სოფო ნატრიაშვილი
გენდერული თანასწორობა პირველ რიგში ადამიანის უფლებაა, რომელსაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღიარებს. თითოეული სახელმწიფო ვალდებულია შექმნას შესაბამისი პირობები, რათა გენდერული თანასწორობა იქნეს მიღწეული. საქართველოს კონსტიტუციით ქალი და მამკაცი თანასაწორია და მათ ერთნაირი უფლებები გააჩნიათ. როგორც კონსტიტუცია, ასევე ზოგადად საქართველოს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო ვალდებულებებთან, თუმცა აღსრულების თვალსაზრისით ქვეყანა ჯერ კიდევ დგას გამოწვევების წინაშე.
გენდერული სამართლიანობის მისაღწევად, ადგილობრივ თვითმმართველობებს მნიშვნელოვანი მისია აკისრიათ. სწორედ თვითმმართველობის პოლიტიკა განაპირობებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისა და მამაკაცების კეთილდღეობას, რაც თავისთავად ვერ მიიღწევა თუკი მუნიციპალიტეტები სათანადო ყურადღებას არ დაუთმობენ გენდერულ ბიუჯეტირებას ანუ იგივე გენდერულად მგრძნობიარე, ან გენდერულად ორიენტირებულ ბიუჯეტირებას, რომელშიც დაბალანსებული იქნება სხვადასხვა სოციალურ-გენდერული ჯგუფის წარმომადგენელთა მოთხოვნილებები და ინტერესები. გენდერული ბიუჯეტირება გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების აუცილებელი მექანიზმია, თუმცა ამის რეალიზება ადგილობრივ დონეზე არ ხდება. მიუხედავად ამ მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯებისა, ეს საკითხი კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება უმეტეს მუნიციპალიტეტებში.
საინტერესოა, როგორ პასუხობენ ადგილობრივი ბიუჯეტები ქალებისა და კაცების განსხვავებულ საჭიროებებს? და ზოგადად რაშია გენდერული ბიუჯეტირების უპირატესობები?
თანასწორობის უფლება
გენდერული ბიუჯეტირების პრაქტიკის დანერგვას ხელს უშლის არაერთი გარემოება. ამიტომაც საჭიროა ყურადღებით მოვეკიდოთ გენდერულ ბიუჯეტირებას. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები შეცდომით თვლიან, რომ გადასახადები და სახელმწიფო ხარჯები ერთნაირ გავლენას ახდენს ქალებსა და კაცებზე. ამ შეხედულების გასაქარწყლებლად აუცილებელია, პირველ რიგში, ბიუჯეტის ანალიზი გენდერული თავისებურებების გათვალისწინებით, პრიორიტეტების განსაზღვრა და საბიუჯეტო პროცესების ყველა ეტაპზე გენდერული თანასწორობის ასპექტების ჩართვა.
არ არსებობს გენდერული ბიუჯეტირების უნივერსალური მიდგომა და ყოველი პრაქტიკა ეყრდნობა ქვეყნის სპეციფიკურ მახასიათებლებს. შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე გასათვალისწინებელია კონკრეტული მუნიციპალიტეტის სპეციფიკა. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გენდერული ბიუჯეტირების კონკრეტული მეთოდოლოგია და/ან მოთხოვნა გათვალისწინებული არ არის, თუმცა სარეკომენდაციო მითითებების თანახმად გენდერული ბიუჯეტირება განხილულია როგორც შედეგზე ორიენტირებული ბიუჯეტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. ,,პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის N385 ბრძანება მიუთითებს: “პროგრამის სპეციფიკის მიხედვით, საჭიროებიდან გამომდინარე, გენდერულად სენსიტიურ პროგრამებთან მიმართებაში მნიშვნელოვანია პროგრამის შეფასების ერთ-ერთ ინდიკატორად გამოყოფილ იქნეს პროგრამის გენდერულ ასპექტში შეფასების ინდიკატორი”. ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის ეს ჩანაწერი, თავისთავად, შეიძლება პოზიტიურად შეფასდეს, რადგანაც რეკომენდაციას აძლევს მუნიციპალიტეტებს, ბიუჯეტის შედგენისას გაითვალისწინონ გენდერული ასპექტები, თუმცა ფაქტია, რომ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ფორმირებისას გათვალისწინება არ ხდება გარდა ერთეული შემთხვევებისა. საკითხავია, რამდენად პასუხობს გამოწვევას ერთეული შემთხვევები?
