Author

27/01/2023 ნინო სამხარაძე

რას ამბობს ენმ-ს შიდაპარტიული არჩევნები ქართული პარტიული პოლიტიკის შესახებ

შიდაპარტიული დემოკრატია პოლიტიკური კულტურის ერთ-ერთი საკვანძო მსაზღვრელია, თუმცა, საქართველოში მიიჩნევა, რომ ქვეყანა დემოკრატიის ამ უმნიშვნელოვანესი კომპონენტის დეფიციტს განიცდის. ამ ფონზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საზოგადოების ყურადღების ქვეშაა პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, რომელიც თვალშისაცემი შიდაპოლარიზებული გარემოთი გამოირჩევა. ენმ-ს, როგორც ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიას, ხშირად გარდამტეხი გავლენა აქვს პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოში. პარტიას ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე დიდი ელექტორატი ჰყავს, რაც მას საშუალებას აძლევს, რეალური კონკურენცია გაუწიოს მმართველ ძალას და ამით თავიდან აიცილოს ერთპარტიული სისტემის ჩამოყალბების რისკი საქართველოში. ამიტომ პარტიის თავმჯდომარის მიმდინარე არჩევნები საინტერესოა იმ მხრივ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს შიდაპარტიულ პოლარიზაციას პარტიის სამომავლო განვითარებასა და შედეგებზე.

შიდაპარტიული დემოკრატია VS შიდაპარტიული პოლარიზაცია: რაშია პრობლემა

პარტიებს შიგნით ძალაუფლების მონაცვლეობის და გადანაწილების ფაქტორი ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია შიდაპარტიული დემოკრატიის შეფასებისას, რაც, თავის მხრივ, დიდწილად განაპირობებს პარტიული პოლიტიკის სტაბილურობას და სიძლიერეს. ამ მხრივ ქართულ პარტიულ სისტემაში სერიოზული ხარვეზები არსებობს: როგორც წესი, არჩევნებში მარცხის შემდეგ პარტიები ადვილად სუსტდებიან, იშლებიან, ხშირ შემთხვევაში, ქრებიან კიდეც ასპარეზიდან. გარდა ამისა, პერსონალური ფიგურების თუ ვიწროპარტიული მიზნების გავლენა პარტიების სტრატეგიაში იმდენად დიდია, რომ ხშირად მათ არ შეუძლიათ, ძლიერ და დემოკრატიულ პოლიტიკურ მოთამაშეებად გარდაიქმნან. შიდაპარტიული დაპირისპირების რადიკალურად აგრესიული ხასიათი კი ამ პრობლემებს კიდევ უფრო ამძაფრებს. ეს მოცემულობა ხელს უშლის პარტიებს, განსაკუთრებით, დიდ პარტიებს, ადეკვატურად უპასუხონ საკუთარი ამომრჩევლის და ქვეყნის ინტერესებს, და ეროვნული მნიშვნელობის საკითხები ჯეროვნად ასახონ საკუთარ სტრატეგიებში.

ბოლო მონაცემების მიხედვით საქართველოში მოქმედ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, შიდაპარტიული დემოკრატიის შესამჩნევად დაბალი მაჩვენებელი აქვს (ცხრილი 1). ამასთან, სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევების, ასევე, საარჩევნო შედეგების მიხედვით, ენმ-ის მიმართ როგორც ელექტორალური, ისე ზოგადი მხარდაჭერა თანდათანობით მცირდება. შიდაპარტიული პოლარიზაციის ხარისხი, რომელსაც აჩვენებს ენმ-ში მიმდინარე შიდაპარტიული არჩევნები ამ პრობლემების მოგვარებას ხელს ვერ უწყობს და არსებობს რისკი, რომ ამ პროცესმა კიდევ უფრო მეტად დაასუსტოს ეს პარტია.

ცხრილი 1: აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი, შიდაპარტიული დემოკრატია ქართულ პოლიტიკურ სისტემაში, 2021.

წყარო: shorturl.at/ejyRW

იმისთვის, რომ ენმ-მ გააუმჯობესოს ზემოთ აღწერილი ხარვეზები, ასევე, თავი გაართვას ელექტორალურ ნდობასთან ან პარტიის ფრაგმენტაციასთან დაკავშირებულ შესაძლო გამოწვევებს, პარტიაში მიმდინარე შიდაპარტიული საარჩევნო პროცესი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. არჩევნებს თან სდევს მახასიათებლები, რომლებიც ბევრს ამბობს ქართული პარტიული პოლიტიკური კულტურის შესახებ და, ამავდროულად, ქმნის კარგ და ცუდ მოლოდინებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ან არ შეიცვალოს პოლიტიკური გარემო საქართველოში.

