28/10/2019 GIP

ახალი მოთამაშე საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკაში: გამოწვევები და შესაძლებლობები

Author

გივი სილაგაძე

გივი სილაგაძე

საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშე – მამუკა  ხაზარაძე – გამოჩნდა. პოლიტიკაში მისმა ჩაბმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებასა და მედიაში, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, დიდი ალბათობით, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. რამდენად შეძლებს ხაზარაძის მომავალი პოლიტიკური პარტია ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოპოვებას და გაჩნდება თუ არა საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში ახალი კონკურენტუნარიანი ძალა? ესაა საკითხები, რომლებსაც პოლიტიკური მიმომხილველები და ჟურნალისტები ხშირად განიხილავენ, რაც ნაწილობრივ იმითაცაა გამოწვეული, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური კონფიგურაცია მნიშვნელოვანწილად ბუნდოვანია. გადაჭრით ამგვარ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია, თუმცა ამ ბლოგის მთავარი მიზანი იმის ჩვენებაა, რომ მამუკა ხაძარაძესა და მის პოლიტიკურ მოძრაობას შედარებით კარგი სასტარტო პოზიცია აქვს, რათა გარდატეხის შეტანა სცადოს არსებულ ორპოლუსიან სისტემაში და მოგვევლონოს, როგორც სოლიდური პოლიტიკური ძალა.

პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა

2019 წლის 9 ივლისს გაკეთებულ განცხადებაში, სადაც მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის შექმნა დააანონსა, მან 20-21 ივნისის ღამეს „წყალგამყოფი“ უწოდა და ასევე აღნიშნა, რომ  „სახეზეა ჩვენი საზოგადოების გახლეჩვისა და დაპირისპირების მიზანმიმართული პროცესი“. თუმცა, ხაზარაძის პოლიტიკურ გააქტიურებაში, სავარაუდოდ, სხვა ფაქტორებმაც ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. უფრო კონკრეტულად კი მოვლენები, რომელმაც უბიძგა მამუკა ხაზარაძეს ჩართულიყო პოლიტიკაში, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს სისხლის სამართლის საქმესთან, რომელიც პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და მისი პარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის, წინააღმდეგ აღძრა ათი წლის წინანდელი ფინანსური ტრანზაქციის გამო. ამ გამოძიებასთან დაკავშირებით ეჭვები გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ხოლო თავად მამუკა ხაზარაძემ პირდაპირ დაადანაშაულა ხელისუფლება სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წინააღმდეგ მოქმედებაში. ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, რომელიც დააარსეს მამუკა ხაზარაძემ, თიბისი ჰოლდინგმა და მისმა პარტნიორებმა. ზოგიერთი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი მიანიშნებს მამუკა ხაზარაძისა და ბიძინა ივანიშვილის პირად დაპირისპირებაზე. ასევე, ისიც აღინიშნა, რომ მამუკა ხაზარაძე მხოლოდ მას შემდეგ დაუპირისპირდა ივანიშვილს, რაც კომფორტის ზონიდან გამოსვლა მოუწია. თუმცა, ერთი რამ ცხადია, რომ ხაზარაძე არსებულ პოლიტიკურ ველში გარდატეხის შეტანას გეგმავს.

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ხაზარაძის პოლიტიკურ წარმატებას?

არსებობს ფაქტორები, რომლებმაც, შესაძლოა, ხელი შეუშალოს მამუკა ხაზარაძის მოძრაობას ამომრჩეველთა ფართო მხარდაჭერის მოპოვებაში. ამ კუთხით, ორი საკითხია მნიშვნელოვანი: პირველი, „რატომ მაინცდამაინც ახლა?“ არგუმენტი,  სადაც აქცენტი კეთდება ხაზარაძის პოლიტიკურ პასიურობაზე წარსულში; ხოლო მეორე საკითხი შეეხება ხაზარაძის მჭიდრო კავშირებს ბანკთან.

