Author

28/02/2022 ბიძინა ლებანიძე

ევროპის გამოღვიძება

ფოტოზე: ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი 2022 წლის 25 თებერვალს ბრიუსელში, უკრაინის შესახებ ევროკავშირის სამიტის დატოვებისას.

ბიძინა ლებანიძე

რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალური პოლიტიკის თვალსაზრისით იმაზე დიდი რყევები გამოიწვია, ვიდრე ამას ბევრი მოელოდა. ომმა ფაქტობრივად რადიკალურად გარდაქმნა მთელი მსოფლიო წესრიგი, ჩამოშალა არსებული უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც ცივი ომის შემდეგ შეიქმნა და საფუძველი დაუდო ახალ ცივს ომს დასავლეთსა და რუსეთს შორის.

თუმცა ყველაზე დიდი ცვლილებები მაინც ევროპის კონტინენტზე ხდება. ზოგი ევროპელი მკვლევარი მიიჩნევს რომ, ომმა საფუძველი დაუდო ევროკავშირის რადიკალურ გარდაქმნას და მის ძლიერ გეოპოლიტიკურ აქტორად ჩამოყალიბებას. ამ პროცესს კი ნაწილობრივ ბიძგი მისცა რევოლუციურმა ცვლილებებმა გერმანიაში, რომელიც ევროკავშირის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და საფრანგეთთან ერთად მის მოტორად ითვლება.

რა მოხდა გერმანიაში? გერმანია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე იყო ევროპაში და მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პაციფისტური და ანტი-მილიტარისტული ქვეყანა, რუსეთთან განსაკუთრებული ურთიერთობებით, რომელიც ტრადიციას შორეულ 60იან წლებში იღებდა (ე.წ. ოსტპოლიტიკ). გერმანიის რუსეთთან, და ზოგადად ავტორიტარულ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობა ეფუძნებოდა ლოგიკას, რომ მჭიდრო სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობები ხელს უწყობს ქვეყნებს შორის მშვიდობას და თანამშრომლობას, და ამცირებს ომის სურვილს. ამას ცივი ომის დასრულების შემდეგ სხვა ფაქტორებიც დაემატა, რამაც კიდევ უფრო განამტკიცა რუსულ-გერმანული ურთიერთობები: გერმანიის მადლიერება რუსეთისადმი (სსრკ-დმი) გერმანიის მშვიდობიანი გაერთიანების გამო, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება, და რუსეთის და გერმანიის პოლიტიკურ ელიტებს შორის მჭიდრო ეკონომიკურ-პოლიტიკური კავშირების გაბმა, რომლის საუკეთესო მაგალითაცაა გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრიოდერი. გერმანიის კიდევ ერთი ხანგრძლივი ტრადიცია იყო, კონფლიქტურ რეგიონებში იარაღის არმიწოდება იმ ლოგიკით რომ, იგი ხელს შეუშლიდა კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას. ბერლინს ასევე ახასიათებდა თავშეკავებული სამხედრო პოლიტიკა, რაც აშშ-სა და გერმანიას შორის მუდმივი კონფლიქტის მიზეზი იყო, იმის გამო რომ, გერმანია პრაქტიკულად უარს ამბობდა ნატოში მიღწეული შეთანხმების მიხედვით სამხედრო ბიუჯეტის მშპ-ს 2%-დე გაზრდაზე.

თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა ერთი ხელის მოსმით ყველაფერი რადიკალურად შეცვალა. 2022 წლის 28 თებერვალს გამართულ ბუნდესტაგის საგანგებო სხდომაზე გერმანიის ახლადარჩეულმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ფაქტობრივად უარი თქვა გერმანული საგარეო პოლიტიკის ყველა ზემოჩამოთვლილ ტრადიციაზე, და რევოლუციური გარდაქმნები დააანონსა:

  • რუსეთი გერმანიის მჭიდრო პარტნიორიდან ფაქტობრივად გარდაიქმნა მთავარ საფრთხედ და გეოპოლიტიკურ მეტოქედ, რომელსაც დასუსტება სჭირდება, პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის გზით.
  • მოიხსნა ტაბუ კონფლიქტურ რეგიონებში იარაღის მიწოდებაზე; შედეგად ბერლინი უკვე დაჰპირდა უკრაინას ათას ტანსაწინააღმდეგო რაკეტას და ხუთას სტინგერს;
  • მოიხსნა ტაბუ ასევე შეზღუდულ სამხედრო პოლიტიკაზე: გერმანიის შეიარაღებული ძალების ფორმაში მოსაყვანად ერთჯერადად გამოიყო ასი მილიარდი ევრო, ხოლო წლიური სამხედრო ბიუჯეტი 2%-ზე მეტი იქნება, რაც გერმანიას ევროკავშირის ყველაზე დიდ სამხედრობიუჯეტიან ქვეყნად აქცევს;
  • ეროვნული უსაფრთხოების ამოცანად დაისახა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებისგან გათავისუფლება, რისთვისაც აშენდება თხევადი გაზის მიმღები ტერმინალები და დაჩქარდება განახლებად ენერგიაზე გადასვლის პროცესი; ასევე გერმანიის მთავრობა განიხილავს ატომური ელეტროსადგურების ვადის გახანგრძლივების პერსპექტივას.
  • ამ მიზნების მისაღწევად გერმანია მზადაა გაუძლოს სანქციების შედეგად მიყენებულ კოლატერალურ ზიანს, რაც „თავისუფლების ფასია“ რუსეთის გავლენისგან გასათავისუფლებლად. აქ იგულისხმება ის, რომ გერმანია, როგორც რუსეთზე ენერგოდამოკიდებული და მჭიდრო ეკონომიკური კავშირების მქონე ქვეყანა სანქციების შედეგად დასავლეთში ალბათ ყველაზე მეტად დაზარალდება.

