Author

19/03/2022 სალომე კანდელაკი

ომი უკრაინაში: საქართველო-მოლდოვის ერთი მიდგომა, ორი განსხვავებული შედეგი

სალომე კანდელაკი

უკრაინაში სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს მთავრობის  რეაქციები კრიტიკის საგნად იქცა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.  მთავრობის კრიტიკის მიზეზი ძირითადად უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში “რუსეთის ფედერაციის” არ-ხსენება, კიევში ჩასვლისგან თავშეკავება და საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომის ჩანიშვნაზე უარის თქმა გახდა. შედეგად, პრეზიდენტმა ზელენსკიმ საკონსულტაციოდ ელჩი იგორ დოლგოვი გაიწვია, რაც იყო ერთგავრი პასუხი იმ ინერტულობაზე, რასაც საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტიები უკრაინის ომის მიმართ იჩენენ. მეტიც, ვოლოდიმერ ზელენსკიმ თავის ერთ-ერთ საჯარო განცხადებაში გამიჯნა საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი, როგორც მთავრობაზე უკეთესი, და მადლიერება გამოხატა ხალხის უკრაინისადმი სოლიდარობის გამო. უკრაინისა და ევროპის სხვა ლიდერების ნაწილი მიიჩნევს რომ ეს არ არის მხოლოდ უკრაინისთვის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის. არამედ დღეს უკრაინის ბრძოლა პირდაპირ ეხება საქართველოს და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის ასოცირებულ წევრებს, რომელთაც უკრაინის კვალდაკვალ შეიტანეს ევროკავშირში განაცხადი წევრობის სტატუსის მისაღებად. წარმოდგენილ ბლოგში გაანალიზებულია, თუ რამდენად მსგავსია საქართველოს და მოლდოვის ხელისუფლებების ნაბიჯები და რიტორიკა უკრაინაში ომის შესახებ. ტექსტში ასევე განხილულია, თუ რას შეიძლებოდა განეპირობებინა უკრაინის პოლიტიკური ელიტის მკაცრი რიტორიკა საქართველოს მთავრობისადმი განსხვავებით მოლდოვის მთავრობისგან.

უკრაინა-საქართველოს მთავრობებს შორის დაძაბულობის წინაპირობა

საქართველო-უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობა, 30 წლის მანძილზე, ურყევი იყო და, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქვეყნების მთავრობები იცვლებოდნენ, ამას სახელმწიფოთა შორის მჭიდრო ურთიერთობისთვის ჩრდილი არ მიუყენებია. თუმცა 2012 წელს ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ორმხრივი ურთიერთობის დინამიკა საგრძნობლად შეიცვალა.

მთავრობებს შორის დაძაბულობა რამდენიმე ფაქტორით შეიძლება აიხსნას.  ომის დაწყებამდე აწ უკვე უკრაინის მოქალაქის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებამ და უკრაინის სახალხო დამცველის მკაცრმა განცხადებებმა სააკაშვილის მიმართ ციხეში შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია. ასევე საგულისხმოა, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის დროს საქართველომაც გამოიწვია ელჩი კონსულტაციებისთვის. ეს ადასტურებს რომ სააკაშვილის ფაქტორი წინა წლებშიც იყო მთავრობებს შორის დაძაბულობის მიზეზი. არანაკლებ ყურადსაღებია, რომ პრემიერი ღარიბაშვილი არც ომის დაწყებამდე და არც რუსეთის შეჭრის შემდეგ არ ჩასულა უკრაინაში სოლიდარობის გამოსახატად. მიუხედავად ამ ყველაფრისა, 2022 წლამდე, მრავალწლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის გათვალისწინებით, იყო ორმხრივი მცდელობა, რომ ამ პრობლემებს არ მოეხდინა გავლენა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზე.

საქართველოს მთავრობის რეაგირება რუსეთ-უკრაინის ომის წინარე პერიოდზე

მაშინ როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის მომატებული საშიშროება დადგა და დასავლელი სახელმწიფოს ლიდერები აქტიურად ჩაერთნენ უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების პროცესში, საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია. ეს ერთი შეხედვით პოზიტიური ნაბიჯი იმან გადაწონა, რომ აღნიშნულ დოკუმენტში მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით რუსეთი არ იქნა მოხსენიებული, როგორც მოსალოდნელი აგრესიის წყარო. სწორედ ამ მიზეზით არ შეუერთდნენ ოპოზიციონერი ლიდერები რეზოლუციას, თუმცა ოპოზიციის ნაწილი სოლიდარობის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდა.

