23/12/2024 GIP

რუსეთის შეჭრა უკრაინაში და საქართველოს ონტოლოგიური კრიზისი

საქართველო ღრმა და კომპლექსურ კრიზისშია. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მმართველმა პარტიამ თავი გამარჯვებულად გამოცხადა, ხოლო პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნიეს ფართომასშტაბიანი გაყალბების გამო და მოითხოვეს მისი ხელახლა ჩატარება. პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა 28 ნოემბერს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მისი მთავრობა 2028 წლამდე აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს.

ეს განცხადება მასობრივი საზოგადოებრივი მობილიზაციისა და უპრეცედენტო პროტესტის მიზეზი გახდა, რადგან ის პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ ევროპულ კურსსა და ეროვნულ იდენტობას. ეს კრიზისი შეიძლება აღვიქვათ, როგორც ონტოლოგიური კრიზისი — მდგომარეობა, რომელიც არღვევს ერის თვითაღქმას და იწვევს მძლავრ ემოციურ რეაქციებსა და ქმედებებს, რომლებიც მიმართულია კოლექტიური ნარატივის თანმიმდევრულობის აღდგენისკენ.

მიმდინარე პროტესტი არ არის იზოლირებული მოვლენა. იგი წარმოადგენს იმ კრიზისის კულმინაციურ ფაზას, რომელიც საქართველოში 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო, როდესაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი თავდასხმა განახორცელა უკრაინაზე. ეს მოვლენები სერიოზულად აისახა საქართველოს უსაფრთხოებაზე, პოლიტიკასა და საზოგადოებრივ განწყობებზე, რაც კიდევ უფრო ამწვავებს არსებულ კრიზისს და ზრდის საზოგადოებრივ მოთხოვნას უფრო ნათელი, ევროპული და დემოკრატიული განვითარებისკენ.

ხანგრძლივი საბჭოთა მმართველობის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ დღის წესრიგზე გადასვლა მრავალ სიძნელესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მიმდინარე კრიზისი თვისებრივად განსხვავებულია. 1991 წლიდან მრავალი პოლიტიკოსი მოდიოდა ხელისუფლებაში დემოკრატიული დაპირებებით, თუმცა თანამდებობაზე ყოფნისას ისინი ბოროტად იყენებდნენ ძალაუფლებას, ასუსტებდნენ ინსტიტუტებს და კარგავდნენ საზოგადოების ნდობას. ერთი ასპექტი მაინც მეტწილად უცვლელი რჩებოდა: პირადი შეხედულებების მიუხედავად, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ძირითადად ემხრობოდნენ და ამყარებდნენ ქვეყნის პროევროპულ და ანტირუსულ საგარეო პოლიტიკას. ევროპელობა ქართულ იდენტობის განუყოფელი ნაწილია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (და მრავალი თვალსაზრისით, უფრო ადრეც), ხოლო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ სწრაფვა ქვეყნის კონსტიტუციაშია ჩაწერილი.

2022 წლიდან დღევანდელი ხელისუფლება სულ უფრო მეტად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ ამ ეროვნული მიზნისადმი საკუთარ ერთგულებას. ამ პოლიტიკას ამართლებს უსაფრთხოებაზე აპელირებით, და წარმოაჩენს როგორც რუსეთის გაღიზიანებისა და უკრაინის ბედის გაზიარების თავიდან აცილების სტრატეგიას. ამ შედარებითი ბუნდოვანების ფონზე, კობახიძის 28 ნოემბრის განცხადება იყო ცალსახად ანტიევროპული და პრორუსული ნაბიჯი, რომელიც ბევრმა მოქალაქემ ეროვნული იდენტობის ღალატად აღიქვა.

