04/05/2022 GIP

ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა შეიმუშავეს ინტერპარტიული მანიფესტის სამუშაო ვერსია

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით, ათი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდა წარმომადგენლებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ორდღიან გასვლით ღონისძიებაში. 30 აპრილსა და 1-ელ მაისს გამართული სამუშაო შეხვედრების მიზანი პოლიტიკური პარტიების  ამომრჩევლის საჭიროებებთან დაახლოების შესახებ ინტერპარტიული დოკუმენტის შექმნაზე ერთობლივი მუშაობა იყო.

აპრილის განმავლობაში, ღონისძიების მონაწილეებმა განახორციელეს საველე კვლევები. მოკვლევის თემა შეეხებოდა კითხვას, თუ რას ელის ამომრჩეველი პარტიებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და როგორი უნდა იყოს პარტიების რეაგირება. ახალგაზრდა პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოებისგან შემდგარი პატარა ჯგუფები მოგზაურობდნენ დიდ ქალაქებსა და მოშორებულ დასახლებებში, რათა ადგილობრივ მოსახლეობასთან, საკუთარ მხარდამჭერებთან და, ასევე, პარტიის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან ჩაეტარებინათ ფოკუს ჯგუფები და ინტერვიუები.

შედეგად,  ღონისძიებაზე სამუშაო ჯგუფებმა წარადგინეს ინდივიდუალური კვლევის შედეგები. ხოლო შემდეგ, მთავარი მიგნებების საფუძველზე, მათ შექმნეს დოკუმენტი, რომელიც წარმოაჩენს, თუ რა არის ამომრჩევლის მოლოდინები პოლიტიკური პარტიების მიმართ და როგორი უნდა იყოს პარტიების პასუხი. ეს მიგნებები კი შეჯამდება ერთობლივ მანიფესტში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ფართო საზოგადოებისათვის.

მანიფესტის  წარდგენა მოხდება 30 მაისს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ყოველწლიურ დემოკრატიის კონფერენციაზე, რომლის ფარგლებშიც, დოკუმენტის საკვანძო მიგნებების და რეაგირების გზებზე გაიმართება დისკუსია როგორც დაინტერესებულ საზოგადოებასთან, ისე პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან და წევრებთან.

გასვლითი ღონისძიება ჩატარდა პროექტის – „მდგრადი პოლიტიკური კულტურის გაძლიერება ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მხარდაჭერით.

ავტორი

, , , , , ,