Authors

  • პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. იგი ამავე დროს არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. პროფესორი კაკაჩია სხდასხვა დროს იყო მიწვეული მკვლევარი ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში, ჰარვარდის უნივერსიტეტი,(2009-10) ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის,(2000) ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში.(2011) მას მოპოვებული აქვს პოლიტიკის დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. იგი ასევე არის საერთაშორისო კვლევების ასოციაციისა (ISA) და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ევრაზიის კვლევებიის პროგრამის (PONARS  ევრაზია) წევრი. კორნელი კაკაჩია არის თანაავტორი წიგნისა „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა სახელმწიფოსთვის“ (ლონდონი, ნიუ იორკი: I.B. Tauris, 2021). როგორც ექსპერტი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პროფ. კაკაჩია ხშირად აკეთებს კომენტარს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პრესისთვის.

    View all posts
23/05/2024 კორნელი კაკაჩია

საპარლამენტო არჩევნები, როგორც რეფერენდუმი: ქართულ დემოკრატიას მომწიფებული ოპოზიცია სჭირდება

ქართული ოცნების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის ხელახალმა წარდგენამ ქვეყანაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისის ახალი ტალღა დაძრა. მმართველი პარტიის უკომპრომისო კონფრონტაცია საზოგადოების პრო-დემოკრატიულ ნაწილთან უფრო და უფრო აშიშვლებს მის ამბიციას, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ძალაუფლება, რაც საქართველოში კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის ჩამოყალიბების საფრთხეს აჩენს.

მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტის პოლიტიკურ პროცესში გადასათარგმნად ქვეყანას ფუნდამენტურად ახალი ყაიდის ოპოზიცია და საგანგებო სამოქმედო გეგმა სჭირდება. გახშირებულია საუბარი ოპოზიციის სხვადასხვა ფორმით გაერთიანებაზე ან ერთიან, კოორდინირებულ მოქმედებაზე. თუმცა, არჩევნებამდე დრო ცოტაა, ხოლო ქართული ოცნება თანდათან აძლიერებს პროპაგანდისტულ მუშაობას და ქვეყანაში კრიტიკული აზრის ჩახშობის მექანიზმებს. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ “ქართული ქარტიის” ფარგლებში პოლიტიკური პარტიების მობილიზება და “ერთიანობა ერთობის გარეშე”, როგორც ამას პრეზიდენტი ამბობს, უნდა იყოს ოპოზიციური პარტიებისთვის წინამდებარე ბლოგში წარმოდგენილ გეგმაზე მსჯელობის პლატფორმა. იმ ამოცანების მიღწევა, რომლებიც პრეზიდენტის გეგმაშია ჩამოყალიბებული, შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ ოპოზიციური პარტიები მოახერხებენ და საზოგადოების ნდობის გაზრდაზე იმუშავებენ. ბლოგში წარმოდგენილია ერთ-ერთი შესაძლო სცენარი იმის შესახებ, როგორი შეიძლება იყოს ოპოზიციის როლი და გეგმა ქვეყნისთვის ასეთ კრიზისულ და არასტანდარტულ გარემოში, რათა ის ქუჩაში გამოსულ მოქალაქეთა ინტერესების და წუხილების რეალური და ლეგიტიმური წარმომადგენელი გახდეს.

ოპოზიცია საქართველოში: ფრაგმენტული, თუმცა გადამწყვეტი მისიით

ქართული ოცნების მმართველობის სამი ვადის განმავლობაში, საქართველო მკვეთრად დაუახლოვდა ნახევრადკონსოლიდირებული დემოკრატიიდან ნახევრადკონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბების პერსპექტივას. 2024 წლის აპრილში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელახალმა შემოტანამ ქუჩის მწვავე პროტესტის ტალღა გამოიწვია. საკვანძო დღეებში, საქართველოს ანტი-დემოკრატიულ გადახრას 100 000-ზე მეტი ადამიანი აპროტესტებდა. 2023 წელს სახალხო წინააღმდეგობამ  მმართველი პარტია აიძულა, კანონპროექტი, საპარლამენტო კენჭისყრის დროს, გამიზნულად ჩაეგდო. თუმცა, ცხადია, რომ ერთი წლის შემდეგ, ხელისუფლება ბევრად უფრო მომზადებული შეხვდა ხალხის წინააღმდეგობას და საზოგადოების მასობრივ პროტესტს სრული იგნორირებით პასუხობს.

