18/03/2022 keta

როგორ შეძლო ფინეთმა ახალგაზრდული პოლიტიკის ეტაპობრივი განვითარება: გაკვეთილები საქართველოსთვის

თინათინ გოგატიშვილი

აღმოსავლეთ ევროპაში საქართველო აღიარებულია როგორც დემოკრატიული რეფორმების ლიდერი სახელმწიფო, თუმცა ამ მიღწევების მიუხედავად, კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. დემოკრატიული გარდაქმნების გზაზე, საქართველომ უნდა გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაზარდოს ხელისუფლების ყველა შტოს გამჭირვალობა და ანგარიშვალდებულება. ქვეყნის ფუნქცია უნდა იყოს ყველა მოქალაქის ინტერესების დაცვა და გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

დემოკრატიულ სახელმწიფოში ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანია, შექმნას პირობები, შესაძლებლობები და გამოცდილება, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, განივითარონ ცოდნა, უნარები და ჩაერთონ დემოკრატიის მშენებლობის პროცესში, როგორც სამოქალაქო საზოგადოების კომპეტენტური და აქტიური წევრები. აუცილებელია, სახელმწიფომ შეიმუშაოს ისეთი პოლიტიკა, რომელიც პრაქტიკაში უზრუნველყოფს ამ მიზნების მიღწევას. წარმატებულ მაგალითებს შორის, შეიძლება განვიხილოთ ფინეთი, რომელიც მაღალ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, აფასებს კოორდინაციას და ინვესტიციას განათლებასა და ტრენინგებში, როგორც ცენტრალურ სტრატეგიას ახალგაზრდებთან დაკავშირებულ პოლიტიკაში. ფინეთის ახალგაზრდული პოლიტიკა ეფუძნება პოლიტიკისა და მეცნიერების თანამშრომლობას და ახალგაზრდულ სფეროში კვლევების, დაფინანსებისა და ინვესტიციების მხარდაჭერას. სწორედ ახალგაზრდების საჭიროებების შესასწავლად სხვადასხვა  კვლევებზე დაფუძნებული მიგნებები მოგვცემს საშუალებას დავგეგმოთ და განვავითაროთ ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულება და ზუსტად განვსაზღვროთ მათი საჭიროებები.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, დაისვას კითხვები იმის შესახებ, თუ რა ხარვეზები აქვს საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით და რა გამოცდილების გათვალისწინება შეუძლია მას ისეთი წარმატებული სახელმწიფოს მაგალითზე, როგორიც ფინეთია. წარმოდგენილ ბლოგში განხილულია ფინეთის ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ეტაპები, ფინეთის მიდგომები პოლიტიკის შემუშავების პროცესში და შედარებულია საქართველოში არსებულ რეალობასთან.

როგორ ახერხებს ფინეთი ახალგაზრდული სტრატეგიის ეფექტიანად განხორციელებას?

,,ახალგაზრდული მუშაობისა და პოლიტიკის შესახებ’’ ფინეთის მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სახელმწიფო ახალგაზრდული საბჭო ოთხ წელიწადში ერთხელ  აფასებს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროგრესს. სამინისტროები, ექსპერტები და ახალგაზრდული ორგანიზაციები ურთიერთთანამშრომლობით ქმნიან ახალგაზრდულ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე ორიენტირებულ აქტებს ეროვნულ და მუნიციპალურ დონეზე. მნიშვნელოვანია, ფინეთის მსგავსად, საქართველოშიც ხდებოდეს სამინისტროებს შორის მუდმივი თანამონაწილეობითა და ჩართულობით ახალგაზრდული აქტების მიღება და  მიღებული შედეგების მონიტორინგი, რათა შეფასდეს ახალგაზრდული აქტების მათ რეალურ საჭიროებებთან შესაბამისობა.

