Author
ერეკლე გოზალიშვილი
ერეკლე გოზალიშვილი[1]
საქართველო უკვე დიდი ხანია, დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისათვის ისწრაფვის. სამწუხაროდ, ქვეყანა, ჯერჯერობით, კვლავ ვერ ახერხებს იმ ძირითადი ღირებულებების რეალიზებას, რომლებიც ევროპული და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი წინაპირობებია. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელსაც საქართველო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე აწყდება, გაუმართავი საარჩევნო სისტემაა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აუცილებელია არჩევნების ისე ჩატარება, რომ მისი შედეგები ყველა პოლიტიკური მხარისათვის მისაღები იყოს. დასავლელი პარტნიორების დახმარების შედეგად ოპოზიციის მიერ გამოცხადებული საპარლამენტო ბოიკოტი დაასრულა შეთანხმებამ, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით უნდა განხორციელდეს საარჩევნო რეფორმა, რაც, სასურველია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის დაინერგოს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის არჩევნებს კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მისი შედეგების მიხედვით უნდა გადაწყდეს დაინიშნება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს. შესაბამისად, საინტერესოა გავაანალიზოთ, თუ რას წარმოადგენს ეს საარჩევნო ცვლილებები საქართველოსათვის, გამოწვევას, თუ შესაძლებლობას?
საარჩევნო რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით
ევროკავშირის პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტის, “სამომავლო გზა საქართველოსათვის”, მიხედვით, რომელზე თანხმობაც პოლიტიკურმა პარტიებმა საჯარო ხელმოწერებით დააფიქსირეს, მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა იყოს სრულად პროპორციული ბუნებრივიდან 2% – მდე ბარიერით. პროპორციული არჩევნების ჩატარება და დაბალი ბარიერი უზრუნველყოფს უფრო მეტი პოლიტიკური პარტიის წარმოდგენას პარლამენტში, რაც განაპირობებს მოსახლეობის უკეთეს წარმომადგენლობას საკანონმდებლო ორგანოში. პოლიტიკური პარტიები მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ არჩევნებზე პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების გადანაწილება მოხდება 4/1 შეფარდებით ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქების მერიებსა და საკრებულოებში დეპუტატების განაწილება მოხდება უფრო მეტად პროპორციული წესით, ვიდრე მაჟორიტარულით. ეს,ასევე, გაზრდის მიღებული პროცენტების მიხედვით პარტიათა წარმომადგენლების უფრო სამართლიან განაწილებას. რაც შეეხება ბარიერს, თბილისში ის იქნება 3%, ხოლო რეგიონებში 2,5%, რაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისაგან განსხვავებით დაბალია. 2017 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით გადასალახი ბარიერი 4% იყო.
მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესსაც. რეფორმის მიხედვით, კომისიაში წარმოდგენილი უნდა იყოს 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი. პროფესიული წევრები უნდა აირჩიოს პარლამენტმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. წევრებისა და თავმჯდომარის ასარჩევად კი საჭირო იქნება ხმების ⅔. გარდა ამისა, ცვლილებები შეეხო საარჩევნო უბნების გადათვლას. შეთანხმების მიხედვით, სპეციალურ ჯგუფთან და შესაბამის ავტორიტეტულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან ერთად, უნდა მოხდეს თითოეული ოლქის საარჩევნო უბნების 10% ის გადათვლა. ყველა ზემოთ ნახსენები ცვლილების მიღება კი თვითმმართველობის არჩევნებამდე უნდა მოხდეს.
რა ხდება დღეს და რა ეტაპზეა საარჩევნო რეფორმა
საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა 2021 წლის დასაწყისში, კერძოდ კი თებერვალში დაიწყო მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში იმ დროისათვის მხოლოდ მმართველი გუნდი, “ევროპელი სოციალისტები” და პარტია “მოქალაქეები” იყვნენ წარმოდგენილნი. იქიდან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები პოლიტიკურ მხარეებს შორის კვლავ გრძელდებოდა, რეფორმაზე აქტიური მუშაობის ფაზა გაზაფხულზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკური პარტიები პარლამენტში შევიდნენ. კანონპროექტი, რომლის განხილვაც 21 მაისს დაიწყო, საყურადღებოა, რადგან შარლ მიშელის დოკუმენტში არსებულ ცვლილებებთან ერთად ის მოიცავს არჩევნების ელექტრონულად ჩატარებასაც. ეს პრაქტიკა საქართველოსთვის ახალია და მომავალი არჩევნებისათვის, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, საკმაოდ ბუნდოვნად გამოიყურება.
