23/10/2017 GIP

რას ნიშნავს LIBE-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება – ჯერ გავერკვეთ, შემდეგ ვიდარდოთ

Author

მარიამ გრიგალაშვილი

მარიამ გრიგალაშვილი

“ჩვენ გვჭირდება ვიცოდეთ ვინ  კვეთს ჩვენს საზღვრებს. ამ გზით,
ჩვენ გვეცოდინება ვინ აპირებს ევროპაში მოგზაურობას მანამდე, სანამ ის ამას გააკეთებს.”
ჟან-კლოდ იუნკერი, 2016 წელი.

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულების და საშინაო საკითხების კომიტეტის (LIBE) მიერ 19 ოქტომბერს მიღებულმა გადაწყვეტილებამ გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია საქართველოში. რაში მდგომარეობს ამ გადაწყვეტილების რეალური შინაარსი და როგორ შეიძლება მისი ახსნა?  

“ევროპული სამოგზაურო ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა”- ETIAS ევროკავშირში განხილვის საგნად ჯერ კიდევ 2016 წლის აგვისტოში იქცა. ხოლო ევროპარლამენტისთვის ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული წინადადება, შენგენის ქვეყნებში შესასვლელად ავტორიზაციის გავლის შესახებ,  LIBE-ს კომიტეტის მიერ სულ რამდენიმე დღის წინ იქნა მიღებული.  წინადადება მოიცავს შემდეგ ფორმულირებას: იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც არ სჭირდებათ ვიზა შენგენის ზონაში  სამოგზაუროდ,  მოუწევთ გამგზავრებამდე ავტორიზაციის გავლა.

რას ნიშნავს ავტორიზაცია?

ავტორიზაცია მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა  და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას და სააპლიკაციო გადასახადის, 10 ევროს გადახდას. წინადადების მიხედვით, მაქსიმუმ 72 საათში თქვენ მიიღებთ დასტურს/უარყოფას ევროზონაში შესვლის ნებართვასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის გავლის შემდეგ მომავალი 3 წლის განმავლობაში თქვენ თავისუფლდებით სააპლიკაციო გადასახადისგან. ამასთანავე, 18 წლამდე ახალგაზრდები, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, სტუდენტები და მკვლევარები თავისუფლები არიან სააპლიკაციო გადასახადისგან.

როდიდან შევა აღნიშნული პროცედურა ძალაში?

2016 წლიდან მოყოლებული, მაშინ როდესაც ETIAS პირველად გაჟღერდა, ევროკომისიამ მისი ძალაში შესვლა 2020 წლისთვის დააანონსა.

ETIAS-ს შექმნის მიზანი:

ევროპული სამოგზაურო ინფორმაციის და ავტორიზაციის სისტემის მთავარი მიზანი ევროპის უსაფრთხოებაა. სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, ნამდვილად არ ართულებს პროცედურებს, პირიქით, თქვენ საკუთარ ქვეყანაში გაიგებთ იმას თუ თქვენი მონაცემები რამდენად აკმაყოფილებს მესაზღვრის უსაფრთხოების მოთხოვნებს, შენგენის ზონის ქვეყანაში.

გამოხმაურება საქართველოში (სოციალურ მედიაზე დაყრდნობით)

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, მალევე მოედო სოციალურ ქსელს. ისევე, როგორც ყველა სხვა მოვლენას, აღნიშნულ გადაწყვეტილებასაც ჰყავს მომხრეები და მოწინააღმდეგეები. სამწუხაროდ, ევროსკეპტიკოსები კიდევ უფრო მეტი არგუმენტით “შემოსილად” გრძნობდნენ თავს, და დანარჩენ მოსახლეობას უვიზო მიმოსვლის მოკლევადიან სიხარულს აყვედრიდნენ. ევროპული ორიენტაციის მოქალაქეებიც ინფორმაციის არქონის გამო მთლად დამაჯერებლად ვერ ეკამათებოდნენ ოპონენტებს, რამაც საბოლოოდ, მთელ ამ 3 დღიან განხილვას, კიდევ უფრო მეტი იმედგაცრუების ელფერი მისცა.

სინამდვილეში:

  • აპლიკაციის შესავსებად დაგჭირდებათ მაქსიმუმ 20 წუთი.
  • სამ წელიწადში ერთხელ მოგიწევთ დაახლოებით 29 ლარის გადახდა (დღევანდელი კურსით).
  • თუკი სტუდენტი ხართ, მოგიწევთ დამადასტურებელი საბუთის ატვირთვა.
  • სამუშაო გამოცდილების მითითება.
  • კითხვებზე პასუხის გაცემა: აქამდე რომელიმე ქვეყნიდან ხართ თუ არა დეპორტირებული? გაქვთ თუ არა კრიმინალური წარსული?
  • დაგჭირდებათ მიუთითოთ თქვენი სამედიცინო მდგომარეობა.

საბოლოოდ, თქვენი მონაცემები გადაეგზავნება უსაფრთხოების სამსახურის ბაზასა და ევროპოლს, რომლებიც კოორდინირებულად 72 საათში გაგცემენ პასუხს თქვენი მოგზაურობის თაობაზე.

როგორც, აღმოჩნდა არც თუ საგანგაშოდაა საქმე და 2016 წელს ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება, სულაც არ უკავშირდება საკუთვრივ საქართველოს (საქართველომ 2017 წლის მარტში მიიღო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირისაგან) და არც ვინმე გეგმავს ევროკავშირში ჩვენს საწინააღმდეგოდ “შეთქმულებას”.


*მარიამ გრიგალაშვილი – საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ანალიტიკოსი 

**პუბლიკაცია მომზადდა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ გამოხატავდეს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” და ფონდი “ღია საზოგადოება–საქართველოსა” შეხედულებებს.

, , , , , , , , ,