06/03/2024 GIP

რუსეთის ფაქტორის მნიშვნელობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობისთვის

ბოლო წლებში ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი სულ უფრო მეტად მცირდება, რაც ქვეყნის ევროინტეგრაციას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამ რეგრესში განსაკუთრებული მნიშვნელობა რუსეთის მიმართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას ენიჭება. რუსეთ-უკრაინის ომის მასშტაბურობიდან გამომდინარე ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრალურ საკითხად სწორედ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება იქცა.

ბრიუსელისთვის შემზღუდავი ზომების მნიშვნელობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ორი წლის განმავლობაში ევროკავშირმა სანქციების 13 პაკეტი აამოქმედა, რომლებიც რუსეთზე ზეწოლის გზით მისი აგრესიული ქცევის შეცვლას ისახავს მიზნად. ამ ვითარებაში კი საქართველომ უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე, რითაც დაშორდა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას.

თუმცა ქართულ მხარეს ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა ქვეყნის ეკონომიკაზე პირდაპირი ზეგავლენის არმქონე სანქციებზე მიერთებით CFSP-სთან თავსებადობის მაჩვენებელი გაზარდოს.

თბილისის პოზიციების ბრიუსელთან დაშორების პარალელურად, CFSP-სთან შესაბამისობის თვალსაზრისით, დისტანცია გაიზარდა ასევე აღმოსავლეთის ტრიოს ქვეყნებთან, ეს მაშინ, როცა რუსეთი უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად საქართველოსთვისაც ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. ამ მიზეზების გათვალისწინებით გასულ წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან ერთად ქართულმა მხარემ საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაახლოების რეკომენდაცია მიიღო. იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი შემზღუდავი ზომები ევროკავშირის CFSP-ს პრიორიტეტული საკითხია, საინტერესოა გავიგოთ რა გავლენას ახდენს რუსეთის მიმართ ქართული ხელისუფლების პოზიციონირება საქართველოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობაზე?

სანქციები ბრიუსელის დღის წესრიგში და თბილისის პოზიციები

უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებული სამხედრო კონფლიქტის შემდეგ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი აამოქმედეს, რომელიც რუსულ ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენის მოხდენას ისახავდა მიზნად. დღესდღეობით რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების შემუშავება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური საკითხი გახდა. CFSP-სთან თავსებადობისთვის სანქციების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიუთითებს სერბეთის მაგალითიც. ევროპარლამენტმა 2022 წლის ბოლოს მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირმა სერბეთთან გაწევრების მოლაპარაკებები უნდა გააგრძელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბელგრადი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მიღებულ სანქციებს დაუჭერს მხარს. გარდა ამისა, 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ უკვე საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირში საქართველოსგან დამატებით ძალისხმევას ელიან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ შემზღუდავი ზომების მხარდაჭერის პროცესში. საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მზარდი ტენდენციის პირობებში რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ ამოქმედებულ სანქციებზე სრული მიერთება ეკონომიკურად გაუმართლებელია, თუმცა თბილისს აქვს შესაძლებლობა ისეთ სანქციებზე მიერთებით, რომლებიც პირდაპირპროპორციულად ქვეყნის ეკონომიკაზე არ იმოქმედებს, ბრიუსელს თავისი პოლიტიკური ნება დაანახოს და CFSP-სთან დაახლოების მაჩვენებელი გაზარდოს.

ამ საკითხის გარშემო საქართველოს პოზიციის გაანალიზება შესაძლებელია 2022 წელს უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის მომენტიდან დაიწყოს, საიდანაც მალევე საქართველოს იმდროინდელმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდებოდა. უფრო მეტიც, მას შემდეგ, რაც 2023 წლის ნოემბერში ქართულმა მხარემ ევროკომისიისგან CFSP-სთან დაახლოების რეკომენდაცია მიიღო, თბილისში რუსეთის წინააღმდეგ მოქმედ სანქციების მხარდაჭერაზე უკვე არსებული შეხედულებები კვლავ არ გადაუხედავთ. ეს პრობლემას წარმოადგენს, რადგან წევრობის მსურველი საქართველოსა და ევროკავშირის პოზიციები საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ საკითხზე რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან.

ამ მიმართულებით საინტერესოა 2023 წლის 27 ნოემბერს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ დამტკიცებული გეგმა, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებას ისახავს მიზნად. საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში ევროკავშირის პოზიციებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებლის გაუმჯობესებას შესახებ ვკითხულობთ, “არსებული პრაქტიკის საფუძველზე, აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების მიზნით …” მთავრობის გეგმაში არაფერია ნახსენები რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებთან მიერთების პოლიტიკის გადახედვასთან დაკავშირებით, რაც ამ მიმართულებით ხედვებისა ნაკლებობაზე მიუთითებს და არ იძლევა იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ნაწილში CFSP-სთან თავსებადობის მაჩვენებელს გაზრდის.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის სანქციებისგან თავის არიდების მიზნით გამოყენების აღკვეთა მნიშვნელოვანია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის მაღალი დონის უზრუნველყოფისთვის, ეს არ არის საკმარისი კომპონენტი ამ მიმართულებით შესაბამისობის გასაზრდელად, რადგან ამ ყველაფერს ქართული მხარე ჯერ კიდევ ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე აკეთებდა, რის შედეგადაც CFSP-სთან თავსებადობის მაჩვენებელი ნოემბრის მონაცემებით მხოლოდ 43% იყო. შესაბამისად, ამ რეკომენდაციის შესასრულებლად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მხარდაჭერის ნაწილში მთავრობის გაცხადებული გეგმის მაქსიმუმი მხოლოდ და მხოლოდ უკვე არსებული თავსებადობის მაჩვენებლის შენარჩუნებაა.