ის ფაქტი, რომ ხაზარაძე არ გამოირჩეოდა პოლიტიკური აქტიურობით წარსულში, სავარაუდოდ, არ წაადგება მის პოლიტიკურ გეგმებს. ხაზარაძის პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის ოპოზიციიდან ისევე, როგორც მმართველი პარტიიდან, საკმაოდ მოსახერხებელია თითის ხაზარაძის წარსულისკენ გაშვერა, რადგან მას მკაფიოდ არასდროს გამოუხატავას პოზიცია დემოკრატიული მმართველობის აქამდე არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით. ამგვარ კრიტიკას, შესაძლოა, მართლაც ჰქონდეს საფუძველი – საერთაშორისო ანგარიშების მიხედვით, საქართველოს დემოკრატიულობის ხარისხი ნამდვილად უფრო დაბალი იყო, მაგალითად, 2007-2012 წლებში, ვიდრე დღეს (იხილეთ დიაგრამა 1). უფრო მეტიც, სამართალდამცავების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენება 20-21 ივნისს, რომელსაც ხაზარაძემ „წყალგამყოფი“ უწოდა, არ არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოს უახლეს ისტორიაში; 2007 ისევე, როგორც 2011 წელს წინა ხელისუფლებამ ძალადობრივი მეთოდებით დაშალა ანტისამთავრობო დემონსტრაციები.

დიაგრამა 1 – დემოკრატიის ხარისხი საქართველოშიწყარო: საარჩევნო დემოკრატიის ინდექსი (Varieties of Democracy Project, იხილეთ ბმული: https://www.v-dem.net/en/analysis/CountryGraph/).
Freedom House-ის ქულები პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შესახებ (Freedom House-ის ანგარიშები, იხილეთ ბმული: https://freedomhouse.org/report/freedom-world/2019/georgia)

ამ გარემოებებმა, შესაძლოა, ხაზარაძის ოპონენტებს უბიძგოს, რომ ეჭვქვეშ დააყენონ ახალი პარტიის შექმნის ნამდვილი მოტივები და ისე წარმოაჩინონ მისი პოლიტიკური კარიერა, როგორც ბიზნეს ინტერესების დაცვა ან პირადი უსაფრთხოების მიღწევის მცდელობა. მართლაც, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებმა უკვე განაცხადეს ხაზარაძის პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით, რომ „პოლიტიკური პარტია ინდულგენცია არ არის“.  ასე რომ, მამუკა ხაზარაძეს, სავარაუდოდ, მოუწევს ბევრ ისეთ კითხვასთან გამკლავება, რომელიც ეხება მის პოლიტიკურ პასიურობას წარსულში და პარტიის შექმნის რეალურ მოტივაციას დღეს.

ახლადშექმნილი მოძრაობისთვის არანაკლებ თვალშისაცემ დაბრკოლებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მამუკა ხაზარაძე ბანკირია, რაც ვერ ჩაითვლება პოლიტიკური კარიერისთვის ხელსაყრელ ფაქტორებს შორის ისეთ ქვეყანაში, სადაც მწვავედ დგას სიღარიბისა და ჭარბვალიანობის პრობლემები. მართლაც, თუ დავაკვირდებით უკანასკნელი რამდენიმე წლის დინამიკას, საქართველოს მოსახლეობაში ბანკების მიმართ უნდობლობა მზარდია (იხილეთ დიაგრამა 2). ხაზარაძის პერსონა კი გადაჯაჭვულია საბანკო სექტორთან, რაც, შესაძლოა, თავდასხმებისთვის ნოყიერი ნიადაგი აღმოჩნდეს ახალგაზრდა, სოციალურ პრობლემებზე ფოკუსირებული მემარცხენე აქტივისტებისთვის და, ასევე,  იმ ტიპის პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ცდილობენ, საზოგადოების დიდი ნაწილის სავალალო ეკონომიკური მდგომარეობა პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ. საბანკო სექტორი, თითქმის, მთელი პოლიტიკური ელიტის თავდასხმის ობიექტი იყო 2018 წლის განმავლობაში. მაგალითად, მიხეილ სააკაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა ბანკები და ბრალი დასდო „ანტიქართულ“ საქმიანობაში. ასევე, სწორედ საბანკო ვალები დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა სიღარიბის გამომწვევ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ კი, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის ფონდი 600,000-ზე მეტ ადამიანს დაუფარავდა ვალს.  თუმცა, ამასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ვალების ჩამოწერის ტვირთი ძირითადად კომერციულმა ბანკებმა აიღეს და არა რომელიმე ფონდმა. ასე რომ, ხაზარაძეს მოუწევს, გარკვეულწილად, დააბალანსოს ბანკებისა და ბანკირების მიმართ არსებული უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პოლიტიკური ოპონენტები ამ მდგომარეობას მისივე დისკრედიტაციისთვის გამოიყენებენ.

