საქართველო, რომელიც პოსტსაბჭოთა რეგიონში ოდესღაც დემოკრატიული რეფორმების მოდელად ითვლებოდა და ხშირად „ევრაზიის მზის წნულსაც“ უწოდებდნენ, დღეს კრიტიკულ ზღვარზეა. ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესთან ათწლეულების განმავლობაში მიღწეულმა თანხვედრამ ხელი შეუწყო ინსტიტუციურ რეფორმებს და გააძლიერა მათი დემოკრატიული ჩარჩო. თუმცა, საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი გეზი ავტორიტარიზმისა და დემოკრატიული ეროზიისკენ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ მიღწევებს. საქართველომ შესაძლოა მალე დაიკავოს პოზიცია, რომელიც არც დასავლეთთან იქნება სრულ თანხვედრაში და არც საქართველოს ავტორიტარულ მოკავშირეების ნდობას დაიმსახურებს.
მრავალვექტორიანი „მრავალი აზიმუტის პოლიტიკის“ შენარჩუნებით, საქართველო არასტაბილურობასა და გეოპოლიტიკურ მარგინალიზაციაში ჩავარდნის რისკს აწყდება, რაც მოგვაგონებს საქართველოს პოსტსაბჭოურ გამოწვევებს – ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი ქვეყნიდან შორეულ და პერიფერიულ მეზობლად გადაქცევა.
მრავალვექტორიანი პოლიტიკა: ორლესული მახვილი
1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველომ პოსტსაბჭოთა რეგიონში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, იცავდა რა ბალანსს აღმოსავლეთისა და დასავლეთის გავლენებს შორის და ამავდროულად ხაზს უსვამდა საკუთარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენები მიუთითებს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ადგას დასავლეთისგან თვითიზოლაციის გზას, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სტრატეგიულ უსაფრთხოებას. ცვლილება, რომელიც ხასიათდება დასავლური ინტეგრაციისთვის უარის თქმით და ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებზე დამოკიდებულების ზრდით, როგორებიცაა ჩინეთი და რუსეთი, ცენტრალური აზია და სპარსეთის ყურის ქვეყნები, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს მომავალზე.
ევროატლანტიკური გზიდან საქართველოს სტრატეგიულ გადახვევას დიპლომატიის ფარგლებს მიღმა მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.
როგორც ჩანს, თბილისი არა უბრალოდ იცვლის ალიანსებს, არამედ აქტიურად განსაზღვრავს თავის პოზიციას სადავო გეოპოლიტიკურ ასპარეზზეც, სადაც მსგავსი სახის გადაწყვეტილებებს ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება. 2024 წლის დეკემბერში „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი საბჭოს წევრების კოლეგიის მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევამ კიდევ უფრო გაამყარა საქართველოს დიპლომატიური გაუცხოება. არცერთ დასავლელ ლიდერს არ მიულოცავს ახალი პრეზიდენტის არჩევა, ხოლო ევროკავშირმა, ნატომ და შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოთქვეს საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ეს მკაცრი დიპლომატიური ბოიკოტი მიუთითებს საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოებისგან საქართველოს მზარდ განცალკევებაზე, რასაც საქართველო ბელარუსისა და რუსეთის მსგავსი არალიბერალური რეჟიმების ორბიტაზე გადაჰყავს.
ამ პოლიტიკური ცვლილების შედეგები შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია, რომელიც ოდესღაც ორმხრივი ურთიერთობების ქვაკუთხედს წარმოადგენდა, ფაქტობრივად შეჩერებულია.
ევროპარლამენტის რეზოლუცია „საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების შესახებ“(EP 2025), დიდი ბრიტანეთის „უორდროპის დიალოგი “ (Reuters 2024) და შვედეთის საპარლამენტო თანამშრომლობის შეთანხმებები ასევე გაყინულია დემოკრატიული უკუსვლის შესახებ შეშფოთების გამო (შვედეთის მთავრობა 2025). ამასობაში, საქართველომ დატოვა საპარლამენტო ასამბლეა, რითაც კიდევ უფრო მეტად იზოლირდება ძირითადი ევროპული ინსტიტუტებისგან (PACE, 2025). გარდა ამისა, ჩეხეთის სენატის კომიტეტის ბოლოდროინდელი რეზოლუცია მკაცრად გმობს საქართველოში ჩატარებულ ოქტომბრის არჩევნებს და მოუწოდებს საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ (Senat, 2025). თუმცა, დასავლურ დემოკრატიებთან კავშირების ეროზიის პარალელურად, საქართველოს მთავრობა აორმაგებს ავტორიტარულ რეჟიმებთან ურთიერთობას. საქართველოს მთავრობა აქტიურად აძლიერებს თავის (პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, ეკონომიკურ) კავშირებს აზერბაიჯანის, თურქეთის, ჩინეთის და არაბთა გაერთიანებული საემიროების ოფიციალურ პირებთან, მაშინ როდესაც მისი ურთიერთობები დასავლეთის ქვეყნებთან სტაგნაციაშია.