ამ მხრივ საინტერესოა მოლდოვის მაგალითი, რომელიც საქართველოს მსგავსად ეკონომიკური მიზეზების გამო თავს იკავებს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას შეუერთდეს, თუმცა ამავდროულად ცდილობს ბრიუსელს მისი პოლიტიკური ნება დაანახოს და ისეთ სანქციებზე მიერთებით, რომლებიც პირდაპირპროპორციულად ქვეყანას ეკონომიკურ მდგომარეობაზე არ იმოქმედებს, საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი (78%) შეინარჩუნოს. მაგალითად მოლდოვის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ  2023 წელს მოლდოვამ დაიწყო ეტაპობრივი თანხვედრა რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ ზოგიერთ შემაკავებელ ზომასთან, როგორიცაა ვაგნერის ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული სანქციები. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კი მსგავსი ინიციატივები არ შეიმჩნევა და ზემოთ ხსენებული პოლიტიკური ნების სიმწირე მარტივი დასანახია.

მთავარი არგუმენტი, რომელსაც სანქციებზე არმიერთების გასამართლებლად ქართული ოცნების ხელისუფლება იყენებს იმ პოტენციურ ეკონომიკურ ზიანს უკავშირდება, რომელიც რუსეთის  ეკონომიკაზე მაღალი დამოკიდებულების მქონე საქართველოს სანქციებთან მიერთებით ემუქრება. თუმცა ამ თემაზე საუბრისას ყურადღების მიღმა რჩება რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული საერთაშორისო შემზღუდავი ზომების მხარდაჭერის პოლიტიკური მნიშვნელობა. ევროკავშირის წევრობის სტატუსის მოსაპოვებლად და შესაბამისად გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს პოლიტიკური თუ ეკონომიკური განვითარებისთვის CFSP-თან თავსებადობის ზრდა აუცილებელია, ამ მიზნით კი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე ქართული მხარის პოზიციების გადახედვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

საქართველორუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა

საქართველო-რუსეთის ურთიერთობების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან ქვეყნის თავსებადობაზე 2023 წლის მაისში თბილისსა და მოსკოვს შორის აღდგენილი პირდაპირი ფრენებია. რუსეთის იზოლაციის მიზნით სხვა მნიშვნელოვან სფეროებთან ერთად, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სამოქალაქო ავიაციის მიმართულებითაც აამოქმედა, შედეგად რუსული ავიაკომპანიებისთვის ევროკავშირის ცა ჩაიკეტა. დღევანდელ საერთაშორისო ვითარებაში EU-ს წევრი ქვეყნები მსგავსი ტიპის შეზღუდვების დაწესების გზით ცდილობენ რუსეთის აგრესიული ქცევა შეცვალონ და მოსკოვს კიევის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო კონფლიქტზე უარი ათქმევინონ, ამ პროცესში კი ქართულმა მხარემ რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე დათანხმებით და პირდაპირი ფრენების აღდგენით დასავლელი პარტნიორების პოზიციებისგან კარდინალურად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. სწორედ ამის გამო, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენიდან მალევე ევროკავშირის სახელით განცხადება გააკეთა და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების შესახებ შეშფოთება გამოთქვა.

ევროკავშირის მიერ რუსეთის იზოლირების პირობებში, ქართული მხარის რუსეთთან პირდაპირ ფრენების აღდგენაზე დათანხმება და წევრობის კანდიდატ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების მიმართ არსებული უვიზო რეჟიმი ნეგატიურად აისახება ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელზე, რის გამოც CFSP-სთან დაახლოების გასაზრდელად, სანქციების პარალელურად, აღნიშნული მიმართულებითაც აუცილებელია ცვლილებების განხორციელება.

დასკვნა

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, უახლოეს მომავალში, საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზანს გაწევრების მოლაპარაკების დაწყება და საბოლოოდ გაერთიანების წევრობა წარმოადგენს. თუმცა ამ ეტაპზე სწრაფი გადასვლა შორეული პერსპექტივა იქნება საქართველოსა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თავსებადობის გარეშე.

რუსეთის მიმართ ქართული ხელისუფლების პოზიციონირების ანალიზის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ევროკავშირის CFSP-სთან საქართველოს თავსებადობის დონის ზრდისთვის აუცილებელია გადაიხედოს ქართული მხარის პოზიციონირება რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ საერთაშორისო სანქციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით და უარი ეთქვას პირდაპირი ფრენების აღდგენის მსგავს ინიციატივებს, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებენ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე.

ბლოგი მომზადდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „ღია საზოგადოების ფონდის“ და “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” შეხედულებებს.

ავტორი

გიორგი ხაჩიძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების კურსდამთავრებული

, , , , , , , ,