ნინო სამხარაძე
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ დასავლეთის ერთიანობა ამ უკანასკნელთან საბრძოლველად უპრეცედენტოდაა მობილიზებული.
ამის პარალელურად, ოფიციალური თბილისი ხშირად იმსახურებს საზოგადოებისა და კიევის კრიტიკას თავისი მოულოდნელად ინერტული პოზიციის გამო უკრაინასთან მიმართებით. ამ ფონზე, საინტერესოა, როგორ რეაგირებს საქართველოს უახლოესი სამეზობლო უკრაინაში რუსეთის ომის მიმართ და რას ნიშნავს ეს საქართველოს პოზიციონირებისთვის.
თურქეთი
უკრაინის აღჭურვის პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს ერთადერთი ნატოს წევრი მეზობელი თურქეთი. ომის ჯერ კიდევ აქტიური ფაზის დაწყებამდე, ანკარამ უკრაინის მომარაგება დაიწყო ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო თვითმფრინავით, ბაირაქთარებით, რაც ყარაბაღის ომის დროს აზერბაიჯანის წარმატების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიიჩნევა. თურქეთს უკრაინის მომარაგება არ შეუწყვეტია არც მაშინ, როდესაც ბაირაქთარების საკითხმა რუსეთ-თურქეთს შორის ურთიერთობებში გარკვეული უთანხმოება წარმოშვა. საომარი ოპერაციების მიმდინარეობისას უკრაინიდან პერიოდულად ვრცელდება რუსული სამხედრო ერთეულების წინააღმდეგ ბაირაქთარების მოქმედების ამსახველი კადრებიც, საიდანაც კარგად ჩანს თურქული უპილოტო მოიერიშეების ეფექტიანობა.
ამავდროულად, ანკარას, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, და მონტროს კონვენციის მიხედვით, მნიშვნელოვანი სტრატეგიული როლი გააჩნია ომის მიმდინარეობისას ბოსფორის და დარდანელის სრუტეების კონტროლის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი გარკვეული ხნის განმავლობაში თავს იკავებდა რადიკალური პოზიციის დაფიქსირებისგან, 27 თებერვალს ანკარაში აღიარეს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ოფიციალურ “ომს“ აწარმოებს. შესაბამისად, მონტროს კონვენციის მიხედვით, შეიქმნა ლეგიტიმური გარემო იმისთვის, რომ 1 მარტიდან ბოსფორის და დარდანელის სრუტეები ჩაიკეტოს იმ რუსული სამხედრო ხომალდებისთვის, რომლებიც შეტევის დავალებით მოძრაობდნენ. ბრძანების მიხედვით, მათ მხოლოდ საკუთარ პორტებში დაბრუნების მიზნით შეუძლიათ ამ სრუტეების გამოყენება.
პოლიტიკურად და სანქციებზე მიერთების თვალსაზრისით, თურქეთი კვლავ ბალანსის დაცვას ცდილობს. დასავლეთისგან განსხვავებით, ანკარას გაცხადებული აქვს, რომ თურქეთი, უკრაინასთან ერთად, რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას აპირებს, რადგან მისთვის ამჟამად ომში ჩაბმული ორი ქვეყანა ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად.
ერთი შეხედვით, მისთვის უპირატესი ამ ეტაპზე არის რუსეთზე სტრატეგიული უპირატესობის მოპოვება რეგიონულო დონეზე შავი ზღვის აღმოსავლეთით, ვიდრე რუსეთთან პოლიტიკურ კონფრონტაციაში შესვლა.
აზერბაიჯანი
ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვლადიმერ პუტინთან ერთად მოსკოვში ხელი მოაწერა დეკლარაციას „სამოკავშირეო ურთიერთქმედების“ შესახებ, რის შედეგადაც, ორივე პრეზიდენტის თქმით, ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებმა თვისებრივად ახალ, უფრო გაღრმავებულ ეტაპზე გადაინაცვლა. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსი სამხედროების განლაგების შემდეგ აზერბაიჯანის უსაფრთხოების რუსეთზე დამოკიდებულება ამ შეთანხმებით კიდევ უფრო გაიზარდა. ამის გათვალისწინებით, აზერბაიჯანს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სასარგებლო პოზიციის დაფიქსირებისთვის ფართო არეალი, წესითა და რიგით, არ უნდა ჰქონოდა.
თურქეთის მსგავსად, აზერბაიჯანი, გარკვეულწილად, ცდილობს ბალანსის შენარჩუნებას ორ ქვეყანას შორის. მას არ აქვს რუსეთთან ცალსახა დაპირისპირების ფუფუნება: არ გამოუხატავს აშკარა პოზიცია დონეცკის და ლუგანსკის სტატუსებთან დაკავშირებით, ასევე თავი შეიკავა რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვის შესახებ პოზიციის დაფიქსირებისგან. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული საზოგადოების ნაწილში მთავრობის უმოქმედობის მიმართ გარკვეული პროტესტი არსებობს, აზერბაიჯანულ პოლიტიკურ ელიტაში ამბობენ, რომ დემონსტრაციები არა ანტი-რუსული არ არის.
