სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს მთავრობა როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო დონეზე, ლეგიტიმურობის კრიზის წინაშეა. ახალმა ადმინისტრაციამ მილოცვები ევროკავშირის წევრი მხოლოდ ორი (უნგრეთი და სლოვაკეთი) სახელმწიფოსგან მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილება – 2028 წლამდე შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერაზე, ფართოდ აღქმულ იქნა უკუსვლად ევროინტეგარციის გზაზე, რამაც გამოიწვია ქართველი ხალხის საყოველთაო იმედგაცრუება და ძლიერი სამოქალაქო პროტესტი.
კრიზისის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკის მრავალი დამკვირვებელი ევროკავშირის პასუხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
აიღებს თუ არა ევროკავშირი წამყვან როლს ვითარების მოგვარებაში, თუ კვლავ „დაველოდოთ და ვნახოთ“ მიდგომას შეინარჩუნებს?
თავდაპირველად, ბრიუსელმა ფრთხილად უპასუხა შექმნილ ვითარებას – თუმცა მისი პოზიცია თანდათანობით ვითარდება. მიუხედავად ამისა, დღეს ევროკავშირის მხრიდან ძლიერი, ერთიანი ხმა კვლავ არ ისმის, ამას თან ახლავს განხეთქილებაც- არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის(მცირე უმცირესობის დონეზე ), არამედ საკუთრივ ევროკავშირის ინსტიტუტებშიც.
ეს ფრაგმენტაცია აისახა პოლიტიკაში, რომელიც ყოყმანით ხასიათდება. ევროკავშირმა არც ცალსახად აღიარა და არც უარყო არჩევნები და მიიღო მხოლოდ ისეთი შეზღუდული ზომები, როგორიცაა დიპლომატებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება. ამ ინერტულობას განაპირობებს არა მხოლოდ დეკემბრიდან ახალ ინსტიტუციონალურ და პოლიტიკურ ციკლზე გადასვლა, არამედ ისეთი ხშირად შეუმჩნეველი ფაქტორებიც კი, როგორიცაა განვითარების პროცესში მყოფი ინსტიტუციური არქიტექტურა და ძალაუფლების ცვალებადი დინამიკა კავშირის შიგნით, რაც კიდევ უფრო აფერხებს თანმიმდევრული და არსებითად გადამწყვეტი პოლიტიკის ფორმირებას.
განსხვავებული ნარატივების ჩამოყალიბება ბრიუსელში
ბრიუსელში საქართველოს მიმართ განსხვავებული ნარატივები ყალიბდება. პირველი მიდგომა მხარს უჭერს მკაცრ პოზიციას, რომელიც ყურადღებას ამახვილებს სადამსჯელო ზომებზე, მათ შორის საქართველოს მთავრობის მთავარი ფიგურებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებასა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე. ამ ჯგუფის აზრით, აუცილებელია გადამწყვეტი ქმედება, რათა ცხადყოს, რომ დემოკრატიული უკუსვლა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისთვის მიუღებელია.
მეორე მიდგომა საქართველოს გამოწვევებს უფრო ფართო გეოპოლიტიკური პრიზმით განიხილავს, აფრთხილებს ევროკავშირის მისი შესაძლებლობების შესახებ და აღნიშნავს რომ საქართველოს შიდა ვითარების განხილვა/გადაწყვეტა უნდა მოხდეს იმ კრიზისების ფონზე, როგორიცაა რუსეთის ომი უკრაინაში. ამ პერსპექტივის მომხრეები ხაზს უსვამენ საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას და შენიშნავენ, რომ სადამსჯელო ზომებმა შეიძლება გააუცხოვოს ქართველი საზოგადოება, და ქვეყანა კიდევ უფრო დააშოროს ევროკავშირის ორბიტას.
18-19 დეკემბერს გამართულმა ევროკავშირის სამიტმა გამოავლინა არსებული დაძაბულობა. ცხარე დებატები მოჰყვა მოსამზადებელ შეხვედრებს, სანქციების მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის. დისკუსიებს კიდევ უფრო ართულებდა უნგრეთისა და სლოვაკეთის მსგავსი „დამრღვევების“ წინააღმდეგობა, რომელთა პოპულისტი, პრორუსული ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ სანქციები უსამართლოდ დაუწესდა საქართველოს კონსერვატიულ მთავრობას. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ახალმა ხელმძღვანელმა, კაია კალასმა სანქციების დაწესება ის ინიციატივა წამოაყენა პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ დემონსტრანტების დარბევაში, სანქციებს შორის იყო აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა. როგორც მოსალოდნელი იყო, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ვეტო დაადეს გადაწტვეტილებას. კალასმა აღნიშნა, რომ ეს იყო მისი პირველი უნგრული ვეტო, მაგრამ სავარაუდოდ არა უკანასკნელი.