შიდაპარტიული არჩევნები და პოზიტიური მოლოდინები

ენმ-ის შიდაპარტიული არჩევნები, თეორიულად, სასარგებლო პრეცედენტია პარტიის შიგნით ძალაუფლების დემოკრატიული გადანაწილებისთვის, ასევე, კონკრეტული იდეოლოგიის და ხედვის ამომრჩევლის მობილიზებისთვის. პარტიის გაცხადებული პრიორიტეტი, ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა, და წინასაარჩევნო დებატში შედარებით იშვიათადაა საუბარი სხვა საგნობრივ საკითხებზე. თუმცა, შიდაპარტიული არჩევნები ქმნის შესაძლებლობას, რომ ლიდერებმა ეს პროცესი გამოიყენონ პარტიის პროგრესული იმიჯის ფორმირებისთვის და ელექტორალური რესურსის გაზრდისთვის.

პარტიის შიგნით წარმოქმნილი დაპირისპირების, ერთი შეხედვით, სპონტანური და რადიკალური პროცესი დაპირისპირებულმა ჯგუფებმა, შესაძლოა, გარდაქმნან კონსტრუქციულ კონკურენციად პარტიის შიგნით იმის ნიშნად, რომ ორგანიზაციის შიგნით განსხვავებული მოსაზრებები თანაარსებობს, და, რეალურად შესაძლებელია, რომ პარტიამ ფუნქციონირება განაგრძოს, როგორც დემოკრატიულმა ორგანიზაციამ. გარკვეული გარემოებების გამო ამ არჩევნების გარშემო რამდენიმე კარგი მოლოდინი შეიძლება არსებობდეს.

  • ნაციონალური მოძრაობის წევრებისთვის და უფრო ფართო საზოგადოებისთვისაც უფრო ცხადი ხდება სურათი საკუთარი ამომრჩევლის მასშტაბების და ანატომიის შესახებ – თუ რა სახის ელექტორატი შეიძლება ჰყავდეს პარტიას. წინასაარჩევნო რეგისტრაციის პროცესი, შეიძლება იყოს ერთგვარი ილუსტრაცია იმისა, თუ რამდენი და დაახლოებით რა კატეგორიის ადამიანი უჭერს მხარს ზოგადად პარტიას დღეის მდგომარეობით. ეს კარგი საშუალებაა ენმ-ისთვის, რათა არჩევნებამდე დაგეგმოს ნდობის გაზრდის სტრატეგია, რომელიც სხვადასხვა სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით უფრო და უფრო მცირდება.
  • იმ შემთხვევაში, თუ შიდაპარტიული არჩევნების შედეგად ენმ დაშლის ან სხვა მსგავსი რადიკალური სცენარის წინაშე დადგება, უახლოეს საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით წლინახევრით ადრე მას ექნება დრო თვითაღდგენისთვის, შესაძლო იმედგაცრუებული ან დაკარგული მხარდაჭერის ხელახალი მობილიზებისთვის, არჩევნებში სასურველი ელექტორალური შედეგის დაფიქსირებისთვის და რეალურად კონკურენტუნარიანი ოპოზიციური ხედვის დაპირისპირებისთვის მმართველი პარტიისთვის.

შიდაპარტიული არჩევნები ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში: ცუდი მოლოდინები

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც წესი, შიდაპარტიული არჩევნების სხვადასხვა მექანიზმების არსებობა დემოკრატიულობის მაღალ ხარისხზე მიუთითებს, შესაძლოა, ამ შემთხვევაში, პარტიული დემოკრატიის მაღალ ხარისხთან არ გვქონდეს საქმე. არაჯანსაღი შიდა ბრძოლა აშკარას ხდის, რომ პარტიის შიგნით საკმაოდ რადიკალურმა დაპირისპირებამ იჩინა თავი წევრებს და, განსაკუთრებით, ლიდერებს შორის, რაც აისახა არჩევნების გარშემო განვითარებულ რადიკალურ მოვლენებში. კონკურენცია თავმჯდომარეობისთვის მებრძოლ ოთხ კანდიდატს ხშირად არ ტოვებს კონსტრუქციული დაპირისპირების შთაბეჭდილებას. პირიქით დაპირისპირება თვალშისაცემად აგრესიული და პოლარიზებულია.