მმართველი პარტიის ქმედება ოპოზიციის მხრიდან სხვადასხვანაირად იქნა აღქმული, როგორც სიმხდალის, შიშის, რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკის ნაწილი. ხოლო ხელისუფლებამ მისი ქმედება ახსნა სიფრთხილით და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში დაადანაშაულა. მეტიც, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავჯდომარემ აღნიშნა რომ პრეზიდენტ ზელენსკის გარემოცვაშიც ბევრია ამ პარტიის წარმომადგენელი. ერთია სააკაშვილის ფაქტორის გამო მთავრობებს შორის შესაძლო უხერხულობის არსებობა, ხოლო მეორეა სახელმწიფო მნიშვნელობის ინტერესები და საერთაშორისო დონეზე ერთი განცხადებული მტრის წინააღმდეგ კოორდინირებული მუშაობისა და პოზიციონირების აუცილებლობა. ეს კი, წესით, უნდა აღემატებოდეს პიროვნებების და პარტიების დონეზე შეუთანხმებლობას.

როგორ შეხვდა საქართველოს მთავრობა უკრაინაში რუსეთის შეჭრას?

უკრაინაში ომის ფონზე, შესაძლოა, მმართველი პარტიისთვის უფრო მარტივი იყოს ნაცადი ტაქტიკის გამოყენება, კერძოდ დესტრუქციულ ქმედებებში თავისი ოპონენტის დადანაშაულება და საზოგადოებაში ამ მხრივ შიშის დათესვა. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შიდა პოლიტიკური დინამიკის სამართავად და საერთაშორისო დონეზე პოზიციონირებისთვის ერთი და იგივე ტაქტიკის გამოყენება ხელისუფლებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს. სწორედ ამის ნიშნები გამოიკვეთა საქართველოს ხელისუფლების მისამართით ზოგიერთი ევროპარლამენტარის კრიტიკულ შეფასებებში, უკრაინის მმართველი, თუ ოპოზიციონერი ლიდერების საჯარო მიმართვებში. საქართველოს მთავრობამ კრიტიკა დაიმსახურა რუსეთთან რძის პროდუქტის ექსპორტის შესაძლებლობის შესახებ მსჯელობისა და მთავრობის უმაღლესი წარმომადგენლების გულგრილი განცხადებების გამო. ერთ-ერთმა მათგანმა საქართველოს ხელისუფლებას შოთა რუსთაველის სიტყვებიც შეახსენა იმის შესახებ, რომ “მტერთაგან ყველაზე უარესი ისაა, ვინც მეგობარივით გექცევა.”

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკრაინელი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები თავიანთ ბოლოდროინდელ გამოსვლებში  ხშირად მიჯნავენ ქართველ ხალხს და მთავრობას, შესაძლოა ითქვას, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთკვირიანი უწყვეტი მრავალრიცხოვანი სოლიდარობის აქციებმა ის უხერხულობა დააბალანსა, რაც მთავრობის დონეზე შეიქმნა. გარდა ამისა, CRRC-ის 7-10 მარტის საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებიც ცხადყოფს, რომ მოსახლეობის 61%-ის აზრით უკრაინას საქართველოს მთავრობამ მხარი უფრო მეტად უნდა დაუჭიროს.

 

გრაფა 1. საზოგადოებრივი აზრის კვლევა, NDI, მარტი 2022

წყარო: https://caucasusbarometer.org/en/downloads/

 

ქართველი ხალხის უკრაინისადმი მხარდაჭერას ისიც მოწმობს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნაწილი მოხალისედ ჩაეწერა უკრაინის ჯარში რუსეთთან საბრძოლველად. გარდა ამისა,  პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს და  უკრაინიდან ლტოლვილებს დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფს. საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების რაოდენობა კი ბოლო მონაცემებით 4000-ს შეადგენს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობამ უკრაინის დასახმარებლად ერთი მილიონი ლარი გამოყო და ას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა. თუმცა ეს საკმარისი არ არის და სახელმწიფოს დონეზე უფრო პროაქტიული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ყველაზე მნიშვნელოვანი ხელისუფლების მხრიდან შიდა პოლიტიკური დღის წესრიგის საერთაშორისოსგან გამიჯვნა და უფრო მოზომილი მესიჯბოქსის შემუშავებაა. ამავდროულად, რუსეთისადმი ზედმეტად ფრთხილი და ლოიალური რიტორიკის ხარჯზე მეგობარი სახემწიფოს განაწყენებამ, შესაძლოა ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოაქციოს ცივილიზებული სამყაროს მხრიდან.

რით განსხვავდება მოლდოვის მთავრობის რეაგირება უკრაინის ომზე საქართველოს მთავრობის რეაგირებისგან?