ინსტიტუციური ბალანსის ცვლილება ბრიუსელსა და საქართველოში
ევროკავშირის პასუხის ანალიზისა და ნარატივების შეუსაბამობის გაგებისას ერთ-ერთი ხშირად უგულებელყოფილი ფაქტორი ევროკავშირის ინსტიტუტების განვითარებადი ბუნებაა. ევროპარლამენტი საქართველოს ვითარებაზე გამორჩეულად გამოკვეთილ ხმად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში მისი უფლებამოსილებები შეზღუდულია. სურვილს, გააფართოვოს საკუთარი გავლენა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც ტრადიციულად ეროვნული მთავრობების მიერ არის დომინირებული.
როგორც საქართველოს არჩევნებამდე, ისე მის შემდეგ, პარლამენტმა მიიღო კრიტიკული რეზოლუციები. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეზოლუციებს არ აქვთ იურიდიული ძალა, ისინი ასახავს პარლამენტის ინსტიტუციურ ლოგიკას: სურვილს, გააფართოვოს თავისი გავლენა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც ტრადიციულად ეროვნული მთავრობების მიერ არის დომინირებული.
თუმცა, ევროპარლამენტარების მცდელობები, შეაჯერონ საკუთარი პოზიციები პოლიტიკურ ჯგუფებთან, ადგილობრივ პარტიებთან ან ევროკავშირის ნორმებთან, ხშირად იწვევს წინააღმდეგობრივ მიზნებს. ეს დინამიკა ხშირად აქცევს პარლამენტს ეროვნული პოლიტიკის პროცესებში ჩართული მოთამაშედ, რაც სარისკოა და მოითხოვს ფრთხილ მართვას. საქართველოს შემთხვევა ამის ნათელი მაგალითია: ევროპარლამენტარებმა არსებული ვითარება გამოიყენეს ევროკავშირის ნორმებისა და ღირებულებების პოპულარიზაციისთვის, ამავდროულად ხელი შეუწყვეს საკუთარი ინსტიტუციური გავლენის გაფართოებას. თუმცა, ეს შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ევროკავშირის შიგნით არსებული ინსტიტუციური ბალანსთან.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარების განცხადებებსა და რეზოლუციებს საქართველოში ბევრი მიესალმება, იმედგაცრუებას იწვევს ის გარემოება, რომ ამ განცხადებებს ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების მხრიდან კონკრეტული ქმედებები არ მოჰყვება. ხშირად აშკარაა მნიშვნელოვანი განსხვავება პარლამენტის რიტორიკასა და ევროკავშირის სხვა ორგანოების მიერ მიღებულ პოზიციებს შორის, რაც ქართველებს ერთიანი და ქმედითი მხარდაჭერის ნაკლებობის გამო იმედგაცრუებულს ტოვებს.
ევროპული საბჭო სულ უფრო მეტად იკავებს ცენტრალურ პოზიციას მაღალი დონის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებში, თანდათან ჩრდილავს საგარეო საქმეთა საბჭოს როლს. ეს ცვლილება განმტკიცდა ლისაბონის ხელშეკრულებით, რომელმაც ევროპულ საბჭოს მიანიჭა უფრო ძლიერი სამართლებრივი მანდატი, რათა მიიღოს კრიტიკული გადაწყვეტილებები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით. პოპულიზმის ზრდამ და ევროკავშირის შიგნით და წინააღმდეგობრივი მთავრობების გაჩენამ კიდევ უფრო გააძლიერა ევროპული საბჭოს დომინანტური როლი საგარეო მოქმედებებში, რაც მნიშვნელოვანი ცვლილებაა ინსტიტუციურ ძალთა ბალანსში.
ეს ტენდენცია ასახავს უფრო ფართო ძალაუფლების ბალანსის ცვლილებას ზესახელმწიფო და მთავრობათაშორის ინსტიტუტებს შორის, სადაც მთავრობათაშორისი სტრუქტურები სულ უფრო მეტად ახდენენ გავლენას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაზე. უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოები კიდევ უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს ცვლილებას ევროკავშირის კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების კულტურაში. ის, რაც ოდესღაც მიმართული იყო კომპრომისისა და ერთიანობის ხელშეწყობაზე, ახლა უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება პოპულისტებისა და სკეპტიკოსების მიერ ევროკავშირის კოლექტიური ქმედებების დაბლოკვისთვის, რაც ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც კავშირი თავდაპირველად იყო დაფუძნებული.
საქართველოსთვის, მთავრობათაშორისი ლოგიკის დომინირება იმაზე მიუთითებს, რომ ევროკავშირი, როგორც ერთიანი აქტორი, მნიშვნელოვან გამოწვევებს შეხვდება კრიზისის დასაძლევად.
ევროკომისია, როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მართავს გარე ინსტრუმენტებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერებს თავის გავლენას ახალ ინსტიტუციურ ციკლში. გაფართოებაზე პასუხისმგებელი მისი სტრუქტურა – სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (DG NEAR), მარტა კოსის ხელმძღვანელობით, მზად არის გადამწყვეტი როლი შეასრულოს. DG NEAR-ის მთავარი პრიორიტეტებია სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება, მისი საჯარო პროფილის გაუმჯობესება და ევროკავშირის მოქალაქეებსა და პოლიტიკის შემქმნელებს შორის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის მხარდაჭერის გაღრმავება.
DG NEAR-ის აღიარებული პროფესიონალიზმი და ინსტიტუციური მეხსიერება მას იდეალურ პოზიციაში აყენებს, რომ იქცეს გაფართოების პროცესის ფორმირების ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ. ტექნიკური ორგანოს როლიდან პოლიტიკურად გავლენიან ერთეულად გადასვლა არა მხოლოდ გააძლიერებს DG NEAR-ის სტრატეგიულ მნიშვნელობას, არამედ ხელს შეუწყობს ევროკავშირის პოლიტიკურ პოზიციას გაფართოების საკითხებში.
საქართველოსთვის ეს განვითარებადი დინამიკა მკაფიოდ უსვამს ხაზს ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის გაძლიერებული კოორდინაციის კრიტიკულ აუცილებლობას. პროცესში ჩართული სხვადასხვა აქტორები ხშირად მოქმედებენ განსხვავებული მიზნებით, სამართლებრივი ჩარჩოებითა და მოტივაციით, რაც აძნელებს ერთიან, თანმიმდევრულ მიდგომას. ინსტიტუციურ კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი სტრატეგიული ჩარჩოს გარეშე, ევროკავშირის პასუხი საქართველოს კრიზისზე შეიძლება არა მხოლოდ არაეფექტური გახდეს, არამედ მისი გავლენაც მნიშვნელოვნად შესუსტდეს.
მსურველთა კოალიცია: სავარაუდო გზა წინ?
ამ დინამიკისა და განსხვავებული ლოგიკების შეჯერების აუცილებლობის გათვალისწინებით, ევროკავშირის რეაქციაა ასადავო არჩევნების შედეგების გამოძიება და მომიტინგეების დაკავების საკითხის განხილვა ტექნიკური მისია, რომელიც ს წარიმართება OSCE/ODIHR-თან თანამშრომლობით, სავარაუდოდ, 2025 წლის იანვრის დასაწყისში დაიწყება.
თუმცა, მისი ფარგლები და მანდატი დიდწილად იქნება დამოკიდებული საქართველოში მოვლენების განვითარებაზე, განსაკუთრებით იმაზე თუ როგორ გაუმკლავდება ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებს და რა მიდგომას გამოავლენს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვადის დასრულებისადმი. თუმცა ამ მისიის შეფერხებით დაწყება ხაზს უსვამს ევროკავშირის ყოყმანისა და თანმიმდევრული სტრატეგიის ნაკლებობას, რაც თავის მხრივ, შემაშფოთებელი გზავნილის მატარებელია.
მომავლის პერსპექტივაში, „მსურველთა კოალიციამ“ შესაძლოა წამყვანი როლი ითამაშოს „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმისკენ გადახრის წინააღმდეგ ზომების მიღებაში. „მსურველთა კოალიციის“ კონცეფცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში ახალი არ არის. მსგავსი მიდგომები გამოიყენეს 1999 წელს კოსოვოს ინტერვენციის დროს, 2020 წელს ბელარუსის სანქციების დაწესებისას და 2019 წელს კიბერ-სანქციების რეჟიმის ჩამოყალიბების პროცესში.