დიაგრამა 2 – მზარდი უნდობლობა ბანკების მიმართ საქართველოშიწყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, მონაცემთა ბაზა:  „Caucasus Barometer time-series dataset

რატომ არის ხაზარაძე ხელსაყრელ პოზიციაში?

ზემოაღნიშნული დაბრკოლებების მიუხედავად, გარკვეული გარემოებები მიუთითებს მამუკა ხაზარაძის შესაძლო უპირატესობაზე იმ პოლიტიკურ ძალებთან შედარებით, რომლებმაც უკვე სცადეს საქართველოს ორპოლუსიან პოლიტიკურ სპექტრში თავის დამკვიდრება. ამ კუთხით, პარალელის გავლება პაატა ბურჭულაძესთან და მის მიერ დაფუძნებულ პარტიასთან (სახელმწიფო ხალხისთვის) შეიძლება, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩაერთო პოლიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა მეტნაკლებად პოპულარული იყო 2016 წლის გაზაფხულზე, იმავე წლის ოქტომბერში გამართულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მისმა პარტიამ ვერ შეძლო წარმომადგენლობის მოპოვება პარლამენტში და ვერც რაიმე ძირეული გარდატეხა შეიტანა პოლიტიკურ ველზე. გარკვეული მსგავსებების მიუხედავად, ხაზარაძე ბურჭულაძისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ამ კუთხით, აღსანიშნავია სამი ფაქტორი: ხაზარაძის იმიჯი, როგორც ადამიანის, რომელმაც შეძლო წარმატებული ბიზნეს კარიერის შექმნა საკმაოდ არასტაბილურ გარემოში; მისი გაცხადებული პოზიცია, რომ არ აპირებს მოერგოს ორპოლუსიან პოლიტიკას; და საზოგადოებაში არსებული მზარდი უკმაყოფილება საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით.

აქტიურ პოლიტიკაში გამოცდილების ნაკლებობის მიუხედავად, ბურჭულაძე და ხაზარაძე საკმაოდ ცნობილი ადამიანები არიან როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ, რაც ხელშემწყობ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ პოლიტიკაში, რადგან ცნობადობის ასამაღლებლად დიდი ძალისხმევის გაწევა აღარ არის საჭირო და მედიაც აქტიურად იჩენს ინტერესს. ასევე, ორივეს შეუძლია ფინანსური რესურსის მობილიზება. 2016 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში პაატა ბურჭულაძის პარტიაზე მეტი მხოლოდ ქართულმა ოცნებამ დახარჯა. ასევე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მამუკა ხაზარაძემ ვერ შეძლოს ფინანსური რესურსის თავმოყრა პოლიტიკური ორგანიზაციისათვის. თუმცა, ვერც ბურჭულაძისა და ვერც ხაზარაძის ფინანსური შესაძლებლობები ვერ შეედრება ქართული ოცნების ფინანსურ მდგრადობას; ბურჭულაძის პარტიას გარკვეული ფინანსური პრობლემები გაუჩნდა 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ფაზის დროს. რაც შეეხება ხაზარაძეს, საქართველოს პროკურატურამ არც ისე დიდი ხნის წინ, მისი აქტივები გაყინა, რამაც, შესაძლოა, გაართულოს მისი მდგომარეობა. ქართულ რეალობაში ფული მნიშვნელოვანია და ძალიან რთული იქნება პოლიტიკაში წარმატების მიღწევა ფინანსური მდგრადობის გარეშე.

