Author
მარიამ გრიგალაშვილი
მარიამ გრიგალაშვილი
საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტი,
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 2016 წლის 7 დეკემბერს შეთანხმებას მიაღწია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, საკითხთან, რომელიც უვიზო მიმოსვლის თემას ბუნდოვანებას სძენდა საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის. შეჩერების მექანიზმი, განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში, ნებას რთავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დროებით შეაჩერონ უვიზო შეთანხმება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან. ასეთი განსაკუთრებული გარემოებების რიგებშია: თავშესაფრის მსურველთა ყალბი განცხადებების უეცარი ზრდა, საგანგებო მდგომარება და ა.შ. შეჩერების მექანიზმი მოიცავს 9 თვეს, რომლის განმავლობაშიც ქვეყანა თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან, რათა გადაიჭრას და მოგვარდეს შექმნილი მდგომარეობა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ, ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოს, იმისთვის რომ გამოიყენოს შეჩერების მექანიზმი, თავის მხრივ სჭირდება ევროკომისიის მხრიდან თანხმობა.
შეჩერების მექანიზმი პირველად ძალაში 2013 წლის 11 დეკემბერს შევიდა, როდესაც ევროპარლამენტმა და საბჭომ მიიღო რეგულაცია 1289/2013. მიზანი ამ რეგულაციის უკვე არსებულ რეგულაციაში (539/2001) ჩასწორება იყო და მასში ცნების „შეჩერების მექანიზმის“ დამატება. შეჩერების მექანიზმი ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მიგრაციის პრობლემის გაჩენამ და ქსენოფობიური პოლიტიკის მქონე პარტიების ზრდამ ნაციონალური სენტიმენტები გააღვივა ევროკავშირის მოსახლეობაში. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუხდათ რეგულაციების გადახედვა და ახალი წესის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფს სავიზო მოთხოვნების აღდგენის უფრო სწრაფ და უფრო მარტივ მექანიზმს. კანონის ახალი მონახაზით, შეჩერების მექანიზმის გამოყენების უფლება ექნება არა მხოლოდ ევროკომისიას , არამედ უკვე თითოეულ წევრ სახელმწიფოს.
2016 წლის 7 დეკემბერს მიღწეული შეთანხმებით, სავიზო მოთხოვნები აღუდგება ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებს, რომლებიც სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით, შემდეგი შემთხვევებიდან თუნდაც ერთის არსებობის დროს:
- თუ საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირის სახელმწიფოში შესვლაზე უარს მიიღებენ, ან გაიზრდება ევროკავშირში ამ სახელმწიფოს მოქალაქეთა არალეგალურად დამრჩენთა რიცხვი.
- თუ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვა საგრძნობლად გაიზრდება ან
- თუ ქვეყანა ნაკლებად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით (მიგრანტთა დაბრუნებაზე).
- თუ ქვეყნიდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის სახელმწიფოს საზოგადოებრივ წესრიგსა და შიდა უსაფრთხოებას.
ევროპარლამენტის მოხსენების მიხედვით, მთავარი მაკონტროლებელი ორგანო შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისას იქნება ევროკომისია. კომისიას ექნება საშუალება მონიტორიგი გაუწიოს პროცესს და მიმართოს პარლამენტსა და საბჭოს, თანამშრომლობს თუ არა ქვეყანა ევროკავშირთან და კვლავ იზიარებს თუ არა ევროკავშირის მთავარ ღირებულებებს. თუკი პასუხი არის უარყოფითი, მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია.
ევროკავშირის თითოეულ წევრს ექნება უფლება მოითხოვოს შეჩერების მექანიზმის ამოქმედება. ასეთ შემთხვევაში, წევრი სახელმწიფო მიმართავს კომისიას, რომელსაც თავის მხრივ აქვს ერთი თვე რათა გადაწყვიტოს შეუჩერდეს თუ არა თავისუფალი მიმოსვლა არაწევრ ქვეყანას მომდევნო 9 თვის განმავლობაში. 9თვიანი თანამშრომლობის შემდეგ კომისიას აქვს უფლება შეჩერების მექანიზმი გაზარდოს დამატებით 18 თვით. მთლიანობაში, ვიზისგან თავისუფალ ქვეყანას მაქსიმუმ 27 თვე აქვს, რათა გამოასწოროს ის საჩივრები, რამაც გამოიწვია შეჩერების მექანიზმის ამოქმედება.
შეუქმნის თუ არა შეჩერების მექანიზმი პრობლემებს საქართველოს?
