რატომაა მნიშვნელოვანი საქართველოსთვის ევროკავშირის საბჭოში ესტონეთის პრეზიდენტობა?

მარიამ გრიგალაშვილი*

ესტონეთის პრეზიდენტობისას, გვსურს უზრუნველვყოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის
საკითხის შენარჩუნება ევროკავშირის პოლიტიკურ დღისწესრიგში
საგარეო საქმეთა მინისტრი, სვენ მიკსერი.

ევროკავშირის საბჭოს, გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოს, პრეზიდენტობა როტაციის წესით ყოველ 6 თვეში ერთხელ იცვლება. დღეს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყანაა ესტონეთი. ესტონეთი, როგორც პრეზიდენტი, საბჭოს 1 ივლისიდან 31 დეკემბრამდე უხელმძღვანელებს. გამომდინარე იქიდან, რომ ექვსი თვე არ იყო საკმარისი ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის ინიციატივების სრულყოფილად განსახორციელებლად, 2009 წელს ლისაბონის ხელშეკრულებით, გადაწყდა ე.წ ტრიოს (სამი მომდევნო პრეზიდენტი ქვეყნის) მიერ პრიორიტეტული საკითხების ერთად შემუშავება. ამრიგად, პრეზიდენტ ქვეყანას აქვს საკმარისი დრო პრიორიტეტული საკითხები შეიმუშაოს და შეასრულოს მნიშვნელოვანი როლი მის გატარებაში. დღესდღეობით ევროკავშირის ე.წ ტრიო არის: ესტონეთი, ბულგარეთი და ავსტრია.

რას სთავაზობს ტრიოს 18 თვიანი პროგრამა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნებს?

18 თვიანი პროგრამის მიხედვით, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნდა, ტრიო (ესტონეთი, ბულგარეთი და ავსტრია)  აპირებს წინ წამოწიოს შემდეგი საკითხები: ქსელური ერთიანი ბაზარი; მეწარმეობის ხელშეწყობა; ევროკავშირის ეკონომიკის მოდერნიზება და ენერგო კავშირის სტრატეგიის იმპლემენტაცია. ტრიო უზრუნველყოფს უსაფრთხოებასა და სამართლიანობას მთელი ევროკავშირის მასშტაბით და ა.შ. პროგრამა შეიცავს წინადადებებს ევროპის სამეზობლოს სტაბილიზაციის თაობაზე: საბჭოს 18 თვიანი პროგრამა ადასტურებს მის ვალდებულებას  პარტნიორი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის წინაშე. ტრიო ხაზს უსვამს „განსხვავებულ პოლიტიკას“ და აცხადებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას  შეუძლია განაცალკეოს და მოარგოს ურთიერთობები თავის პარტნიორებთან, მათი საჭიროებისა და მისწრაფებების მიხედვით.

ის ფაქტი, რომ ესტონეთი, ბულგარეთი და ავსტრია ერთად მუშაობდნენ 18 თვიან პროგრამაზე და მომდევნო პრეზიდენტი ქვეყნებისთვისაც, როგორც ეს ესტონეთის შემთხვევაშია, აღმოსავლეთ პარტნიორობა პრიორიტეტია დადასტურდა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ტალინში, როდესაც ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ “ აღმოსავლეთ პარტნიორობა ჩანიშნული 2017 წლის ნოემბერში განახლებულ იმპულს მისცემს პარტნიორობას და წვლილს შეიტანს შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარებაზე. 

რას აკეთებს ესტონეთი აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის?

2009 წლის შემდეგ, რაც აღმოსავლეთ პარტნიორობა ძალაში შევიდა, ესტონეთი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ქვეყანაა. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ რომ ბალტიის ქვეყნების მთავარი ნიშა ევროკავშირის შიგნით, სწორედ რომ აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოების ხელშეწყობაა. პრეზიდენტობის დასაწყისშივე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ესტონეთი აპირებდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჩართულობით მრავალი ღონისძიების დაგეგმვას. „ესტონეთს სურს, შეინარჩუნოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ამბიცია, მიიყვანოს აღმოსავლეთ პარტნიორები უფრო ახლოს ევროკავშირთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ რეფორმებს, რომელთაც ისინი ატარებენ რათა განავითარონ დემოკრატია და ეფექტიანი ეკონომიკური გარემო და უზრუნველყონ უსაფრთხოება“-აღნიშნავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიკსერი.

ესტონეთის აქტიური მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის  განვითარებაში კარგად გამოჩნდა ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც ესტონეთმა დაარსა აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრი (Estonian Centre of Eastern Partnership (ECEAP).  ცენტრი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და მათი კვლევითი ცენტრების წახალისებას აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხების შესწავლისთვის.

ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა ახვლედიანი საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან საუბარში დეტალურად განიხილავს იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც ესტონეთის ინიცირებით ჩატარდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნების ხელშეწყობის მიზნით.

ელჩის განცხადებით, „ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის 4 ძირითადი პრიორიტეტიდან ერთ-ერთის – დაცული და უსაფრთხო ევროპის კონტექსტში, ჰორიზონტალურ პრიორიტეტად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ განსაზღვრა, ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულებაა, რომელიც თავის მხრივ ხაზს უსვამს პარტნიორობის მნიშვნელობას, მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში“.

ივლისიდან მოყოლებული ესტონეთის ორგანიზებით დაიგეგმა სხვადასხვა მაღალი დონის შეხვედრა. მათ შორის აღსანიშნავია: (1) ევროკავშირისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა; (2) ევროკავშირის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა; (3) ტალინში გამართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის პარალელური ღონისძიებები: ახალგაზრდული ფორუმი ექსპერტთა დონეზე; (4) აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების კონფერენცია; (5) აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-9 წლიური ასამბლეა; (6) აღმოსავლეთ პარტნიორობის  მეოთხე ბიზნეს ფორუმი; (7) კონფერენცია გარემოს დაცვის სფეროში[i];  ზემოაღნიშნული ღონისძიებებს თან დაერთო 31 ოქტომბერს ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართულ შეხვედრაზე კერსტი კალიულაიდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, მანამდეც ესტონეთის არაერთხელ გაცხადებული მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური კურსისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. 

დასკვნა

ზემოთქმული აქტივობები, ესტონეთის როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ისიც აშკარაა, რომ  პრიორიტეტების განსაზღვრა (სულ მცირე მოკლევადიანი პერსპექტივების) სწორედ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ქვეყანასა და მის მომდევნო პრეზიდენტ ქვეყნებზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, საქართველოს ყველაზე მეტ კომფორტს უქმნის იმ სახელმწიფოების პრეზიდენტობა, რომლებიც უპირობოდ ლობირებენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მეტ ინტეგრაციას ევროკავშირში, თუმცა ეს არ ნიშნავს მშვიდად ველოდოთ, როდის მოუწევთ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობა ლიტვას, ლატვიას ან პოლონეთს. მაქსიმალური ძალისხმევა გვმართებს დავაინტერესოთ თემის აქტუალობით ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირის დღის წესრიგი განსხვავებულად წარმოუდგენიათ, ვიდრე პრეზიდენტობის 6 თვის ორიენტირება სამეზობლოს დაახლოებაზე ევროკავშირთან.

[i] წყარო: საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში

 


*მარიამ გრიგალაშვილი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი 

**პუბლიკაცია მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” და ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველოსა” შეხედულებებს.

Related Posts