მეორე მხრივ, ისინი საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან: პაატა ბურჭულაძე ცნობილი ოპერის მომღერალი და ქველმოქმედია, ხოლო მამუკა ხაზარაძე, ძირითადად, საბანკო სექტორთან ასოცირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბანკთან მჭიდრო კავშირმა, შესაძლოა, მას ხელი შეუშალოს პოლიტიკურ წარმატებაში, ზოგიერთი ამომრჩევლისთვის მამუკა ხაზარაძე წარმოადგენს ადამიანს, რომელმაც 90-იანი წლების საქართველოს არასტაბილურ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოში საკმაოდ წარმატებული საბანკო სტრუქტურის შექმნა მოახერხა.

ასევე, მართალია, ხაზარაძის კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ, ჯერჯერობით, ბევრი რამ არ არის ცნობილი, თუმცა, სავარაუდოდ, მისი და ბურჭულაძის სტრატეგიები სხვა ძალებთან თანამშრომლობის შესახებ განსხვავებული იქნება. მაშინ, როდესაც მამუკა ხაზარაძემ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ აპირებს არც მიხეილ სააკაშვილთან, არც ბიძინა ივანიშვილთან და არც მათთან ასოცირებულ ძალებთან თანამშრომლობას, ბურჭულაძე, გარკვეულწილად, გადაიხარა საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის ერთ-ერთი პოლუსისკენ: 2016 წელს, მისი პარტია ისეთ ძალებთან გაერთიანდა, რომლებიც მანამდე ნაციონალურ მოძრაობასთან იყვნენ დაკავშირებულნი, ხოლო ამჟამად, ეს პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად არის კოალიციაში. ხაზარაძე კი ორივე პოლუსის მხრიდან თავდასხმის ობიექტია, რაც მაღალი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე სავსებით მოსალოდნელია. ასევე, ხაზარაძის განცხადების მიხედვით, მის მომავალ პარტიაში არ იქნებიან ცნობილი პოლიტიკოსები, რაც, შესაძლოა, გონივრულ ნაბიჯს წარმოადგენდეს პოლიტიკოსებისადმი მოსახლეობის უარყოფითი დამოკიდებულებებიდან გამომდინარე. თუმცა, მეორე მხრივ, ამ ნაბიჯს გააჩნია უარყოფითი მხარეც, რადგან, შესაძლოა, საკმაოდ რთული აღმოჩნდეს გუნდის იმგვარი ადამიანებით დაკომპლექტება, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილებაც გააჩნიათ პოლიტიკურ საქმიანობაში და იმავდროულად „სუფთა“ პოლიტიკური წარსულიც აქვთ. აქედან გამომდინარე, შეიძლება, ითქვას, რომ ხაზარაძის სასტარტო პოზიცია შედარებით უკეთესია, ვიდრე მისი წინამორბედების და, ამასთან, მას შეუძლია, მათი გამცდილება გაკვეთილად გამოიყენოს.

დიაგრამა 3 – როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო?
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, მონაცემები: „NDI: Public attitudes in Georgia“.

საბოლოოდ, საერთო კონტექსტი 2019 წელს უფრო მეტად ხელსაყრელი ჩანს ახალი პოლიტიკური ძალისთვის, ვიდრე ეს იყო მაშინ, როდესაც ბურჭულაძემ გადაწყვიტა პოლიტიკაში შემოსვლა. დღეს უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, ვიდრე 2016 წელს (იხილეთ დიაგრამა 3). მეტიც, 2016 წლიდან მოყოლებული მზარდია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც ვერანაირ საერთოს ვერ ხედავს ვერცერთ არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან (იხილეთ დიაგრამა 4). აქედან გამომდინარე, მამუკა ხაზარაძის მოძრაობას უფრო მეტი შანსი აქვს მოიპოვოს ამომრჩეველთა მხარდაჭერა და გარდატეხა შეიტანოს არსებულ პოლიტიკურ წესრიგში. საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებასთან ერთად, იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც საერთოს ვერ პოულობს არსებულ პოლიტიკურ პარტიებთან. ეს, შესაძლოა, მიანიშნებდეს იმაზე, რომ ამომრჩეველთა მზარდი უკმაყოფილება არ აისახება არსებული ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაში, რაც ახალი პოლიტიკური აქტორის წარმატების შანსებს ზრდის.