რუსეთის ჩრდილქვეშ

საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას მისი შედარებითი სისუსტის, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობის (რომელმაც 2008 წელს ძალადობრივად მიიტაცა საქართველოს ტერიტორიები) და ევროკავშირისა და ნატოს არაწევრი სახელმწიფოს სტატუსის გამო. 2012 წელს, ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა როგორც „მშვიდობის“ პარტია რუსეთთან კონფლიქტების თავიდან არიდებისა და პარალელურად ევროპასთან ინტეგრაციის დაპირებით. პარტიის ამ გზავნილს დადებითი რეზონანსი ჰქონდა მოსახლეობაში, მით უფრო რომ მთავრობამ  გარკვეულ პროგრესს მიაღწია ევროინტეგრაციის კუთხით, როდესაც 2016 წელს განხორციელდა სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შორის (DCFTA), ხოლო 2017 წელს მიღწეულ იქნა ვიზალიბერალიზაცია, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქეებმა შეძლეს შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილება.

2022 წლამდე მთავრობა შედარებით წარმატებით იყენებდა თვითგამოცხადებულ „არგაღიზიანების“ სტრატეგიას საქართველოს რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ნავიგაციისა და ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით. მართალია იყო რამდენიმე შემთხვევა როცა მმართველი პარტიის პრო-რუსულად აღქმულ რიტორიკასა თუ ქმედებას მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი უკმაყოფილება მოჰყვა, მაგრამ მთავრობა მაინც ინარჩუნებდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესის ხარჯზე.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოების მხრიდანქართული ოცნებისმიმართ უკმაყოფილება წლების განმავლობაში მატულობდა, თუმცა მხარდაჭერის კლების ფონზე ძალაუფლების შენარჩუნებაში მას ხელს უწყობდა ოპოზიციური პარტიების სისუსტე.

ამ კონტექსტში, ქართველებს აერთიანებდა არა ერთი კონკრეტული ლიდერი, პარტია ან სოციალურ-ეკონომიკური საკითხი, არამედ ზოგადი ეროვნული ნარატივი, რომელიც საქართველოს წარმოაჩენდა როგორც ევროპულს და ანტირუსულს.

2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ მნიშვნელოვნი გავლენა მოახდინა საქართველოს პოლიტიკაზე, ქვეყნის არასტაბილური გეოპოლიტიკური პოზიციისა და ომში ჩართულ ორივე მხარესთან არსებული ურთიერთობების გამო.

ომმა გააღვიძა საქართველოს 2008 წლის ტრავმები და რუსეთის მხრიდან მორიგი თავდასხმის შიში. მართალია მთავრობა თავს მშიდობის გარანტად წარმოაჩენდა და მსგავს შიშებს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით იყენებდა, ამ სტრატეგიას უარყოფითი შედეგიც ჰქონდა. აშკარა იყო, რომ ხელისუფლება ხშირად რისკებს გადაჭარბებით წარმოაჩენდა და რუსეთისგან მომავალი საფრთხის თემით ცდილობდა სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის გადაფარვას.

სუვერენულ მეზობელზე რუსეთის თავხედურმა თავდასხმამ, საქართველოს უსაფრთხოების საკითხი კიდევ ერთელ წამოწია წინა პლანზე. რადგან ქართველების უმეტესობა უკრაინის ბრძოლას საკუთარ ბრძოლად მიიჩნევდა, გაჩნდა საზოგადოებრივი მოთხოვნა ქართველ ლიდერებს მკაფიოდ დაეფიქსირებინათ მათი მორალური პოზიციები ამ ომთან მიმართებაში. მაგრამ ასეთი მორალური სიცხადე პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა „პრაგმატულ“ „არგაღიზიანების“ პოლიტიკას, რომელსაც ქართული ოცნება 2012 წლიდან იყენებდა.

იმ ფონზე როცა საქართველოს ისტორიული მტერი უხეშად არღვევდა საერთაშრისო სამართლის ნორმებს და მეზობელ ქვეყანას განადგურებით ემუქრებობდა, ქართველი პოლიტიკოსების ნეიტრალურ პოზიციებსაც კი პრორუსულად აღიქვამდა  მოსახლეობის დიდი ნაწილი.

