Author

30/10/2023 თინათინ ახვლედიანი

ევროკავშირის დილემა: გადასცეს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ეს ნაბიჯი გადამწყვეტი იყო საქართველოსთვის, რადგან მან ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ეტაპიდან ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ეტაპზე გადაინაცვლა. საქართველო წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ იგი იმსახურებდა წევრობის პერსპექტივას, რადგან მას ეჭირა მოწინავე პოზიცია ევროკავშირის არაერთ აღმოსავლეთ მეზობელსა და კანდიდატ ქვეყანას შორის რეფორმების გატარების მიმართულებით და ევროკავშირთან საკანონმდებლო აპროქსიმაციისა და თავსებადობის მხრივ. ამიტომ, ქართული საზოგადოებისთვის, რომელიც ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, უდიდესი იმედგაცრუება იყო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის მიღება.

საქართველოს დაევალა 12 რეკომენდაციის შესრულება კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ხოლო უკრაინა და მოლდოვა არიან მწვანე შუქის მოლოდინში გაწევრებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დასაწყებად.

ევროკომისიის ანგარიშის მოლოდინის პარალელურად, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ამ დრომდე იმედგაცრუებული ქართველების მოლოდინი, რომ ქვეყანა ამჯერად მაინც მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ძალიან მაღალია.

საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია ხსენებული 12 მოთხოვნის შესრულების თვალსაზრისით. ქვეყნის პარლამენტის მუშაობის დაახლოებით 30% სწორედ ამ რეფორმების განხორციელებას ეძღვნება. თუმცა, ეს პროგრესი შეიძლება არასაკმარისად ჩაითვალოს, თუკი მხედველობაში მივიღებთ საქართველოს ადმინისტრაციულ და ინსტიტუციურ შესაძლებლობებს. 2014 წლის მონაცემებთან შედარებით, დღესდღეობით, საქართველოს გულმოდგინე მცდელობის მიუხედავად, 12 რეკომენდაცია, მხოლოდ სანახევროდაა შესრულებული. ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული იმპლემენტაცია უნდა ყოფილიყო მყარი საფუძველი უფრო ამბიციური რეფორმებისთვის, თუმცა საქართველოს მთავრობა მხოლოდ მცირედით შემოიფარგლა.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის საქართველოში ბოლო ვიზიტის დროს ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკავშირს სურს ნახოს საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი, რადგან ქვეყანას გაცილებით მეტი პოტენციალი გააჩნია. პირველ რიგში, რაც საქართველოს აკლია, არის ძლიერი პოლიტიკური ნების არსებობა, რათა გატარდეს სისტემური რეფორმები ქვეყნის დემოკრატიის განსავითარებლად. პოლიტიკური ნება არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კანონის უზენაესობაში მოსაყვანი რეფორმების გასატარებლად და დეოლიგარქიზაციის განსახორციელებლად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. პოლიტიკური ნების არარსებობა, ასევე, გახლავთ მთავარი ფაქტორი,  რაც ხელს უშლის ახლადშექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს მეტი უფლებამოსილებით აღჭურვას, მედიის შეუზღუდავად მუშაობას  და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ციხიდან გათავისუფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ მიაღწია ზედაპირულ პროგრესს ამ რეფორმების განხორციელებაში, ქართველი ხალხისთვის გასული წელიწადნახევარი გამოწვევებით იყო სავსე. საზოგადოება არაერთხელ გამოვიდა ქუჩაში საკუთარი კრიტიკული პოზიციის დასაფიქსირებლად, მთავრობამ კი არაერთი სახიფათო შეცდომა დაუშვა. ხელისუფლებამ დააპატიმრა აქტივისტები და ჟურნალისტები პოლიტიკური ნიშნით, აწარმოა ძალზე საკამათო ღია კარის პოლიტიკა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული ფულის შემოდინების მიმართულებით, ამავე დროს, მმართველი პარტია აქტიურად ცდილობდა, მიეღო ანტიდემოკრატიული კანონმდებლობა. ამ პოლიტიკის წინააღმდეგ სახალხო პროტესტმა უდიდესი გავლენა იქონია, რადგან დემონსტრაციებმა მიაღწია ეგრეთ წოდებული „უცხოელი აგენტის კანონის“ უკან გაწვევა, რაც მეტყველებს იმაზე,  რომ ქუჩაში ხალხს დღის წესრიგის დადგენა უფრო ეფექტურად შეუძლია, ვიდრე პარლამენტში მსხდომი კანონმდებლების უმრავლესობას. საქართველო შეიძლება მოიაზრებოდეს როგორც მყიფე დემოკრატია, მაგრამ ეს არის დემოკრატია, სადაც ხალხი თავდაუზოგავად იბრძვის ევროპული დემოკრატიული მომავლის გზაზე დარჩენისთვის. შედეგად, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი საზოგადოების მხარდაჭერამ ამჟამად ყველა დროის მაქსიმუმს – 89%-ს მიაღწია.