  • ამ ფაქტორმა, შესაძლოა, წარმოშვას საფრთხე, რომ არჩევნების შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, გაიყოს შიდა ბანაკებად, ან რადიკალურ სცენარში დაიშალოს, რადგან კონკრეტული კანდიდატის მარცხის შემთხვევაში წარმოუდგენლად გართულდება შეთანხმებულად მოქმედება.
  • ამგვარი რადიკალური გახლეჩა, დიდი ალბათობით, გამოიწვევს მხარდამჭერების, მათ შორის, კერძო შემომწირველების გაყოფასა და განზიდვას, ნიჰილიზმის გაზრდას პარტიის მიმართ. შედეგად, პარტიის ელექტორალური წარმატების შანსი მცირდება. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ყველა ლიდერის მხრიდან ზრუნვა განხეთქილების აღმოფხვრაზე როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში ისე, რომ არ დაზიანდეს პარტიის არჩევნების შემდგომი პოლიტიკური საქმიანობა.
  • ამასთან, არსებობს მოწინააღმდეგე პარტიების, განსაკუთრებით კი მმართველი პარტიის მხრიდან საარჩევნო პროცესის დემონიზების რისკი. როგორც წესი, ქართული ოცნების ნარატივში ენმ-ის აგრესიულ, სისხლიან ან ომის პარტიად წარმოჩენა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს პარტიულ კონკურენციაში. შესაბამისად, არაჯანსაღი შიდასაარჩევნო პროცესი ამარტივებს ამომრჩევლის ნაწილში იმ განწყობის ჩამოყალიბებას, რომ პარტიის შიგნით „კლანების ბრძოლა““ უფრო მიმდინარეობს, ვიდრე დემოკრატიული პროცესი.
  • და ბოლოს, არსებობს რისკის სახით ის, რომ მხოლოდ ონლაინ ჩატარებული არჩევნები კონკრეტული პროგრამის გამოყენებით მნიშვნელოვნად შეზღუდავს პარტიის მხარდამჭერების ჩართულობას. მაგალითად, პირობა, რომ მომხმარებელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სოციალური ქსელის ანგარიში, ამომრჩევლის გარკვეულ ნაწილს ჩართულობის საშუალებას არ მისცემს. შესაბამისად, პარტიის ბიუროკრატიულმა აპარატმა დიდი მუშაობა უნდა გასწიოს იმისთვის, რათა არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც პროცესის ლეგიტიმურობა შეინარჩუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამომრჩევლის განზიდვა კიდევ უფრო თვალსაჩინო და ინტენსიური პროცესი გახდება, რაც, თავის მხრივ, საფრთხეს წარმოადგენს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარმატების პერსპექტივისთვის.

შეჯამება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავისი ელექტორალური რესურსიდან და წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვან როლს თამაშობს პოლიტიკური ამინდის შექმნაში საქართველოში. ამიტომ პარტიის თავმჯდომარის არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში როგორც ქვეყანაში, ისე საკუთრივ პარტიის შიგნით, პროცესის გარშემო სხვადასხვა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს. ენმ-ს უჩნდება პოტენციური შანსი, მოახდინოს საკუთარი ამომრჩევლის კონსოლიდაცია, გაზარდოს ნდობა და დემოკრატიულობის რწმენა მხარდამჭერებში, განსაკუთრებით, არჩევნებამდე დაახლოებით წლინახევრით ადრე. თუმცა, მიმდინარე შიდაპარტიულმა არჩევნებმა, შესაძლოა, შედეგად გამოიწვიოს პარტიის შიდა დაყოფა ან შემდგომი ინსტიტუციური ფრაგმენტაცია, მმართველობის ლეგიტიმაციის კრიზისი და მხარდამჭერთა (როგორც ამომრჩევლის, ისე შემომწირველთა) გახლეჩა.

შესაბამისად, განურჩევლად იმისა, თუ საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება პარტიის მმართველობითი სტრუქტურა და ვინ დააკომპლექტებს მას, შიდაარჩევნების შემდეგ გამარჯვებულ და დამარცხებულ ძალებს დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევთ ორგანიზაციის შიგნით არსებული ღრმა პოლარიზაციის დასაძლევად. იმ შემთხვევაში, თუ პარტია ამას ვერ მოახერხებს, რისკის სახით არსებობს ის, რომ ოპოზიციური ფლანგი კიდევ უფრო დასუსტდება და რეალურ პარტიულ კონკურენციაში ვერ შევა მმართველ პარტიასთან. იმ ფონზე, რომ ბოლო დროს მმართველი ძალის და მასთან აფილირებული ორგანიზაციების მხრიდან სამოქალაქო საზოგადოებაზე აქტიური შეტევა მიმდინარეობს, ყველაზე დიდი ელექტორალური რესურსის მქონე ოპოზიციური აქტორის დასუსტება ხელს ვერ შეუწყობს ერთპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში და, შედეგად, ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს.

, , , ,