ამ მოცემულობის ფონზე, რთულდება ოპოზიციური პარტიების მიერ თავიანთი ტრადიციული ფუნქციების შესრულება და საკუთარი ამომრჩევლის ინტერესების წარმოდგენა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნება სხვადასხვა არადემოკრატიული მექანიზმით წარმატებით ახერხებს ხელისუფლების  მიტაცებას და ოპოზიციური სპექტრის  მარგინალიზაციას. გარდა გარე წნეხისა, პოლიტიკური პარტიები ოპოზიციურ ველზე თავადაც განიცდიან შიდა სისუსტეებს, როგორიცაა შიდაპარტიული დემოკრატიის კრიზისი ძლიერი ცენტრალიზების ფონზე, ლიდერებზე მეტისმეტი ფოკუსი, იდეოლოგიური იდენტობების არარსებობა,  უნდობლობა და მიუღებლობის მაღალი ხარისხი სხვა პარტიებთან ურთიერთობებში და სხვა. ეს ფაქტორები პარტიებისგან საზოგადოების გაუცხოებას იწვევს (დიაგრამა 1). მათ მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის უნდობლობა მიმდინარე დემონსტრაციებზეც ჩანს. ფაქტია, რომ საზოგადოების აქტიური ნაწილი  ოპოზიციურ ლიდერებს პროტესტის ლიდერებად არ იღებს. სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს ფაქტობრივად დაკარგული აქვთ იმის ლეგიტიმაცია, რომ მმართველ პარტიასთან ბრძოლაში ამომრჩევლის პრო-დემოკრატიული ნაწილი წარმოადგინონ.

 

დიაგრამა 1: არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს? (%) ოქტომბერი, 2023

წყარო: https://caucasusbarometer.org/ge/no2023ge/PARTREP/

 

 

გაერთიანება, თანამშრომლობა თუ კოორდინაცია – რა გააძლიერებს ქართულ ოპოზიციას და როგორ?

საქართველოს მსგავს მოუმწიფებელ დემოკრატიაში, ფრაგმენტული ოპოზიციისა და განსაკუთრებით საგანგებო მდგომარეობის პირობებში, პარტიათაშორისი გაერთიანებისთვის თამაშის უნიკალურ წესებზე შეთანხმებაა საჭირო. ამგვარ წესებზე დაყრდნობით  პარტიების სამოქმედო გეგმა შეიძლება ერთ-ერთ ასეთ სცენარს გაჰყვეს:

