19/10/2023 GIP

ქართულ-უნგრული პარტნიორობა: ვიზიტები და ინტერესები – რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან საქართველოსთვის?

ავტორი

ერეკლე გოზალიშვილი

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, რაც “ქართულმა ოცნებამ” ევროპარლამენტის პარტია, ევროპელ სოციალისტთა ჯგუფი დატოვა, უნგრეთის სახელისუფლებო პარტია ,,Fidesz”-თან გააღრმავა ურთიერთობა. განსაკუთრებით კი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელსაც ევროპაში ,,პუტინის ტროას ცხენსაც” უწოდებენ. მოვლენათა ამ ტიპის განვითარება საგანგაშოა და ევროკავშირში საქართველოს მიმართ კითხვის ნიშნებს ბადებს. ორბანი   გამოირჩევა ევროსკეპტიკური, რასისტული, კონსერვატიული, ჰომოფობური და პოპულისტური განცხადებებით, რომელიც ხშირად წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკასთან. მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანი სრული სამთავრობო შემადგენლობით ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევის შემდეგ 10 ოქტომბერს საქართველოს ესტუმრა, უნგრეთთან ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს პოპულისტური ხედვები, რომლებიც მოიცავდა რელიგიით, ოჯახითა და მშვიდობით საზოგადოებრივი აზრის მანიპულაციას , რაც არც უნგრული და არც ქართული მხარისგან ახალი არ არის.

ევროპარლამენტი უნგრეთის დღევანდელ მმართველობას და ხელისუფლებას აღარ  მიიჩნევს  თავისუფალ დემოკრატიად და ამოქმედებული აქვს სხვადასხვა მექანიზმი, მათ შორის ფინანსური და  პოლიტიკური  შეზღუდვები, რომლებიც ვიქტორ ორბანს ევროსკეპტიკური პოლიტიკის გატარებისგან გარკვეულწილად აფერხებს, და დათმობებზე წასვლისკენ  უბიძგებს. ამის პარალელურად, იმ პირობებში, როდესაც საქართველო წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება, ბრიუსელისათვის დამაბნეველია ქართული მხარის მიერ ისეთ პოლიტიკოსთან ურთიერთობის გაღრმავება, რომელიც ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი კრიტიკოსია.

როგორ შეიძლება დააზიანოს ორბანის საქართველოში ვიზიტმა კანდიდატის სტატუსის  მიღების პროცესი?

ევროკავშირის პოზიცია ვიქტორ ორბანის მიმართ ნეგატიურობით გამოირჩევა. ევროპარლამენტში ფიქრობენ, რომ უნგრეთი ვერ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის პირობებში, რომელიც მან 6 თვით 2024 წლიდან უნდა გადაიბაროს. ამის მთავარი მიზეზი კი, ძირითადად, უნგრეთის ევროსკეპტიკური განწყობა, კანონის უზენაესობის უპატივცემულობა, კორუფცია, კონტროვერსული მიგრაციის პოლიტიკა, მედიისა და აკადემიის შეზღუდვა და დისკრიმინაციული   კანონებია,   რაც ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ  განვითარებას. ამის გათვალისწინებით, კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოს ხელისუფლება ვიქტორ ორბანთან ურთიერთობების გაღრმავებით ევროკავშირში მიმავალ გზას აზიანებს. ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ ეჭვებს ზრდის, თუ რამდენადაა ის მზად განახორციელოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის აუცილებელი რეფორმები ან როგორ აპირებს ამის გაკეთებას, მაშინ როდესაც ასევე გეგმავს  უნგრული მოდელის  ელემენტების საქართველოში კიდევ უფრო მეტად  დანერგვას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გაყვება უნგრეთის გზას და კიდევ უფრო გაამძაფრებს ევროსკეპტიკურ განცხადებებს და პოლიტიკას, რთული სათქმელია, რამდენად სურთ ევროპელ ლიდერებს დაუახლოვდნენ ამ ტიპის ხელისუფლებას, რაც მათ პრობლემებს ფაქტობრივად გააორმაგებს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, უნგრეთთან, როგორც ევროკავშირის წევრ ევროსკეპტიკურ სახელმწიფოსთან ურთიერთობის დათბობამ, შესაძლოა საბოლოო გაწევრიანებას გარკვეულწილად ხელი შეუწყოს.

