პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის აღსრულების მონიტორინგი საქართველოში – ანგარიშის პრეზენტაცია

10/06/2021 keta

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის აღსრულების მონიტორინგი საქართველოში – ანგარიშის პრეზენტაცია

9 ივნისს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა წარადგინა ანგარიში „პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის აღსრულების მონიტორინგი საქართველოში“, რომელიც შეიქმნა შვეიცარიის კონფედერაციის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით. 40-მა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიამ, 2020 წლის არჩევნების წინ, ხელი მოაწერა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს. დოკუმენტზე ხელის მოწერით პარტიები ნებაყოფლობით იღებენ პასუხისმგებლობას, დაიცვან წინასაარჩევნო კონკურენციის პრინციპები, დაემორჩილონ გარეკვეულ ნორმებს, პატივი სცენ ერთმანეთს და ამომრჩეველს და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც დაარღვევს ეთიკურ წესებს.

ანგარიშის მიზანია იმის მოკლვევა, თუ რამდენად შეასრულეს წამყვანმა ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა ეს პრინციპები და აღასრულეს ნორმები, რომლებზეც ისინი არჩევნების წინ ნებაყოფლობით შეთანხმდნენ. ანგარიშში გამოყენებულია კვლევის რამდენიმე რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდი, მათ შორის, სამაგიდო კვლევა, ინტერვიუები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან, ასევე, ძირითადი მედიასაშუალებების მონიტორინგი. შედეგად, გაანალიზებულია, თუ რამდენად აღასრულეს დოკუმენტზე ხელმომწერმა აქტორებმა ქცევის კოდექსის წინასწარ შერჩეული ნორმები. მონიტორინგი, ასევე, შეეხება თვითრეგულაციის მექანიზმებს, რომლებიც ნახსენებია როგორც ქცევის კოდექსში, ისე ინტერვიუებში პარტიების წარმომადგენლების მიერ. ამავდროულად, ანგარიში ასახავს, თუ რამდენად საგნობრივი და პრობლემაზე ორიენტირებული იყო წინასაარჩევნო კამპანია.

ონლაინ პრეზენტაციაზე, რომელსაც მოდერაციას აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე უწევდა, აუდიტორიას საშუალება ჰქონდა ემსჯელა ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში წარმოებული კამპანიის ეთიკურობის საკითხს ეხება.

ანგარიშის პრეზენტაციაზე შესავალი სიტყვით წარდგნენ დოქტ. კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი და არმინ რაიზერ, შვეიცარიის საელჩოს ადამიანური უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი. თავად ანგარიში კი წარადგინეს ავტორებმა:

სალომე აფხაზიშვილმა (მედიის მკვლევარი)
ნინო რობაქიძემ (მედიის მკვლევარი)
ანა დაბრუნდაშვილმა (მედიის მკვლევარი)
გივი სილაგაძემ (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი)
ნინო სამხარაძემ (საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი)

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, თავისი კომენტარები გააკეთა ჯონ დიპირომ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოს ოფისის დირექტორმა და გაიმართა დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ექსპერტებსა და პოლიტიკოსებთან.

