10 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენა ვერ მოხერხდა. წინ მეორე ტურია რომელშიც ერთმანეთს, მსგავსად უკანასკნელი არჩევნებისა (2017), მოქმედი პრეზიდენტი, ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრა მემარჯვენე მარინ ლე პენი დაუპირისპირდებიან. როგორც წესი, საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებში მნიშვნელოვან როლს თამაშობს შიდაპოლიტიკური საკითხები, განსაკუთრებით ეკონომიკა. თუმცა, წლევანდელი არჩევნების კონტექსტი რუსეთის უკრაინის წინაამღდეგ დაწყებულმა სამხედრო აგრესიამ თავდაყირა დააყენა.
ბუნებრივია, ევროპაში მიმდინარე სრულმასშტაბიანი ომი კონტინენტის ნებისმიერი ქვეყნის არჩევნებში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. მაგრამ, საფრანგეთის შემთხვევაში, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისი მისი ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდია. სწორედ ამიტომ, ელისეის სასახლის ადმინისტრაციის ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში მიმდინარე მოვლენების მიმართ დამოკიდებულებას, რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.
24 აპრილს დაგეგმილ მეორე ტურს ყურადღებით დააკვირდებიან არა მხოლოდ ბრიუსელსა და კრემლში, არამედ კიევსა და თბილისშიც. გამომდინარე ორი კანდიდატის რუსეთის და ევროპის უსაფრთხოების მიმართ დიამეტრულად განსხვავებული დამოკიდებულებისა, იმას თუ ვინ იქნება ელისეის სასახლეში შემდეგი ხუთი წელი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება ასოცირებული ტრიოს ევროპულ პერსპექტივაზე.
უკრაინის ომი – გამოწვევა მაკრონის წინასაარჩევნო კამპანიისთვის
პრეზიდენტ მაკრონისა და მისი ძირითადი კონკურენტის, მარინ ლე პენის მხარდაჭერას შორის სხვაობა ასეთი მცირე ჯერ არ ყოფილა (გრაფიკი 1). ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ამის მიზეზია ის, რომ ბოლო კვირები მაკრონის ყურადღება მთლიანად გეოპოლიტიკასა და რუსეთზეა ფოკუსირებული. მიუხედავად პრეზიდენტის მცდელობისა, მან ვერ შეძლო კიევსა და მოსკოვს შორის მედიატორის როლო ეკისრა, შედეგად კი მხოლოდ კრიტიკა და რეიტინგის ვარდნა მიიღო. პოლონეთის პრემიერის სიტყვებით, პუტინთან, ისევე როგორც ჰიტლერთან ან პოლ პოტთან, მოლაპარაკება არ შეიძლება.
მეორეს მხრივ, 2008 წლის მსგავსად, 2022 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა მის მეზობელ სახელმწიფოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტობა საფრანგეთს ებარა. სწორედ ამიტომ, ოფიციალური პარიზი იძულებული გახდა ესკალაციის ადრეული ეტაპიდან აქტიურად ჩართულიყო დეესკალაციის მცდელობის პროცესში. წლის დასაწყისიდან, პრეზიდენტ მაკრონსა და მის რუს კოლეგას შორის სატელეფონო საუბარი მინიმუმ თექვსმეტჯერ შედგა. ამ ყოველივემ კი მის კონკურენტს საშუალება მისცა თავი აერიდებინა საკუთარი პერსონის გარშემო არსებულ საკამათო საკითხებისთვის და ესაუბრა ინფლაციასა და გაძვირებულ ცხოვრებაზე.
გრაფიკი 1: საპრეზიდენტო კანდიდატების მხარდაჭერა მოსახლეობაში 7 აპრილის მონაცემებით
წყარო: FiveThirtyEight. ხელმისაწვდომია https://fivethirtyeight.com/features/emmanuel-macron-could-lose-frances-presidential-election/
„რუსეთთან ახლოს მყოფი“ მარინ ლე პენი
უკვე მეორე არჩევნებია, პრეზიდენტ მაკრონის მეორე ტურში მთავარი კონკურენტი „საფრანგეთის ტრამპი“, მარინ ლე პენია – ულტრა მემარჯვენე „ფრონტ ნასიონალის“ (ეროვნული ფრონტის) დამაარსებლის, ჟან-მარი ლე პენის ქალიშვილი. უფროსი ლე პენი არაერთ სკანდალში გაეხვა ჰოლოკოსტის ტრაგედიის დაკნინებისა თუ ებოლას ვირუსის როგორც იმიგრაციის გადაწყვეტის გზად მოხსენიების გამო.
2011 წლიდან, მას შემდეგ რაც მარინ ლე პენმა გადაიბარა პარტიის ხელმძღვანელობა, ის აქტიურად ცდილობს მოძრაობის შელახული სახელის გამოსწორებასა და რებრენდინგს. 2015 წელს მან მამამისი პარტიიდან გარიცხა, პარტიის „კარიკატურად გადაქცევის“ საფრთხის გამო. 2018 წლიდან კი, მოძრაობის სახელიც შეიცვალა და ის „რესემბელ ნასიონალ“-ად (ეროვნულ ერთობად) გადაკეთდა. მაშინ როდესაც უფროსი ლე პენი ჰომოფობიური გამონათქვამებით გამოირჩევა, მისი ქალიშვილის პოლიტიკური პლატფორმა ბევრად უფრო ლიბერალურია აბორტის, სექსუალური უმცირესობების თუ სხვა მსგავსი საკითხების მიმართ. ამავდროულად ის პოზიციონირებს როგორც სამი შვილის დედა რომელსაც ისეთი საკითხები აწუხებს, რომელიც ეხება სასკოლო ნივთების თუ საკვების ფასებს, ეს კი თავის მხრივ მის პოპულარობის ზრდას კიდევ უფრო უწყობს ხელს. მიუხედავად ამ კოსმეტიკური ცვლილებებისა, მარინ ლე პენის მოძრაობის დღის წესრიგი კვლავ საკმაოდ ქსენოფობიური და ნაციონალისტურია. ის ხშირად გამოდის იმიგრაციის შეზღუდვის, ევროზონის დატოვების და ეროვნული ვალუტის დაბრუნებისა, თუ ყველა ლეგალურად მცხოვრები, მაგრამ უმუშევარი, უცხოელის ქვეყნიდან დეპორტაციის მოთხოვნით.
დასავლელი ანალიტიკოსებისა და პოლიტიკოსებისთვის განსაკუთრებით ყურადსაღებია „ეროვნული ერთობის“ ლიდერის ევროკავშირის მიმართ სკეპტიციზმი და რუსეთის ხელისუფლებასთან ახლო კავშირები. ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსიის შემდეგ პრეზიდენტი პუტინი საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა, მარინ ლე პენი მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა. მან შეძლო რუსული ბანკისგან 9 მილიონ ევროიანი კრედიტის მიღება, რომელიც ძალიან სჭირდებოდა მის პოლიტიკურ გუნდს. 2017 წელს კი, პუტინთან შეხვედრისას, ეროვნული ფრონტის ლიდერმა გამოხატა ყირიმის ანექსიის მხარდაჭერა. ბოლო დროს ის ასევე გამოვიდა რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგ.
გამოწვევები ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის
პოლიტიკოს მონაცემებით, 2022 წლის 13 აპრილის მდგომარეობით, მაკრონსა და ლე პენის მხარდაჭერის შრის სხვაობა სულ რაღაც 6%-ია (გრაფიკი 2). რაც ნიშნავს იმას რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი და ულტრა მემარჯვენე პოლიტიკოსს საფრანგეთის პრეზიდენტობის შანსი აქვს.
გრაფიკი 2: საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების მხარდაჭერა
წყარო: POLITICO, Poll of Polls. ხელმისაწვდომია https://www.politico.eu/europe-poll-of-polls/france/
მარინ ლე პენის გაპრეზიდენტება შესაძლოა სერიოზული გამოწვევა აღმოჩნდეს აღმოსავლეთ ევროპისთვის. ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოყოლებული ამ მოძრაობის პროგრამის ნაწილია ევროკავშირის ყველა ხელშეკრულების გადახედვა, რის შედეგადაც უნდა შემცირდეს სუპრანაციონალური განზომილება და პრიორიტეტი მიენიჭოს ეროვნულ კანონმდებლობას. საგარეო პოლიტიკიური კუთხით კი, პროგრამა გულისხმობდა ახალი პანევროპული კავშირის შექმნას, რომლის ნაწილადაც მოიაზრება რუსეთი, როგორც ევროპული სახელმწიფო, მაგრამ არა თურქეთი.
13 აპრილის ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მარინ ლე პენმა განაცხადა რომ ის არ არის წინააღმდეგი საფრანგეთის ევროკავშირში და ევროზონაში წევრობის, თუმცა ამ საკითხზე აუცილებელია რეფერენდუმი. განსაკუთრებით საყურადღებო ამ პრესკონფერენციაში ის იყო, რომ „ეროვნული ერთობის“ ლიდერმა ასევე აღნიშნა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ნატო-რუსეთის დაახლოების აუცილებლობა და რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში საფრანგეთი დატოვებს ნატოს ერთიან სამეთაურო შტაბს. მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ როგორც იტალიის ან ესტონეთის გამოცდილება აჩვენებს, ულტრამემარჯვენე პარტიებს, მიუხედავად მმართველ კოალიციაში ყოფნისა, უჭირთ საკუთარი დღის წესრიგის გატარება. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ლე პენმა ვერ მოახერხოს მისი წინასაარჩევნო დაპირებების ასრულება და საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის 180 გრადუსით შემობრუნება.
დასკვნა
არჩევნების მეორე ტური 24 აპრილისთვისაა დაგეგმილი. ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ 2017 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, წლევანდელ არჩევნებზე კიდევ უფრო მცირეა ორ კანდიდატს შორის განსხვავება. მიუხედავად ლე პენის პრორუსული პოზიციებისა, კრემლის უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას არ შეუმცირებია მისი რეიტინგი. სწორედ ამიტომ, ასოცირებული ტრიოს ხელისუფლებები მზად უნდა იყვნენ სცენარის ისეთი განვითარებისთვის, რომ ევროკავშირი შეიძლება აღმოჩნდეს ჩართული შიდა პოლიტიკურ კრიზისში.
სწორედ ეს კონტექსტი და მარინ ლე პენის შესაძლო გამარჯვება, ამერიკულ ტელეარხთან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოიხსენია როგორც „ძალზედ შემაშფოთებელი“. მისი აზრით, საფრანგეთს, გერმანიასა და პოლონეთთან ერთად, შეუძლია ისეთი ევროპის შექმნა, რომელიც დაიცავს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას. ლე პენის მსგავსი „პუტინთან უფრო ახლოს მყოფი“ პრეზიდენტი კი, ასეთ პერსპექტივას და ასოცირებული ტრიოს ევროპულ მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. საფრანგეთის ევროკავშირისთვის მნიშვნელობიდან გამომდინარე[1], პარიზში პუტინთან დაახლოებულ ხელისუფლებას ბევრად უფრო დიდი გავლენა ექნება ბრიუსელის პოლიტიკაზე ვიდრე უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს. ეს კი ნიშნავს იმას რომ კრემლს დასავლეთში მნიშვნელოვანი მოკავშირე გაუჩნდება, რაც გავლენას იქონიებს აღმოსავლეთ სამეზობლოში რუსეთის შეკავების პოლიტიკაზე და საქართველოს კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის.
მართალია, გამოკითხვებში მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს და მისი გამარჯვება უფრო რეალურია, საქართველოს ხელისუფლება მზად უნდა იყოს სცენარის სხვანაირი განვითარებისთვისაც. ის, რომ ზოგიერთი ფრანგი ახალგაზრდისთვის მეორე ტური ჰგავს არჩევანს „ქოლერასა და ჭირს“ შორის, ლე პენის პრეზიდენტობის ალბათობას ზრდის. ხოლო ამ შემთხვევაში ევროკავშირი შეიძლება აღმოჩნდეს ჩათრეული შიდაპოლიტიკურ კრიზისში რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. ხოლო ბრიუსელის, როგორც რეგიონში ერთიანი გეოპოლიტიკური აქტორის როლი, შესაძლოა საგრძნობლად შეიზღუდოს.
[1] ევროკავშირის სიდიდით მე-2 ეკონომიკა და ივნისამდე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი