თამარ ჭუმბურიძე
თანამედროვე სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, იხელმძღვანელოს დემოკრატიული პრინციპებით. ქვეყნის ხელისუფლებამ, რომელსაც აქვს პრეტენზია ჰქონდეს დემოკრატიული სახელმწიფო, მაქსიმალურად უნდა უზრუნველყოს დემოკრატიული მმართველობის სტანდარტის განხორციელება. ქვეყნის დემოკრატიულობას სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია სახელმწიფოს მართვაში გენდერული ბალანსის არსებობა და ქალთა აქტიური ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში. 2014 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით, ქვეყნის ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ უზრუნველყოფდა გენდერულ თანასწორობას პოლიტიკურ ასპარეზზე და ქალებსა და კაცებს ექნებოდათ თანაბარი შესაძლებლობა, აქტიურად ჩართულიყვნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასევე საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო აღიარებს იმ ფაქტს, რომ ქვეყნის მოსახლეობას აქვს თანასწორი უფლებები და თანაბარი შესაძლებლობები. თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოში მნიშვნელოვნად დაბალია ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში და მნიშვნელოვანია სწორი აქცენტების დასმა, თუ საიდან მომდინარეობს მსგავსი დისბალანსი და არათანაბარი წარმომადგენლობა. ასევე აუცილებელია მსჯელობა, აქვს თუ არა თანაბარი შესაძლებლობა კაცებსა და ქალებს იყვნენ აქტიურად ჩართულნი პოლიტიკაში.
საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები
დღეის მდგომარეობით, საქართველოს საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგებული აქვს ყველა ის საკითხი, რომელიც შეეხება გენდერული თანასწორობის სფეროს და ფაქტობრივად თანაბარ პირობებში ამყოფებს ქალებსა და კაცებს, თუმცა, რამდენად ხდება ამის პრაქტიკაში დანერგვა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საყურადღებო ფაქტია, რომ საქართველო იმ საერთაშორისო კონვენციების წევრია, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ გენდერულ თანასწორობის პრინციპს. საერთაშორისო კონვენციების წევრობა სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს ისეთი სამთავრობო პოლიტიკის შექმნა და იმპლემენტაცია, სადაც დაცული იქნება კაცისა და ქალის თანასწორობა. ქვეყანა ვალდებულია, შეიმუშაოს შესაბამისი მეთოდოლოგიები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ და ცენტრალურ სამთავრობო უწყებებს თანამშრომლობასა და კოორდინაციაში. კონვენციების მოწოდებაა, რომ ქალები წარმოდგენილები იყვნენ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, მათ შორის, პარლამენტში. ასევე, რეკომენდირებულია სახელმწიფოს მხრიდან სავალდებულო კვოტირების მექანიზმების შემუშავება. შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო კონვენციებზე ხელის მოწერა ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მისაღწევად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სახელმწიფოს პრიორიტეტს არ წარმოადგენს გაატაროს ის ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ამ საკითხის მნიშვნელოვან კომპონენტად აღქმა მას სჭირდება პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის განვითარებისა და დემოკრატიული პრინციპების გატარების საჩვენებლად. თუმცა, ერთი საკითხია საგარეო პოლიტიკის სწორად განსაზღვრა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინება, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნისა და ქვეყნის სახელისათვის. ხოლო მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის შიდა პოლიტიკის შექმნა, ქვეყნისთვის დემოკრატიის უპირატესობების განსაზღვრა და ქალებისა და კაცებისთვის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა.
ადგილობრივი საკანონმდებლო ჩარჩო და აქტიური ქალი პოლიტიკოსები
როდესაც საუბარია საერთაშორისო ხელშკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებზე, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ადგილობრივ საკანონმდებლო ჩარჩოზე და გაირკვეს, რამდენად პასუხობს ის საერთაშორისო ასპარეზზე არსებულ გამოწვევებს. საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში ცდილობს გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტების ასამაღლებლად და შეასრულოს ის ნაკისრი ვალდებულებები, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებებით აქვს აღებული. აღნიშნული ნაბიჯები საქართველოს დაეხმარება შექმნას ცივილიზებული სახელმწიფოებრივი ვექტორი. შესაძლოა ითქვას, რომ ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო გარკვეულწილად პასუხობს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე აღებულ ვალდებულებებს, თუმცა მნიშვნელოვანია, ცვლილებების ფაზა შენარჩუნდეს პოზიტიური დინამიკით და ქვეყანამ შეძლოს დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი გენდერულად სენსიტიური პოლიტიკის შემუშავება იქნება.
ისეთ საზოგადოებაში სადაც ქალები ცხოვრობენ უთანასწორო გარემოში მეტი ალბათობაა, რომ ქალები საარჩევნო პროცესში არათანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქალების პოლიტიკაში ყოფნა არ არის მხოლოდ „ახირება“, არამედ აუცილებელია ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის. ქალების მონაწილეობას ქვეყნის მმართველობის პროცესში მოაქვს გარკვეული ბენეფიტები. პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდა გააუმჯობესებს ქალების მდგომარეობას, რადგან ისინი უკეთ გაუწევენ ქალების საჭიროებების ადვოკატირებას საკანონმდებლო სივრცესა თუ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. მათი ჩართულობა გამოიწვევს ქალების უფლებების უკეთ დაცვას. გაუმჯობესდება ქვეყნის ჯანდაცვის, ეკონომიკისა და განათლების სისტემა. ასევე ქალები პოზიტიურ როლს თამაშობენ მშვიდობის დამყარების პროცესში. შესაბამისად, საქართველოს რეალობისთვის, როდესაც ქვეყანას აქვს კონფლიქტური რეგიონები, მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობა საერთო მდგომარეობის დასტაბილურებისთვის.
საქართველოს პარლამენტში ქალი დეპუტატები საკმაოდ აქტიური ჩართულობითა და ინიციატივებით გამოირჩევიან. შეიძლება გამოიყოს ის რამოდენიმე კანონპროექტი, რომელთა ინიცირება მოხდა ქალი დეპუტატების მიერ: „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, „სოციალური მუშაობის შესახებ კანონი“, „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ კანონი“. ქალი დეპუტატების ინიციატივით განხორციელდა ცვლილებები კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსი, კვოტირების საკითხთან მიმართებით. ასევე მათივე აქტიურობით მიმდინარეობდა მუშაობა მართლმსაჯულების რეფორმაზე, სკოლამდელ დაწესებულებებსა და საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებაზე.
ათი მოწვევის პარლამენტის ქალთა წარმომადგენლობის ანალიზი
იმისათვის, რომ დღეისთვის რეალურად შეფასდეს საქართველოში ქალთა პოლიტიკური ჩართულობისა და პარლამენტის გენდერულად სენსიტიურობის საკითხის დინამიკა, მნიშვნელოვანია გადავხედოთ ათივე მოწვევის პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობას. ვნახავთ, რომ შეინიშნება ქალთა მონაწილეობის გაზრდა, თუმცა, დღეს არსებული მონაცემებით ქალთა ჩართულობა მაინც არ წარმოადგენს „ კრიტიკულ მასას“, რომელიც მსოფლიოში განისაზღვრება 30%-იანი წარმომადგენლობით.