  • საქართველო გზასაყარზე – არჩევნები როგორც საყოველთაო რეფერენდუმი: ამომრჩევლების და პოლიტიკური ლიდერების მიერ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნები უნდა აღიქმებოდეს არა როგორც პარტიებისთვის ხმის მიცემის რეგულარული პროცესი, არამედ, როგორც ბევრად უფრო ფართო, ეგზისტენციალური მნიშვნელობის მოვლენა: ეს არჩევნები ფაქტობრივად უნდა გახდეს სახალხო რეფერენდუმი, რომელშიც ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გადაწყვეტს ქვეყნის განვითარების ზოგად ეგზისტენციალურ მიმართულებას და არა კონკრეტულ პარტიულ კონფიგურაციას. შესაბამისად, ამ ეტაპზე კონკრეტული კამპანიები წინასაარჩევნო კამპანიების კონკრეტულ დაპირებებზე და საგნობრივ პლატფორმებზე დაფუძნებული სცენარების ნაცვლად, სწორედ ამ ლოგიკას უნდა დაეფუძნოს.
  • „ევროპული პლატფორმის“ მოდელის რეალიზება: ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იდეას „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ მაქსიმალური თანამშრომლობით უნდა უპასუხონ. ეს შეიძლება იყოს, ერთი მხრივ, პარტიათა ნაწილის დროებით – ერთ ან ორ საარჩევნო სუბიექტად ჩამოყალიბება. ეს იდეა არ სთავაზობს პარტიებს მექანიკურად გაერთიანებულ  ინტერპარტიულ სიას, არამედ სპეციფიკურ საგანგებო ერთიან გუნდს, რომელმაც ამომრჩევლის განსაკუთრებული ნდობა უნდა დაიმსახუროს არაპარტიული კომპონენტის შემოტანით. განსაკუთრებული შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ხელოვნურად  შეერთებული სიები, შესაძლოა, საარჩევნო პროცესისთვის დამაზიანებელიც კი იყოს, რადგან ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისთვის ერთგვარი წითელი ხაზია ისეთ დომინანტურ პარტიასთან რაიმე სახის გაერთიანება, როგორიცაა, მაგალითად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. თუმცა, ნებისმიერი კონფიგურაციის (თუნდაც ენმ-ის ჩართულობით) ინტეროპოზიციური თანამშრომლობა მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს ნებისმიერი პრო-ევროპული ოპოზიციური პარტიისთვის, რადგან განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციაში, მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის პოტენციალი სრულად და სწორად იყოს ათვისებული რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგის მისაღებად. მეორე მხრივ, ენმ  მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ოპოზიციური ფლანგის დიდ ნაწილს გარკვეული შიში ექნება მის მიმართ პოლიტიკური პროცესების მიტაცების თვალსაზრისით. თუმცა, ეს არ შეიძლება იყოს იმის საბაბი, რომ ენმ პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობას წინასაარჩევნო მობილიზაციის კუთხით გაეთიშოს.

 

სურათი: წინასაარჩევნო აქტორების კონფიგურაციის სავარაუდო სცენარების ვიზუალიზაცია

 

 

  • ზეპარტიული კომპონენტები ერთობის პროექტებში: პარტიების გაერთიანება (მაგალითად, საარჩევნო სიების ფორმატში), როგორც ასეთი, ერთი შეხედვით, საშიშ თამაშად გამოიყურება ქართულ რეალობაში, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ნდობის დეფიციტის პირობებში. თუმცა, იმისთვის, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო ეროვნული პროცესი არ დააზიანონ, და უფრო ადვილად დაარწმუნონ საზოგადოება ერთობის პლატფორმის სანდოობაში, საჭიროა ამ გაერთიანებაში არაპარტიული კომპონენტების შემოტანა.
  • ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება იყოს საარჩევნო სიის პირველი ნაწილის, მაგალითად, პირველი ათეულის, საზოგადოებისთვის მისაღები არაპარტიული სახეებით დაკომპლექტება. ევროპული პლატფორმის ფარგლებში, მოლაპარაკებების გამართვა საჭიროა ისეთ ფიგურებთან, რომლებიც, ერთი მხრივ, არცერთ პარტიას მიეკუთვნებიან, ხოლო, მეორე მხრივ, საკუთარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტიურობის ფონზე, ძლიერ სოციალურ კაპიტალს ფლობენ საზოგადოებრივი კეთილგანწყობის სახით. შეიძლება ფიქრი ისეთ ავტორიტეტულ ფიგურებზე, რომლებიც გამოკვეთილად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ მომავალს, მაგალითად, ფიზიკის, ლიტერატურის, თეატრისა და კინოს, და სხვა სფეროებიდან. საგანგებო საარჩევნო გუნდი იქნება ერთგვარი ლოკომოტივი სიის ინტერპარტიული ნაწილისთვის, რომელიც, ასევე, დაარწმუნებს საზოგადოებას, რომ არ მოხდება პოლიტიკური პროცესის რომელიმე პარტიის მხრიდან მიტაცება. ლოგიკურია, რომ დროებითი საგანგებო გუნდის პოტენციური წევრები არ არიან რეგულარული პოლიტიკის ნაწილი, ამიტომ მათთვის ეს პროცესი, შესაძლოა, ერთი შეხედვით უცხო იყოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ასეთ სახეებთან დეტალური გეგმის დასახვა მათთვისაც, თუ როგორ შეიძლება, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში თანამშრომლობის ფორმატები შედგეს ქვეყნის სასარგებლოდ.
  • ამგვარმა შერეულმა საგანგებო პლატფორმამ წინასაარჩევნოდ საზოგადოებას ალტერნატივის სახით უნდა შესთავაზოს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა(თუნდაც 100 დღიანი გეგმა) და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჩამოაყალიბოს დროებითი მმართველი გუნდი ამ გეგმის იმპლემენტაციის მიზნით. პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივად აქტიური ფიგურების მიერ ერთობლივად დაკომპლექტებული დროებითი გუნდის წევრები გარდამავალი მთავრობის ნაწილი გახდება და ერთ წელს სრულად დაუთმობს ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ რელსებზე დაბრუნებას, შეჩერებული დემოკრატიული პროცესების განახლებას, რეფორმების გეგმის დასახვას და დაზიანებული საგარეო ურთიერთობების აღდგენას. ამ პერიოდის განმავლობაში, ალბათ ბუნებრივი იქნება, საპარლამენტო საარჩევნო კოლეგიამ სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე შეინარჩუნოს (აირჩიოს) სალომე ზურაბიშვილი, როგორც ევროპული პლატფორმის აპარტიული ინიციატორი.
  • 2025 წლის ოქტომბერში უნდა დაიგეგმოს ხელახალი რიგგარეშე დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პარტიულ პოლიტიკას რეგულარულ რეჟიმში დააბრუნებს და პარტიებს საშუალებას მისცემს, სტანდარტულ ფორმატში მათთვის მისაღებ სუბიექტებად იყარონ კენჭი ახალი მოწვევის პარლამენტში.

