ავტორი
ნუცა ძანძავა
საერთაშორისო მედიის შეფასებით “2023 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები” თურქეთში 14 მაისს გაიმართა. თუმცა, მისი საბოლო შედეგი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა – საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების მიუხედავად, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვა და მთავარ მოწინააღმდეგეს – ქემალ ქილიჩდაროღლუს მეორე ტურში დაუპირისპირდება.
ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, მოქალაქეთა არჩევანზე შიდა პოლიტიკური პრობლემები უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე საგარეო პოლიტიკური ფაქტორები. თუმცა, 28 მაისს ჩანიშნულ მეორე ტურს საერთაშორისო არენაზე მაინც დიდი ინტერესით ელიან – მის შედეგებს შეუძლია შეცვალოს თურქეთის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური რეალობა და დაასრულოს ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა. თურქეთი საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა როგორც უკრაინის ომის, ისე NATO-ს, ახლო აღმოსავლეთისა თუ სამხრეთ კავკასიის კონტექსტში.
ამავე დროს თურქეთი ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და სტრატეგიული მოკავშირეა, შესაბამისად მისი მომავალი მმართველობის ბედი მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც. ერდოღანის დამარცხების შემთხვევაში, თურქეთს დემოკრატიული განვითარებისა და დასავლეთთან დაახლოების შანსი უჩნდება. ეს კი ცალსახად დადებითად აისახება საქართველოზე – როგორც რეგიონული სტაბილურობის, ისე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივის კუთხით. ბლოგის მიზანია, სწორედ ამ კონტექსტში გაანალიზდეს თურქეთის 2023 წლის არჩევნები და მისი შედეგების გავლენა საქართველოზე.
საარჩევნო პროცესის მიმოხილვა
წინასწარი გამოკითხვებით, 2023 წლის არჩევნებზე ამომრჩეველთა რეკორდულ აქტივობას ელოდნენ, რაც გამართლდა კიდეც – ხმის მისაცემად მოქალაქეთა 88.84%, დაახლოებით 54 მილიონამდე ამომრჩეველი გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზე დიდია ე.წ “first-time voters” – ანუ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც პირველად მისცემენ ხმას. ეს 4.9 მილიონი ადამიანი არჩევნების შედეგებზე დიდ გავლენას მოახდენს – ახალგაზრდების ხმების მოპოვებაზე პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი დიდი მონდომებით მუშაობდა, თუმცა, მათი ცალსახა მხარდაჭერა არც ერთს აქვს.
14 მაისის არჩევნებმა ერდოღანის ერთპიროვნულ მმართველობას დიდი გამოცდა მოუწყო. პრეზიდენტის “სამართლიანობა და აღორძინების” (AKP) პარტიას ოპოზიციის მთავარი კანდიდატი – ქემალ ქილიჩდაროღლუ დაუპირისპირდა, რომელიც ქემალისტურ, მემარცხენე-ცენტრისტ “სახალხო რესპუბლიკურ პარტიას” (CHP) წარმოადგენდა. მისი მეთაურობით, 6 ოპოზიციური პარტია “ეროვნული ალიანსის” სახელით ცნობილ კოალიციაში გაერთიანდა. მათ მთავარ დაპირებებს წარმოადგენდა ერთპიროვნული საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა და კანონის უზენაესობის აღდგენა. საპარლამენტო არჩევნებში ერდოღანის კოალიციამ უმრავლესობა მოიპოვა, თუმცა პრეზიდენტობისთვის ბრძოლა კვლავ გრძელდება.
წინასაარჩევნო გამოკითხვები საკმაოდ საინტერესო სურათს გვთავაზობდა. თითქმის ყველა გამოკითხვით ქილიჩდაროღლუ ლიდერობდა, თუმცა, ერდოღანმა ბრძოლის მეორე ტურში გადაყვანა მაინც მოახერხა – მან ხმების 49.5% მოიპოვა, ქილიჩდაროღლუმ კი 44.89%. მმართველობის 20 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერდოღანმა არჩევნები პირველივე ტურში ვერ მოიგო და ძალაუფლების დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა. თუმცა, გამოცდილება აჩვენებს, რომ პრეზიდენტს სახელმწიფო რესურსების გამოყენებით სიტუაციის შემოტრიალების კარგი უნარი აქვს; ამიტომაც, მეორე ტურამდე გამოყოფილი 2-კვირიანი პერიოდი გადამწყვეტია. მეორე ტურის შედეგებზე სერიოზულ გავლენას მოახდენს პრეზიდენტობის მესამე კანდიდატის, სინან ოღანის ფაქტორი, რომელმაც პირველ ტურში ხმების 5.2%-ის მოპოვება შეძლო და 22 მაისს თავის ამომრჩევლებს ერდოღანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
შიდა პოლიტიკური ფაქტორები
2023 წლის არჩევნებში რამდენიმე შიდა პოლიტიკური საკითხია გადამწყვეტი. მათ შორის უპირველესი ეკონომიკაა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის დაძლევა, სოციალური უზრუნველყოფა და სტაბილურობა ერდოღანის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი გახლდათ. ქვეყნის ბოლოდროინდელმა ეკონომიკურმა კრიზისმა კი პრეზიდენტის პოპულარობას საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა და მის მხარდამჭერებში უკმაყოფილება და ეჭვის განცდა გააჩინა. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა მიწისძვრის შემდეგ.