შესაბამისად, ვიქტორ ორბანთან შეხვედრები და მისი პოზიციების გაზიარება, შეიძლება ევროკავშირმა უფრო უარყოფითად აღიქვას, ვიდრე დადებითად, ვინაიდან ეს პროცესი საქართველოს გარკვეულწილად აშორებს ევროკავშირის მიერ მოცემული რეკომენდაციების შესრულებას. ეს ევროკავშირისთვის შეიძლება იყოს უარყოფითი სიგნალი, თუ რა ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა სურს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უნგრეთისგან განსხვავებით, საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი. შესაბამისად, მან  სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე ევროპელი პარტნიორები უფრო დაკვირვებით   უნდა შეარჩიოს. ორბანთან თანამშრომლობის გაღრმავება და მისი მმართველობის სტილის მოწონება გარკვეულწილად გულისხმობს მისი მმართველობის ფორმის გაზიარებას. ეს წინააღმდეგობაში მოდის იმ პრინციპებთან და ღირებულებებთან, რომლებიც ევროკავშირს აქვს და რომლის წევრობაც საქართველოს კონსტიტუციური არჩევანია. შესაბამისად, უნგრული მმართველობის დანერგვამ შესაძლოა საქართველოსათვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე არსებული რეფორმების განხორციელების რეალისტურობა კიდევ უფრო მეტად ეჭვქვეშ დააყენოს.

რა სარგებლის მიღებას ცდილობენ მხარეები   ერთმანეთთან   თანამშრომლობით?   

საქართველოს მმართველი პარტია ვიქტორ ორბანის მხარდაჭერას ევროკავშირში მიმავალ გზაზე დადებითად აფასებს და  აცხადებს, რომ ის თბილისის ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერია. უდავოდ, საქართველოს მისამართით თითოეული ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერა, მათ შორის უნგრეთის, მნიშვნელოვანია, ვინაიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და ინტეგრაციის ერთადერთ გზას ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა წარმოადგენს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ უნგრეთთან თანამშრომლობა და მისი მმართველობის ასპექტებთან ასიმილაცია საქართველოს აშორებს დანარჩენ ევროპულ ქვეყნებს და ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებას, რაც ართულებს საქართველოს წარმატებას ევროინტეგრაციის გზაზე. სწორედ ამიტომ საინტერესოა იმის   განხილვა, თუ რას ცდილობს რეალურად საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობის გაღრმავებით. ასევე საინტერესოა იმის განხილვა, თუ რატომ არის ვიქტორ ორბანი ასეთი აქტიური საქართველოსთან მიმართებაში და არა სხვა კანდიდატებთან და ასოცირებულ ქვეყნებთან.

,,ქართული ოცნების” ვიქტორ ორბანთან დაახლოება, შესაძლოა, მიმართული იყოს საკუთარ ამომრჩეველთან შიდაპოლიტიკური სარგებლის მისაღებად, ანუ იმის სათქმელად, რომ მათ ჰყავთ პარტნიორი ევროკავშირში, რომელიც მსგავს პოლიტიკას ატარებს. შესაბამისად, ხელისუფლების ლიდერები ამით ცდილობენ შექმნან ლეგიტიმური არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, კონსერვატიული და ევროსკეპტიკური განწყობების მიუხედავად, ევროკავშირის წევრობა შესაძლებელია და ამის მაგალითი სწორედ  უნგრეთია.  თავის მხრივ ვიქტორ ორბანი ცდილობს იპოვოს პარტნიორები ევროკავშირსა და ასოცირებულ ქვეყნებში, რომლებთან ერთადაც ის ევროსკეპტიკული და პოპულისტური პოლიტიკის ლობირებას მოახდენს, რისთვისაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. გარდა ამისა, ორბანს მსგავსი პარტნიორების ძიება მისცემს საშუალებას საკუთარი მმართველობის სტილს ლეგიტიმაცია მისცეს შიდა პოლიტიკურ დონეზე. ეს კი მას აძლევს შესაძლებლობას საკუთარი მოსახლეობისათვის მომდევნო არჩევნებში აქტუალური იყოს და გამარჯვებას მიაღწიოს. ასევე, ისინი თანამშრომლობით ცდილობენ აჩვენონ, რომ ევროკავშირის ინსტიტუციები საქართველოს უსამართლოდ ექცევიან, რაც საქართველოში ვიზიტისას როგორც უნგრულმა, ისე ქართულმა მხარემ, კიდევ ერთხელ გამოხატეს. აღსანიშნავია, რომ ორბანის საქართველოში ვიზიტისას პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება  გაამახვილა  ოჯახის სიწმინდის, ტრადიციებისა და რელიგიის შენარჩუნებაზე, რაც მისი თქმით ორივე ქვეყანას აერთიანებს. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უნგრული ტრადიციების დაცვაში განსაკუთრებული წვლილი სწორედ უნგრეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას მიუძღვის, რომელიც მხოლოდ ქვეყნის ინტერესების მიხედვით  მოქმედებს. ასევე, ღარიბაშვილის განცხადებით, ორბანის მმართველობა სამაგალითოა და მან გარკვეული რეფორმები სწორედ მისგან გადმოიღო. თავის მხრივ, ორბანმა აღნიშნა და შეაქო  ღარიბაშვილი ურთულეს რეგიონში მშვიდობისა და წინსვლის შენარჩუნებაში.