დიაგრამა 4 – პარტიული მიკუთვნებულობა 2016 წლიდან
წყარო: კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი, მონაცემები: „NDI: Public attitudes in Georgia“.
შენიშვნა: „რომელიმე პარტია“ ნიშნავს, რომ რესპონდენტმა დაასახელა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია, როგორც მასთან ყველაზე ახლოს მდგომი.

დასკვნა

ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ორპოლუსიან პოლიტიკურ დაპირისპირებაში გარდატეხის შესატანად მამუკა ხაზარაძის მოძრაობას უკეთესი სასტარტო პოზიცია აქვს, ვიდრე იმ ძალებს, რომლებმაც ადრე სცადეს იმავეს გაკეთება. მას აქვს ფინანსური რესურსი, რაც ქართულ პოლიტიკაში წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. მას ასევე გააჩნია წარმატებული და ეფექტიანი სტრუქტურის შექმნის გამოცდილება (თიბისი ბანკი), რამაც, შესაძლოა, ხელი შეუწყოს გამართული პოლიტიკური ორგანიზაციის მშენებლობას, განსაკუთრებით, რეგიონებში. ასევე, იგი საჯაროდ აცხადებს, რომ არ გადაიხრება არცერთი პოლიტიკური პოლუსისკენ (ქართული ოცნება/ნაციონალური მოძრაობა), რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ მისი პოლიტიკური პარტია არსებული ორპოლუსიანი სტრუქტურისთვის რეალური გამოწვევა იქნება. 

გარდა ამისა, არსებობს გარკვეული სტრუქტურული გარემოებები, რომელიც კიდევ უფრო ხელსაყრელ პირობებს ქმნის ხაზარაძის პოლიტიკური გეგმების განსახორციელებლად. მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, რომელსაც მხოლოდ ბუნებრივი ბარიერი ექნება. არსებულ შერეულ სისტემასთან შედარებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ზრდის ნებისმიერი პარტიის წარმატების შანსებს, რომელსაც არსებულ ორპოლუსიან სისტემაში გარდატეხის შეტანა სურს. ასევე, მზარდია მოსახლეობის სკეპტიკური განწყობები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და არსებული პოლიტიკური პარტიებისადმი გაუცხოება. ამ გარემოებების ფონზე კი შედარებით მაღალია მამუკა ხაზარაძისა და მისი პოლიტიკური მოძრაობის შანსები, რათა ბიძგი მისცეს არსებული ორპოლუსიანი ლანდაშაფტის ცვლილებას და მოგვევლონოს, როგორც სოლიდური ალტერნატიული პოლუსი ქართულ პოლიტიკაში.

თუმცა, რთულია ხაზარაძის პოლიტიკური კარიერის შესაძლო განვითარებაზე გადაჭრით რამის თქმა. პოლიტიკა სავსეა არაპროგნოზირებადი სცენარებით. მან უნდა შეიმუშაოს გამოკვეთილი ერთიანი პოლიტიკური პლატფორმა, შემოიკრიბოს სანდო პარტნიორები და იპოვოს გზა, რომ დაძლიოს საქართველოს მოსახლეობის უარყოფითი სენტიმენტები ბანკებისა და ბანკირების მიმართ. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც დაკომპლექტებული იქნება „სუფთა“ პოლიტიკური წარსულის მქონე და ამავე დროს გამოცდილი ადამიანებით. ასევე, საჭიროა წარმატებული წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება. ეს ყველაფერი კი, შესაძლოა, საკმაოდ რთულად შესასრულებელი აღმოჩნდეს. 


გივი სილაგაძე – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის უმცროსი ანალიტიკოსი 

, , , , , , , , , , , , , , , ,