ევროპული ინტეგრაციის გზიდან გადახვევით, საქართველო საფრთხეს უქმნის მის გრძელვადიან კავშირს დასავლურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ ჩარჩოებთან.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უარყოფა, სტაგნაცია ბრიუსელის მიერ დადგენილი 9-პუნქტიანი რეფორმის კრიტერიუმების შესრულებაში და მთავრობის ანტიდასავლური რიტორიკა მიუთითებს საქართველოს ევროპული ამბიციებისგან განზრახ გადახვევაზე. ამ გზას ისტორიული პრეცედენტი აქვს. ბელარუსი, რომელიც ადრე ევროპული ინტეგრაციის ამბიციების მქონე ერი იყო, ფაქტობრივად, რუსეთის ვასალურ სახელმწიფოდ გადაიქცა, რამაც ეკონომიკური სუვერენიტეტისა და სტრატეგიული ავტონომიის დაკარგვა გამოიწვია. თუკი საქართველო ვერ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას, შესაძლოა ის მსგავსი შედეგების წინაშე აღმოჩნდეს.
ეკონომიკური შედეგები: შემცირებული ინვესტიციები და გაზრდილი მოწყვლადობა
საქართველოს პოლიტიკურმა იზოლაციამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური შედეგები გამოიწვია. 2024 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) 55.2%-ით შემცირდა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (საქსტატი, 2024). გერმანიამ, მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა პარტნიორმა, პოლიტიკური არასტაბილურობის გამო შეაჩერა 237 მილიონი ევროს (244 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები (Georgia Today, 2024). დასავლელი ინვესტორები, რომლებსაც, ერთ დროს, იზიდავდათ საქართველოს ეკონომიკური ლიბერალიზაცია, ახლა მას მაღალი რისკის შემცველ გარემოდ მიიჩნევენ.

წყარო: (Geostat, 2024).
რუსეთის ეკონომიკური გავლენის ზრდა საქართველოში უპრეცედენტო ტემპით მიმდინარეობს. 2023 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში რეკორდული რაოდენობის საწარმოები დააარსეს, ისარგებლეს რა ბიზნესის სფეროში ქვეყანაში არსებული შედარებით ლიბერალური გარემოთი და საგადასახადო სისტემით. რუსეთს მიკუთვნებული საწარმოების არსებობამ შექმნა ისეთი ეკონომიკური ლანდშაფტი, სადაც მოსკოვს გაზრდილი გავლენა აქვს საქართველოს ფინანსურ და კომერციულ სექტორებზე (მენაბდე, 2024). კრემლი თავისი გავლენის გასაძლიერებლად ეკონომიკურ მექანიზმებს იყენებს. მე-10 საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე -„რუსეთის სამხრეთის კარიბჭე 2024“, რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსთან ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული კავშირების აღორძინებისა და გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის ახალი სატრანზიტო დერეფნების შექმნას და საზღვრისპირა თანამშრომლობის გაუმჯობესებას (ანჯაფარიძე, 2025).
რუსული საწარმოების საქართველოს ეკონომიკაში ინტეგრაციამ შესაძლოა მოსკოვზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა გამოიწვიოს, რაც შესაბამისად შეამცირებს თბილისის შესაძლებლობას, განახორციელოს დამოუკიდებელი პოლიტიკური სვლები, რომლებიც თავის მხრივ, რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადასვლის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა კრემლს დამატებით სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს. მოსკოვი მუდმივად ხაზს უსვამს საკუთარ უფლებას, „დაიცვას“ თავისი მოქალაქეები საზღვარგარეთ, რაც რუსეთისთვის წარმოადგენს ინტერვენციის დასაბუთების ისტორიულ ნარატივს. საქართველოში გადაცხოვრებული რუსეთის მოქალაქეების მზარდი რაოდენობა, წარმოდგენს პოტენციურ რისკს, რადგან რუსეთმა შესაძლოა ეს დემოგრაფიული ჯგუფი მომავალი პოლიტიკური ან უსაფრთხოების ზომების გასამართლებლად გამოიყენოს.
საქართველოში ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუარესება განსაკუთრებით საგანგაშოა. საქართველო, რომელიც ადრე გაძლიერდა ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დივერსიფიკაციის მეშვეობით, ახლა სულ უფრო მეტად არის დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე, რაც მას მოლდოვასა და უკრაინის მიერ უკვე გამოცდილი ენერგეტიკული ზეწოლის წინაშე დაუცველს ხდის (კაპანაძე, 2025). ეს გარდამავალი პერიოდი საფრთხეს უქმნის საქართველოს გრძელვადიან ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და აკნინებს საქართველოს რეგიონულ პოზიციას ენერგეტიკული მიმართულებით.
