© ქავერ ფოტო: Ezz Gaber
ავტორი
კრისტინა პიტალსკაია | ბელგია, ბრუსელი
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში უპრეცედენტო საპროტესტო ტალღა არ წყდება. საპროტესტო დემონსტრაციები განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება გამოაცხადა. მაშინ როცა, ქართველები, როგორც წესი, არ გამოირჩევიან ქვეყნის შიგნით არსებული სოციალურ-ეკონომიკური საკითხის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვით, ისინი უკანდაუხევლად იცავენ თავიანთ კონსტიტუციურ მისწაფებას ევროპული მომავლისკენ. თუმცა, მიმდინარე პროტესტი გაცილებით მეტია, ვიდრე საქართველოს ევროპული გზის დაცვა. ეს პროტესტები გამოხატავს ეგზისტენციალურ ბრძოლას სუვერენიტეტისთვის, არაძალადობრივი თავისუფლებისთვის, და რუსეთის გავლენის მიღმა ქვეყნის გეზის არჩევის უფლებისთვის.
მიმდინარე დემონსტრაციებმა ყურადღება მიიპყრო როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე, ამასთან, გააძლიერა დებატები საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე მათი პოტენციური გავლენის შესახებ. წინა საპროტესტო ტალღებისგან განსხვავებით, ეს პროტესტი ხასიათდება დეცენტრალიზებული სტრუქტურით, საყოველთაო კუთვნილებით და ფართო რეგიონული მონაწილეობით პირდაპირი პარტიული ლიდერობის გარეშე. ეს წარმოშობს კრიტიკულ კითხვას: ცენტრალიზებული ლიდერობის არარსებობა მიანიშნებს აქტივიზმის ახალ ეპოქაზე, თუ აღნიშნული ამცირებს წარმატების შანსებს, რადგანაც პროტესტი არსებობის მეორე თვეში გადადის?
რა ხდის პროტესტს განსხვავებულს?
საქართველო არასდროს ყოფილა ასეთი ხანგრძლივი და კარგად ორგანიზებული ჰორიზონტალური საპროტესტო მოძრაობის მომსწრე. ამ პროტესტს წინა დემონსტრაციებისგან გამორჩევს რამდენიმე ფაქტორი:
მკაფიო მოთხოვნები:
აქციის მონაწილეების მიერ არტიკულირდა 4 ძირითადი მოთხოვნა: (1) ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება (ამჟამად 500-მდე პირი); (2) თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში; (3) ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნება; და (4) ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების დაწესება ყველა იმ პირზე, ვინც პასუხისმგებელია ძალადობასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტაზე. ამ მოთხოვნებმა გააერთიანა აქციის მონაწილეები მთელი ქვეყნის მასშტაბით და გამოკვეთა საერთო საბოლოო მიზანი.
საყოველთაო მობილიზება:
საპროტესტო აქციებს მართავს ინდივიდების, სამოქალაქო ჯგუფებისა და ადგილობრივი საზოგადოებების საყოველთაო ძალისხმევა, რომლებიც პროტესტს ციფრული პლატფორმების გამოყენებით დამოუკიდებლად უწევენ ორგანიზებას, რაც ზრდის გაძლიერების განცდას საზოგადოებაში. მომიტინგეები აწყობდნენ ყოველდღიურ თემატურ დემონსტრაციებს – დაწყებული სამეზობლოს მარშებიდან, დამთავრებული სტუდენტთა და ფერმერთა საპროტესტო აქციებით, რამაც აჩვენა ინკლუზიური და მრავალფეროვანი მონაწილეობა. ამ ინკლუზიურობამ გააძლიერა მოძრაობის ლეგიტიმაცია და დაიცვა იგი პოლიტიკური მანიპულაციის ბრალდებებისგან.
რეგიონული მონაწილეობა:
ტრადიციულად, საქართველოში საპროტესტო აქციები თბილისშია კონცენტრირებული. თუმცა, მიმდინარე დემონსტრაციებმა მოიცვა სულ მცირე 43 ქალაქი და დაბა სხვადასხვა რეგიონში, რაც გამოხატავს საერთო ეროვნულ უკმაყოფილებას. ეთნიკური უმცირესობებიც კი, რომლებიც ხშირად განიხილიებიან როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერნი, საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. ეს რეგიონული განზომილება ხაზს უსვამს ფართო საზოგადოების წინააღმდეგობრიობის მასშტაბს და წარმოადგენს გამოწვევას მთავრობის ნარატივისთვის – არის კოლექტიური წინააღმდეგობის თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც ქალაქსა და სოფლის შიდა განხეთქილებებზე მაღლა დგას.
პირდაპირი პარტიული ლიდერობის არარსებობა:
პირდაპირი პარტიიული ლიდერობის ნაკლებობამ განაპირობა მოძრაობის დემოკრატიზაცია, რამაც დღის წესრიგის თავად წარმართვის საშუალება მისცა სამოქალაქო საზოგადოებას, ფუნდამენტურ ჯგუფებსა და აქტივისტ ინდივიდებს. გაჩნდა ახალი სახეები, რაც ხელს აძლევს პლურალისტური ხმების გაჟღერებას და სცდება ტრადიციული პარტიული პოლიტიკის ძალაუფლების სტრუქტურებს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად, ამ ჰორიზონტალურმა სტრუქტურამ პროტესტს ენერგია შემატა, ის ასევე წარმოადგენს გამოწვევას საპროტესტო მუხტის შენარჩუნებისა და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბებაში იმ მთავრობასთან დასაპირისპირებლად, რომელიც უკან დახევას არ აპირებს.
პარტიული ლიდერობის არარსებობა: სიძლიერე თუ სისუსტე?
დებატები გამოიწვია პარტიული ლიდერების არარსებობამ, განსაკუთრებით ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის – სალომე ზურაბიშვილის როლთან მიმართებით. მან ღიად დაუჭირა მხარი საპროტესტო აქციებს და გააკრიტიკა ქართული ოცნების ხელისუფლება, ამრიგად იგი გახდა მოძრაობის დე ფაქტო ლიდერი. მის ადვოკატირებას ევროპული ინტეგრაციისთვის და ერთიანობისკენ მოწოდებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირდაპირი წესით არჩეულმა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გამოიყენა თავისი ლეგიტიმაცია, რათა 29 დეკემბერს, მისი ვადის ამოწურვამდე გაემართა მოლაპარაკებები ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან.
თუმცა, მისი გავლენა რეჟიმის ძალაუფლებრივ სტრუქტურებზე შეზღუდული რჩება. ახლა, როდესაც მისი ვადა დასასრულს უახლოვდება, ის დილემის წინაშე დგას: უნდა მოახდინოს თუ არა მან საკუთარი თავის პოზიციონირება საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერ ფიგურად, თუ პირდაპირ მოერგოს ოპოზიციურ პარტიებს პოლიტიკური ცვლილებებისთვის საჭირო ერთიანობის გასაძლიერებლად? მიუხედავად იმისა, რომ ზურაბიშვილის მუდმივმა მონაწილეობამ შეიძლება შეუნარჩუნოს პროტესტს სანდოობა, მისი ეფექტურობა დამოკიდებული იქნება მის უნარზე სიმბოლური ლიდერის ამპლუიდან გადაინაცვლოს აქტიურ პოლიტიკურ ჩართულობაში.
წარმატების მისაღწევად, მოძრაობა დეცენტრალიზებული სტრუქტურიდან უნდა ტრანსფორმირდეს ზურაბიშვილისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის გაზიარებულ ლიდერობის მოდელად. ეს საშუალებას მისცემს ხალხს შეინარჩუნონ ინკლუზიურობა და ამასთანავე, დაასუსტებს მთავრობის მცდელობას, წარმოაჩინოს მოძრაობა როგორც ფრაგმენტული და ნაკლებად სტრატეგიული.
საერთაშორისო ყურადღება და ევროკავშირის როლი
საქართველოში კრიზისი განვითარდა ბოლო საპარლამენტო არჩევნების შედეგების საერთაშორისო არაღიარების ფონზე. ოქტომბერში არჩევნების გაყალბების ბრალდებები და ქართული ოცნების შემდგომი ქმედებები დაგმო საერთაშორისო საზოგადოებამ. ამ ყურადღებამ მოაბილიზა მომიტინგეები, რომლებიც თავიანთ ბრძოლას ხედავენ უფრო ფართო ბრძოლის ნაწილად საერთო ევროპული ღირებულებების, მათ შორის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერა ქართველებისთვის შთამაგონებელი იყო, ბევრი თვლის რომ ევროპის მხრიდან წუხილის გამოხატვა საკმარისი არ არის. დემონსტრანტები მოითხოვენ მეტად გადამწყვეტ და კონკრეტულ ქმედებას, განსაკუთრებით ევროკავშირის მხრიდან. ჩანს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იმედოვნებს საპროტესტო მუხტის დროსთან ერთად ჩაქრობას, რაც ხაზს უსვამს საერთაშორისო ზეწოლის გადაუდებელ საჭიროებას.
