02/05/2022 GIP

ევროკავშირი VS რუსეთი – საზოგადოებრივი განწყობების ანალიზი

ლელა ჯავახიშვილი – მომავალ ლიდერთა სკოლა (ELS) 2021/2022-ის ბლოგების კონკურსის გამარჯვებული

ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმებისა და კოორდინაციის შემდეგ, უკრაინის კვალდაკვალ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ევროინტეგრაცია ქვეყნის გააზრებული და დეკლარირებული არჩევანია, საზოგადოების ნაწილისთვის პრორუსული სენტიმენტები კვლავ აქტუალურია. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, საერთაშორისო გამოცემებში გაჟღერდა მოსაზრება, რომ „საქართველო პოლიტიკური კრიზისის წინაშე დგას და პრორუსული განწყობები იზრდება“. ქვეყანაში ფუნქციონირებენ ღიად პრორუსული  პარტიები და მედიასაშუალებები (მაგ. Alt-Info, რომელმაც პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააარსა; „პატრიოტთა ალიანსი“, ლევან ვასაძის „ერი“), რომლებიც გარდა რუსეთის მიმართ პოზიტიური განწყობების გაღვივებისა, რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენასაც ცდილობენ.

მაგალითისთვის, ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული მოვლენა, რომელიც სწორედ პრორუსული განწყობების მქონე პარტიას უკავშირდებოდა, „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განცხადებით მიმართვა გახდა. „აღდგეს დიალოგი, გამოვნახოთ საერთო“ – წერდა ირმა ინაშვილი, რომელიც მოსახლეობის იმ 10-15%-ს მიეკუთვნება, ვისაც პრორუსული სენტიმენტები ჯერ კიდევ შემორჩა. მალევე, ამ განცხადებას „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ რუსეთის ფედერაციის საბჭოში შეხვედრა გამართვა მოჰყვა. თებერვლიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ინტენსიურად იხსნება „ალტ-ინფოს“ პარტიის „კონსტიტუციური მოძრაობის“ ოფისები, რასაც ადგილობრივების ნაწილი პროტესტით ხვდება. პარტია რუსეთში სრული შემადგენლობით გამგზავრებასაც გეგმავდა, თუმცა, ვიზიტმა ერთი თვით გადაიწია.  მსგავსი აქტივობების გაშუქების შედეგად, ზოგჯერ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რელურად მოქალაქეების კრიტიკულ ნაწილს რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა და მასთან დაახლოება სურს. საკითხი კი უმეტესად ევროსკეპტიციზმისა და ევროვნული იდენტობის თემატიკის დონემდე დაიყვანება. საინტერესოა, თუ რას გვიჩვენებს კვლევები და სინამდვილეში როგორ იცვლება მოსახლეობის განწყობები ევროკავშირისა და რუსეთის მიმართ.

ევროკავშირისა და რუსეთის მიმართ მოსახლეობის განწყობის მაჩვენებლები

მაშინ, როდესაც, მედიაში პროდასავლურ და ანტიდასავლურ პარტიებს შორის მსჯელობა დასავლეთსა და ჩრდილოეთს შორის არჩევანის გაკეთებაზე მიმდინარეობს, საკითხი ანტიდასავლური პოლიტიკური ძალების მხრიდან იმგვარად ისმევა, თითქოს, საქართველოს  ასარჩევი არა რუსეთსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას შორის აქვს, არამედ, დილემა შემდეგნაირია, რომ მან უპირატესობა დაკარგულ ტერიტორიებს, ან ევროპასთან დაახლოებას უნდა მიანიჭოს. ცხადია, ამგვარი დილემა საზოგადოებრივ გამოკითხვებშიც აისახება და შედეგად, მედია ასკვნის, რომ მოსახლეობას, ნატოსა და ევროკავშირზე მეტად, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი უნდა.