საუკეთესო პრაქტიკა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს
განსხვავებით სახელმწიფო ბიუჯეტისგან ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში გენდერული ასპექტები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, თითქმის არ გვხვდება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ანალიზმა აჩვენა, რომ ბიუჯეტირება გენდერულ ჭრილში პრაქტიკულად არ ხდება გარდა რამდენიმე გამონაკლისისა (თბილისის, ბოლნისის, რუსთავი). გამონაკლისებს შორის მაგალითისთვის შეგვიძლია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის განხილვა.
როგორც აღვნიშნეთ, გენდერული ბიუჯეტი არ გულისხმობს მხოლოდ ქალებისა და კაცებისათვის მორგებული სხვადასხვა პროგრამების შექმნას, გენდერული ასპექტები გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა პროგრამასა და ქვეპროგრამაში, რაც რუსთავის შემთხვევაში წარმოდგენილი არ არის. მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტში ცალკე ქვეპროგრამად აისახა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა“ (ცხრილი1).
შენიშვნა: 2020-2021 წლებში აღნიშნული პროგრამის განხორციელება შეჩერდა
პირველ ეტაპზე, პროგრამის დაფინანსება განისაზღვრა 30 000 ლარით, ბიუჯეტის პროგრამულ დანართში ქვეპროგრამის აღწერის მიხედვით გათვალისწინებულია ქალების ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდა.
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი ზოგადი ხასიათისაა. მკაფიოდ არ იკითხება პრობლემის აღწერა, მისი გადაჭრის გზები და მოსალოდნელი შედეგი. გაურკვეველია რა იგულისხმება ,,ქალების ცნობიერების ამაღლებაში’’, რა პროცენტული წილითაა წარმოდგენილი მეწარმე ქალები მუნიციპალიტეტში არსებულ მეწარმეთა შორის, რამდენად არიან ქალები ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამ და სხვა მონაცემების არსებობის გარეშე რთულია გაგება რეალურად დგას თუ არა პრობლემა და რა სიმწვავით.
კიდევ ერთი ხარვეზი ასევე არის ის, რომ არ არის განსაზღვრული შედეგის შეფასების ინდიკატორი. ერთადერთ ინდიკატორად მხოლოდ მონაწილე ბენეფიციართა რაოდენობაა მითითებული. ბენეფიციართა რაოდენობით კი შეუძლებელია მსჯელობა იმაზე, თუ რამდენად გადაიჭრა მოცემული პრობლემა. 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, სადაც დეტალურად უნდა იყოს საუბარი პროგრამის შესრულებასა და შედეგებზე არაფერს ამბობს ქვეპროგრამის განხორციელებით დაგეგმილ მიღწეულ მიზნებზე, ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ გეგმით გათვალისწინებულ დაფინანსებასა და ფაქტიურ ხარჯზე, ხოლო ამით რა ეფექტი იქნა მიღებული არ არის ნახსენები(ცხრილი2).
ცხრილი 2. „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“, ხელმისაწვდომია: ლინკი
თუ კარგად გავაანალიზებთ მოცემულობას, არსებული გარემოს მიმოხილვიდან ირკვევა, რომ რუსთავის მერიის მაგალითი წარმოდგენილია, როგორც საუკეთესო პრაქტიკა, აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, რა მდგომარეობაა ქვეყანაში ამ მიმართულებით.