მიმდინარე ომმა შექმნა გარემო რომელიც მოითხოვდა ახლო თუ შრეული დამკვირვებლებისგან მკაფიო პოზიციების დაფიქსირებას. ამ ფონზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტიის უმეტესმა ნაწილმა შედარებით ნეიტრალური პოზიციიდან სულ უფრო მეტად გადაინაცვლა ანტიევროპული და პრორუსული პოლიტიკისკენ. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ხელისუფლების სხვა წევერებისგან განსხვავებით, დარჩა პროევროპული ეროვნული ნარატივისა და საგარეო პოლიტიკის ერთგული. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან, ზურაბიშვილმა მკაცრად დაგმო აგრესორი, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას და განაგრძო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ბრძოლა. იგი ხშირად ავლებდა პარალელს საქართველოსა და უკრაინის ბედს შორის და ხაზს უსვამდა, რომ ამ ორ ქვეყნას აერთიანებდა საერთო მტერი და საერთო ევროპული მომავლი.

2024 წლის დასაწყისში, Global Studies Quarterly-ში გამოქვეყნებულ სტატიაში გავაანალიზე თუ როგორ ასახავდა ზურაბიშვილისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის,  ირაკლი ღარიბაშვილის განსხვავებული პოზიციები კრიზისული საფრთხეების კომპარტმენტალიზაციას: პრემიერ-მინისტრი ფოკუსირებული იყო ომისა და ეკონომიკური სტაბილურობის საკითხებზე, ხოლო პრეზიდენტის მთავარი  აქცენტი იყო ევროპულ იდენტობასა და შესაბამისი საგარეო პოლიტიკაზე. მათ პოზიციებს შორის განსვლა აშკარა იუო უკვე 2022-2023 წლებში. მას შემდეგ, მმართველმა პარტიამ და მისმა ახალმა პრემიერმა კიდევ უფრო დააჩქარეს ქვეყნის პრორუსული და ავტორიტარული კურსით წაყვანა. ამის კულმინაციას წარმოადგენს ზურაბიშვილისა და ოპოზიციური პარტიების მიერ დაგმობილი 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რასაც მალევე მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ, რამაც ქვეყანა ადვილად პროგნოზირებად ღრმა კრიზისში შეიყვანა.

რომ შევაჯამოთ, საქართველოს დღევანდელი კრიზისი შეიძლება ჩაითვალოს რუსეთ-უკრაინის ომის არაპირდაპირ შედეგად. კრიზისი თავიდნვე იყო არსობრივად ონტოლოგიური – მთავრობის ქმედებები მოსახლეობის დიდი ნაწილის მიერ აღქმული იყო როგორც კოლექტიურ იდენტობაზე თავდასხმა, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. უკვე 2022 წელს, რუსეთის შემოჭრიდან რამდენიმე დღეში, საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი მრავალდღიანი მასობრივი გამოსვლები გამართა. მსგავსი საპროტესტო აქციები გაიმართა მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპის დედაქალაქებში, თუმცა პროტესტი საქართველოში განსხვავებული იყო. აქ პროტესტი გარდა უკრაინის მკაფიო მხარდაჭერისა, წარმოადგენდა თავად საქართველოს ეროვნული იდენტობის ემოციურ მანიფესტაციას და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამოვლინებას. პროტესტის ეს ონტოლოგიური განზომილება აშკარა იყო ამ და შემდგომი საპროტესტო აქციების დროსაც (მაგ. “უცხოური გავლენის აგენტების” კანონის წინააღმდეგ პროტესტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებების შეჩერების საპასუხო პროტესტი) – უკრაინის უამრავ დროშასთან ერთად ფრიალებდა საქართველოს და ევროპის დროშაებიც, და ბანერები ლოზუნგებით „არასოდეს დაბრუნდე საბჭოთა კავშრში“ და „ჩვენ ვართ ევროპა.“