ამ კუთხით არსებულ მონაცემებზე დაკვირვებით აშკარაა, რომ ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობების მაჩვენებლების ზრდას რუსეთისადმი პოზიტიური განწყობების დაღმავლობა ახლავს (იხ. გრაფიკი 1).  ცხადია, აზრები დროსთან ერთად იცვლებოდა და ამ ცვლილებას უმეტესად კონკრეტული ისტორიული მოვლენები განაპირობებდა. ასე, მაგალითად,  2009 წლიდან დღემდე, ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წელს დაფიქსირდა, რაც აგვისტოს ომის შემდგომი განწყობებით აიხსნება. ობიექტური მიზეზის გამო, მოსახლეობაში, რუსეთთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი სწორედ ამ დროს შემცირდა. თუ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად საქართველოს მოქალაქეების განწყობებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ  საზოგადოება კვლავ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის ერთგული რჩება. ეს კი უკრაინაში რუსეთის მხრიდან ძალის დემონსტირირების ფონზე, რაც წესით საქართველოს მოქალაქეებში შიშის რეალური საფუძვლის უნდა აჩენდეს.  ამ პირობებში, საზოგადოება კვლავ ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის ერთგული რჩება. უახლესი კვლევების თანახმად, მოსახლეობის ნახევარზე მეტი (58%) საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მხარს სრულად უჭერს. ხოლო, ამ ეტაპზე, წევრობის კანდიდატად გახდომას 61% ემხრობა. მეტიც, მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ საქართველო, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უნდა შეუერთდეს.

 

გრაფიკი 1. მოსახლეობის წარმოდგენა ევროკავშირზე

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში – დროითი მწკრივები

წყარო: https://caucasusbarometer.org

ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობების ინდიკატორებს ემატება პრაგმატული ფაქტორიც. კერძოდ, დახმარება რომელის მიღებაც ქვეყანას პარტნიორებისგან შეუძლია. კვლევები აჩვენებს, რომ კითხვაზე, თუ ყველაზე უკეთ ვის შეუძლია დაეხმაროს საქართველოს, რაც უფრო ნაკლებად სახელდება რუსეთი, მით მეტად იზრდება ევროკავშირის არჩევის სიხშირე (იხ. გრაფიკი 2).

 

გრაფიკი 2. ვის შეუძლია დაეხმაროს საქართველოს ყველაზე უკეთ

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში – დროითი მწკრივები

წყარო: https://caucasusbarometer.org

მოსახლეობის განწყობის მიზეზები

როგროც ჩანს, ის რომ 1992 წლიდან ევროკავშირი საქართველოსთვის ძირითადი დონორი ორგანიზაციაა, ეს მოსახლეობის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. კვლევები აჩვენებს, რომ მოქალაქეებისთვის, ევროინტეგრაციის სურვილს სწორედ მისგან მოსალოდნელი შესაძლო სარგებელი განაპირობებს. ეს ძირითადად უსაფრთხოების გაძლიერების სურვილითაა განპირობებული, რისი უზრუნველყოფაც ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარების ხარჯზე ხდება.  ამ ორის გაძლიერებაში კი ევროკავშირის როლი გადამწყვეტია.

მოსახლეობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ თუ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციას შეძლებს, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება გაიზრდება, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი მკვეთრად შემცირდება. იმის ფონზე, რომ რუსეთისგან მისაღები შესაძლო სიკეთეების შესახებ პრორუსული პარტიების, მედიებისა და დაჯგუფებებისგან კონკრეტული არაფერი ისმის (გარდა იმისა, რომ რუსეთთან კონფლიქტში აღარ ვიქნებით), ევროკავშირის მიმართ შედარებით ცხადი მოლოდინები მისით მეტად დაინტერესებაზე მიუთითებს.

მოსახლეობის აზრით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება უარყოფითად აისახება, ამ განწყობის მქონეთა რიცხვი 2015 წლიდან თითქმის 20%-ით გაიზარდა (იხ. გრაფიკი 3). მაშინ, როცა ევროკავშირის წევრობის ხელისშემშლელ ფაქტორად რუსეთი თითქმის არასდროს (2009-2021 წლებში) სახელდებოდა. ეს შეიძლება მიანიშნებდეს, რომ მოსახლეობის აზრით, ევროკავშირს, მასში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების სხვა, მესამე სახელმწიფოსთან ურთიერთობა დიდად არ აინტერესებს.

 

გრაფიკი 3.საქართველოს მჭიდრო პოლიტიკური თანამშრომლობა რუსეთთან

ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში – დროითი მწკრივები

წყარო: https://caucasusbarometer.org

 