უსაფრთხოების ასპექტები: საქართველოს სტრატეგიული პოზიციის ეროზია
დასავლურ ალიანსებთან დაშორებამ მნიშვნელოვნად შეარყია საქართველოს უსაფრთხოების ჩარჩო. ნატო, რომელიც ოდესღაც რუსული აგრესიის შემაკავებელ მნიშვნელოვან საშუალებად მიიჩნეოდა, ახლა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შემქმნელების მიერ ნაკლებად პრიორიტეტულად მიიჩნევა.
ნატოს ეგიდით სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის შემცირებამ, მთავრობის მიერ ნატოს წინააღმდეგ მიმართულ რიტორიკასთან ერთად, მნიშვნელოვანი მოკავშირეებისგან გაუცხოვება განაპირობა.
რუსეთი საქართველოს დიპლომატიურ სისუსტეებს საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად იყენებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ცოტა ხნის წინ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოწვევაზე რუსეთის მიერ მართულ „3+3“ ფორმატში გასაწევრიანებლად, რითაც ხაზი გაუსვა კრემლის განზრახვას, კიდევ უფრო მეტად მოახდინოს საქართველოს ინტეგრაცია საკუთარი გავლენის სფეროში (JAMnews, 2025). ამ პლატფორმაში გაწევრიანებაზე საქართველოს მუდმივი უარი და დასავლეთისგან უფრო მეტი იზოლაცია ზრდის საქართველოს დაუცველობას მოსკოვის ზეწოლის მიმართ.
რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაცია კიდევ უფრო ამძაფრებს საქართველოს მოწყვლადობას. დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობების გაუარესებასთან ერთად, რუსეთი აძლიერებს თავის დომინირებას ამ რეგიონებზე, რაც განაპირობებს თბილისის გავლენის შემცირებას. საქართველოს მუდმივი გამოთიშვა საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე დისკუსიებიდან მნიშვნელოვნად ასუსტებს მის შესაძლებლობას, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის გავლენას. გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის დახმარებაზე არიან კონცენტრირებული, საქართველო რისკავს მისი, როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების ჩარჩოებში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორის როლის შერყევას.
დასკვნა
საქართველოს ტრანზიცია თვითიზოლაციაში მიუთითებს არა მხოლოდ დროებით პოლიტიკურ შეცდომაზე, არამედ ღრმა რეკონფიგურაციაზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საქართველოს ტრაექტორიაზე მომავალი წლების განმავლობაში. ქვეყანა უცხოვდება თავისი ტრადიციული საგარეო პოლიტიკის პარტნიორებისგან, რისკის ქვეშ აყენებს საკუთარ ეკონომიკურ მდგრადობას და ასუსტებს უსაფრთხოების სტრუქტურას, ამავდროულად კი აძლიერებს იმ გარე ძალებს, რომლებიც არ მოდიან თანხვედრაში საქართველოს გრძელვადიან სტრატეგიულ ინტერესებთან. ამ მიდგომის შედეგები მყისიერად არ გამოვლინდება, თუმცა, მათი გავლენა ხანგრძლივი იქნება. ისტორიული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ დემოკრატი მოკავშირეებისგან დისტანცირება ხელს უწყობს ავტორიტარულ ტენდენციებს, ეკონომიკურ სტაგნაციას, არადემოკრატიულ აქტორებზე დაყრდნობას და ზედმეტად დამოკიდებულებითობას.
ეკონომიკური მდგრადობა, დიპლომატიური გავლენიანობა, მშვიდობა და უსაფრთხოება ძლიერდება პროაქტიული ჩართულობით მუდმივად ცვალებად გეოპოლიტიკურ პროცესში, ნაცვლად თვითიზოლაციის გზით უმნიშვნელო მოთამაშედ გადაქცევისა, ამრიგად საქართველო გზაჯვარედინზე დგას.
ზინაიდა ბეხნა
დოქტ. ზინაიდა ბეხნა არის მასარიკის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი და მკვლევარი. ის ასევე ხელმძღვანელობს Horizon Twinning-ის პროექტ CENTREPEACE-ს. მისი კვლევა ფოკუსირებულია პოსტსაბჭოთა რეგიონში კონფლიქტების დინამიკის შესწავლაზე, რომელიც მეტწილად ორიენტირებულია სამხრეთ კავკასიაზე, ნორმების დიფუზიის მექანიზმებსა და უცხოური ჩარევის გავლენის საკითხებზე.