თუმცა, აზერბაიჯანის პოზიციის განხილვისას, ორი მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი: ილჰამ ალიევმა კიევში 2022 წლის იანვრის ვიზიტით დაადასტურა, რომ საკუთარი ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესების წარმატებით გასატარებლად კიევის როლი დიდია, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყარაბაღის მეორე ომის დროს ცალსახად დაუჭირა მხარი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანია, იმოქმედოს თურქეთთან ერთად მეტნაკლებად სინქრონულად, რადგან თურქეთი მისი ტრადიციული გრძელვადიანი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორია.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თავდაპირველად შედარებით ბუნდოვანი იყო, როგორ რეაგირებას მოახდენდა ბაქო სახელმწიფო რუსეთის შეჭრაზე უკრაინის ტერიტორიაზე. 26 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანი უკრაინას დახმარებას უწევს ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ასევე ალიევმა ბრძანა მზადყოფნაში მოსულიყვნენ აზერბაიჯანული სოკარის სადგურები უკრაინული სასწრაფო დახმარების ტრანსპორტის საწვავით უფასოდ მომარაგებისთვის.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, რაც აზერბაიჯანმა უკრაინასთან დააყენა, არის მედიაციური პროცესის ორგანიზების შეთავაზება. მიუხედავად იმისა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ზოგადად რუსეთთან მოლაპარაკებების იდეა იმედისმომცემი არ არის, ფაქტია, რომ აზერბაიჯანი, საქართველოსგან განსხვავებით, პოლიტიკურ თამაშში გარკვეული როლის შეთავსებას ცდილობს, რაც, ამ ეტაპზე, ბაქოსთვის ყველაზე რეალისტური ქმედება შეიძლება იყოს. თავისთავად, საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს ნებისმიერი მედიაციური პროცესის თბილისთან ახლოს გადმონაცვლებას, თუმცა ბაქოსგან განსხვავებით თბილისს განსხვავებული საგარეოპოლიტიკური ამოცანები აქვს, რომელთა შესასრულებლად ბევრად მეტია საჭირო, ვიდრე სრულყოფილი ბალანსის მცდელობა რუსეთსა და უკრაინას შორის.
სომხეთი
ლოგიკურია, რომ კიდევ უფრო მეტად ინერტულია სომხეთი, გამომდინარე მისი ხანგრძლივი ისტორიული დამოკიდებულებიდან რუსეთზე. ის იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ევროსაბჭოში რუსეთს მხარი დაუჭირა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ სომხეთისთვის, ამ ეტაპზე, რუსეთის საწინააღმდეგო და უკრაინის მხარდამჭერი პოლიტიკური და, მით უმეტეს, სამხედრო-ეკონომიკური პოზიცია დღის წესრიგში საერთოდ არ დგას. ერევანში კარგად აცნობიერებენ, რომ სომხეთი ყველაზე მეტად დგას მსოფლიო იზოლაციაში მოქცევის რისკის ქვეშ.
ამის მიუხედავად, ერევანს ახლა არც უსაფრთხოების თვალსაზრისით და არც ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობით რუსეთის საწინააღმდეგო ბანაკში სწრაფად გადანაცვლების ფუფუნება არ გააჩნია. ამავდროულად, ერევნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა უკრაინის აზერბაიჯანის სასარგებლოდ გამოხატული მხარდაჭერა ყარაბაღის მეორე ომის დროს. შესაბამისად, სომხეთი არის საქართველოს ის ერთადერთი მეზობელი, რომლისგანაც, სავარაუდოდ, თავად უკრაინაშიც არ მოელიან ბევრს.
საქართველოს სამეზობლო და თბილისის სტრატეგიული ნავიგაციის სივრცეები
მაშინ, როცა რუსეთზე მძლავრი ეკონომიკური დამოკიდებულება და სხვა სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორები ხელს უშლის საქართველოს ხელისუფლებას, გაბედული მოქმედებები განახორციელოს სტრატეგიული პარტნიორის მხარდასაჭერად, ცხადი ხდება ისიც, რომ არც საქართველოს უშუალო სამეზობლოა მობილიზებული უკრაინის ცალსახა და აქტიური მხარდაჭერისთვის. შესაბამისად, თბილისის სტრატეგიული გამოწვევები ამ მოცემულობაში კიდევ უფრო კომპლექსურ ხასიათს იძენს. თუმცა, ამ ფონზე, უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება შესაძლებლობის ახალ ფანჯარას ხსნის საქართველოსთვის და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ამ დელიკატურ სიტუაციაში როგორ გაართმევს თავს ხელისუფლება, რისკების დაბალანსების სანაცვლოდ ხელიდან არ გაუშვას ევროკავშირთან დაახლოების ეს ისტორიული შესაძლებლობა.