მიმდინარე წლის 12 ივნისს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იღებდნენ მონაწილეობას. სწორედ იმიტაციის მეშვეობით მოხდა ერთგვარი დატესტვა იმ ელექტროსაშუალებებისა, რომლებიც შესაძლოა მომავალი თვითმმართველობის არჩევნებზე იყოს გამოყენებული. 28 ივნისს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში დამტკიცდა, შეიძლება ითქვას, რომ რეფორმაზე მუშაობის ტემპი საკმაოდ დაბალია. რთული სათქმელია, რამდენად მოესწრება თვითმმართველობის არჩევნებისათვის იმ ცვლილებების ხარისხიანად გატარება რომლებიც დოკუმენტშია გაწერილი. ეს პროცესი მოიცავს კადრების გადამზადებასა და ახალ სისტემაზე ადაპტაციას, რაც, საქართველოში არსებული დაბალი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია.
ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება სხვა ქვეყნებში – საფრთხეები და რისკები, შედარება პოტენციურ ქართულ ვერსიასთან
ელექტრონული არჩევნების ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს ესტონურია. ბალტიისპირეთის ამ ქვეყანაში მოსახლეობის ნებისმიერ ნაწილს შეუძლია ხმა ონლაინ, ინტერნეტის გამოყენებით მისცეს. თუმცა, არსებობენ ქვეყნებიც, სადაც ნაწილობრივ ელექტრონული სისტემა არსებობს. ასეთი ქვეყნებია მაგალითად საფრანგეთი, კანადა და სხვა.თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის არჩევნები საკმაოდ საფრთხის შემცველია და ზრდის კიბერდანაშაულის რისკებს, რომელიც შესაძლოა ქვეყნებმა გამოცადონ. ამის ნათელი გამოვლინებაა ესტონეთის ქეისი, როდესაც რუსეთის ფედერაციამ მიიტანა კიბერ-იერიში სხვადასხვა სამთავრობო უწყებებსა და ორგანიზაციებზე. ეს კი სწორედ მაშინ, როდესაც ესტონეთი პირველად ატარებდა ელექტრონულ არჩევნებს.
საქართველოში მომავალი თვითმმართველობის არჩევნებზე მხოლოდ ნაწილობრივად იგეგმება ელექტრონული მეთოდების გამოყენება, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეები საარჩევნო უბნებზე სპეციალური შტრიხკოდის მქონე ბიულეტენებში ბეჭდის მეშვეობით დააფიქსირებენ საკუთარ არჩევანს. ამის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია, ელექტრონული დათვლის მეშვეობით დათვალოს იმდენი საარჩევნო უბანი, რამდენიც სოციოლოგიურად უზრუნველყოფს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. ელექტრონული დათვლის მანქანების გამოყენებამ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს შესაძლოა საქართველოს არჩევნებში ჩარევის საშუალება მისცეს.
როგორც ვხედავთ, ქართული მოდელი განსხვავდება იმ მოდელებისაგან, რომლებიც სხვა ქვეყნებში არსებობს, თუმცა ის ისევე შეიცავს რისკებს, როგორც სხვა ქვეყანაში არსებული მოდელები, რადგან ელექტრონული თვლის პროცესი, შესაძლოა, საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდეს. დღეისათვის საქართველოს უსაფრთხოება განსაკუთრებით კი კიბერუსაფრთხოება, შესაძლოა მზად არ აღმოჩნდეს ისეთი ტიპის ტვირთისათვის, როგორიც ქვეყანაში არჩევნების ჩატარება იქნება. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ინიციატივა ქვეყნისათვის ნახტომისებურია და დღევანდელი ფინანსური თუ პროფესიული რესურსი საქართველოს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ არჩევნები ჩაატაროს ელექტრონულად. პროფესიული რესურსისა და შესაბამისი პირობების უზრუნველყოფის გარეშე რთული სათქმელია, რამდენად იქნება შესაძლებელი მსგავსი ტიპის მაღალი სტანდარტების მქონე არჩევნების ჩატარება.
რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები – რა შეიძლება გაკეთდეს უკეთესად?
