ვაჟა ალავიძე | ELS რუსთავი
საქართველოში პოლიტიკური პარტიების ამომრჩეველთა არასტაბილურობა აქტუალური საკითხია ზოგადად ყოველთვის და მითუმეტეს ახლა, წინასაარჩევნო პერიოდის პირობებში. იმას, რომ პარტიებს არ ჰყავთ სტაბილური ამომრჩეველი ბოლოდროინდელი არჩევნების წინ ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგებიც ცხადყოფს, სადაც ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ვერც ერთ პარტიასთან ვერ ახდენს იდენტიფიცირებას.
საქმე ისაა, რომ ე. წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობაა ძალიან დიდი, რომლებიც თავიანთ არჩევანს, სულ ბოლოს, არჩევნების ყუთებთან აკეთებენ ცუდსა და უარესს შორის იმდენად, რამდენადაც მთლიანი საარჩევნო კამპანიები ძირითადად ნეგატივზეა აგებული, ხოლო საზოგადოებას ისღა დარჩენია, ამდენ ნეგატივში ნაკლებად ნეგატიური გამოარჩიოს.
რა თქმა უნდა, მხოლოდ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობა, რაც არ უნდა დიდი იყოს, ვერ იქნება რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხეების წარმომქმნელი, თუმცა ამომრჩეველი თავისთავად მთლიანად პოლიტიკური სისტემის განუყოფელი ნაწილია და როგორც ამომრჩევლის ქცევებზე აქვს გავლენა პოლიტიკურ სისტემას, ასევე აქვს გავლენა ამომრჩევლის ქცევებს პოლიტიკურ სისტემაზე.
გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომელიც NDI-ის კვლევების მიხედვით თითქმის 60%-ია მიუთითებს, რომ პოლიტიკური პარტიები ვერ უზრუნველყოფენ საზოგადოების ინტერესების ასახვას საარჩევნო პროგრამებში ან/და მათი ნდობის ხარისხია ძალიან დაბალი. ამომრჩეველი ვერ ახერხებს საკუთარი შეხედულებებისა და ინტერესების მიკუთვნებას რომელიმე პარტიისადმი. ამ რაოდენობის გადაუწყვეტელ ამომრჩეველს ერთიანობაში ნამდვილად შეუძლია მთლიანად არჩევნების ბედი გადაწყვიტოს, თუ კი რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა და მიიმხრო ისინი. ამგვარი არაწინასწარპროგნოზირებადი გარემო საარჩევნო პროცესს არასტაბილურს ხდის, რაც, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობაზეც ახდენს გავლენას.
ასეთი არასტაბილური ვითარება რომ დიდ საფრთხეებს შეიცავს, თვალნათლივ დაგვანახა ბოლოს ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმაც, რომელიც ორ ეტაპად განხორციელდა და პოლიტიკური პოლარიზაციის კულმინაციას მიაღწია. ყოველივე ეს კი დიდწილად განაპირობებს ქვეყანაში არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს იმდენად, რამდენადაც სწორედ გადაუწყვეტელი ამომრჩევლების არჩევანი გადაწყვეტს უმთავრესად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ბედს ოქტომბერში, ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნები, პრეზიდენტის შეზღუდული უფლებებიდან გამომდინარე, ერთგვარ ძალების მოსინჯვად შეიძლება მივიჩნიოთ, ხოლო უფრო დიდი მასშტაბის პოლარიზაცია და დაპირისპირება, ვფიქრობ, საპარლამენტო არჩევნების დროს გველის.
საზოგადოების დიდი ნაწილის გაუცხოება პარტიებისადმი, მითუმეტეს წინასაარჩევნო პერიოდში, კიდევ ბევრი ფაქტორიდან გამომდინარეობს. ერთ-ერთი მათგანია პოლიტიკური პარტიების შიდაპარტიული დემოკრატიის არ არსებობა, ან დემოკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებელი, რაც გამოიხატება თუნდაც პარტიებში მუდმივად ერთი და იგივე ლიდერის არსებობით, ისინი ე.წ. „გაცვეთილი ლიდერების“ სახელითაც კი მოიხსენიებიან და ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ვერ ხდება პარტიის განახლება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პარტიის განვითარებისთვის.