მოსალოდნელია, რომ მოსახლეობის არჩევანზე ასევე დიდ გავლენას მოახდენს 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრა და მისი შედეგები. კონკურენტები ხშირად ადანაშაულებენ მმართველ ძალას ჰუმანიტარულ კატასტროფასთან არასათანადო გამკლავებისთვის. თუმცა, ბევრისთვის გასაკვირად, არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ ერდოღანისთვის ეს რეგიონები საკმაოდ წარმატებული გამოდგა.
საგარეო პოლიტიკური ფაქტორები
მიჩნეულია, რომ 2023 წლის თურქეთის არჩევნები საგარეო პოლიტიკურ ფაქტორებზე მეტად, შიდა პოლიტიკურ პრობლემებზეა კონცენტრირებული. ამის მიუხედავად, საგარეო ფაქტორები ფიგურირებდა როგორც ერდოღანის, ისე ქილიჩდაროღლუს საარჩევნო კამპანიაში. გამარჯვებული კანდიდატის საგარეო პოლიტიკური პოზიციონირება მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოზეც.
პრეზიდენტის მიმდინარე საგარეო პოლიტიკა დიდი აქტიურობით და ხშირად, აგრესიულობითაც ხასიათდება – სამხედრო მისიები სირიაში, ჩართულობა ყარაბაღის ომში, გააქტიურება ახლო აღმოსავლეთში, საბერძნეთისადმი გაჟღერებული მუქარები, დაძაბული ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და შვედეთისა და ფინეთის NATO-ში მიღების საკითხებით აპელირება ამ პოლიტიკის მხოლოდ ნაწილია. რუსეთ-უკრაინის ომში “შუამავლის როლის” მორგება თურქეთის მიერ საგარეო პოლიტიკური პრესტიჟის მოპოვების კიდევ ერთ მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს. ეს ნაბიჯები შიდა პოლიტიკურ სივრცეში “კარგად იყიდება” და ხშირად ქვეყნის პრობლემებიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანასაც ემსახურება. დასავლეთისგან დისტანცირებასთან ერთად, ერდოღანის ბოლოდროინდელი საგარეო პოლიტიკა ავტორიტარულ ძალებთან, განსაკუთრებით კი რუსეთთან, პრაგმატულ დაახლოებასაც მოიაზრებს. თურქეთის საგარეო ვექტორის რეორიენტირება და რეგიონში ავტორიტარიზმის ზრდის ტენდენცია ცალსახად უარყოფითიად აისახება საქართველოსა და მის საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზეც.
ამის ფონზე, ქილიჩდაროღლუ ამომრჩეველს NATO-სა და ევროკავშირთან ურთიერთობების ნორმალიზებას ჰპირდება. მეტიც, ხელისუფლებაში მოსვლიდან 3 თვეში ის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას აანონსებს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების პირობას დებს. შეერთებულ შტატებთან მიმართებით, “ეროვნული ალიანსი” ურთიერთობის გაგრძელებას “თანაბარი პარტნიორობის პირობებში” გეგმავს და F-35-ების პროგამაში დაბრუნებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გაგრძელებას აპირებს. თუმცა, უფრო კონკრეტული, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას უფრთხის. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომს, მოსალოდნელია, რომ ოპოციზია ერდოღანის მიერ არჩეულ მედიატორისა როლსა და “ბალანსის პოლიტიკას” გაჰყვება.
ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყოველივე გვაფიქრებინებს, რომ ქილიჩდაროღლუს მეთაურობით შეიძლება დაიძრას ევროინტეგრაციის გაყინული პროცესი, ხოლო NATO-ში “ჩელენჯერის” როლის ნაცვლად თურქეთმა კოოპერაციის გზა აირჩიოს. რეგიონში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დემოკრატიული შემობრუნება და პროგნოზირებადი, პრო-დასავლური პოლიტიკის გატარება საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
სამხრეთ კავკასია და საქართველო ცვლილებების მოლოდინში
თურქეთის საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში მომხდარი მცირედი ცვლილებებიც კი, საქართველოსა და ზოგადად, სამხრეთ კავკასიაზე ბუნებრივად აისახება. ერდოღანისა და ქილიჩდაროღლუს საარჩევნო კამპანია საშუალებას გვაძლევს, დაახლოებითი წარმოდგენა შეგვექმნას, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ კანდიდატების გამარჯვებას რეგიონზე.