ევროკავშირის ახალმა ლიდერებმა უნდა იმოქმედონ გადამწყევეტად და უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს დემოკრატიულ მისწრაფებებს. არჩევნების შედეგების არცნობა, დიპლომატიური ზეწოლა, მიზანმიმართული სანქციები და სამოქალაქო საზოგადოების მხადაჭერა იქნება კრიტიკული. საქართველო არა მხოლოდ იბრძვის საკუთარი დემოკრატიის გადარჩენისთვის, ასევე იცავს ევროპულ ღირებულებებს გეოპოლიტიკურად კრიტიკულ ხაზზე. ფსონები ზედმეტად მაღალია იმისთვის, რომ კიდევ ერთმა ქვეყანამ რუსეთის გავლენის სფეროში გადაინაცვლოს. 2025 წლის იანვარში, პოლონეთის თავმჯდომარეობა ევროკავშირის საბჭოში წარმოადგენს შესაძლებლობას ევროკავშირსთვის მტკიცე პოზიციის დასაკავებლად.
მნიშვნელოვანი ცვლილებების მისაღწევად საჭიროა ორი სახის მიდგომა:
ადგილობრივი:
მოკლევადიანი მიზანია, რომ პარტია „ქართული ოცნება“ დაეთანხმოს ახალი არჩევნების დანიშვნას, როგორც ამას პრეზიდენტი ზურაბიშვილი გვთავაზობს. თუმცა, რეჟიმის ლიდერები უკან დახევას ჩანს, რომ არ აპირებენ. გრძელვადიანი სცენარი მოიცავს საპროტესტო აქციების გაგრძელებას, რამაც შეიძლება საბოლოოდ დაშალოს მმართველი რეჟიმი. აქ, ცენტრალიზებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის არარსებობამ შეიძლება შეანელოს პროცესი, რაც ხაზს უსვამს სტრატეგიული თანხვედრისა და ერთიანობის აუცილებლობას.
საერთაშორისო:
სანქციებისა და დიპლომატიური ზეწოლის გარდა, ევროკავშირმა და აშშ-მა ხელშესახები მხარდაჭერა უნდა გაუწიონ საქართველოს პროევროპულ მისწრაფებებს. ქართველი ხალხის მკაფიო მოთხოვნების ცნობას – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი, სამართლიანი არჩევნები, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საერთაშორისო საზოგადოების კონკრეტულ ქმედებებს შეუძლია გააძლიეროს მოძრაობის იმპულსი და უზრუნველყოს საქართველოს ევროპული ოცნებების კვლავ ხელმისაწვდომობა.
დასკვნა
საქართველოში საპროტესტო დინამიკის ევოლუცია ხაზს უსვამს დეცენტრალიზებული, საყოველთაო აქტივიზმის პოტენციალსა და გამოწვევებს. მაგრამ ის ასევე აჩენს კრიტიკულ კითხვებს ქართული დემოკრატიის მომავლისა და პოლიტიკური ცვლილებების შესაძლებლობის შესახებ, რაც შეიძლება ხელახლა განისაზღვროს ამ პროტესტების შედეგით.
მიუხედავად ხელისუფლების რეალური მოტივებისა 28 ნოემბრის დასაძრახი განცხადების უკან, ჩანს რომ მიღებული შედეგები ხელისუფლების მხრიდან გაუთვალისწინებელი იყო. შესაძლოა, ბოლო წლებში ანტისამთავრობო პროტესტების ციკლის შემდეგ, რომელსაც მოჰყვა დროებითი სიმშვიდე ოქტომბრის არჩევნების საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, მმართველმა პარტიამ არასწორად ჩათვალა, რომ იგი შეძლებდა მოსალოდნელი პროტესტის თამამი პოზიციების დაფიქსირებით ჩახშობას. თუმცა, პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სათანადოდ ვერ შეაფასა თვითორგანიზებულობის დონე ქართველ ხალხში, როდესაც ისინი სუვერენიტეტისა და ევროპულ მისწრაფებების ჩახშობის ღია საფრთხის წინაშე დგანან.
როგორც ბევრი მიმდინარე პროცესს მოიხსენიებს – „ბოლო ბრძოლა დემოკრატიისთვის“, წარმოადგენს ქართველი ხალხის კიდევ ერთ შეუპოვარ ქმედებას არა მხოლოდ ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულების დასადასტურებლად, არამედ წარმოადგენს იმასაც, რომ ქართველებს ესმით იმ მსხვერპლის ფასიც, რომლის გაღებაც ამ ღირებულებების დასაცავად არის საჭირო. გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ის, გახდება ეს მოძრაობა მნიშვნელოვანი ცვლილებების საწყისი თუ ჩაიკარგება ისტორიაში, თანაბრად დამოკიდებულია როგორც ქართველი ხალხის უნარზე, დააბალანსოს საყოველთაო ჩართულობა სტრატეგიულ თანმიმდევრულობასთან, ისე საერთაშორისო საზოგადოების მზადყოფნაზე მხარი დაუჭიროს მათ კონკრეტული, გაზომვადი ქმედებებით ამ გადამწყვეტ მომენტში – არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ დემოკრატიისა და თვითგამორკვევის პრინციპების დაცვისთვის მთელს რეგიონში.