საქართველოს შემთხვევაში მექანიზმის ამოქმედების მცირე შანსი არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება მოვადუნოთ რეგულაციების შესრულებისას. ხშირად, როცა საზოგადოებაში ვიზალიბერალიზაციის განხილვა ხდება, იკვეთება ისეთი საკითხები, როგორიცაა მასობრივი მიგრაცია ევროპაში. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფრაზა, „ბოლო ვინც წამოხვალთ, აეროპორტში შუქის ჩაქრობა არ დაგავიწყდეთ“, ამის კარგი მაგალითია. ეს ხუმრობა, ზუსტად გამოხატავს ჩვენი საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას უვიზო რეჟიმის პროცესის მიმართ. სინამდვილეში, უვიზო მიმოსვლა ზრდის შესაძლებლობებს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც განსაზღვრული აქვთ ვიზიტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში 90 დღით 180 დღის განმავლობაში. ამასთანავე, უვიზო რეჟიმი არ გულისხმობს ევროკავშირში მუშაობის მსურველთათვის შეღავათებს. აღნიშნული მიზნისთვის, მოქალაქეებს კვლავ მოუწევთ აქამდე არსებული პროცედურების სრული დაცვა.
რამდენად მნიშვნელოვანია უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის?
ვიზუალიზაციითვის შეგვიძლია მოკლედ გამოვყოთ ის ძირითადი სარგებელი, რასაც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით მიიღებს.
- თავისუფალი მგზავრობა;
- საქართველოს ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან;
- საქართველოს ეძლევა შესაძლებლობა შესთავაზოს აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ მოსახლეობას ისარგებლონ ევროპაში უვიზო გადაადგილების უფლებით საქართველოს პასპორტების გამოყენებით (რასაც, სავარაუდოდ, პოზიტიური ეფექტი ექნება ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე).
- საქართველოსთვის ეფექტური ინსტრუმენტის მიღება რუსული პროპაგანდის საბრძოლველად.
ვიზალიბერალიზაციის პროცესი, როგორც ვხედავთ საკმაოდ პოზიტიური მიმართულებით მიდის. შეჩერების მექანიზმი და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, ორი სხვადასხვა მიმართულებაა. ევროპარლამენტმა და საბჭომ შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას 7 დეკემბერს მიაღწია და მას პლენარულ სესიაზე კენჭისყრაზე ხუთშაბათს, 15 დეკემბერს გაიტანს. ევროკავშირის სამი ინსტიტუტის მიერ 13 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება კი, უშუალოდ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება. გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 13 დეკემბრის არაფორმალური შეთანხმება კორეპერის მიერ დამოწმებული, ხოლო მხარდაჭერილი კომიტეტისა და ევროპარლამენტის მიერ სავარაუდოდ, 2017 წლის იანვარში იქნება. პოლიტიკური გადაწყვეტილება ორივე თემაზე (ვიზალიბერალიზაცია და შეჩერების მექანიზმი) უკვე მიღებულია და ახლა მხოლოდ ტექნიკური საკითხები გვაშორებს უვიზო მისოსვლის ამოქმედებამდე.
დარჩენილი პროცედურები:
- 7 დეკემბერს მიღებული შეთანხმება ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის, საბოლოოდ უნდა დამტკიცდეს ორივე ორგანოს მიერ. „კომისია ხმას აძლევს ვიზის საკითხს კვალიფიციური უმრავლესობით, რაც ნიშნავს, რომ საკითხს უნდა ჰყავდეს 228 მხარდამჭერი 309 ხმიდან. მთლიანი რაოდენობა კომისიის არის 345, თუმცა გაერთიანებული სამეფო და ირლანდია არ იღებენ მონაწილეობას ვიზის შესახებ გადაწყვეტილებების კენჭისყრაში. (The EU decision-making process, 20 მარტი, 2009 წელი, განახლებულია 1 მარტს 2010);
- 15 დეკემბერს პლენარულ სესიაზე იქნება წარდგენილი 7 დეკემბრის გადაწყვეტილება;
- ხოლო, იანვრის დასაწყისში 13 დეკემბრის არაფორმალურ შეთანხმებას მხარი უნდა დაუჭიროს კომიტეტმა და პარლამენტმა და დამოწმდეს კორეპერის მიერ.
როგორც ვხედავთ შეჩერების მექანიზმზე მუშაობა და ვიზალიბერალიზაციის პროცესზე შეთანხმება პარალელურად მიმდინარეობს, რათა აღნიშნული ორი საკითხი ერთდროულად შევიდეს ძალაში. საბოლოო გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში ქვეყნდება (პროცედურა ძირითადად სამ კვირას მოიცავს, თუმცა ყოფილა დაჩქარებული წესით გამოქვეყნების პრეცედენტიც). ამის შემდეგ კი უვიზო მიმოსვლა ოფიციაურად ძალაში შედის ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის გასვლის შემდეგ.