გარდა ამისა, ორბანი ერთადერთია ევროკავშირის ქვეყნებიდან, რომელსაც თანხვედრა აქვს  უკრაინასთან მიმართებით ქართულ პოზიციასთან. ვიქტორ ორბანი რეგულარულად  ბლოკავს  დახმარების პაკეტებსა და სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. მის მსგავსად, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა უკრაინის მიმართებით სუსტია და ხშირად უკრაინის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულიც. ორბანი ევროკავშირში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ მიიჩნევა, რასაც საქართველოს შემდეგ მისი ჩინეთში ვიზიტი, პუტინთან შეხვედრა და რუსეთთან ურთიერთობების დათბობის სურვილი კიდევ ერთხელ  ადასტურებს. შესაბამისად, მასთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება წინააღმდეგობაში მოდის ევროკავშირის უკრაინის მიმართ მკაფიო მხარდაჭერასთან და ხელს უშლის საქართველოს წინსვლას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

ქართულ-უნგრული თანამშრომლობა –  პოპულიზმის ლეგიტიმაციის მცდელობა?   

ამგვარად, როგორც ჩანს, უნგრულ-ქართული თანამშრომლობა, პირველ რიგში, ორივე მხრიდან მიმართულია საკუთარი პოპულისტური და ევროსკეპტიკური პოლიტიკის ინტერესების გატარებისათვის და გაძლიერებისათვის, რისგანაც როგორც თბილისი, ისე ბუდაპეშტი განსხვავებულად სარგებლობს. ქართული მხარე, ერთი მხრივ, ცდილობს, საკუთარი დამაბნეველი საგარეო პოლიტიკის მხარდასაჭერად გამოიყენოს ორბანი ევროკავშირში პოზიციონირებისათვის და, ამავდროულად, საკუთარი ნაბიჯების ლეგიტიმაცია გაზარდოს შიდაპოლიტიკურ დონეზე რაც გულისხმობს საკუთარი პოპულისტური პოლიტიკის მიმართ მხარდაჭერის მოპოვებასა და მისი ლეგიტიმაციის გაზრდას. ეს კი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ზრდის პოლარიზაციას, ამწვავებს არსებულ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს და ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. მეორე მხრივ, უნგრეთი ცდილობს საქართველოს სახით გაიჩინოს   ახლო პარტნიორი ქვეყანა ევროკავშირის სამეზობლოში,   რომელიც მის ევროსკეპტიკურ ნაბიჯებს მოიწონებს, გაიზიარებს და მხარს დაუჭერს. რაც შეეხება, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის ღია მხარდაჭერა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია.   თუმცა, უნგრეთის დღევანდელი რეპუტაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, დაზიანდეს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი, არამედ ზოგადად ევროინტეგრაციის პროცესი. ეს კი იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ევროსკეპტიკურ და პოპულისტურ პოლიტიკის კურსს აირჩევს.

, , , , , , , ,