ბიძინა ლებანიძე
საქართველო პოსტ-საბჭოთა სივრცეში ყველაზე პროდასავლურ ქვეყნად აღიქმება, თუმცა მოსახლეობისა და პოლიტიკური სპექტრის პროდასავლური განწყობა ხშირად არ ისახება დასავლური ღირებულელების მიმღებლობის ხარისხში.
ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ნაკლებად ტოლერანტულია დასავლური ღირებულებების გარკვეული კატეგორიის მიმართ, რაც ძალიან ურთულებს საქმეს პროდასავლურ ლიბერალურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადობის წარმომადგენლებს. საზოგადოებრივი მიუღებლობა განსაკუთრებით ეხება იდენტობას პოლიტიკასთან ასოცირებულ ღირებულებებს. თუმცა აღსანიშნავია რომ, თვით დასავლეთშიც იდენტობის პოლიტიკა ხშირად კრიტიკული დისკუსიის საგანია და მის მოცულობაზე და რეალიზაციის მეთოდებზე დღემდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა მემარცხენე და მემარჯვენე ბანაკებს შორის. მეტიც იდენტობის პოლიტიკის არასწორ წარმართვას ხშირად აკავშირებენ დასავლეთში მზარდ მემარჯვენე პოპულიზმთან და სხვა ნეგატიურ პროცესებთან. შესაბამისად, როდესაც საქმე, ლიბერალური ნორმების და მათ შორის იდენტობის პოლიტიკასთან დაკავშირებული ღირებულებების საქართველოში დანერგვას ეხება, პროდასავლური პარტიებისთვის და ლიბერალური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის უპრიანი იქნებოდა დასავლური დადებითი და უარყოფითი გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება.
იდენტობის პოლიტიკის მიღწევები
იდენტობის პოლიტიკა, როგორც პოლიტიკური მოძრაობა, მეოცე საუკუნის შუახანებში დასავლეთის მემარცხენე პოლიტიკური სპექტრის წიაღში წარმოიშვა. დასავლურ ქვეყნებში იდენტობის პოლიტიკის აუცილებლობის იდეა ეფუძნებოდა დაშვებას, რომ კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული ლიბერალური დემოკრატიები ვერ უზრუნველყოფდნენ სრულ თანასწორობას მათ მოქალააქეებს შორის, და ადამიანთა გარკვეული ჯგუფები კვლავ განიცდიდნენ დისკრიმინაციას და სტრუქტურულ მარგინალიზაციას მათი სქესის, ეთნიკური კუთვნილების, კანის ფერის და სხვა ფიზიკური თუ სოციალური მახასიათებლების გამო. შესაბამისად იდენტობის პოლიტიკა აქცენტს აკეთებდა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ემანსიპაციაზე და სრულ თვითრეალიზაციაზე ამ ჯგუფების დანარჩენი საზოგადოებისგან განსხვავებულობაზე დაყრდნობით.
იდენტობის პოლიტიკამ დასავლეთის ქვეყნებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია როგორც სტრუქტურული დისკრიმინაციული ბარიერების აღმოფხვრის კუთხით, ისე მოქალაქეთა პოლიტიკური ცნობიერების შეცვლის მხრივ. დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობაში დღეს მოქმედი კანონმდებლობა ახალისებს ერთ დროს პოლიტიკურად მარგინალიზებულ ჯგუფების უფრო აქტიურად ჩართვას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში. მეტიც, დადებითად შეიცვალა დასავლური საზოგადოებების დამოკიდებულება ამ ჯგუფების მიმართ, რაც განსაკუთრებით დადებითად აისახა ქალთა და სექსუალურ უმცირებასათა უფლებებზე. მაგალითად ერთ-ერთი გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელი მოსახლეობის უმრავლესობა დღეს მზადაა აირჩიოს ქალი, შავკანიანი, გეი, ლესბოსელი ან ებრაელი პრეზიდენტი. ყველაზე დიდი პოზიტიური ცვლილება ამ მხრივ ლგბტ თემმა განიცადა: იგივე გამოკითხვის მიხედვით ლგბტ თემის წამორმადგენლის პრეზიდენტობის მომხრეთა რიცხვი ბოლო ორმოც წელიწადში 26 პროცენტიდან 76 პროცენტამდე გაიზარდა.
ამდენად, იდენტობის პოლიტიკის მთავარი მიღწევაა, ადამიანის უფლებების და თანასწორობის თვალსაზრისით იმ დეფექტების აღმოფხვრა ან შემცირება, რაც თავის დროზე ვერ მოხერხდა კაპიტალისტურ დემოკრატიულ სისტემებში. თუმცა იდენტობის პოლიტიკის მხარდამჭერნი აღნიშნავენ, რომ დასავლეთის ქვეყნები სრულად თანასწორ საზოგადოებამდე ჯერ კიდევ შორს არიან და იდენტობის პოლიტიკა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს.
იდენტობის პოლიტიკის უკუეფექტები
მიუხედავად დასავლური საზოგადოებების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა, იდენტობის პოლიტიკას ბოლო ხანებში ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. ბევრი მკვლევარი და პოლიტიკური მიმომხილველი, მათ შორის ფრენსის ფუკუაიამა და უოლტერ რასელ მიდი იდენტობის პოლიტიკას პოპულიზმის ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორად მიიჩნევს. ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის სტივენ პინკერის აზრით კი, იდენტობის პოლიტიკა გასცდა მის თავდაპირველ ჩარჩოებს და „გონივრული საზრისისა და განმანათლებლობის ეპოქიდან აღმოცენებული ღირებულებების“ მტრად გადაიქცა
კრიტიკოსთა აზრით, იდენტობის პოლიტიკის ერთ-ერთი სახასიათო ნიშანია შიდასისტემური კონფლიქტები. მაგალითად, მულტიკულტურალიზმი და ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა ხშირად უპირისპირდება ქალთა უფლებების დაცვის უზენაესობის პრინციპს. მაგალითად, კიოლნის 2015 წლის საახალწლო ღამის ცნობილი სკანდალის შემდეგ, როდესაც ქალაქის ცენტრში გერმანელ ქალთა მასობრივ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი, იმის ნაცვლად რომ ყურადღება დამნაშავეების დასჯაზე გადაეტანათ, კიოლნის მერმა, სოციალ-დემოკრატმა ჰენრიეტე რიკერმა, გამოსცა „ქცევის კოდექსი“ ახალგაზრდა გერმანელი ქალებისთვის, რათა მათ მომავალში თავიდან აერიდებინათ სექსუალური შევიწროება. კოდექსი მოიცავდა ბევრ საკამათო პუნქტს, მათ შორის, მაგალითად ქალებს ქუჩაში სიარულისას უნდა დაეცვათ დისტანცია უცხო მამაკაცებისგან და ევლოდ ჯგუფებად ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ ევროპის ზოგიერთი ქვეყნის ლიბერალური საიმიგრაციო პოლიტიკა ხშირად ხდება კრიტიკის საგანი ძველი თაობის ფემინისტების მიერ. მაგალითად, მცირე ხნის წინ, გერმანული ფენიმიზმის ცნობილმა სახემ ალის შვარცერმა საჯაროდ გააკრიტიკა კანცლერი მერკელი გერმანიაში პოლიტიკურ ისლამთან დაკავშირებული პრობლემების უგულვებელყოფისთვის და პარალელური საზოგადოებების შექმნის ხელშეწყობისთვის.
იდენტობის პოლიტიკის და პროგრესივიზმის კიდევ ერთი უკუეფექტია მკაცრი საზოგადებრივი ცენზურა და გამოხატვის თავისუფლების არაფორმალური შეზღუდვა. ევროპულ ქვეყნებში არსებობს მთელი რიგი ტაბუირებული თემები, რომელთა კრიტიკული განხილვა ხშირად სოციალური სტიგმის საგანი ხდება. შედეგად, ბევრ ქვეყანაში კრიტიკული დისკუსიის კულტურამ საჯარო სფეროდან კერძო სივრცეში გადაინაცვლა. მაგალითად, გერმანიაში, ახლახანს ალენსბახის ინსტიტუტმა ჩაატარა გამოკითხვა გამოხატვის თავისუფლების შესახებ, რომლის მიხედვითაც გერმანელთა ორმესამედზე მეტი ერიდება საჯარო სივცერში გარკვეული თემების განხილვას და მხოლოდ პირად სივრცეში – ოჯახში ან მეგობრების წრეში – მსჯელობენ ამ თემებზე. გამოკითხვის მიხედვით გერმანელთა 41% ასევე გადამეტებულად მიიჩნევს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკური კორექტულობის ხარისხს, ხოლო 35% თვლის რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება მხოლოდ პრივატულ სივრცეში შემორჩა. გარდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა, საზოგადოებრივი ცენზურის არსებობა ასევე იწვევს გაუცხოებას ლიბერალურ პოლიტიკურ კლასსა და მოსახლეობას შორის. პოლიტიკური კორექტულობის მახეში გაბმული ტრადიციული პოლიტიკური პარტიები, ერიდებიან ისეთ საკამათო თემებზე საუბარს, რამაც მათ შეიძლება გარკვეული უარყოფითი იარლიყი შესძინოთ. მაგრამ ამავდროულად მსგავსი თემები მოსახლეობას ყველაზე მეტად აწუხებს, რითიც კარგად სარგებლობენ პოპულისტური ძალები, ახდენენ რა ამ თემების მონოპოლიზებას პოლიტიკურ სივრცეში.
იდენტობის პოლიტიკა და პოპულიზმი
იდენტობის პოლიტიკის ნაკლოვანებებს ხშირად აკავშირებენ ბოლო დროის მემარჯვენე პოპულიზმის აღზევებასთან ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი შერი ბერმანის აზრით, იდენტობის პოლიტიკა ხელს უწყობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებად დაყოფას და ნულოვანი ჯამის აზროვნების განვითარებას. ბერმანის აზრით, აშშ-ში იდენტობის პოლიტიკამ, რომელიც ათწლეულების მანძილზე მხოლოდ უმცირესობებზე იყო ფოკუსირებული, გამოიწვია მარგინალიზაციის შიში თეთრკანიან მოსახლეობაში და მათი დარაზმვა დონალდ ტრამპის მსგავსი პოლიტიკური ფიგურის ირგვლივ. მერილენდის უნივერსიტეტის პროფესორი, ლილიანა მეისონი, ასევე ხაზს უსვამს „სოციალური სელექციის“ მრავალწლიან პროცესს ამერიკულ პოლიტიკაში, რამაც ქვეყანა მიიყვანა აქამდე არნახულ პარტიულ პოლარიზაციამდე და ამომრჩევლის სხვადასხვა იდენტობის ჯგუფებად დიფერენციამდე. შედეგად, უკანასკნელ ხანებში, რესპუბლიკურმა და დემოკრატიულმა პარტიებმა დაკარგეს სახალხო პარტიის იმიჯი და ექსკლუზიური იდენტობა შეიძინეს. რესპუბლიკელები გარდაიქმნენ თეთრკანიანი, რელიგიური და კონსერვატიული ამომრჩევლის პარტიად, ხოლო დემოკრატები – არათეთრკანიანი, ლიბერალური და მეტროპოლიტური ამომრჩევლის პარტიად.
ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში პოპულისტების მზარდი წარმატება და ტრადიციული სოციალ-დემოკრატიული პარტიების კრიზისი ასევე ნაწილობრივ ასოცირდება იდენტობის პოლიტიკასთან. ბევრი მიმომხილველის აზრით, ევროპელი სოციალ-დემოკრატები ბოლო ხანებში მთლიანად გადაერთნენ იდენტობის პოლიტიკის თემატიკაზე და დაკარგეს ტრადიციული ფოკუსი – მშრომელთა კლასი და მათი უფლებები – და მასთან ერთად ტრადიციული ამომრჩევლის დიდი ნაწილიც. ამის თვალსაჩინო მაგალითია გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შეუჩერებელი დაღმასვლა: ევროპარლამენტის ბოლო არჩევნებში პარტიამ თავის არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.
კიდევ ერთი პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ, პროგრესული კულტურული რევოლუციის შედეგად ლიბერალური ელიტები ერთგვარ კონფლიქტში აღმოჩნდნენ მოდერნულ სახელმწიფოსთან და მის ატრიბუტიკასთან, როგორიცაა მაგალითად სამოქალაქო ნაციონალიზმი და სახელმწიფოს საზღვრების შეუვალობა, როგორც ექსკლუზიურობის მთავარი მექანიზმი. ამან დამატებით გამოიწვია მიგრაციის და ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესების გაუსაფრთხოება, რამაც პოპულისტების წისქვილზე დაასხა წყალი. შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ ევროპის ქვეყნებში პოპულისტური პარტიები წარმატებას ძირითადად ანტიმიგრაციული და პროსუვერენული პოლიტიკური პლატფორმით აღწევენ.
ლიბერალურმა ელიტებმა ჯერჯერობით ვერ მოუძებნეს უნივერსალური გასაღები მზარდ პოპულიზმს საკუთარ ქვეყნებში. ამ მხრივ, გამონაკლისია დანიის ბოლო არჩევნები, რომელშიც დანიელმა სოციალ-დემოკრატებმა გამარჯვება მოიპოვეს და განდევნეს პოპულისტები მთავრობიდან, რომლებიც ქვეყანას 2015 წლიდან მართავდნენ. დანიელი სოციალ-დემოკრატების წარმატების საიდუმლო მათ პრაგმატულ მიდგომაშია: ანტიმიგრაციული თემატიკის გადმოღებით მათ გამოაცალეს მთავარი საარჩევნო პლატფორმა პოპულისტებს და მიიზიდეს პოპულისტების ელექტორატის დიდი ნაწილი. თუმცა დანიის მაგალითი ფართო დისკუსიის საგანი გახდა დასავლურ პრესაში, თუ რამდენად არის ეს გამართლებული მოდელი პოპულისტების დასამარცხებლად სხვა ქვეყნებში.
იდენტობის პოლიტიკა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში: ევროპული გაკვეთილები
პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში „პროგრესული რევოლუცია“ და იდენტობის პოლიტიკა ჯერ კიდევ გასავლელი ეტაპებია. მართალია საქართველოს დღეს აქვს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ანტი-დისკრიმინაციული კანონმდებლობა, მაგრამ მისი პრაქტიკაში იმპლემენტაცია ნაკლებად ხდება. ქვეყანას კვლავ აქვს სერიოზული გამოწვევები ადამიანის უფლებების დაცვის, მათ შორის განსაკუთრებით, უმცირესობების დაცვის კუთხით. თუ საქართველოს სურს „ევროპულ ოჯახში“ დაბრუნება, ქვეყნის ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს ამ სფეროში მდგომარეობის გაუმჯობესება.
მეორეს მხრივ, აუცილებელია ასევე ზოგიერთი ქვეყნის უარყოფითი გამოცდილების გაზიარებაც. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ახერხებენ ტრადიციული ლიბერალური პარტიები საქართველოსნაირ ქვეყნებში ფეხის მოკიდებას, არის დასავლური პრაქტიკის კოპირება ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინების გარეშე. პოსტ-საბჭოთა საზოგადოებებს, რომლებიც როგორც წესი, კონსერვატიული ნორმების მიმართ მიდრეკილებით გამოირჩევიან, უჭირთ გამონახონ საერთო ლიბერალურ პარტიებთან, რომლებიც არ საუბრობენ მათ ენაზე. მეორეს მხრივ, ეს ასევე გზას უხსნის პოპულისტურ ევროსკეპტიკურ პარტიებს, რათა მოახდინონ მოსახლეობისთვის სენსიტიური თემების მონოპოლიზება, მათ შორის ლგბტ თემის და საიმიგრაციო პოლიტიკის დემონიზების საშუალებით. სწორედ ამის გამოა, რომ პატრიოტთა ალიანსს შეუძლია იმაზე რამდენჯერმე მეტი ამომრჩევლის მობილიზება, ვიდრე ეს პროდასავლური პარტიების უმრავლესობას გამოსდით. აღნიშნული მოჯადოებული წრის გარღვევა ლიბერალური პარტიებისთვის მარტივი არ იქნება, ვინაიდან მას ემატება სხვა მთელი რიგი გამოწვევებიც, მათ შორის ფინანსური და სტრუქტურული სისუსტე, ქარიზმატული ლიდერების ნაკლებობა და არათანაბარი საარჩევნო პირობები. თუმცა ეს არ ცვლის ფაქტს, რომ ლიბერალური პარტიების უმრავლესობა დღეს საკუთარ “ბაბლში” ცხოვრობს და უჭირს მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ლიბერალური სპექტრი ვერაფრით ახერხებს დასავლური ღირებულებების, მათ შორის ლიბერალური და პროგრესული ნორმების, გადმოქართულებას და მხოლოდ შაბლონურად აწვდის მათ თავის პოტენციურ ამომრჩეველს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ პროგრესული ნორმების ნაწილი, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ყველაზე მეტ გაღიზიანებას იწვევს, დასავლური ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებების მხოლოდ ერთ კომპონენტს წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ლიბერალური ნორმატიული მსოფლმხედველობის ძირითადი ბირთვი, რაც მაგალითად მოიცავს მმართველობის დემოკრატიულ სისტემას, სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, ეფექტურ მმართველობას, კორუფციასთან ბრძოლას, გენდერულ თანასწორობას, პრესის თავისუფლებას და სხვა მრავალ კომპონენტს, მისაღებია ქართული საზოგადოების თითქმის ყველა ფენისთვის. ამდენად, მიზანშეწონილი იქნებოდა ლიბერალური პარტიებისთვის და სამოქალაქო საზოგადოების აქტორებისთვის დასავლური ღირებულებების ჰოლისტურ რეჟიმში კომუნიკაცია ამომრჩეველთან. ამ გზით, ისინი თავიდან აიცილებდნენ არაპოპულარული იარლიყების მიწებებას და პოლიტიკურად გააუვნებელყოფდნენ როგორც რუსეთის რბილ ძალას, ისე სოციალ-კონსერვატიულ და ევროსკეპტიკურ ძალებს ქვენის შიგნით და გარეთ. ბოლო პერიოდის ახალგაზრდული ანტისამთავრობო პროტესტის წარმატებულობა მსგავსი სტრატეგიის მართებულობას ადასტურებს: ქართული საზოგადოების კონსოლიდირება გაცილებით ადვილია დასავლური ღირებულებების, როგორც ერთიანი ნორმატიული ბირთვის გარშემო, და თითქმის შეუძლებელია ამ ბირთვის ზოგიერთ ცალკეულ კომპონენტზე ექსკლუზიური ფოკუსირებით.
*ბიძინა ლებანიძე – უფროსი ანალიტიკოსი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
**აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის შეხედულებებს.