ახლა ევროკავშირი დგას კრიტიკული გადაწყვეტილების წინაშე, მისცეს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ამჯერადაც სტატუსის არმინიჭება უდავოდ გამოიწვევს საზოგადოების ფართო იმედგაცრუებას, რაც რუსეთისა და კრემლის მომხრეების გარდაუვალ ინტერესს წარმოადგენს.

2024 წელს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები მმართველ პარტიას და კრემლის მომხრე ჯგუფებს თითქმის ერთ წელს აძლევს ევროსკეპტიკური ნარატივების პროპაგანდისთვის, რუსული დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიის გასაძლიერებლად. მსგავსი ქმედებები გააძლიერებს ამომრჩეველზე ქართული ოცნების ზეგავლენას. ამ ყველაფერს ემატება არჩევნების დროს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება.

მაშ, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირმა, თუ მას ნამდვილად სურს, საქართველომ არ დაკარგოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა? ევროკავშირმა აქცენტი უნდა გააკეთოს საზოგადოების უდიდეს მხარდაჭერაზე, დააყენოს ქვეყანა რეფორმების გზაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭებით.  საქართველოსთვის კარი არა ნახევრად, არამედ სრულად უნდა გაუღოს და ქართველ ხალხს აჩვენოს, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა. ევროკავშირმა ასევე უნდა წაუყენოს საქართველოს მეტი წინაპირობა და მოთხოვნა, მათ შორის, მომავალი საპარლამენტო არჩევნების სათანადოდ ჩატარება.  ამის შემდგომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების სიჩქარე განისაზღვრება მისი რეფორმებით და ყველა არსებული და სამომავლო პირობის შესრულებით, რაც მოჰყვება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

თუკი ევროკავშირი სათანადოდ ვერ იმოქმედებს, მოსალოდნელია საზოგადოების დიდი იმედგაცრუება; იქმნება რეალური საფრთხე, რომ საქართველო საბოლოოდ აღმოჩნდეს რუსეთის ორბიტაზე და დაემორჩილოს ანტიევროპულ და ანტიდასავლურ ნარატივებს. თუ ევროინტეგრაციის იმპულსი გაქრება, საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს სერბეთის ან ბელარუსის მსგავს სიტუაციაში. ევროკავშირი უნდა დაფიქრდეს, სურს თუ არა, დაუთმოს კიდევ ერთი მეზობელი რუსეთს.

საქართველოს თავის ორბიტაზე შენარჩუნება აძლიერებს ევროკავშირის პოზიციებს რუსეთთან სადავო სამეზობლოში, რაც ევროკავშირის გეოპოლიტიკურ ამბიციებთანა და ინტერესებთანაა სრულად შესაბამისობაში. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძი, მის ძლიერ, გამძლე, უსაფრთხო და დემოკრატიულ ხასიათთან ერთად, პირდაპირ ემსახურება ევროკავშირის უსაფრთხოების ინტერესებს. ახლა ნამდვილად არ არის ყოყმანის დრო. საქართველოს ევროპული მომავალის დაპაუზების ღილაკზე თითის დაჭერის ნაცვლად, ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს მის მიერ საქართველოში წლების განმავლობაში დაბანდებული პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალი.

ასე რომ, ევროკავშირისთვის ეს ქმედება დანაკარგების და სარგებლის მარტივი გაანგარიშებაა. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ბევრად ღირებულია, ვიდრე არმინიჭება. ვინაიდან კანდიდატის სტატუსი ენიჭება ხალხს და არა მთავრობებს, ამიტომ მისი დაკავშირება არჩევნების შედეგებთან არაგონივრული იქნება. ამ მიდგომას მხარს უჭერს პრეცენდენტი ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის კანდიდატობის მინიჭების შესახებ. ტექნოკრატიულად თუ ვიმსჯელებთ, ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშში ნათლად ჩანს, რომ საქართველომ თითქმის ისეთივე მაღალი ქულა აიღო, როგორც უკრაინამ და ასევე გადააჭარბა სხვა კანდიდატ ქვეყნებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თვალსაზრისით. კოპენჰაგენის კრიტერიუმების მიხედვით, ეს კარგად ერგება ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ კრიტერიუმებს, რამაც ევროკომისიას უნდა მისცეს ძლიერი საფუძველი, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

 

მომზადდა „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ და „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ შეხედულებებს.

 

დოქტ. თინათინ ახვლედიანი

ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დანაყოფის მკვლევარი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის აფილირებული ანალიტიკოსი

© Photo Credit: Nikoloz Urushadze PH from Eliamep.gr
, , , , , , , , , , , , , , , , ,