არსებული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ქალი დეპუტატების როგორც რაოდენობრივი, ისე პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა ქვეყანაში დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე. თუმცა როდესაც გადავხედავთ სტატისტიკას ქვეყანაში სქესთა გადანაწილების კუთხით, გვაქვს შესაძლებლობა ითქვას, რომ აღნიშნული მიმართულებით არ მოხდა ძირეული გარდატეხა. ქვეყანაში სადაც ქალების რაოდენობა კაცების რაოდენობაზე მეტია, 19,5 %-იანი წარმომადგენლობა პარლამენტში არ შეესაბამება დემოკრატიული სახელმწიფოს ძირეულ პრინციპებს და არ გვაძლევს შესაძლებლობას ითქვას, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია ქალთა და კაცთა თანაბარი პოლიტიკური მონაწილეობა. მაშინ როდესაც, საერთაშორისო და ადგილობრივი საკანონმდებლო ჩარჩო, თეორიულად საუბრობს ქალებისა და კაცების თანასწორობაზე, როგორც საზოგადოებრივ ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია დასახელდეს პოლიტიკოსი ქალები რომლებიც აქტიურად არინ ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში და გამოირჩევიან მაღალი აქტიურობითა და ინიციატივებით, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკაში მოხვედრამდე არსებობს გარკვეული სახის ბარიერები გენდერული ნიშნით. აღნიშნული ბარიერები გარკვეულ წილად შესაძლოა გაიგივდეს კულტურულ ბარიერებთან, ასევე თავად საზოგადოების დამოკიდებულებასთან, რომლებსაც აქვთ ნაკლები ნდობა ქალი პოლიტიკოსების მიმართ და მათ აიგივებს ოჯახურ გარემოსთან. აღნიშნულს იწვევს ის ფაქტორი, რომ პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში ორიენტირებული და გაიგივებულია მამაკაცებთან. მაშინ როდესაც ქვეყანა გეგმავს ევროკავშირში გაწევრიანებას, მნიშვნელოვანია წინა პლანზე წამოწიოს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები, რითაც შეძლებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის გაზრდას. მნიშვნელოვანია მომავალში სხვადასხვა აქტორების ჩართულობით გადაიდგას პოზიტიური ნაბიჯები, საერთო კეთილდღეობის მისაღწევად. მსოფლიოს მასშტაბით არსებობს არაერთი მაგალითი, მსგავსი ბარიერების მოხსნასთან დაკავშირებით. თურქეთში, სახელმწიფო უწყებებში, გენდერული ბალანსის ხელშესაწყობად ხშირად ტარდება ინოვაციური, ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული კამპანიები. დანიასა და შოტლანდიაში შეიმუშავეს სპეციალური სამუშაო პირობები პარლამენტარი ქალებისთვის. შვედეთში ქალთა ორგანიზაციების ინიციატივით შედგენილია ბაზა, რომელიც ასახავს პოტენციური ქალი კანდიდატების ინფორმაციას. აღნიშნული მონაცემები ხელმისაწვდომია პარტიებისთვის და მათ აქვთ შესაძლებლობა ჩართონ პარტიულ სიაში მითითებული ქალები. რაც შეეხება ბრიტანეთს, ლეიბორისტული პარტიის ინიციატივით, მოქმედებს მოკლევადიანი პოლიტიკა „ყველა ქალის სია“. პარლამენტის მოქმედი დეპუტატის მიერ მანდატის დატოვების შემთხვევაში (ქალი – კაცი), პარტია კანდიდატს არჩევს ქალების სიიდან. მსგავსი ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე მიუთითებს ასევე საქართველოს რეიტინგი საერთაშორისო ორგანიზაცია IPU-ს ანგარიშში. საქართველო 193 ქვეყანას შორის, ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობის საკითხთან მიმართებით 120-ე ადგილს იკავებს, რაც რაღა თქმა უნდა კრიტიკულ შეფასებას იმსახურებს.
როდესაც განვიხილავთ დემოკრატიული სახელმწიფოს პრობლემებს, მნიშვნელოვანია ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ესმოდეს თუ რა მნიშვნელობა აქვს აქტიურ ქალს პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, თუ რა ძირეული ცვლილებების მოხდენას შეძლებს აღნიშნული ძალა მმართველ პოზიციებზე. ასევე სახელმწიფომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც ხელს შეუწყობენ გენდერული თანასწორობის განვითარებას და თავად ქალების დაინტერესებას პოლიტიკის საკითხებში აქტიურ ჩართვასთან დაკავშირებით. მეტი ქალის არსებობა პოლიტიკაში გაზრდის საკანონმდებლო ინიციატივების გენდერული მგრძნობელობას, მსგავსი ცვლილებების ვექტორი საქართველოსთვის იქნება შანსი, გაამყაროს მისი სწრაფვა, გახდეს დემოკრატიული სახელმწიფო. ასევე ჰქონდეს შესაძლებლობა, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს საერთაშორისო თანამეგობრობაში.