საარჩევნო ცვლილებებს, რომლებზეც მუშაობა მიმდინარეობს გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები, თუმცა მათი სწორი მიმართულებით დანერგვისა და განხორციელების შემთხვევაში ნამდვილად გააუმჯობესებს ქვეყანაში არსებულ საარჩევნო გარემოს.
საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის ცვლილება მნიშვნელოვანია, რადგან ეს მას უფრო მეტ დამოუკიდებლობას შესძენს. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ უმჯობესია, საარჩევნო კომისია იყოს სრულად პროფესიული და მისი წევრები არ იყვნენ პარტიის წარმომადგენლები, რაც მას სრულად გამჭვირვალეს გახდის და უფრო სანდო ორგანოდ აქცევს. სამწუხაროდ, აღნიშნული ცვლილების განხორციელება ქვეყანაში შეუძლებელია დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ პოლიტიკური პარტიებისა და მოსახლეობის უნდობლობას გულისხმობს. ამის დასტურია ის, რომ ცვლილებების მიხედვით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი იქნება. ამ ეტაპზე ეს არის ის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს უნდობლობის შემცირებას.
საქართველოში დღემდე ჩატარებულ არჩევნებში ყოველთვის იკვეთებოდა, კომისიის წევრების არაკვალიფიციურობა, რაც ამ დრომდე პრობლემად რჩება. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება, ეს კიდევ უფრო გაართულებს მდგომარეობას, განსაკუთრებით რეგიონებში. სწორედ ამიტომ, ხარისხიანი არჩევნებისათვის, მნიშვნელოვანია მოხდეს ადამიანური რესურსის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება. აქედან გამომდინარე, კომისიის წევრების რაოდენობის ზრდასთან ერთად, აუცილებელია პირდაპირპროპორციულად გაიზარდოს მათი ცოდნა საარჩევნო პროცესის მიმართ. ეს ცვლილება ასევე დაკავშირებულია უფრო დიდ ფინანსურ რესურსთან, რომლის მობილიზებაც უნდა მოხდეს ძალიან მალე. ქვეყანაში არსებული ცუდი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კი ფინანსების მოკლე დროში მოძიება, საკმაოდ რთული იქნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ფინანსური ნაწილი იყოს კანონზომიერი და თანმიმდევრული. ეს გულისხმობს იმას, რომ წინასწარ უნდა გაითვალოს ის ხარჯები, რომლებიც საჭიროა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად.
ცვლილება, რომელიც ეხება მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციულად და ბუნებრივი ან დაბალი ბარიერით ჩატარებას, უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ამომრჩევლის ნების უფრო მეტ წარმომადგენლობითობას პარლამენტში. რაც შეეხება, ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებში პროპორციულისა და მაჟორიტარული არჩევნების შეფარდების ცვლილებას, ესეც, გარკვეულწილად, პოზიტიურად მოქმედებს იმ თვალსაზრისით, რომ გამარჯვებულ კანდიდატს უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება.
გარდა ამისა, აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ საარჩევნო უბნების 10% ის შემთხვევითი პრინციპით გახსნა და გადათვლა ნამდვილად საინტერესო ცვლილება და რეფორმაა საარჩევნო სისტემაში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს საკითხი საკმაოდ პრობლემატური იყო, რადგან შესაბამისი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნილი უბნების დიდი ნაწილი საჩივრების საფუძველზე არ გადაითვალა. შესაბამისად, თუ მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეს პრაქტიკა დამკვიდრდება, ეს ნამდვილად პროდუქტიული და სასარგებლო იქნება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინიტიაცივა, განხორციელების შემთხვევაში, საქართველოსათვის ქმნის შესაძლებლობას, რომ დაიწყოს სწორი მიმართულებით სვლა არჩევნების ხარისხის გაუმჯობესებისათის. სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ საარჩევნო რეფორმის სწორი მიმართულებით განხორციელება, საქართველოს ნამდვილად მისცემს საშუალებას, რომ ამ კუთხით განვითარებისაკენ წინ დიდი ნაბიჯი გადადგას, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ეტაპობრივად და არა ნახტომისებურად, რამაც შესაძლოა უფრო მეტი პრობლემა ვიდრე სარგებელი მოიტანოს ქვეყნისათვის.
[1] ერეკლე გოზალიშვილი არის საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.