ეს ფენომენი ალბათ აიხსნება იმითაც, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავძლიეთ პოსტსაბჭოთა პერიოდი სრულყოფილად, ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური კულტურის ნაწილში. სავარაუდოდ, სწორედ აქედან გამომდინარეობს პარტიების სუპერ ცენტრალიზებული შიდაპარტიული მმართველობა, რაც არ მოდის ბოლომდე შესაბამისობაში საქართველოს დღევანდელ რეალობასთან, ვინაიდან საქართველო წარმოადგენს ქვეყანას, რომელიც დეკლარირებულად მიისწრაფვის ევრო-ატლანტიკური სივრცისკენ და აქვს პრეტენზია რეგიონში იყოს სამაგალითო დემოკრატიის კუთხით.
ამგვარ პოლიტიკურ ვითარებაში, პარტიების მიმართ უნდობლობის ხარისხს ასევე ზრდის, რიგ შემთხვევებში, დამფინანსებლების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის პრობლემა, რაც მათი საქმიანობის გამჭვირვალობას აყენებს ეჭვქვეშ. ამ გარემოებას კი, პოლიტიკური პარტიები წარმატებით იყენებენ ნეგატიური კამპანიისთვის ერთმანეთის დისკრედიტაციის მიზნით, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ეს საკითხი, მეტწილად, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას მიემართება, რომელსაც უამრავი ბერკეტი გააჩნია კორუფციული გარიგებების საწარმოებლად, რითაც საფრთხე ექმნება სულ მცირე სახელმწიფო ბიუჯეტს არამიზნობრივი გახარჯვის კუთხით.
საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, განსაკუთრებით კი ლიდერ პარტიებს, არ გააჩნიათ მკვეთრად გამოხატული გამმიჯნავი ხაზები. ისინი მხოლოდ საზოგადოების კეთილგანწყობის მოპოვებაზე არიან ორიენტირებული, მუდმივად პოპულიზმით არიან დაკავებული და შესაბამისად, მათი განცხადებები და ქცევები არ გამომდინარეობს მათი პარტიული ღირებულებებიდან და იდეოლოგიებიდან. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, მოწინავე პარტიების ძირითადი გამმიჯნავი ხაზები გადის სუბიექტებზე, მაგალითად, ერთი მხრივ ბიძინა ივანიშვილზე და მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილზე, რომლებიც ერთმანეთის მხრიდან მკვეთრად ნეგატიურ სუბიექტებად არიან წარმოჩენილნი. დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებებიდან გამომდინარე, პარტიები სიტუაციის დეესკალაციას, დეპოლარიზაციასა და პარტიული დაპირისპირების კონსტრუქციულ ჭრილში გადაყვანას უნდა ცდილობდნენ, ვინაიდან სწორედ ისინი ქმნიან პოლიტიკურ კლიმატს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოლიტიკურ სპექტრზე არსებობენ ისეთი პარტიებიც, რომელთაც იდეოლოგიის შესაბამისი პროგრამა და მეტ-ნაკლებად მკაფიოდ გავლებული გამმიჯნავი ხაზები გააჩნიათ. მაგალითად, შეგვიძლია დავასახელოთ რესპუბლიკური პარტია და გირჩი. თუმცა, ისინი სუსტ პარტიებს წარმოადგენენ, ვინაიდან მცირე ელექტორალური მხარდაჭერა აქვთ და მათი რესურსებიც საკმაოდ მწირია, მითუმეტეს მმართველ პარტიასთან შედარებით. შესაბამისად, ამ პარტიებს ვერ ექნებათ რაიმე თვალსაჩინო გავლენა, მთლიანად ქვეყანაში შექმნილ პრობლემატურ ვითარებაზე.
საქართველოში პოლიტიკური პარტიების ქცევები ზოგჯერ იმდენად არაადეკვატურია მათდამი საზოგადოების ნდობის ნაკლებობა სრულიად ლოგიკურიც კია. მაგალითად, როცა 2014 წელს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერს ირაკლი ალასანიასა და მაშინ ალიანსში მყოფ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შორის განხეთქილება მოხდა და ალასანიამ ალიანსი დატოვა, თითქმის ყველა მისი ლიდერი თანაპარტიელი „ქართულ ოცნებაში“ „გადაპორტირდა“. მართლაც რთულია ამ მასშტაბის პოლიტიკური ექსცესის ნორმალური პოლიტიკური სისტემის პირობებში განხილვა, აქ რაღაც უფრო მეტია საჭირო, მინიმუმ ცალკე კვლევა და შეიძლება გამოძიებაც კი, თუმცა ჩემი აზრით, კიდევ უფრო რთულია შეფასდეს უფრო მასშტაბური პოლიტიკური ექსცესი – 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარტია ნაციონალური მოძრაობის გაყოფის შედეგად, პარლამენტში პარტია ევროპული საქართველოს არსებობა, რომელსაც ნაციონალურ მოძრაობაზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს. ასეთი რადიკალური ნაბიჯები პოლიტიკოსებისა და პარტიების მხრიდან, რომლებიც კარდინალურად ცვლიან სიტუაციას, რა თქმა უნდა, გახდება ამომრჩევლის უნდობლობის ზრდისა და არჩევნებისას ორჭოფის მიზეზი.