ზემოთ ჩამოყალიბებული სცენარი არ არის უნიკალური და ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისის დასაძლევად. თუმცა, ის სთავაზობს საზოგადოებას ოპოზიციის კოორდინაციის ერთ-ერთ ვერსიას, რომელიც, შესაძლოა, უფრო სიღრმისეული განხილვებისთვის სასარგებლო ინიციატივებს შეიცავდეს.

ამ ეტაპზე, ავტოკრატიული გადახრის წინააღმდეგ საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოქმედება უფრო რეაქციულია, ვიდრე პროაქტიური. შესაბამისად, პროცესი ითხოვს ახალი ტიპის პოლიტიკურ სიმწიფეს პარტიების მხრიდან იმისთვის, რათა ქვეყნისთვის ასეთ გადამწყვეტ პერიოდში მათ შეასრულონ საზოგადოების დაკვეთა და შეძლონ გამოსავლის ძიება, თუნდაც მტკივნეული კომპრომისების ხარჯზე. დროებითი საგანგებო მმართველი გუნდი, რომელიც არჩევნების შედეგად ერთი წლის განმავლობაში ჩაუდგება ქვეყნის მართვას სათავეში, შეიძლება იყოს ის მაშველი რგოლი, რომლის გარშემოც ოპოზიციურ ფლანგს შეუძლია გაერთიანდეს და  ერთიანი სამოქმედო გეგმის ფარგლებში რამდენიმე სხვადასხვა სცენარის გათვალისწინებით იმუშაოს.

 

© ფოტო კრედიტი: თეკლა მელაძე
, , , , , , ,

კორნელი კაკაჩია

პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი. იგი ამავე დროს არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. პროფესორი კაკაჩია სხდასხვა დროს იყო მიწვეული მკვლევარი ჯონ კენედის სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლაში, ჰარვარდის უნივერსიტეტი,(2009-10) ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის,(2000) ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში.(2011) მას მოპოვებული აქვს პოლიტიკის დოქტორის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. იგი ასევე არის საერთაშორისო კვლევების ასოციაციისა (ISA) და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არსებული ევრაზიის კვლევებიის პროგრამის (PONARS  ევრაზია) წევრი. კორნელი კაკაჩია არის თანაავტორი წიგნისა „საქართველოს საგარეო პოლიტიკა 21-ე საუკუნეში: გამოწვევები პატარა სახელმწიფოსთვის“ (ლონდონი, ნიუ იორკი: I.B. Tauris, 2021). როგორც ექსპერტი საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პროფ. კაკაჩია ხშირად აკეთებს კომენტარს ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი პრესისთვის.