Author

16/11/2020 ნინო გოზალიშვილი

ანტილიბერალურად განწყობილი პოლიტიკური ჯგუფების ფარული გავლენა ქართულ პოლიტიკაზე

Cover photo: Mzia Saganelidze (RFE/RL)
ნინო გოზალიშვილი[1]
[პუბლიკაცია გამოცემულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი არ არიან პასუხისმგებელნი მასალის შინაარსზე]. 

საქართველოში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მედიასა და პოლიტიკურ სპექტრში ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურება შეინიშნება. შედარებით ზომიერ თუ უკიდურესად ანტილიბერალურად განწყობილ სუბიექტებს აერთიანებს მემარჯვენე ნაციონალისტური შეხედულებები, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სიახლოვე, ასევე ჰომოფობიური და ანტისაიმიგრაციო რიტორიკა. აღნიშნულ ჯგუფებს ახასიათებთ ტრანსფორმირებადი ორგანიზაციული სტრუქტურა და გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე  მთავარი სუბიექტების ცვლილება. მათი მოქმედების არეალი კი ძირითადად მედია სივრცესა და საზოგადოებრივ მოძრაობებშია, მზარდი ამბიციით პოლიტიკური პლატფორმისკენ. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურმა პარტიამ – საქართველოს  პატრიოტთა ალიანსმა (სპა), 2020 წლის არჩევნებზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან  შედარებით ნაკლები ხმა მიიღო და სხვა მსგავსი პროფილის პარტიებმა ვერც კი გადალახეს მინიმალური ბარიერი პარლამენტში მოსახვედრად, აღნიშნული ჯგუფებისა და მოძრაობების ფაქტორი მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ქართულ პოლიტიკაზე ირიბ გავლენას ახდენენ.  

ხშირად მიიჩნევა, რომ საქართველოში ეს ჯგუფები უმეტესწილად ჩამოშორებული არიან ოფიციალურ პოლიტიკურ პროცესს. მხოლოდ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ჰყავს რამდენიმე წარმომადგენელი საკანონმდებლო ხელისუფლებაში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ამგვარი აქტორები ფართო ელექტორალური მხარდაჭერით ვერ სარგებლობენ. თუმცა, ულტრამემარჯვენე ჯგუფების მნიშვნელობას განსაზღვრავს პოლიტიკური ინიციატივებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ლობირების და მათზე გავლენის მოხდენის მეშვეობით მათი პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების შესაძლებლობა. მათი მეშვეობით, გარკვეულწილად, შესაძლებელი ხდება გამოხატვის და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციით მინიჭებული გარანტიის ერთგვარი გადამოწმება ქვეყანაში. ისინი, ამავე დროს, საზოგადოებრივ და ონლაინ სივრცეში აქტიურობით, გავლენას ახდენენ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე.

ულტრამემარჯვენე ჯგუფების გავლენა საკანონმდებლო ცვლილებებზე

2020 წლის ოქტომბერში ქართულმა მარშმა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად, რომელიც ითვალისწინებდა პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში  ეროვნების აღმნიშვნელი ჩანაწერის დაბრუნებას. მათი განცხადების მიხედვით, ინიციატივა მზად არის საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში განსახილველად, რათა შემდეგ იქნას დაშვებული დამატებით პროცედურულ  მოსმენებზე. ანტილიბერალური მოქმედებების ლეგიტიმაციის მიზნით,  ისინი ხშირად იყენებენ არგუმენტს, რომ მათი პარტია ,,აჟღერებს ქართველი ხალხის ნებას.“

მსგავსი დისკურსის გამოყენებით  ბოლო წლების მანძილზე მათ შეძლეს კონსტიტუციის 30-ე მუხლში იმ ცვლილების შეტანა, რომელიც აზუსტებს, რომ  ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა ოჯახის შექმნის მიზნით. ცვლილებას ლობირებდნენ ქართული მარშის დამფუძნებელი წევრები, ასევე სხვა ულტრამემერჯვენე ჯგუფები და ინდივიდები. „ქართველი ხალხის“ სახელით,  იგივე ჯგუფმა ასევე მოითხოვა მიწის უცხოელ მოქალაქეებზე გაყიდვის სრული აკრძალვა. მიუხედავად იმისა, რომ პარლამანეტმა არ გაითვალისწინა სრული აკრძალვის მოთხოვნა, კონსტიტუციის მე-19 მუხლში ჩაიწერა, რომ გასაყიდ მიწას უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული სტატუსი. საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა (სპა), როგორც საპარლამენტო პარტიამ, ამ ინიციატივის მხარდაჭერით შექმნა მსგავსი ანტილიბერალურად განწყობილი სუბიექტების თავდაჯერებულობის განმტკიცების პრეცედენტი. 

აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფები, განსაკუთრებით კი ქართული მარში, ლეგიტიმაციის მოპოვებისა და ქართულ პოლიტიკურ  სცენაზე დამკვიდრების მიზნით, ამაყად იყენებენ მსგავს ცვლილებებსა და პროცესებს. სამწლიანი საქმიანობის შემდეგ ეს მოძრაობა  გადაკეთდა პარტიად და ეწოდა ,,ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა.“ მიუხედავად იმისა, რომ პირველ არჩევნებში პარტიამ ვერ შეძლო საკმარისი  ხმების მიღება საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად, აღნიშნული ჯგუფის ორგანიზაციული სტრუქტურა  ცვალებადია და ის განგრძობითად ზემოქმედებს პოლიტიკურ დღის წესრიგზე საქართველოში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა არჩევნებში წარმატებას მხოლოდ სამწლიანი პოლიტიური აქტივობის შემდეგ მიაღწია 2016 წელს.