მოსახლეობის განწყობის ცვლილების შესაძლო საფუძველი

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რუსეთს, საქართველოს მთავარ მეგობრად მოსახლეობის მხოლოდ 5-7% მიიჩნევს. რაც საზოგადოებრივი ნაწყობების საერთო სურათს მნიშვნელოვნად ვერ ცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხუთწლეულში რუსეთის, როგორც უალტერნატივო ძალის მხარდამჭერი განცხადებების რაოდენობა გაზრდილია, 5-7%-იანი მაჩვენებლის დაფიქსირება ნაკლებად მოსალოდნელი იყო. მიღებული მონაცემის (5-7%-იანი) ასახსნელად შეგვიძლია განვიხილოთ შიშის ინსტრუმენტალიზაციის ფაქტორი, რომელიც, მკვლევართა აზრით, რუსეთის პროვოცირებით გამოწვეული ომის განახლებაზე გადის. ცხადია, შიშით განწყობილი საზოგადოება, რუსეთს მთავარ მეგობარად ვეღარ აღიქვამს. ბოლო დროს, ამას უკრაინის ომის ფაქტორიც ემატება, რომელშიც, საქართველოს მოსახლეობა მთავარ პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას (43%) და მის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს (37%) აკისრებს (დანარჩენი 20 „აშშ“, „ვოლოდიმირ ზელენსკი; „ნატო“, „ევროკავშირი“, „უკრაინელი ავტორიტეტები“, „სხვა“, „არ ვიცი“, „უარი პასუხზე“ კატეგორიებში გადანაწილდა და მხოლოდ 1-3%-ს შორის მერყეობს).

თუ დროის პერსპექტივაში დავაკვირდებით, 2011-დან 2015 წლამდე ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობების დაღმავალი ტენდენცია შეინიშნებოდა. რაც, შესაძლოა იმით აიხსნას, რომ სახელმწიფომ, ამ პერიოდში, ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება დაიწყო (მაგ. ამოქმედდა მართლმსაჯულების სისტემის ინსტიტუციური რეფორმების „ტალღები“, ხელი მოეწერა და ძალაში შევიდა ასოცირების ხელშეკრულება, დაიწყო საჯარო მმართველობის რეფორმა და ა.შ). კერძოდ, ამ მონაკვეთში მტკივნეული რეფომების გატარება დაიწყო. პროცესი და მის გარშემო გამართული დებატებიც, რაც, ცხადია, მოსახლეობისთვის სასიამოვნო ვერ იქნებოდა (ახალი რეგულაციების მიღება და მათთან შეგუება, ევროკავშირის სავაჭრო სივრცის მაღალი სტანდარტის დაკმაყოფილება და ა.შ.).

ამ მხრივ, 2015 წლიდან მცირედ დადებითი ძვრები შეინიძნებოდა, ეს კი შეგვიძლია ევროკავშირიდან მიღებული ბენეფიტების ერთ-ერთ დამსახურებად მივიჩნიოთ. სწორედ 2015 წლის შემდეგ ძალაში შევიდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (2016 წ.), შენგენის ზონაში უვიზო გადაადგილების შესაძლებლობა (2017 წ.) და ა.შ. მიუხედავად ამ მხარდაჭერისა, ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობების მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმს (53%-ს) მაჩვენებელი ჯერ არ დაბრუნებია. 2021 წლის (ბოლო) მონაცემით, ამგვარი ევროკავშირისადმი დადებითი დამოკიდებულება 46%-ს აქვს. ამასთან, სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში, მის მიმართ ნდობა სტაბილურად 30-42%-ის ფარგლებში მერყეობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეების უდიდესი ნაწილის (83%) თქმით, საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს – მისაღებია.

დასკვნა 

მთლიანობაში, ყველაფერი ეს აჩვენებს, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური გეზი რეალურად ხალხის რაციონალური, სუვერენული არჩევანია და თავსმოხვეულია ყოველგვარი აზრი, რომ მოსახლეობას ქვეყნის ჩრდილოეთისკენ სვლა ან რუსეთთან  პარტნიორობა სურს.

მიუხედავად ანტიდასავლური განწყობების მქონე პარტიების აქტიურობისა, მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირის მიმართ დადებითი განწყობები საზოგადოებაში კვლავ მყარია. კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობისთვის,  საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება უარყოფითად აისახება, თუმცა, შეგვიძლია, აღნიშნული ისევ აქამდე ნახსენებ შიშის ინსტრუმენტალიზაციასთან დავაკავშიროთ და დავასკვნათ, რომ რუსეთის მიმართ “დადებითი განწყობებს” ომის განახლების შიში განაპირობებს, ხოლო ევროკავშირისადმი მზარდი პოზიტიური დამოკიდებულება პრაგმატული სარგებლის მოლოდინითაა ნაკარნახევი.

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში არსებული საომარი ვითარების მიუხედავად, ევროინტეგრაცია კვლავ მოქალაქეების უცვლელი არჩევანია. ხოლო, მათი სურვილი, რომ საქართველო, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს, დამაჯერებელ საფუძველს ქმნის დასკვნები პროევროპული გეზის სასარგებლოდ გამოვიტანოთ.

Photo Credit

, , , , , , ,