დასკვნა: სამოქალაქო საზოგადოების ძალა

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საქართველოს კრიზისი მკვეთრად გამწვავდა და ორ სრულიად განსხვავებულ მომავლის სცენარზე მიგვანიშნებს, თავიანთი საფრთხეებითა და იმედებით. საქართველოს კონტექსტში, მთავრობის აშკარა ანტიდასავლური და პრორუსული კურსი პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია, თუ ამას თან არ ახლავს დემოკრატიული პრინციპების სრული უარყოფა. ბოლო რამდენიმე კვირამ ეს შემაშფოთებელი ცვლილებაც აშკარა გახადა: შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობრივად სცადა მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობა, პოლიციამ და სპეცრაზზმა უკანონოდ დააკავა და აწამა ასობით ადამიანი, ხოლო მმართველმა პარტიამ დააჩქარა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს ძალაუფლების კონსოლიდაციასა და განსხვავებული აზრის ჩახშობას.

ამ კრიტიკულ მომენტში, უპრეცედენტო საზოგადოებრივი მობილიზაცია და ფართომასშტაბიანი პროტესტის ტალღა იმედს იძლევა, რომ ძლიერი და მდგრადი სამოქალაქო მოძრაობა შეძლებს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენასა და ქვეყნის პროევროპულ გზაზე დაბრუნებას.

მთავრობის რეპრესიულმა ზომებმა პროტესტის მუხტი ვერ ჩააცხრო. პირიქითპროტესტი გაიზარდა ზომით და მასშტაბით, მასში მონაწილეობენ ქვეყნის ყველა რეგიონიდან და საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან, ხოლო თვითორგანიზაციისა და საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობის სტრატეგიებში ვლინდება სპონტანურობა და ეფექტური მრავალფეროვნება.

ამ უპრეცედენტო პროტესტის მრავალი განზომილება იმსახურებს ცალკეულ ანალიზისს. იგი მკაფიოდ აჩვენებს სამოქალაქო საზოგადოების როლს, რაც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე შიდა, და განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის სფეროში. პოლიტოლოგები და კომენტატორები ხშირად ქვეყანას აიგივებენ მის მთავრობასთან, რაც გასაგებია, თუმცა მცდარი. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ქმედებებისა და მათი შედეგების შეფასება რთულია, საზოგადოება ყოველთვის სახელმწიფოს ნაწილია და სხვადასხვა ფორმით ახდენს გავლენას ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე.

კრიტიკული სიტუაციები კრიტიკულ რეაგირებას მოითხოვს და შესაბამისად წარმოაჩენს მრავალ დაუფასებელ აქტორს. საქართველოს კრიზისი გვიჩვენებს, რომ როდესაც მთავრობა პირდაპირ ეწინააღმდეგება ცენტრალურ ეროვნულ ნარატივსა და კოლექტიურ მიზანს, ეს სამოქალაქო საზოგადოებას უბიძგებს მოქმედებისკენ, თუნდაც რეპრესიული ძალის წინააღმდეგ. მიმდინარე კრიზისის შედეგზე უამრავი ფაქტორი მოახდენს ზეგავლენას. საქართველოს მომავალი პოლიტიკური რეჟიმი და გეოპოლიტიკური ორიენტაცია მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ქვეყნის შიდა მდგომარეობაზე, არამედ რეგიონზეც და, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, გლობალურ პოლიტიკაზეც.

 

ეთერი ცინცაძე-მაასსი

დოქტორი; არის ჰემპტონის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ასისტენტ პროფესორი. მისი კვლევა ფოკუსირებულია საერთაშორისო ურთიერთობებზე, უსაფრთხოებაზე, ასევე, საფრთხეების აღქმისა და პოლიტიკური ქცევის იდეურ საფუძვლებზე.

© ქავერ ფოტო: ნათია მჟავანაძე
, , , , , , , , , , , , , , , , ,