აღნიშნულ რევოლუციურ გარდაქმნებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის ის ფაქტი, რომ რეფორმების ეს პაკეტი მიღებული იქნა სამ-პარტიული კოალიციის მიერ, რომლიდანაც ორი პარტია – სოციალ-დემოკრატები და მწვანეები, მემარცხენეა და ღრმა პაციფისტური და ანტიმილიტარისტული ტრადიციებით გამოირჩევიან. თავად ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი  სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია. მან გუშინდელი ისტორიული გამოსვლით საკუთარი პარტიისვე ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ყველა საგარეო პოლიტიკური პრინციპი კარდინალურად გარდაქმნა და ამ მხრივ უკვე დაიმკვიდრა თავი მინიმუმ გერმანიის პოლიტიკურ ისტორიაში. გარდაქმნებს მხარი დაუჭირა ასევე მთავარმა ოპოზიციურმა ფრაქციამ – ქრისტიან დემოკრატიულმა კავშირმა.

რა დგას ასეთი სწრაფი გარდაქმნების მიღმა? მთავარი ფაქტორი რათქმაუნდა რუსეთის უკრაინაში უმიზეზოდ და უცერემონიოდ შეჭრა იყო, რამაც თავზარი დასცა ევროპულ ქვეყნებს. ეს არის პირველი მსგავსი მასშტაბის ომი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თუმცა გერმანიაში რუსეთისგან გაუცხოების პროცესი უფრო ადრე – 2014 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიები დაიკავა. ხოლო ახლანდელი ომი იყო აღნიშნული პროცესის კულმინაცია და ამასთანავე ძლიერი იმედგაცრუება და გააზრება იმისა, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად, რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმთან მშვიდობიანი თანაარსებობა გამორიცხულია.

გერმანიის რადიკალური გარდაქმნა აისახა ევროკავშირის და მისი ცალკეული წევრების  პოლიტიკაზეც, რაც ლოგიკურია ვინაიდან გერმანია ევროკავშირის ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი და პოლიტიკურად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოა. მაგალითად, შვედეთმა, რომელიც გერმანიის მსგავსად პაციფისტური და თან ამასთან ნეიტრალური ქვეყანაა, ასევე დაარღვია ტაბუ და დიდი რაოდენობით ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები და სხვა შეიარაღება გაუგზავნა უკრაინას.

კონფლიქტურ რეგიონებში იარაღის არმიწოდების შესახებ ასევე ტრადიციას გადაუხვია  თვით ევროკავშირმაც და უკრაინას დიდი რაოდენობით სამხედრო დახმარებას მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავებს შეჰპირდა. ევროკავშირის მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მასშტაბურობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა და სავარაუდოდ შედეგებს უფრო მალე გამოიღებს, ვიდრე ამას ბევრი ვარაუდობდა. მაშინ როდესაც ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს ცხადია მეტი ეფექტი ექნება, სიმბოლურად ასევე მნიშვნელოვანი პერსონალური სანქციები პუტინის და ლავროვის წინააღმდეგ რაც მიანიშნებს რომ, სანამ რუსეთში ხელისუფლება არ შეიცვლება, სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილი ძალაში დარჩება და დასავლეთს და რუსეთს შორის ურთიერთობა არ დალაგდება. ასევე მთლიანობაში შეიცვალა რუსეთთან დამოკიდებულების დისკურსიც: თავშევაკებითა და პოლიტკორექტულობით ცნობილი ევროკავშირის ლიდერები დღეს უჩვეულოდ მკვახე განცხადებებს აკეთებენ ვლადიმერ პუტინის და მისი ხელისუფლების მიმართ.

დღეს მიმდინარე ფუნდამენტური ცვლილებები საქართველოსთვის, როგორც ახალი ცივი ომის ფრონტის ხაზზე მყოფი ქვეყნისთვის, ეგზისტენციალური მნიშვენლობისაა და მოიცავს როგორც საფრთხეებს, ისე შესაძლებლობლებს. ერთის მხრივ საქართველოს მოეთხოვება სიფრთხილე, რომ არ მოხდეს კონფლიქტის საქართველოში გადმოდინება და რუსეთ-საქართველოს შორის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის განახლება.

მეორეს მხრივ, დღეს შეცვლილი გარემო თბილისისთვის არის შანსი, განამტკიცოს თავისი მედეგობა და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ სამყაროს. მაშინ როდესაც ნატოში გაწევრების მომავალი კვლავ გაუგებარია, იმისდა მიუხედავად თუ როგორ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი, სავარაუდოდ დღის წესრიგში დადგება უკრაინის (და მოლდოვის) ევროკავშირში გაწევრება. ამ მომენტისთვის საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება, რომ საქართველო არ ჩაესხსნას უკრაინას და პირიქით კიდევ უფრო გააქტიუროს მაგალითად „ასოცირების ტრიოს“ ფორმატის ლობირება როგორც კიევთან ისე ბრიუსელში.

ამასთან, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, სავარაუდოდ მოიხსნება ასევე სხვა მთელი რიგი ტაბუები ევროკავშირის მიდგომებში შავი ზღვის რეგიონის მიმართ, მათ შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში. ამ მხრივ, თბილისის მთავარი ამოცანა იქნება, გააქტიუროს თანამშრომლობა გერმანიასთან და ევროკავშირთან უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, მაგალითად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფუნქციების გაფართოების ან თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით.

, , , , , , ,