ფინეთის ეროვნული ახალგაზრდული საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს ჩამოყალიბდნენ საზოგადოების პასუხისმგებელ წევრებად, მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო აქტივობებში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რისთვისაც კვარტალურად ატარებს პოლიტიკის კვირეულებს ახალგაზრდების ცნობადობის ასამაღლებლად და დემოკრატიულ პროცესებში ჩასართავად. ასევე, ხელს უწყობს ინკლუზიურობის გაძლიერებას და ახალგაზრდების სწორი მიმართულებებით მართვას, საბიუჯეტო დაფინანსებების ზრდასა და ახალგაზრდული გრანტების გაცემას. 25 წლის ზემოთ ახალგაზრდებს, მოტივაციის გასაზრდელად, სწავლასთან შეთავსებით სამუშაო ადგილებს სთავაზობენ, რაც იძლევა მუშაობის პროცესში განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას. ამასთან, ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ეხმარება ახალგაზრდებს სწავლის გადასახადის დაფარვაში. სწავლასთან შეთავსებით, კვირაში 25 საათი აქვთ უფლება იმუშაონ და საათში დაახლოებით 7-13 ევრომდე მიიღონ. საღამოს ცვლაში მუშაობა და არასამუშაო დღეები დამატებით ანაზღაურებადია. როგორც წესი, სტუდენტები მუშაობენ დასუფთავების, კვების ობიექტებში, საკურიერო მომსახურებაში. მაღალანაზღაურებად სამსახურებს განეკუთვნება ინჟინერია, რობოტოტექნიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ტურიზმისა და ჯანდაცვის სექტორი, თუმცა აქ დასასაქმებლად შედარებით მაღალკვალიფიციურ სტუდენტებს ეძებენ და ეს მათთვისაც საუკეთესოო შესაძლებლობაა სწავლის დასრულების შემდეგ გააგრძელონ მუშაობა სრულ განაკვეთზე. როგორც წესი, ყველა კომპანია აქვეყნებს ვაკანსიას დასაქმებიის სააგენტოების ვებ-გვერდზე, თუმცა ახალგაზრდებს, სტუდენტურ კამპუსებში აქვთ შექმნილი სპეციალური ჯგუფები და საიტები, სადაც ყველა მათზე მორგებული ვაკანსია ქვეყნდება და ადვილად ხელმისაწვდომი ხდება მათთვის.

ფინეთში, ადგილობრივ დონეზე შექმნილი თვითმმართველობების აქტები ყველა მაცხოვრებელს აძლევს საშუალებას, მიიღონ მონაწილეობა სადისკუსიო ფორუმებსა და მაცხოვრებელთა პანელებში, მომსახურების დაგეგმვასა და განვითარებაში, ასაკის შეუზღუდავად. შექმნილია მუნიციპალური ახალგაზრდული საბჭოები, რომლებიც ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე ახალგაზრდულ მუშაობასა და ახალგაზრდულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საქმეებს აგვარებს და ზრდის მათ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მმართველ გუნდს კი თავის მხრივ, ავალდებულებს გადაწყვეტილების მიღებამდე გაიარონ კონსულტაცია ახალგაზრდებთან ყველა საკითხზე, რომელიც მათ ეხება.

ახალგაზრდული საინიციატივო სერვისი როგორც ონლაინ პლატფორმა, არის საშუალება ახალგაზრდებისათვის, გაუზიარონ ერთმანეთს იდეები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მათ ირგვლივ საცხოვრებელი გარემო, განიხილონ და დააკომენტარონ იდეები, უპასუხონ ორგანიზაციების ან ახალგაზრდების მიერ გამოქვეყნებულ შეკითხვებს და თვალყური ადევნონ იდეების დამუშავებას, რაც საბოლოოდ ახალგაზრდებს აყალიბებს აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებად. შედეგი, რომელიც მიიღწევა ახალგაზრდების ჩართულობით  არის ძლიერი სტიმული, სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა ჩაერთოს როგორც ადგილობრივ ისე ეროვნულ დონეზე.

ალბათ, სწორედ ასეთი პლატფორმების დანერგვა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა გვჭირდება, როგორც ადგილობრივ ისე ეროვნულ დონეზე, რათა თითოეულ ახალგაზრდაში გაღვივდეს რწმენა რომ მათი იდეები განხორციელებადია და შედეგები უზრუნველყოფს ხელშესახებ კეთილდღეობას საზოგადოებისათვის. დასაქმების პრობლემა კი მწვავედ დგას ქვეყნის წინაშე და მით უფრო ახალგაზრდებისთვის სწავლასთან შეთავსებითი სამუშაო ადგილების არსებობა.

ახალგაზრდების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობები საქართველოში

საქართველოს, ფინეთის მსგავსად, აქვს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც 2014 წელს მიიღო და მიზნად ისახავს ოთხ ძირითად ამოცანას: ახალგაზრდების მონაწილეობას, განათლება/დასაქმებას, ჯანდაცვით უზრუნველყოფასა და მხარდაჭერა/ დაცვას, თუმცა რეალურად, არ არსებობს მექანიზმები, რომლებიც გაწერილი სტრატეგიის აღსრულების საშუალებას იძლევა.

ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდები მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილნი სამთავრობო დონეზე, ან საერთოდ უგულებელყოფენ პოლიტიკურ აქტივობას და ემიჯნებიან პოლიტიკას. პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა  დაკომპლექტებულია კადრებით, რომლებიც სხვადასხვა მთავრობების დროს მუშაობდნენ და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ, თუმცა ახალგაზრდა ლიდერებს ნაკლებად ვხვდებით და არჩევნებზე, კანდიდატად წარდგენის  შესაძლებლობაც ნაკლებად ეძლევათ. ამიტომ, პარტიას ან ჰყავს გუნდში ახალგაზრდები, თუმცა არა მაღალ თანამდებობებზე, ან საერთოდ არ ცდილობს ახალი კადრების მიღებას.

ქართულ რეალობაში, ახალგაზრდების პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის სულ რამდენიმე  მაგალითი გვაქვს. ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი ამჟამად არსებულ მინისტრთა კაბინეტში 1982 წელს დაბადებულები ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრი და რატი ბრეგაძეა, რომელიც იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებს, 2022 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ 35 წლამდე ასაკის რამდენიმე დეპუტატი შევიდა პარლამენტში. პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა წევრი 2012 წელს მარიამ საჯაია იყო. ის დეპუტატი 21 წლის ასაკში გახდა. საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის თანახმად 2017 წელს მიღებული დადგენილებით, საქართველოს პარლამენტის წევრად  არჩევის ასაკი 21 წლიდან 25 წლამდე გაიზარდა.

თუმცა, რეალურად, ქვეყანაში დაბალია ახალგაზრდების მხრიდან პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის ინტერესი, არსებული ნიჰილისტური დამოკიდებულება,  მუდმივად მზარდი შრომითი და საგანმანათლებლო მიზნით მიგრაცია და მძიმე ეკონომიკური ფონი, მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. სწორი და თანმიმდევრული ახალგაზრდული პოლიტიკა მათ მხარდაჭერას უნდა ისახავდეს მიზნად. ახალგაზრდებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც წესი, მათი ჩართულობის გარეშე მიიღება. არ ტარდება ან თუ ტარდება კვლევები სახელმწიფოს თუ ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე საბჭოების მხრიდან, ახალგაზრდების საჭიროებებზე, რჩება მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემად, სტრატეგიული დოკუმენტი რეალურად ქმედით ნაბიჯებს არ მოიცავს და მხოლოდ ფორმალურ დონეზე შემუშავებული მიმართულებით შემოიფარგლება.

ფინეთის მსგავსად, საქართველოშიც არსებობს ახალგაზრდობის სააგენტო, შექმნილია ,,ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოც’’, რომელიც თბილისისა და რეგიონების წარმომადგენლობებითაა დაკომპლექტებული და მისი მიზანი ახალგაზრდულ სფეროში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის დამყარებაა. თუმცა, ახალგაზრდული სააგენტო, 2021 წლის 16 მარტს ისე გაერთიანდა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ქვეშ, რომ დიდი ალბათობით, რომ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ინტერესები არ გაუთვალისწინებიათ.

რა შეგვიძლია ვისწავლოთ ფინეთისგან?

გარდა თანამიმდევრული ნაბიჯებისა, რომლებიც სტრუქტურათა სწორ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, უმნიშვნელოვანესია შექმნილი ახალგაზრდული საბჭოების ქმედუნარიანობის ამაღლება, რეალური შესაძლებლობის მიცემა ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ადგილობრივ დონეზე შეიქმნას ახალგაზრდული საინიციატივო პლატფორმები, სადაც ახალგაზრდებს იდეათა ურთიერთგაცვლის საშუალება მიეცემათ; ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას ახდენს ახალგაზრდებზე, უნდა იყოს სწორედ ახალგაზრდების ჩართულობით მიღებული და შემუშავებული. ასეთი ჩართულობა და აქტიურობა ახალგაზრდებს მისცემს საკმარის გამოცდილებას და ცოდნას, იმისათვის რომ მომავალში თავად გახდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. უმნიშვნელოვანესია, ახალგაზრდულ პოლიტიკურ ორგანიზაციებსა და პარტიებს შორის თანამშრომლობა, გამოცდილებისა და ცოდნის  გაზიარება და ახალგაზრდა ლიდერების გამოწვრთნა. მნიშვნელოვანია ასაკობრივი როტაცია პარტიებისთვის, რათა მათ კადრების გადახალისების საშუალება მიეცეს, რაც პარტიების სწორ განვითარებას და დასავლური დემოკრატიის ღირებულებების დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

 

[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – “ახალგაზრდების როლი საგარეო პოლიტიკაში”  წევრის, თინათინ გოგატიშვილის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით]. 
, , , , ,