04/06/2022 GIP

საქართველოს ევროპული ოცნება: ახლოს, როგორც არასდროს, თუმცა მაინც შორს

ავტორი

ნატალი საბანაძე

ნატალი საბანაძე, საირუს ვენსის მოწვეული პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობებში, მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯი, აშშ. ყოფილი ელჩი/ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი

ივნისში ევროსაბჭომ უნდა გადაწყვიტოს მიიღებს თუ არა „ასოცირებული ტრიოს“ სახელით ცნობილი საქართველო, მოლდოვა და უკრაინა კანდიდატის სტატუსს. სულ რაღაც სამი თვის წინ, ყველაზე მეტი, რისი მოლოდინიც ამ ქვეყნებს შეიძლება ჰქონოდათ,  იყო მათი ევროპული სწრაფვის თავშეკავებული აღიარება EU27-ის მხრიდან, რაც ტრადიციულად აისახებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციებში. უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეულმა გეოპოლიტიკურმა  რყევამ აიძულა ევროკავშირი გასულიყო თავისი კომფორტის ზონიდან და დაეწყო არაორდინარული გადაწყვეტილებების ძიება, მათ შორის აღმოსავლეთით კავშირის შესაძლო გაფართოების ჩათვლით. ამ ისტორიულ შესაძლებლობას საქართველო ხვდება არაერთგვაროვანი შედეგებით. რას შეიძლება ველოდოთ ივნისის სამიტისგან და რა აუცილებელი ზომები უნდა მივიღოთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივების გასაუმჯობესებლად?

პირველ კითხვაზე პასუხს გვაძლევს იმ გამოცდილების ანალიზი რაც ევროკავშირის გაფართოების კუთხით დაგროვდა ბერლინის კედლის ნგრევის შემდგომ. როგორც წესი, გადამწყვეტია სამი მთავარი ფაქტორის ურთიერთკავშირი: პირველი – ევროკავშირს უნდა გააჩნდეს კონკრეტული გეოპოლიტიკური ინტერესი და ხედავდეს სტრატეგიულ სარგებელს შემდგომ გაფართოებაში; მეორე – იგი უნდა გრძნობდეს ზნეობრივ იმპერატივს იმოქმედოს, როგორც ეს იყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის შემთხვევაში ცივი ომის დასრულების შემდეგ; და ბოლოს,  განმცხადებელმა სახელმწიფოებმა, ევროპაში გეოგრაფიულ მდებარეობასთან ერთად, უნდა მოახდინონ, გარკვეულ წილად მაინც, ევროკავშირის პრინციპებთან თავსებადობის და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების  დემონსტრირება. ამათგან ერთი ან მეტი ფაქტორის შეწონილი მნიშვნელობა შეიძლება შეიცვალოს გარემოებების მიხედვით, თუმცა საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭიროა, რომ სამივე ფაქტორი უნისონში მოქმედებდეს.

ივნისის სამიტზე გეოპოლიტიკური თემები იქნება წამყვანი, როგორიცაა რუსეთის შეკავების საჭიროება, ევროპის უსაფრთხოების გაძლიერება და ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ტრიოს ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია იქნებოდა რუსეთის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მარცხი და პოტენციურად გააძლიერებდა ევროპის უსაფრთხოებას მისი არასტაბილური აღმოსავლეთ საზღვრის გასწვრივ. ასოცირებული ტრიოს ინტეგრაციით ასევე იზრდება ევროკავშირის, როგორც წამყვანი მოთამაშის გეოპოლიტიკური წონა მეზობელ რეგიონში, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში. თუმცა, ევროკავშირის 27 წევრს შორის არ არსებობს კონსენსუსი იმის თაობაზე, მოუტანს თუ არა ევროპას დამატებით სარგებელს აღმოსავლეთით დაჩქარებული გაფართოება, თუ პირიქით ეს მეტი რისკის შემცველი იქნება როგორც ევროპული უსაფრთხოებისთვის ასევე მისი შიდა მდგრადობისთვის. აზრთა  სხვადასხვაობაა ასევე იმის თაობაზე თუ რა სტრატეგიული ინტერესები აქვს ევროკავშირს სამეზობლოში და როგორი უნდა იყოს მისი როლი ახალ საერთაშორისო წესრიგში, რაც უკრაინის ომის დასრულებას მოყვება.

მიუხედავად ამისა, ისტორია გვიჩვენებს, რომ ამგვარი უთანხმოებები არ არის ახალი. გაფართოების ყველა უწინდელ ტალღას თან ახლდა მსგავსი ეჭვები და აზრთა სხვადასხვაობა, რომლებიც საბოლოო ჯამში გადაილახა მზარდი პოლიტიკური და მორალური წნეხის ქვეშ. ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირი გადაიქცა მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშედ უფრო შემთხვევით, ვიდრე მიზანმიმართულად. დღესაც ის იძულებული გახდა ჩართულიყო გეოპოლიტიკურ ბრძოლაში და შესაბამისი პასუხი გაეცა რუსეთისთვის, რომელმაც ყოვლად სასტიკი, არაფრით პროვოცირებული აგრესია განახორციელა დემოკრატიული ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ. ამ სიტუაციაში, სულ მცირე, რაც შეიძლება გააკეთოს ევროკავშირმა, ეს არის ის, რომ გაუგზავნოს უკრაინას პოზიტიური სიგნალი კანდიდატის სტატუსის მინიჭებით და სიმბოლურად მაინც, უსამართლო აგრესიის მსხვერპლ ქვეყანას გადააფაროს თავისი „მშვიდობის ქოლგა“. ორი დანარჩენი პარტნიორი, საქართველო და მოლდოვა ასევე იმყოფებიან რუსეთის მხრიდან პირდაპირი საფრთხის ქვეშ და უკვე დიდი ხანია, რაც აქტიურად იბრძვიან ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. შესაბამისად, ლოგიკური იქნებოდა, როგორც პრაქტიკული, ასევე გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ამ სამი ქვეყნის ერთი ტალღის ქვეშ მოქცევა და  და სამივესთვის წევრობის პერსპექტივების შეთავაზება ერთნაირი ან თუნდაც განსხვავებული პირობებით.

მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ასოცირებული ტრიოს არასაკმარისი მზადყოფნა კოპენჰაგენის კრიტერიუმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა მაკრონმა გაგვახსენა, რომ სრულ წევრობას შესაძლოა დასჭირდეს ათეული წელი, როგორც ეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაში ხდება. ეგრეთ წოდებული ტრიოს ქვეყნებს შორის საქართველო ითვლებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერად და არც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ჩამორჩებოდა დიდად (შედარებისთვის იხილეთ, CEPS, Balkan and Eastern European Comparisons). საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი რეფორმატორი ქვეყანა რეგიონში, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მისი პოლიტიკური დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. საქართველოს, პირველს მოუწია დიდი საფასურის გადახდა თავისი სტრატეგიული არჩევანის ერთგულებისთვის, რაც 1990-იანი წლების ომებით დაიწყო და 2008 წელს გაგრძელდა. უდიდესი ადამიანური და ტერიტორიული დანაკარგების მიუხედავად, საქართველო ასევე არის ის ქვეყანა, სადაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ხალხის მხარდაჭერა რჩება უცვლელად მაღალი და მზარდი.

დღეს საქართველო, სამეულის სხვა ქვეყნებთან შედარებით არა თუ აღარ ლიდერობს, არამედ გარკვეულ წილად ჩამორჩება კიდეც მათ. საერთაშორისო აზრი მყარდება იმის გარშემო რომ საქართველო დემოკრატიზაციის კუთხით განიცდის სერიოზულ უკუსვლას და შესაბამისად, ის სწრაფად კარგავს მეგობრებს, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ხელისუფლება უგულველყოფს ნებისმიერ კრიტიკას, თვლის რა მას დაუსაბუთებლად და არაობიექტურად. შიდა პარტიულ-პოლიტიკური შუღლი და ქულების ჩაწერის ჟინი უარყოფითად აისახება არამხოლოდ საქართველოს დემოკრატიის ხარისხზე, არამედ მის საგარეო პოლიტიკაზეც, რისი მაგალითია როგორც ევროკავშირთან ასევე უკრაინასთან ურთიერთობები. მმართველმა პარტიამ გააუქმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამდგომლობით გაფორმებული 19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაციის დაძლევას ძალაუფლების განაწილების ელემენტების შემოღებით და რეფორმების გატარების ვალდებულებით. უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამაც არ მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომლის ჩავარდნაც ბრიუსელისთვის პოლიტიკური „სილის გაწნის“ ტოლფასი იყო. ასევე შიდა პარტიული გარჩევის მსხვერპლი გახდა ურთიერთობები უკრაინასთან, რომლებიც განსაკუთრებით დაიძაბა ომის დაწყების შემდეგ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დაადანაშაულა უკრაინის ხელისუფლება, რომ ისინი მოქმედებდნენ ქართული ოპოზიციის გავლენის ქვეშ. მაშინ, როცა საქართველოს ევროპული მომავალი პრაქტიკულად დამოკიდებულია უკრაინასა და იქ განვითარებულ მოვლენებზე, კიევთან ურთიერთობის არ ან ვერ დალაგება არის მოქმედი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური და დიპლომატიური ჩავარდნა.