ყარაბაღის მოვლენების შემდეგ, რეგიონში თურქეთის გავლენების გაზრდის ფონზე, არჩევნების შედეგებს ყურადღების აკვირდებიან სომხეთსა და აზერბაიჯანში. ერდოღანის გამარჯვებას განსაკუთრებთ ელიან ბაქოში, სადაც ალიევის მთავრობა თურქეთის უპირობო მხარდაჭერით სარგებლობს. აზერბაიჯანში ღელავენ, რომ ქილიჩდაროღლუ, გამარჯვების შემთხვევაში, დასავლეთთან და სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციას შეეცდება. თურქეთის საგარეო პოლიტიკის ცვლილება ირიბ გავლენას მოახდენს სომხეთზეც – ერევანის საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის პოტენციური გაღრმავების კუთხით. დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, სერიოზული ცვლილებები ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა, მეზობელ სახელმწიფოებში კოოპერაციისკენ გადადგმული ნაბიჯები რეგიონულ თანამშრომლობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებზე დადებითად აისახება.
საქართველოსთან მიმართებით, ერდოღანის პოლიტიკა ეკონომიკურ თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას ემყარებოდა; რეგიონში ძალაუფლების გადანაწილებაზე თურქეთის ამბიციები კი ხშირად რუსეთის ინტერესების თავისუფალ გატარებასაც უშლიდა ხელს. მიუხედავად ამისა, ედროღანის ავტორიტარული ტენდენციები, აგრესიული საგარეო პოლიტიკა, დაძაბულობა დასავლეთთან და განსაკუთრებით პუტინისგან მიღებული ბოლოდროინდელი ფინანსური დახმარება ამ უკანასკნელს სანდო მეზობლად ვერ აქცევს. ამის საპირისპიროდ, 2023 წლის არჩევნებში ქილიჩდაროღლუს გამარჯვება პოზიტიური ცვილებების იმედს იძლევა – თურქეთის დემოკრატიული გარდაქმნა, ევროკავშირთან დაახლოება და NATO-სთან მჭირდო პარტიორობა საქართველოს ეკონომიკურ თუ საგარეო პოლიტიკურ პერსპექტივებს მხოლოდ დაეხმარება; თურქეთი საქართველოს ერთადერთი მეზობელი NATO-ს წევრი და ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოა – შესაბამისად, დემოკრატიული თურქეთი ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცეში ძალიან დიდ როლს შეასრულებს.
პერსპექტივები საქართველოსთვის
ქილიჩდაროღლუს დაპირებები, მისი გამარჯვების შემთხვეევაში თურქეთში დემოკრატიული პროცესების დაწყების მომასწავებელია; ევროკავშირთან დაახლოება, NATO-სთან გაღრმავებული კოოპერაცია და მშვიდობასა და კოოპერაციაზე ორიენტირებული სამეზობლო პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გარანტიებს იძლევა. მჭირდრო ეკონომიკურ კავშირების შენარჩუნების ფონზე, რეგიონში დემოკრატიული ღირებულებების მქონე პარტნიორის გაჩენასთან ერთად, თურქეთის “დასავლურ ბანაკში” დაბრუნებას და აქტიურ მხარდაჭერას შეუძლია დააჩქაროს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.
თავის მხრივ, ერდოღანის ავტორიტარული ტენდენციები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, საქართველოსთვის გარკვეული შეშფოთების საფუძველს იძლევა. რუსეთთან ბოლოდროინდელი დაახლოება, ყარაბაღის ომის შემდეგ რეგიონში განმტკიცებული პოზიციის ფონზე, თბილისისთვის არც ისე საიმედო პერსპექტივას ხატავს. დასავლეთისადმი ერდოღანის არაპროგნოზირებადი და ხშირად აგრესიული საგარეო პოლიტიკა კი ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის არასახარბიელო გარემოს ქმნის.
ერდოღანის დამარცხების შემთხვევაშიც კი, ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკური რეალობის სწრაფ და რადიკალურ ცვლილებას არ უნდა ველოდეთ. ეს ყოველივე განამტკიცა საპარლამენტო არჩევნების შედეგებმაც. თუმცა, იმის მიხედვით, თუ რომელი ძალა აღმოჩნდება ქვეყნის სათავეში, ოფიციალური თბილისი მზად უნდა იყოს როგორც გაჩენილი შესაძლებლობების, ისე პოტენციური დაბრკოლებებისთვის.
__________________________________________
*ნუცა ძანძავა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტი.