლობით, პროექტის „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის GEO4EU“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური საგარეო უწყების მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და რუსეთისათვის, სამოქალაქო საზოგადოების თანამშრომლობის პროგრამის მეშვეობით. მოცემული პუბლიკაციის შინაარსი წარმოადგენს მხოლოდ ავტორის პასუხისმგებლობას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნას იმგვარად გაგებული, რომ ასახავს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა და დონორების შეხედულებებს.

ავტორი

სალომე მინესაშვილი

ავტორი

ერეკლე გოზალიშვილი

, , , , , , , , , , , , ,