ანგარიშის წაკითხვა >>


ძირითადი მიგნებები:
  • ინფორმაციის ნაკლებობა.პარტიებს არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია ქცევის კოდექსის შესახებ. პარტიის ლიდერები გაეცნენ ქცევის კოდექსის ვალდებულებებს, რადგანაც გადაწყვეტილების მიღება, გამხდარიყო თუ არა ესა თუ ის პარტია დოკუმენტზე ხელმომწერი, მოხდა მათთან ერთობლივი დისკუსიების შედეგად. თუმცა, ინფორმაციის გაზიარება არ იყო სისტემური აქტივისტებთან, პარტიის სხვა წევრებთან, და, რაც მთავარია, მხარდამჭერებთან. მათთან ინფორმაციის გავრცელება ხდებოდა ყველაზე ნაკლები ინტენსივობით. ზოგიერთი პარტიის წარმომადგენელს არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების შესახებ. ქცევის კოდექსის შესახებ კომუნიკაციის მიზნით, სოციალური მედია, რომელიც საკმაოდ პოპულარული პლატფორმაა საქართველოში, გამოყენებული იყო საკვლევი ათი პარტიიდან მხოლოდ ორი მათგანის შემთხვევაში.
  • შეზღუდული კომუნიკაცია.ქცევის კოდექსის შესახებ კომუნიკაცია და ინფორმაციის გაზიარება, როგორც წესი, პოლიტიკური საბჭოების ყრილობაზე ზოგადი განხილვით შემოიფარგლებოდა. დოკუმენტი ეგზავნებოდა პარტიების რეგიონულ სტრუქტურებს. ზოგიერთ შემთხვევაში, დოკუმენტის შესახებ კომუნიკაცია ხდებოდა ვერბალურადაც რეგიონულ შეხვედრებზე. თუმცა, პარტიები ამგვარი კომუნიკაციის ფარგლებში იშვიათად განიხილავდნენ დეტალებს და დისკუსიები მოიცავდა მხოლოდ ზოგად ინფორმაციას კოდექსზე ხელმოწერის ფაქტის შესახებ. აღსანიშნავია, რომ როგორც ინტერვიუებიდან გამოვლინდა, პარტიები ქცევის კოდექსს განიხილავენ მორალური და ეთიკური ნორმების კონტექსტში და, შესაბამისად, ხშირად ისინი ვერ ხედავენ დოკუმენტის შესახებ ფორმალური და სისტემური კომუნიკაციის აუცილებლობას.
  • აღსრულების მექანიზმის არარსებობა. საკვლევად შერჩეული ათი პარტიიდან არცერთს არ შეუმუშავებია ახალი მექანიზმი მონიტორინგის განხორციელებისათვის. როგორც წესი, ნებისმიერი ტიპის აღსრულებისა და მონიტორინგის ფუნქციას ითავსებენ უკვე არსებული შიდა სტრუქტურული ერთეულები. თუმცა, შესამჩნევია, რომ ამ ერთეულებს არ ეძლეოდათ კონკრეტული ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქცევის კოდექსით აღებული ვალდებულებების აღსრულება ან მონიტორინგი.
  • საგნობრივი დისკუსიის სიმცირე. მონიტორინგის ფარგლებში, რომელიც მოიცავდა პერიოდს 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 2020 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით, დღის ყველაზე ინტენსიურ პერიოდს (20:00 – 23:59), ჯამში პარტიების წარმომადგენლების 1160 გამოსვლა შეფასდა. მათი უმეტესობა არ შეიცავდა პოლიტიკურ ცვლილებებთან და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებულ საგნობრივ, პროგრამაზე ან პრობლემაზე ორიენტირებულ დისკუსიას. 1 160 გამოსვლიდან, 54% შეფასდა, როგორც სრულიად არასაგნობრივი. გამოსვლების დაახლოებით მესამედი (32%) შეფასდა, როგორც ნაწილობრივ საგნობრივი მაშინ, როდესაც 14% შეფასდა, როგორც სრულად საგნობრივი, პროგრამაზე ან პრობლემაზე ორიენტირებული.
  • ნეგატიური კამპანია კვლავ დომინანტურია. მედია მონიტორინგმა აჩვენა, რომ პარტიების წარმომადგენლები ხშირად არღვევენ ქცევის კოდექსის ნორმებს მედიაში. მონიტორინგის ათი დღის განმავლობაში 300-ზე მეტი დარღვევა დაფიქსირდა. მათი უმრავლესობა იყო პიროვნული შეურაცხყოფა, პოლიტიკოსების დაუსაბუთებელი განცხადებები ოპონენტების კრიმინალში და არასწორ ქცევაში დადანაშაულების მიზნით. დარღვევები, ძირითადად, მიზნად ისახავდა ამომრჩევლის თვალში ოპონენტის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას. შეურაცხყოფის, ბრალდებების და ცილისწამების რეგულარული გამოყენება მედიაში მხოლოდ ამომრჩევლის გაყოფას და დაბნევას შეიძლება ემსახურებოდეს, ნაცვლად ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში ხელის შეწყობისა. თუმცა, პოლიტიკოსები თავს იკავებენ სიძულვილის ენისგან ან მასობრივი ძალადობისკენ მოწოდებებისგან მედიაში.
  • პოლიტიკური პოლარიზაციის შედეგები ძლიერია. როგორც მედიამონიტორინგმა აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 50 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა, საარჩევნო დაპირისპირება, ძირითადად, ორმხრივი იყო და წარმოადგენდა შეჯიბრების არენას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. თითქმის ყველა დაფიქსირებული დარღვევა ეკუთვნოდა ან მმართველ პარტიას ოპოზიციასთან მიმართებით, ან პირიქით.
  • პარტიების ლიდერების შეკავება კვლავ გამოწვევაა. დარღვევების უმეტესობა ეკუთვნის იმ გამომსვლელებს, რომლებსაც პარტიაში მაღალი პოზიციები უჭირავთ (ან პარტიული სიის ათეულში შედიან, ან მაჟორიტარობის კანდიდატები არიან). ეს ტენდენცია მოსალოდნელი იყო, რადგან საეთერო დროის უმეტესობა, როგორც წესი, პარტიის წამყვან წევრებს ეთმობა. კოდექსის დარღვევებში მამაკაცები, დაახლოებით, ხუთჯერ აჭარბებენ ქალებს.
  • განსხვავებული ინტერპრეტაციები. დარღვევების შემთხვევების კონკრეტული მაგალითების განხილვისას, პოლიტიკური პარტიების და ექსპერტების მოსაზრებებმა გამოავლინა, რომ კონკრეტული შემთხვევის ქცევის კოდექსის ნორმის დარღვევად მიჩნევა დამოკიდებულია (1) საკუთრივ დოკუმენტის პრინციპების განსხვავებულ ინტერპრეტაციებზე ან (2) კონკრეტული დარღვევის კონკრეტულ კონტექსტზე.
  • ბუნდოვანი ხაზი კონკურენციას და კოდექსის დარღვევას შორის. რესპონდენტების მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ დარღვევების შეფასებისას განისაზღვროს პერსონალიზაციის ხარისხი – ვინ არღვევს კოდექსის ნორმას და ვის წინააღმდეგ, რადგან დარღვევა, ერთი შეხედვით, შეიძლება იყოს „პოლიტიკური კონკურენციის“ ნაწილი ან „უწყინარი კრიტიკა“.
  • ოპონენტის დემონიზება, როგორც ხელოვნება. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშების და სხვა ოფიციალური წყაროების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი დატვირთული იყო ნეგატიური კამპანიით, პოლიტიკურ სუბიექტებზე თავდასხმით, მათი დემონიზებით, ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებით, ფიზიკური დაპირისპირებების შემთხვევებით, კანდიდატებისა და პარტიების მადისკრედიტირებელი აქტივობებით და ყალბი მხარდამჭერი გვერდებით სოციალურ ქსელში.
  • პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს განსხვავებულად ესმით წინასაარჩევნო კამპანიის ინკლუზიურობის არსი. ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები მიუთითებენ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ შეძლეს ტრადიციულად მოწყვლადი ჯგუფების პოლიტიკურ პროცესებში ინტეგრირება მაშინ, როცა თავად პარტიების წარმომადგენლები ქალების, ეთნიკური უმცირესობებისა და ახალგაზრდების ჩართულობას მათი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ მიიჩნევდნენ.

 

 

, ,