06/06/2024 GIP

საქართველოს არაღიარების პოლიტიკა და თავსებადობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განსაკუთრებულად კრიზისულ პერიოდში არსებობს საკითხი, რომელიც ინტეგრაციის რთულ გზაზე  დამატებით პრობლემად გვევლინება, ეს CFSP-სთან თავსებადობაა, რომელიც ახლა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. თუმცა, ორმხრივი ურთიერთობების ეს ნაწილი განსაკუთრებით პრობლემურიცაა, რადგან 2023 წლის ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით ქვეყანა თავსებადობის მხოლოდ 43%-იან მაჩვენებელს აფიქსირებს, მაშინ, როდესაც ის ასოცირებული ტრიოს დანარჩენ ქვეყნებში, გაცილებით მაღალია. საქართველოს ხელისუფლება ამ ვარდნას არაღიარების პოლიტიკით ამართლებს.

ევროკომისიამ 2023 წლის მიწურულს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა და ამასთან ერთად, 9 რეკომენდაციაც გასცა, რომლის დაკმაყოფილების შემდეგაც, საქართველო  გაწევრებასთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას შეძლებს. რეკომენდაციათაგან ერთ-ერთი ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) თავსებადობის გაზრდაა. ამისთვის მნიშვნელოვანია საქართველო შეუერთდეს ევროკავშირის მიერ რუსეთისა და მესამე ქვეყნების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. მაგრამ საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირების მიხედვით,  აღნიშნულმა პროცესმა შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების მაჩვენებლის ზრდა გამოიწვიოს, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაში არ მოდის. აქედან გამომდინარე, ბლოგის მთავარი ამოცანაა, გაანალიზოს, თუ რამდენად დიდი დაბრკოლებაა ეს და რამდენადაა შესაძლებელი მისი აღმოფხვრის ხარჯზე თავსებადობის მაჩვენებლის პოზიტიური ცვლილება.

ევროკავშირის როლი არაღიარების პოლიტიკის აღსრულებაში

საქართველოს საგარეო ურთიერთობების სტრატეგიის მიხედვით, ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა ქვეყნისთვის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არ მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარება გაეროს წევრი სხვა სახელმწიფოების მიერ, მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა მჭიდრო ურთიერთობები ამ ქვეყნებთან.

აღნიშნული, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ 2024 წლის თებერვალში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, და დაამატა, რომ „საჭიროა ევროკავშირთან ერთად ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროკავშირის დახმარების მიმღები ქვეყნების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პრევენციას“. საქართველოს მთავრობა მოითხოვს, რომ ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინ ,,ოკუპაციის“ არგამოყენების საკითხი აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან მიმართებით გადაიხედოს. რაც გვაფიქრებინებს, რომ მმართველმა პარტიამ იცის, არაღიარების პოლიტიკის ეფექტიანობაში მნიშვნელოვანი როლი თავად ევროკავშირსაც აკისრია. თუმცა, ამჟამინდელი მოცემულობის გათვალისწინებით, ამ საკითხზე მუშაობა მხარეებს შორის არ დაწყებულა. ეს ფაქტი ცხადყოფს ევროკავშირის მხრიდან არაღიარების პოლიტიკასთან არსებული დამოკიდებულების გადახედვისა და აუცილებლობის შემთხვევაში ფოკუსის შეცვლის საჭიროებასაც.

რუსეთის გავლენა განვითარებად ქვეყნებსა და არაღიარების პოლიტიკაზე

შეუძლებელია CFSP-სთან უსაფრთხოების კუთხით თავსებადობისა და მასთან ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას შორის კავშირის  რუსეთის ფაქტორის გარეშე განხილვა, რადგან შეუთავსებლობის მაღალ მაჩვენებელს, მნიშვნელოვანწილად, სწორედ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებთან საქართველოს შეუერთებლობა განაპირობებს.

