27/10/2023 GIP

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ორი სცენარი: შედეგები და პოლიტიკის რეკომენდაციები

გაეცანით ნაშრომს

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
27-10-2023

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის ისეთ კრიტიკულ პერიოდში, როდესაც, ნოემბრის დასაწყისში, ევროკომისია გაფართოების შესახებ თავის ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს. ანგარიშში შემოთავაზებული იქნება რეკომენდაციები საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობის თაობაზე, ხოლო დეკემბრისთვის, ევროკავშირის 27 ქვეყანა კენჭისყრის გზით გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა აღნიშნული რეკომენდაციები. ამ გადამწყვეტ მომენტში, საქართველო გარკვეული რისკების წინაშე დგას, რადგან ეჭვქვეშაა ქვეყნის ერთგულება დემოკრატიული პრინციპების მიმართ, რაც მის საგარეო პოლიტიკურ ვექტორზეც ახდენს გავლენას. ეს ფაქტორები კიდევ უფრო ზრდის ბუნდოვანებას ქვეყნის პოლიტიკურ და ინსტიტუციურ მომავალთან დაკავშირებით. წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია ის მოკლევადიანი შედეგები, რაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების ორი სცენარის შემთხვევაშია მოსალოდნელი. ერთი სცენარით, საქართველო იღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, მეორე სცენარით კი ქვეყანას სტატუსი არ ენიჭება. ანგარიშში გამოკვეთილია ორივე სცენართან დაკავშირებული მთავარი რისკები და შესაძლებლობები.

მეთოდოლოგიურად, ანგარიში სამაგიდე კვლევას, საპროგნოზო ანალიზსა და ექსპერტთა ფოკუს-ჯგუფს ეყრდნობა. ფოკუს-ჯგუფი, რომელშიც დარგობრივი ექსპერტები მონაწილეობდნენ, აღნიშნული ორი სცენარის შემუშავების ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო, რადგან ამ დისკუსიის დროს გამოიკვეთა თითოეული სცენარის განმსაზღვრელი ფაქტორები და შედეგები. ექსპერტებს მიეცათ დავალება, განეხილათ თითოეული სცენარის უარყოფითი და დადებითი შედეგები, რის შემდეგაც მიღებული შედეგები დაჯგუფდა თითოეული სცენარის შესაბამის რისკებად და შესაძლებლობებად როგორც საქართველოსთვის, ასევე, ევროკავშირისთვის. შუალედური ანგარიშის მოსამზადებლად აღნიშნულ მიგნებებს დაემატა ინტენსიური სამაგიდე კვლევა.

ანგარიშში წარმოდგენილი ორი სცენარი ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 12 თვის პერიოდს მოიაზრებს. აღნიშნული პერიოდის ათვლა იწყება ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა თუ არმინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან და საქართველოში 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებამდე პერიოდს მოიცავს.

სცენარების ანაგრიში #37 | ოქტომბერი 2023

პუბლიკაცია მომზადდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს დონორის შეხედულებებს.
, , , , , , , , , , , , , ,