საქართველოს შემთხვევაში, შესაძლოა გაჩნდეს ანალოგიური სტრატეგია, სადაც თანამოაზრე სახელმწიფოები და ევროკავშირის ლიდერები იკისრებენ ხელმძღვანელობას ისეთ ქმედებებში, როგორიცაა სანქციების დაწესება ან ორმხრივი დიპლომატიის გაძლიერება. ასეთი მიდგომა შესაძლოა გახდეს უფრო მტკიცე და კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირების საფუძველიც.
ამავდროულად, ბრიუსელი აღიარებს, რომ მხოლოდ სადამსჯელო ზომები ვერ უზრუნველყოფს გრძელვადიან გადაწყვეტას. ბრიუსელში ბევრი მიიჩნევს, რომ მდგრადი და ეფექტიანი გამოსავალი თავად საქართველოში პასუხისმგებელი შიდა აქტორების მიერ უნდა იყოს წარმართული.
ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს
დროის სიმცირე და ვითარების სიმძიმე მოითხოვს, რომ ბრიუსელმა დაუყოვნებლივ და გადამწყვეტად იმოქმედოს. ევროკავშირს ეკისრება პასუხისმგებლობა, საქართველოს კრიზისი მაქსიმალური სერიოზულობით მოაგვაროს. უმოქმედობის ფასი – სტრატეგიული და რეპუტაციული – შეიძლება კიდევ უფრო მაღალი გახდეს. პოლიტიკაში დრო ყველაფერია, და სწორედ ახლა დგას ევროკავშირის მოქმედების მომენტი. ადრე თუ გვიან ევროკავშირმა უნდა ჩამოაყალიბოს მკაფიო, თანმიმდევრული და ერთიანი პოზიცია საქართველოს მიმართ.
საქართველოში მიმდინარე სამოქალაქო პროტესტი, რომელიც სამოქალაქო იდეითა და ძალებით არის მართული, ვერ და არ უნდა იყოს უგულებელყოფილი.
ეს დინამიკა გამოხატავს საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებულ მოთხოვნას დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვის შესახებ. ევროკავშირის ჩართულობის ნაკლებობა შექმნის რისკს, რომ კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდეს. როგორც ამბობენ, „ტანგოს ორი ცეკვავს“ – ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერამ უნდა შეავსოს შიდა საზოგადოებრივი ზეწოლა.
ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კრიტიკულ საკითხებზე: სადავო არჩევნების აღიარება თუ არაღიარება, გამოყენებული ტერმინოლოგია, დიპლომატიური ჩართულობის მასშტაბი და, საბოლოოდ, საქართველოსთვის ერთიანი და თანმიმდევრული სტრატეგიის ჩამოყალიბება. კოორდინირებული გარე ზეწოლისა და სტრატეგიის გარეშე, კრიზისი, დიდი ალბათობით, გაგრძელდება და გაღრმავდება, რასაც შორსმიმავალი შედეგები მოჰყვება როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის.
გადამწყვეტი მოქმედების შეუსრულებლობა საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, არამედ დღის წესრიგში აყენებს საქართველოს ახალგაზრდობისა და ძირითადად პროევროპული მოსახლეობის გაუცხოების საფრთხესაც. საქართველო არის ერი, რომელსაც აქვს პოტენციალი იყოს ევროკავშირის ნაწილი და წვლილი შეიტანოს მისი მომავლის შექმნაშიბრიუსელმა არ უნდა დაუშვას ამ შესაძლებლობის ხელიდან გასხლტომა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპა დაკარგავს მნიშვნელოვან პარტნიორს და ევროპული იდეის შუქურას სტრატეგიულ რეგიონში.
დოქტორი თეონა ლავრელაშვილი
პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი. ექსპერტი ევროკავშირის საკითხებში, ევროკავშირის ინსტიტუტებთან, აკადემიასა და ანალიტიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ათწლეულზე მეტი გამოცდილებით, იგი ფლობს პოლიტიკურ მეცნიერებებში დოქტორის ხარისხს ლუვენის უნივერსიტეტიდან (KU Leuven). ამჟამად არის მიწვეული ექსპერტი ბრიუსელში Martens Center-ში, მიწვეული ლექტორი Sciences Po-ში, სტრასბურგში. თეონა არის აგრეთვე ევროპის კოლეჯის კურსდამთავრებულთა ასოციაციის პრეზიდენტი.