რუსეთისთვის დაწესებულ დასავლურ სანქციებს არც მოლდოვა შეერთებია, მაგრამ ამის მიუხედავად უკრაინის მთავრობა არ გამოირჩევა მოლდოვის მთავრობისადმი კრიტიკური მესიჯებით. ეს, ერთი მხრივ, იმით შეიძლება იყოს განპირობებული, რომ მოლდოვა უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაა და უკრაინიდან ომს გამოქცეული, დროებითი თავშესაფრის მაძიებელი მოქალაქეების უმრავლესობა მოდლოვისა და პოლონეთის გავლით ნაწილდებიან სხვადასხვა ქვეყნებში. საგულისხმოა, რომ მოლდოვას 13 მარტის მონაცემებით, 106,000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ყავს შეფარებული ქვეყნის რთული სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის ფონზეც კი, ამიტომ ევროკავშირმა მას ამ კრიზისთან გასამკლავებლად 15 მილიონი ევრო გამოუყო. მეტიც, მოლდოვაში ლტოლვილების რაოდენობა დღითიდღე იზრდება და კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. სწორედ ამის გამო, მოლდოვის პრემიერ მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებს დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფა სთხოვა. საპასუხოდ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ს კონგრესს 2.75 მილიარდის გამოყოფა სთხოვა, მათ შორის ისეთი ქვეყნების დასახმარებლად როგორიც მოლდოვაა, რომლის მთავრობამაც 2.6 მილიონიანი მოსახლეობის ფონზე, უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობით ლტოლვილი შეიფარა.

შესაძლოა გარკვეულწილად ლტოლვილების დიდი ნაწილის მოლდოვაშივე განთავსება გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ბუნევრივად მოხდა, თუმცა ფაქტია  რომ ლტოლვილების დიდი ნაკადი მოლდოვიდან ევროკავშირისა და მის პარტნიორ ქვეყნებში გადანაწილდა, ისეთში როგორიცაა გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, ისრაელი, თურქეთი და სხვა. ლტოლვილების შეფარების კუთხით საქართველოს მთავრობის პასიურობა შესაძლოა სწორედ სოციალური და ეკონომიკური გამოწვევებით ახსნილიყო. თუმცა იგივე კონტექსტის მიუხედავად, მოლდოვამ ლტოლვილები მაინც მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა ამ პასუხისმგებლობას გადაინაწილებდა და ლტოლვილების მიღებაზე მზაობას გამოთქვამდა, შესაძლოა საქართველოსთვისაც გამოეყო ევროკავშირს და აშშ-ს დიდი ოდენობით ფინანსური დახმარება. სამწუხაროდ ჯერჯერობით მსგავსი პროაქტიული ნაბიჯები საქართველოს მთავრობის მხრიდან არ გადადგმულა. ამის ფონზე,  საქართველოში დღითიდღე იმატებს რუსი და ბელარუსი მოქალაქეების რიცხვი, რაც არანაკლებ ყურადსაღებია სახელმწიფის უსაფრთხოებისა და მედეგობის შენარჩუნების თვალსაზრისით. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 25 000-ზე მეტი რუსეთის და ბელარუსიის მოქალაქე ჩამოვიდა.  ეს კი საზოგადოებაში გულისწყტომას იწვევს და კოლაბორაციონალიზმის შესახებ ეჭვებს ბადებს.

მეორე ფაქტორი რაც მოლდოვის მთავრობას საქართველოს მთავრობისგან განასხვავებს, არის მოზომილი და თანმიმდევრული მესიჯბოქსი. მოლდოვის პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები თავიანთ განცხადებებში ნათლად ხსნიან, თუ რატომ არ უერთდებიან სანქციებს. გამომდინარე იქიდან, რომ მოლდოვა ევროპის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, მათ ახსნეს, რომ შესაძლოა დამატებითმა ეკონომიკურმა შეზღუდვებმა და კრიზისმა მოსახლეობის უკმაყოფილება და რუსული საინფორმაციო წყაროების მხრიდან ლტოლვილების საწინააღმდეგო რიტორიკის გაღვივება გამოიწვიოს. სიტუაციის ასე განვითარება, კი არც მოლდოვის, არც უკრაინის და არც ზოგადად ევროკავშირის ინტერესში არ შედის. გარდა ამისა, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ დნესტრისპირეთის მარიონეტული ხელისუფლების მუქარაზე და შესაძლო პროვოკაციებზეც ამახვილებს ყურადღებას. იგივე საფრთხის წინაშე დგას საქართველოც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან,  რაც არანაკლებ ყურადსაღებია.

რისი გაკეთება შეეძლო და რა არ გააკეთა საქართველოს ხელისუფლებამ?

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობა საქართველოს მოსახლეობას და საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად განუმარტავდა სანქციებისთვის არშეერთების მიზეზებს, გვერდზე გადადებდა შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას და საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩინდებოდა, როგორც ერთიანი და შემდგარი სახელმწიფო, ის არ გახდებოდა საზოგადოებისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკის საგანი.  ნაცვლად ამისა, ხელისუფლება არ დაჯერდა უკვე არსებულ შიდა პარტიულ პოლიტიკურ დაპირისპირებას და ომის პარალელურად ხელისუფლების შტოებს შორის შუღლის გაღვივებასაც შეუწყო ხელი. ამას მოწმობს მთავრობის მიერ პრეზიდენტისთვის საერთაშორისო ვიზიტების დაბლოკვა და შემდეგ პრეზიდენტის ევროპაში ქვეყნის დემოკრატიის გზაზე ცალსახად სასარგებლო ვიზიტების გამო მისთვის საკონსტიტუციო სარჩელის წარდგენა.

ერთი მხრივ ევროკავშირის წევრობის სტატუსის მისაღებად განაცხადის გაკეთება და მეორე მხრივ კიდევ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობაზე ფირქი და მათი მოსახლეობის უპრობლემოდ მიღება, საქართველოს მთავრობის რეალურ პოზიციონირებას ბუნდოვანს ხდის. გარდა ამისა, ამგვარი ქმედებები  საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შესაძლოა მეტი პასუხისმგებლობა და სოლიდარობა მოეთხოვებოდეს, ვიდრე მოლდოვას, რადგან საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას მოლდოვისგან განსხვავებით მტკიცედ ქონდა განცხადებული NATO-ში გაწევრიანების სურვილი. ის ულტიმატუმი, რაც რუსეთმა ომამდე დასავლეთს წაუყენა, არ ეხებოდა მხოლოდ უკრაინის ნატოში წევრობას, არამედ საქართველოსაც, ვინაიდან საუბარი ეხებოდა ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს. სწორედ ამიტომ, განსხავებით მოლდოვისგან, საქართველოსგან მოლოდინი ბუნებრივად უფრო დიდი იყო.

დასკვნა

სანქციებს, საქართველოს მთავრობის მსგავსად, არც მოლდოვა შეერთებია და არც მოხალისე მებრძოლების გაგზავნას შეუწყო ხელი უკრაინის მხარდასაჭერად. თუმცა, ამ ორი ქვეყნის მთავრობების ქცევა და რიტორიკა არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც განაპირობებს უკრაინის მთავრობის და ევროპის განსხვავებულ დამოკიდებულებას საქართველოს და მოლდოვის მთავრობებისადმი. აშკარაა, რომ მოლდოვა, ისევე, როგორც საქართველო, რუსეთის მიმართ მწვავე განცხადებებით არ გამოირჩევა და უფრო მოზომილი მესიჯბოქსით შემოიფარგლება. თუმცა მორალური თვალსაზრისით მოლდოვის მთავრობა უპირატეს მდგომარეობაშია. ეს იმაშიც გამოიხატება, რომ მოლდოვის მთავრობა ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს უკრაინელი ლტოლვილების განთავსებით და ჰუმანიტარული დახმარების კუთხით. ხოლო საქართველოს მთავრობა იმის მინიმუმს აკეთებს ჰუმანიტარული, თუ სხვა ტიპის დახმარების თვალსაზრისით, რაც შეუძლია. ამავდროულად, საქართველოს მთავრობა  რუსეთთან ბიზნეს კავშირებისა, თუ მსოფლიო სანქციებს გამოქცეული მოსახლეობის მიღებას უწყობს ხელს, რაც მორალური და პოლიტიკური თვალსაზრისით გაუმართლებელია, რადგან ამით რუსეთს ეძლევა სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა.

განსხვავებით საქართველოს ხელისუფლებისგან, საქართველოს მოქალაქეებმა უკრაინისადმი მტკიცე მხარდაჭერით საქართველოს, როგორც სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯი შეუნარჩუნა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, სახელმწიფოს გაუჭირდება მხოლოდ მოსახლეობის ხარჯზე ფონს გასვლა. ამრიგად, ლეგიტიმურობას არ არის მოკლებული ომში მყოფი უკრაინის მთავრობის კრიტიკული შეფასებები და გამოფხიზლებისკენ მიმართული მოწოდებები, რამაც უკეთეს შემთხვევაში უნდა დააფიქროს საქართველოს მთავრობა, რათა აღნიშნულ კონფლიქტს არ გადაყვეს საქართველო-უკრაინას შორის არსებული მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა. აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, უკრაინა საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამოაზრეა ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ჭრილში და მნიშვნელოვანია, რომ ეს ურთიერთობა არ დაზიანდეს საერთი მტრისადმი ფრთხილი და შესაძლო კონფორმისტული დამოკიდებულების გამო.

, , , ,