საქართველოში პოლიტიკური კულტურა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა პერიოდშია გაჩხერილი დიდწილად და მის ამ ჭაობიდან ამოსაყვანად, მთავარი პოლიტიკის შემქმნელები, პოლიტიკური პარტიები, ბევრს არაფერს აკეთებენ. ისედაც პოლარიზებული პოლიტიკური მდგომარეობის პირობებში, ისინი თავიანთი ქცევით კიდევ უფრო ამწვავებენ სიტუაციას და დესტრუქციული მეთოდებით ცდილობენ ერთმანეთის დისკრედიტაციას და სწორედ ამისკენ მიმართავენ თავიანთ რესურსებს, ნაცვლად იმისა, რომ აქამდე დაგროვილი ნეგატივი შეეცადონ მაინც, კონსტრუქციული მიდგომებით ნელ-ნელა შეამცირონ და შეიმუშავონ იდეოლოგიაზე და პარტიულ ღირებულებებზე დაფუძნებული პროგრამა, რომელიც ნაკარნახები იქნება საზოგადოების პრობლემებიდან გამომდინარე. თუმცა სამწუხაროდ, პარტიების ლიდერების მხრიდან, ერთმანეთის მიმართ, მხოლოდ არაკორექტული განცხადებები გვესმის, დაპირებების არ შესრულება და შესაბამისად, სწორედ ასეთი ნეგატივზე დაფუძნებული პროცესების გამო დგება საზოგადოება არჩევნების დროს დილემის წინაშე, რაც გულისხმობს ცუდსა და უარესს შორის არჩევანს.
აშკარაა, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების არასტაბილურობა ბევრი ფაქტორიდან გამომდინარეობს: პირველ რიგში, რისგან თავის დაღწევაც ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ, ესაა პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა, პოლიტიკური ლიდერების ნეგატიური დამოკიდებულება და არაკონსტრუქციული ქცევები, შიდაპარტიული მკაცრად ცენტრალიზებული პოლიტიკა, პარტიების ბუნდოვანი საარჩევნო პროგრამები და შესაბამისად, ბუნდოვანი გამმიჯნავი ხაზები. ასევე, პოლიტიკური აქტორების რიგი არაადეკვატური ქცევები. რის გამოც, საერთო ჯამში, საზოგადოებას უნდობლობის გრძნობა უჩნდება მთლიანად პოლიტიკური პროცესების მიმართ და გასაკვირი სულაც არაა, რომ ამომრჩევლების დიდი ნაწილი ამჯობინებს გადაწყვეტილება არჩევნების დღეს გააკეთოს, ვინაიდან პოლიტიკური პარტიების მხრიდან მოსალოდნელია ნებისმიერი მასშტაბის პოლიტიკური ექსცესი, რომელსაც შეუძლია თავდაყირა დააყენოს მთლიანად საარჩევნო გარემო.
აშკარაა, რომ იმ სამი ძირითადი უნარიდან, რომელიც პოლიტიკოსს უნდა გააჩნდეს ვებერის აზრით, პასუხისმგებლობის გრძნობა, ჩვენს რეალობაში, პოლიტიკის შემქმნელებს, სამწუხაროდ, არ გააჩნიათ, მხოლოდ ძალაუფლების ხიბლით შეპყრობა და მიზნის მისაღწევად ნებისმიერი საშუალების გამოყენება კი მიუღებლად მიმაჩნია. ვინაიდან ასეთი მიდგომები ვერ უზრუნველყოფს სტაბილურ პარტიულ პოლიტიკას, რომელშიც პარტიებს სტაბილური ამომრჩეველი ჰყავთ, ხოლო სტაბილური პარტიული პოლიტიკის გარეშე კი აშკარაა, რომ სტაბილურ პოლიტიკურ სისტემას ვერ მივიღებთ.