დასავლური მედია ხშირად იუწყება აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში რუსეთის გაზრდილი გავლენების შესახებ. 2022 წლიდან დღემდე არსებული მონაცემების მიხედვით, საქართველო არ შეერთებია რუსეთის, მალისა და მიანმარის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციათა უმეტესობას.  მიანმარსა და რუსეთს შორის სამხედრო და ეკონომიკური თანამშრომლობა განსაკუთრებით 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაღრმავდა და დღეისათვის, ვიეტნამის შემდეგ, რუსეთისთვის მიანმარი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში მეორე უმსხვილესი პარტნიორია. ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში კი პუტინის მთავრობის ყველაზე მსხვილ პარტნიორად 2020 წლიდან სწორედ მალის სამხედრო რეჟიმი გვევლინება, რომლის წარმომადგენლების განცხადებითაც, დასავლური ინტერვენციის გამოცდილების ფონზე, ამჯობინებენ  მჭიდრო კავშირები რუსეთთან დაამყარონ. აღნიშნული ფაქტები გვაფიქრებინებს, რომ საქართველო არაღიარების პოლიტიკის პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, არ უერთდება არც რუსეთის და არც მისი მაღალი გავლენის ქვეშ მყოფი სახელმწიფოების წინაშე დაწესებულ სანქციებს, რადგან, რუსეთს ამ ქვეყნებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების მოსაპოვებელი ბერკეტები გააჩნია და დაწესებულ სანქციებზე შეუერთებლობის შემთხვევაში, აღიარების შანსები მცირდება.

ამ მოსაზრებას საფუძველს ურყევს ის ფაქტი, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ შეერთებია 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შედეგად ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციათა უმეტესობას, 2023 წლის ოქტომბერში, სოჭში ჩასული სერგეი ლავროვი, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას  დაპირდა, რომ გაზრდიდა იმ სახელმწიფოთა რიცხვს, რომლებიც აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებდნენ. რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ რუსეთი კვლავ აქტიურად ატარებს  რეგიონის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ საგარეო პოლიტიკას და ევროკავშირის მიერ რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციაზე საქართველოს შეერთება/შეუერთებლობა კრემლისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს, საჭიროების შემთხვევაში, იზრუნოს მესამე ქვეყნების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვებაზე.

დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავების საჭიროება

ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში, 2023-2024 წლებში გაცემული სანქციების მიხედვით, დასანქცირების ობიექტებად მეტწილად ადამიანები/ადამიანთა ჯგუფები გვევლინებიან, რომლებიც ხელს უწყობენ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს ან/და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, მათ შორის, მესამე ქვეყნებში, ადამიანთა უფლებების სერიოზულ დარღვევას. 2023 წლის სანქციებს შორის, საქართველო აგრეთვე არ უერთდება სანქციებს ზიმბაბვეს, ტუნისის, სამხ.სუდანის, ბურუნდის, გვინეას წინააღმდეგ. რთულია ითქვას, რამდენად შენარჩუნდება აღნიშნული ტენდენცია მიმდინარე წლის მიწურულისთვის. 2023 წელს საქართველო აგრეთვე არ შეერთებია სანქციებს, რომლებიც თურქეთისა და ირანის წინააღმდეგ იყო დაწესებული, რაც შეიძლება ამ ორ ქვეყანასთან ჩვენი მჭიდრო ეკონომიკური კავშირებით აიხსნას.

დეკლარაციათა უმრავლესობის შინაარსის მიხედვით, ნათელი ხდება, რომ სანქციები მეტწილად განკუთვნილია კონკრეტული პიროვნებებისთვის და არა მთლიანად სახელმწიფოსთვის. აქედან გამომდინარე, არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმების მისაღწევად აუცილებელია მთავრობას  ჰქონდეს გარკვეული ტიპის კომუნიკაცია ამ ქვეყნებთან. ამჟამად, აფრიკის კონტინენტზე მხოლოდ სამი საქართველოს საელჩო მოქმედებს. აუცილებელია საქართველოს მთავრობამ გაგზავნოს უფრო მეტი დიპლომატიური მისია ან აღიარების მაჩვენებლის გაზრდის პრევენციის მიზნით გამონახოს კომუნიკაციის ალტერნატიული გზები, რომელთა მეშვეობითაც ადამიანის უფლებებთან მიმართებით დააფიქსირებს საკუთარ აზრს, თუნდაც ეს გამოიხატებოდეს მათ წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეერთებით. ქვეყანასთან დამყარებული კომუნიკაციის ხარჯზე კი ცხადყოს ის ფაქტი, რომ ქვეყანა არათუ მთელ სახელმწიფოს ასანქცირებს, არამედ ეს ეხება ადამიანის უფლებათა დამრღვევ კონკრეტულ ინდივიდს/ინდივიდთა ჯგუფს, რაც საბოლოოდ მეტ-ნაკლებად შეამცირებს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებულ რისკებს.

ევროპული ქვეყნების გამოცდილება

რუსეთის ფედერაციასთან ტერიტორიული დავები, საქართველოს გარდა,  ასოცირებული ტრიოს დანარჩენ ორ სახელმწიფოსაც აქვს, მაგრამ ისინი სანქციებთან შეერთების ხარჯზე ახერხებენ თავსებადობის მაღალი მაჩვენებლის უზრუნველყოფას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციათა უმეტესობას ჩვენსავით არ შეერთებია მოლდოვაც, ის უერთდება სხვა ტიპის სანქციათა უმრავლესობას, რის ხარჯზეც, სხვა კომპონენტებთან ერთად, ახერხებს თავსებადობის მაჩვენებლის ზრდადი ტენდენციის შენარჩუნებას.   აღნიშნული ფაქტი, სხვა დანარჩენთან ერთად, ასუსტებს იმ სკეპტიკურ დამოკიდებულებასაც, რომლის მიხედვითაც, საქართველო ვერ შეძლებს თავსებადობის გაზრდას იმ მიზეზით, რომ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია სხვა სახელმწიფოს მიერ. მართალია, ეს ფაქტორი ამ  პროცესს აფერხებს, თუმცა, თავსებადობის გაზრდა მაინც არის შესაძლებელი ისევე, როგორც ეს მოახერხეს მოლდოვამ და უკრაინამ. მეტიც, არსებობს კვიპროსის პრეცედენტიც, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიის მქონე კვიპროსი გაერთიანების წევრი გახდა.

დასკვნა

საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მთავრობის ფრთხილი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლოა ლეგიტიმურად მივიჩნიოთ. კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არა აღნიშნული სიფრთხილის ლეგიტიმურობა, არამედ  მთავრობის მიერ ამ საფრთხის პრაქტიკაში სწორად გადმოტანისა და სათანადოდ შეფასების საკითხი. ამ გადმოსახედიდან, საქართველოს მთავრობამ ცხადია უნდა იზრუნოს არაღიარების პოლიტიკაზე მაგრამ, მეორე მხრივ, ახლა ის ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მესამე სამყაროს ქვეყნებს, რომლებთანაც უშუალო კონფლიქტი არ აქვს და რომელთა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესზე გავლენის მოხდენაც რუსეთისთვის, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია. საქართველოს კი მსგავსი ბერკეტები არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, იკვეთება ფრთხილი ბალანსის შექმნისა და შენარჩუნების აუცილებლობის საკითხი. არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, მესამე ქვეყნების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარების პრევენციისათვის საუკეთესო გადაწყვეტილება დიპლომატიური წარმომადგენლობის გაზრდა, ხოლო ევროკავშირის CFSP-ასთან თავსებადობის მაჩვენებლის ზრდადი ტენდენციის შესაქმნელად ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ მესამე ქვეყნებზე დაწესებულ სანქციებთან შეერთებაა.

 

ბლოგი მომზადდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „ღია საზოგადოების ფონდის“ და “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” შეხედულებებს.

ანა ქოქაშვილი

სტაჟიორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

, , , , ,