დღეს ევროკავშირზე არსებული გეოპოლიტიკური და მორალური ზეწოლის გათვალისწინებით, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ნამდვილად შეუძლიათ იმედი იქონიონ რომ ივნისის სამიტზე ისინი ამა თუ იმ ფორმით მიიღებენ ევროპულ პერსპექტივას. ფორმულირების ან გადაწყვეტილების პირობების მიუხედავად, ეს იქნება უდიდესი მიღწევა ომამდელ სიტუაციასთან შედარებით და დასაწყისი უაღრესად ხანგრძლივი და რთული პროცესის. როდესაც საქმე მიდგება, ევროკავშირის ფუნდამენტური შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობების დაკმაყოფილებასა და კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულებაზე, ბრიუსელი დათმობებზე არ წავა. თუ საქართველოს მთავრობა მართლაც სერიოზულად უდგება ევროპულ ინტეგრაციას, მან უნდა დააბრუნოს ქვეყანა რეფორმების, ეფექტიანი მმართველობის და დემოკრატიის გზაზე.

საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, პრიორიტეტულია უკრაინასთან ურთიერთობების მოგვარება და მეტი პოლიტიკური ინვესტიცია ასოცირებულ ტრიოში. მოლდოვა და უკრაინა წარმოადგენენ ლოგიკურ გეოგრაფიულ წყვილს მაშინ, როცა საქართველო  მათგან მოწყვეტილია. არ უნდა დავუშვათ რომ ის ასევე პოლიტიკურად დაშორდეს ასოცირებულ პარტნიორებს, რადგან ასეთ შემთხვევაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ფოზიკური და პოლიტიკური დისტანციის გადალახვა კიდევ უფრო გართულდება. ამასთან, აუცილებელია ახლო კავშირების ჩამოყალიბება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, რომელთაც პოტენციურად შეუძლიათ „სპონსორობა“ გაუწიონ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ამ კუთხით, საქართველოს ტრადიციული მოკავშირეები ბალტიის ქვეყნები არიან, თუმცა მათთანაც ურთიერთობები დაზიანდა უკრაინის მიმართ საქართველოს პოზიციონირების გამო.

ხაზგასასმელია რომ დღეისთვის, საქართველოს მთავარ დაბრკოლებას ევროპული მომავლის გზაზე წარმოადგენს მისი შიდა პოლიტიკა. ამიტომ, უახლოეს დროში, საქართველოს მთავრობამ უნდა აჩვენოს მოთხოვნილი რეფორმების განხორციელების რეალური სურვილი და სერიოზულად განიხილოს ძალაუფლების გადანაწილების შესაძლებლობა. შესაძლო წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალებისა და პასუხისმგებლობის გასხვისების ნაცვლად, უკეთესი იქნება თუ ხელისუფლება კრიტიკას მიიღებს, გაითვალისწინებს და შემოიტანს „კონსნუალური დემოკრატიის“ მართვის პრინციპებს. ეგრედ წოდებული კონსენსუალური დემოკრატია არის მოდელი, რომელიც, დამკვირდებულია სწორედ უკიდურესად დაყოფილ და პოლარიზებულ საზოგადოებებში. მან ხელი შეუწყო ისტორიული დაპირისპირების არმოფხვრას და პოლიტიკური სტაბილურობის დამკვიდრებას ისეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორიცაა მაგალითად ნიდერლანდები და ბელგია. ის ეფუძნება მოლაპარაკებულ შეთანხმებას და ძალაუფლების განაწილებას, რომლის გარეშე საქართველო ვერ გადალახავს არსებულ პოლარიზაციას და მის ასე ღრმად გამჯდარ „ყველაფერი გამარჯვებულს“ პოლიტიკურ კულტურას.

 

ნატალი საბანაძე, საირუს ვენსის მოწვეული პროფესორი საერთაშორისო ურთიერთობებში, მაუნტ ჰოლიოკის კოლეჯი, აშშ. ყოფილი ელჩი/ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი

Photo Credit: EU Delegation Georgia

ავტორი

, , , , , , , , , , , , , , ,