გამოხატვის და შეკრების თავისუფლება საფრთხის ქვეშ

გარდა საკანონმდებლო პროცესებზე ზემოქმედებისა, ულტრამემარჯვენე პოლიტიკური ჯგუფების წევრები  ირიბად გავლენას ახდენენ გამოხატვის და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. 2019 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველის მეშვეობით გააჟღერა რეკომენდაცია, რითაც ,,თბილისი პრაიდს“ მოუწოდა, არ გაემართა ყოველწლიური მსვლელობა. აღნიშნული რეკომენდაცია მოჰყვა სხვადასხვა არალიბერალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან  სიტყვიერ მუქარასა და განცხადებებს კონტრშეკრებების ორგანიზების  შესახებ.  საერთო ჯამში, ამ ყველაფერმა მოქალაქეებს შეუზღუდა გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციით მინიჭებული უფლება.

მსგავსი სცენარით განვითარდა მოვლენები ნარკოპოლიტიკის რეფორმის მხარდამჭერი დემონსტარციების დროს, რომელთაც ,,მოძრაობა თეთრი ხმაური“ მართავდა. პოლიციამ ისევ უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით და საბაბით, რომ ვერ გაუმკლავდებოდა ულტრამემარჯვენეთა კონტრშეკრებებს,  კიდევ ერთხელ მოუწოდა დაშლისკენ აქციის მონაწილეებს. სიტუაციიდან გამომდინარე, გაჩნდა ეჭვები მთავრობისა და ამ ჯგუფების სავარაუდო თანამშრომლობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების პოპულისტური დისკურსის ფართოდ გავრცელების ერთ-ერთი გზაა მათი მეინსტრიმულ პოლიტიკურ სივრცეში გააქტიურება, რისი ნიშნებიც საქართველოში სახეზეა. არალიბერალურად განწყობილი ჯგუფების გაზრდილ გავლენაზე მიუთითებს მმართველი პარტიის, მეტნაკლებად, შემწყნარებლური დამოკიდებულება ანტილიბერალურად განწყობილი ჯგუფების მიმართ, განსაკუთრებით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საბოლოოდ წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობით გათვალისწინებული შეკრების თავისუფლების უფლებით სარგებლობასთან.

ტრენდი, რომელიც შესაძლოა ნორმად დამკვიდრდეს

ანტილიბერალურად განწყობილი ჯგუფების თვალშისაცემ აქტიურობაზე  მიუთითებს   2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სულ ცოტა 10 მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი პარტიის მონაწილეობა. საარჩევნო კანონმდებლობაში პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერის დაწევის კუთხით ბოლო პერიოდში შეტანილ ცვლილებებს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ეს ცვლილება იძლევა  მრავალფეროვანი და მრავალპარტიული მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიის გამყარებისთვის. ამავე დროს, აღნიშნულმა ცვლილებამ წაახალისა გარკვეული ანტილიბერალურად განწყობილი ჯგუფების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაც. განახლებულ ქართულ მარშთან ერთად არის ასევე სხვა რამდენიმე პარტია, რომლებიც თავიანთ თავს 1990 წლის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის და მისი ლიდერის, ზვიად გამსახურდიას, იდეოლოგიურ მემკვიდრეებად მიიჩნევენ. მიუხედავად იმისია, რომ ამ პარტიების უმრავლესობამ  ვერ შეძლო ხელშესახები მხარდაჭერის მოპოვება და მათგან მხოლოდ საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა (სპა) მიიღო პარლამენტში მოსახვედრად საკმარისი ხმები, საყურადღებოა, რომ მსგავსი ულტრამემარჯვენე ჯგუფების საერთო რაოდენობა და საარჩევნო პროცესებში ჩართულობა  ქვეყნის მასშტაბით სტაბილურად  იზრდება.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ანტილიბერალურ ჯგუფებს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში ჰყავთ შეზღუდული რაოდენობის წარმომადგენლები, ბოლო წლების მანძილზე ისინი სხვადასხვა ინსტანციაში წარმატებით ახდენენ გავლენას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და საკანონმდებლო ცვლილებეზე. მედია საშუალებებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების, როგორც გარეგნულად უმნიშვნელო აქტორების, როლის უგულვებელყოფით, იქმნება რისკი მათი სოციალური და პოლიტიკური გავლენების მხედველობიდან გამორჩენისა. დემოკრატიზაციის და დემოკრატიული კონსოლიდაციის პირობებში პროცესების ასეთი განვითარება განსაკუთრებული საფრთხის შემცველია ქვეყანაში ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების გამყარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სამომავლოდ მსგავსი არალიბერალური ჯგუფების პირდაპირი წარმომადგენლების გაზრდა აღმასრულებელ სტრუქტურებში ამჟამად მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციის საკითხია, ცხადი რჩება, რომ ეს არ არის მათ ხელთ არსებული ერთადერთი ბერკეტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოსახდენად.

 


[1] საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის აფილირებული ანალიტიკოსი

, , , ,