ვინ უჭერს მხარს ნაციონალისტურ პოპულიზმს საქართველოში? პარალელები დასავლურ გამოცდილებასთან

ნინო სამხარაძე

ბოლო ხანებში ევროპის არაერთ ქვეყანაში მემარჯვენე პოპულიზმისადმი გაზრდილი მხარდაჭერა საერთაშორისო ანალიტიკური წრეებისთვის ინტენსიური დისკუსიის საგანი გახდა. ამ მხარდაჭერის გაანალიზების პროცესში ხშირად განიხილავენ ამომრჩევლის დემოგრაფიულ, სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მახასიათებლებს. პარალელურად, საზოგადოების კონკრეტული სეგმენტების მობილიზების საკითხი აქტუალურია საქართველოშიც: 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალები პერიოდულად მიმართავდნენ მხარდამჭერების შეკრებას და მათი რიცხოვნობის დემონსტრირებას. ამ კონკურენციაში აქტიურად იყო ჩაბმული საქართველოს პატრიოტთა ალიანსი (სპა): წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მისი ლიდერები ხშირად აკეთებდნენ აქცენტს იმაზე, რომ პარტიას ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, და რომ მათი უმრავლესობა ახალგაზრდები არიან.

ამ ფონზე, უფრო საინტერესო ხდება, სინამდვილეში, ქართველი ამომრჩევლის რა ძირითად მახასიათებლებთან ასოცირდება მემარჯვენე პოპულისტური პარტიებისადმი მხარდაჭერა და რა პარალელების გავლება შეიძლება დასავლურ გამოცდილებასთან? ამ საკითხის გაანალიზების მიზნით, წინამდებარე მემორანდუმი განიხილავს მემარჯვენე პოპულიზმისადმი ლოიალობის განმსაზღვრელ ფაქტორებს დასავლური გამოცდილების მიხედვით. ამავდროულად, წარმოდგენილია ნაციონალისტური პოპულიზმის ქართველი მხარდამჭერების ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც, შეგვიძლია, გამოვკვეთოთ კავკასიის ბარომეტრის მონაცემებზე დაყრდნობით. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში რამდენიმე პოპულისტი აქტორი არსებობს, რასაც საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) არაერთი პუბლიკაცია ადასტურებს (სილაგაძე 2020; სამხარაძე 2020). თუმცა, წარმოდგენილი მემოს მიზნებისთვის შეირჩა სპა, როგორც ელექტორალური თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული ნაციონალისტური პოლიტიკური პარტია საქართველოში.

 

ნახვა გადმოწერა

 

 

Related Posts