გენდერული ბიუჯეტირების უპირატესობები
ფაქტია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტები გენდერულ საჭიროებებს ვერ პასუხობს. გენდერული ბიუჯეტირების უპირატესობების დანახვა ადგილობრივ დონეებზე არ ან ვერ ხდება, რაც თავის მხრივ, შედეგად იწვევს გენდერულ უთანასწორობას. თუმცა, გენდერულად პასუხისმგებლიანი საბიუჯეტო ინიციატივების დანერგვა, საბოლოო ჯამში, გააუმჯობესებს მოსახლეობის კეთილდღეობას და ქვეყნების ეკონომიკის ზრდას წაადგება. ასევე, გენდერული ბიუჯეტირება განმაპირობებელია გენდერული სამართლიანობისა: ქალთა და მამაკაცთა მოთხოვნილებები სხვადასხვა ჯგუფებში შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. გენდერული თანასწორობის სფეროში შეუძლებელია მხოლოდ ერთი სქესისთვის არსებობდეს სასურველი შედეგი. სწორედ ამიტომ, გენდერულად პასუხისმგებლიანი პოლიტიკის მიზანია, ქალებსა და მამაკაცებს შორის თანასწორობის დამკვიდრება ყველა სფეროში. ასევე, გენდერული ბიუჯეტირება უკავშირდება ადამიანის უფლებების აღსრულებას.
მიუხედავად საქართველოში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების მხრივ არსებული მნიშვნელოვანი პროგრესისა, მათი განხორციელების კუთხით გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.
მუნიციპალიტეტების მართვის გაუმჯობესების მთავარი პირობა სწორედ ის არის, რომ ბიუჯეტი, რომელსაც კონკრეტული მუნიციპალიტეტი განკარგავს, სწორად პასუხობდეს ქალებისა და კაცების განსხვავებულ საჭიროებებს. არასწორად დაგეგმილმა საბიუჯეტო პოლიტიკამ შეიძლება ხელი შეუწყოს არსებული გენდერული უთანასწორობის გაზრდას, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურ თუ მუნიციპალურ დონეზე ბიუჯეტის ფორმირების დროს გათვალისწინებული იყოს გენდერული საჭიროებები და ბიუჯეტი მიმართული იყოს უთანასწორობის შემცირებისკენ.
ბიუჯეტი ყველასია
გენდერული ბიუჯეტირება გენდერული თანასწორობის ზოგადი პრინციპების განუყოფელი ნაწილია, რაც გამორიცხავს შეზღუდვებს ადამიანის უფლებების მიმართულებით. ზოგადად, კარგი მმართველობის მექანიზმების დასანერგად აუცილებელია პოლიტიკის გამჭვირვალობა და მასში საზოგადოების ფართო მონაწილეობა. გენდერული ბიუჯეტირების მეთოდის დახმარებით, მოქალაქეთა მრავალფეროვანი ჯგუფების განსხვავებული აზრი მმართველობის ყველა ეტაპზეა წარმოდგენილი. ქალების, მამაკაცების, გოგონებისა და ბიჭებისათვის პროდუქტის მიწოდებისა და მომსახურების სამართლიანად გაუმჯობესება შესაძლოა განვიხილოთ, როგორც კარგი მმართველობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.
საბოლოოდ, იმისათვის რომ საქართველოში არსებობდეს ღირსეული ცხოვრების წესი, გაიზარდოს ქვეყანაში კეთილდღეობა, არსებული გენდერული ბიუჯეტირების სისტემის სტუქტურა კარგად უნდა იქნეს გადააზრებული.
[ბლოგი მომზადდა “ცვლილებებზე ორიენტირებული ახალგაზრდების ხელშეწყობა საქართველოში” პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო თემატური ჯგუფის – „ქალთა პოლიტიკური ჩართულობა“ წევრის, სოფო ნატრიაშვილის მიერ. პროექტი ხორციელდება საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ, USAID/Georgia-ის ფინანსური მხარდაჭერით].
Photo Credit: Chaitanya Dinesh Surpur