10/05/2020 magda

სივრცე დისკუსიისთვის – შეხვედრა რუსთავში

6 მაისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) „მომავალ ლიდერთა სკოლის“ (ELS) რიგით მესამე სივრცე დისკუსიისთვის გამართა, ამჯერად – რუსთავში.

სივრცე დისკუსიისთვის შეხვედრების ახალი სერიაა, რომელიც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) „მომავალ ლიდერთა სკოლის“ მონაწილეებს შესთავაზა,როგორც დამატებითი შესაძლებლობა, შეხვდნენ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს, საჯარო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. მონაწილეები თავად განსაზღვრავენ დისკუსიის თემას და უშუალოდ მოწვეული პროფესიონალებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან იღებენ პასუხებს იმ შეკითხვებზე, რომლებიც აინტერესებთ.

სივრცე დისკუსიის ფარგლებში, მიმდინარე შეხვედრები დღეისათვის ყველაზე აქტუალურ თემას – კორონავირუსით გამოწვეულ პანდემიასა და ქვეყანაში შექმნილ კრიზისს ეთმობა. ადგილობრივი პერსპექტივა: Covid-19-ის გავლენა ქვემო ქართლის რეგიონზე – ამ საკითხზე იმსჯელეს რუსთავში, ონლაინ დისკუსიაში მოწვეულმა სტუმრებმა მსმენელებთან ერთად:

  • ირაკლი ტაბაღუამ – ქალაქ რუსთავის მერი
  • ნანა ბურდულმა – წითელი ჯვრის ოფისის ხელმძღვანელი რუსთავში.

 

ირაკლი ტაბაღუამ, რომელმაც დისკუსია გახსნა, რამდენიმე ძირითადი საკითხი მიმოიხილა: რა მდგომარეობაშია დღეს რუსთავში მცირე და საშუალო ბიზნესი, რა გამოწვევების წინაშეა ეს სექტორი,  რა რეკომენდაციებია გაცემული და როგორ თანამშრომლობს მერია ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

როგორც ბატონმა ირაკლიმ თქვა, „ზოგი ჭირი მარგებელია“- ეს ნიშნავს, იმას რომ ჩვენ ნათლად შეგვიძლია დავინახოთ  ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც არა მარტო დღეს არის შესაძლებელი, არამედ მომავალშიც. ახალი კორონავირუსის გავრცელების შედეგად წარმოქმნილი კრიზისი, იძლევა იმის საშუალებას, რომ ქალაქების განვითარების სტრატეგია გაიწეროს, ისეთი სტრატეგია, რომელიც მაქსიმალურად უპასუხებს გამოწვევებს. ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ამის შესაძლებლობას იძლევა და რომ მუნიციპალიტეტების დეცენტრალიზაცია აუცილებელია, რაშიც დღევანდელმა სიტუაციამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა.

„გამოწვევებს გარკვეული რისკებიც ახლავს თან, ყოველ გამოწვევას აქვს გარკვეული დროის პერიოდი, როდესაც უნდა მომზადდეს საკანონმდებლო აქტები და უნდა მოხდეს ამ ყველაფრის სფეროების მიხედვით დალაგება… თუ სწორად წარმართავ მენეჯმენტს და ყველაფერი გათვალიწინებული გექნება, წარმატებას მიაღწევ“, – უთხრა მსმენელებს ქალაქ რუსთავის მერმა.

წარმოების მხრივ, რუსთავი ერთ-ერთი დიდი ქალაქია და როგორც ირაკლი ტაბაღუამ თქვა, ამ კუთხით, ბეწვის ხიდზე გაიარეს. ამაში ის პროფესიონალები დაეხმარნენ, რომლებიც რუსთავს ჰყავს ჯანდაცვის მიმართულებით. მნიშვნელოვანი იყო პრობლემების იდენტიფიცირება და იმ მითითებების წინასწარ განსაზღვრა, რომლებიც მოგვიანებით მიიღეს. მაგალითად, ქალაქ რუსთავის მერიამ თავიდანვე იზრუნა ქოლ-ცენტრის შექმნაზე, გადამზადნენ თანამშრომლები,  ცხელი ხაზის საშუალებით სრულად ფლობდნენ ინფორმაციას და შესაბამისად უწევდნენ დახმარებას მოქალაქეებს. ამასთან, კარგად გამოიყენეს ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის ბაზაზე შექმნილი საბჭოც, რომლის წევრებიც სხვადასხვა სფეროს წარმოადგენდნენ და მათი გამოცდილება სწორად გამოიყენეს. გარდა ამისა, როგორც ბატონმა ირაკლიმ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდი გამოდგა ძალიან კარგი იარაღი დაუცველი  ჯგუფებისთვის პირველადი დახმარების აღმოსაჩენად.

 

რაც შეეხება, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და საწარმოებს რუსთავში, ქალაქის მერმა თქვა, რომ მათი მუშაობა არ გაჩერებულა და შესაბამისად, ამ კუთხით ქალაქმა ნაკლებად იზარალა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ ქალაქ რუსთავის მერიამ წინასწარ – შეზღუდვების დაწესებამდე შეიმუშავა სტრატეგია მცირე, საშუალო და დიდი საწარმოებისთვის და მოამზადა მათთვის რეკომენდაციები. მუნიციპალიტეტის მერია დღეს, ადგილზე ახდენს საწარმოების მონიტორინგსაც კითხვარების შევსების გზით და არკვევს, რამდენად აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებსა და სტანდარტებს ესა თუ ის საწარმო.

ELS-ის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პირდად მერისთვის დაესვათ შეკითხვები, რომლებიც ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესთან მერიის თანამშრომლობას, რუსთავი-თბილისის საავტომობილო გზებზე შეზღუდვების მოხსნას, ამხრივ, გარკვეული ნორმების დაცვასა და მოსაზღვრე რაიონებში პროდუქტების რეალიზაციაში დახმარებას შეეხებოდა; მსმენელები ასევე დაინტერესდნენ, როგორია ქალაქ რუსთავის მერის ხედვები მუნიციპალიტეტების დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით; ასევე, რამდენად იყო გათვალისწინებული ქალაქში მცხოვრები არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირების საკითხი.

 

ნანა ბურდულმა, რომელიც დისკუსიის მეორე მონაწილე იყო, გაგვიზიარა რუსთავში წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ ჩატარებული მოხალისეობრივი კამპანიის შედეგები.

წითელი ჯვრის ცენტრალური ოფისის მიერ გამართულ ტრენინგებში რუსთავის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ქალაქში დაბრუნებისას, მათ ცოდნა სხვებსაც გაუზიარეს და როგორც ქალბატონმა ნანამ თქვა, ასე დაიწყეს საინფორმაციო მასალების გავრცელება რუსთავში.

„ვატარებდით პრეზენტაციებს, ვაკრავდით პოსტერებს ქალაქის სხვადასხვა დაწესებულებებთან, ვარიგებდით საინფორმაციო ბუკლეტებს არამარტო ქართულ, არამედ აზერბაიჯანულ და სომხურ ენაბზეც. ამის შემდეგ, მერიამ მოხალისეთა შეკრება გამოაცხადა, დავიწყეთ თანამშრომლობა, შევუერთდით ახალგაზრდების ჯგუფს. ვთანამშრომლობდით ლიბერთი ბანკთან, სადაც პენსიონერები პენსიის მისაღებად მიდიან, აქ ვარეგულირებდით რიგებს, ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოებიც“, – აღნიშნა ნანა ბურდულმა.

მერიასთან თანამშრომლობით, წითელი ჯვრის საინფორმაციო კამპანია ამის შემდეგ, სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ღონსძიებებით გაგრძელდა. ორგანიზაციამ სასურსათო ამანათების შეგროვება დაიწყო სოციალურად დაუცველებისთვის, მოხუცებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ქალაქში არსებულ სავაჭრო ცენტრებსა და სუპერმარკეტებში განთავსდა კალათები პროდუქტებისა თუ სხვა საჭირო ნივთების შესაგროვებლად. როგორც ქალბატონმა ნანამ თქვა,   წითელი ჯვარი ამას ხუთი წელია აკეთებს და ჰქონდათ სურვილი ეს რუსთავშიც გაეკეთებინათ. ჯამში, სამასზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ და კამპანიას ახლა უკვე სხვა სავაჭრო ცენტრებიც შეუერთდნენ.

მსმენელების შეკითხვები უმეტესად შემდეგ საკითხებს შეეხებოდა: რამდენად დაინტერესდა სხვა კერძო ბიზნესი თავისი წვლილი შეეტანა წითელი ჯვრის საქმიანობაში, ხომ არ გეგმავს ორგანიზაცია, პანდემიის დროს ფსიქოლოგიური დახმარების სერვისების მიწოდებას მოქალაქეებისთვის, რაზეც ქალბატონმა ნანამ უპასუხა, რომ არსებობს ცხელი ხაზი, სადაც ამ საკითხზე ფსიქოლოგები, 24 საათის განმავლობაში ეხმარებიან მოქალაქეებს.

შეკითხვაზე, თუ როგორ ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა ბენეფიციარებთან დაკავშირებით, ნანა ბურდულმა განმარტა, რომ ორგანიზაციისთვის მთავარი სამიზნე ჯგუფი იყო და არის სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, უფრო ზუსტად, ნომერი პირველი პრიორიტეტი 70 წელს ზემოთ მოსახლეობას მიენიჭა, რომელიც პანდემიის დროს, ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით გარეთ არ გამოდიოდა. შემდეგ მოდის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები და ბოლოს, ზოგადად სოციალურად დაუცველები. ქალბატონმა ნანამ ისიც თქვა, რომ ყველა, ვინც ცხელ ხაზზე დარეკა, დააკმაყოფილეს ერთჯერადი ამანათით, მათ შორის უმუშევრად დარჩენილები.

სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ორგანიზაცია შემოდგომაზე, ავსტრიის წითელ ჯვართან ერთად გეგმავს 100-ზე მეტ მარტოხელა და მარტო მცხოვრებ ხანდაზმულს გაუწიოს მომსახურება სახლში, „შინ მოვლის“ პროგრამის ფარგლებში.

დისკუსიას, რომელიც შეხვედრების ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით გაიმართა, მოდერაციას უწევდა პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი გიორგი წიკლაური.

პროექტი ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში“ ხორციელდება USAID/Georgia-ს ფინანსური მხარდაჭერითა და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC Georgia) თანამშრომლობით.

ზუგდიდის, ბათუმისა და რუსთავის შემდეგ, სივრცე დისკუსიისთვის კიდევ ერთხელ, ამჯერად თბილისის „მომავალ ლიდერთა სკოლის“ მონაწილეებისთვის 11 მაისს გაიმართება.

 

, , , , , ,