27/04/2017 magda

არის თუ არა დემოკრატია შესაძლებელი სტაბილური პოლიტიკური პარტიების გარეშე?

Author


გამოქვეყნების თარიღი:Publish Date:
27-04-2017

ძლიერი პოლიტიკური პარტიები კონსოლიდირებული დემოკრატიის საყრდენს წარმოადგენს. ამიტომაც არის, რომ პარტიებსა და ამომრჩეველს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირის არსებობა, არჩევნებში წარმატების მიღწევისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ძლიერი და სტაბილური კავშირი ამომრჩეველსა და პარტიებს შორის დემოკრატიის სტაბილურობას უზრუნველყოფს, რადგან ასეთი კავშირების და ურთიერთობის შემთხვევაში, ამომრჩეველი გათვითცნობიერებულია, რას უნდა ელოდეს არჩეული პარტიებისგან. შესაბამისად, პარტიების იდეოლოგიაზე დაყრდნობით შედგენილი პროგრამები გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

საქართველოს დემოკრატიის მომწიფების გზაზე, დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის ქვეყანაში მოქმედი პარტიები ინსტიტუციურად უნდა განვითარდნენ. შესაბამისად, პარტიებმა ამომრჩეველთან არსებულ კავშირებს უნდა გადახედონ. კვლევები გვიჩვენებს, რომ პარტიასა და ამომრჩეველს შორის კავშირი ყველაზე სტაბილურია, როდესაც ის პროგრამულ ხაზს მიჰყვება. ეს ფაქტორი პოლიტიკური კურსის მოულოდნელ ცვლილებებს გვარიდებს თავიდან. ამიტომ, წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს იმ გამოწვევების კვლევას, რომელიც ქართულ პარტიებს ხვდება პროგრამულ პარტიებად ჩამოყალიბების გზაზე.

ეს დოკუმენტი განიხილავს იმას, თუ როგორ შეესაბამება პარტიული პროგრამები ამავე პარტიების იდეოლოგიებს, თუ როგორ ასახავენ ისინი საზოგადოებრივ აზრს და რატომ და როგორ ირჩევენ ახალგაზრდები ამა თუ იმ პარტიას გასაწევრიანებლად. ეს მიმოხილვა ეყრდნობა: ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის სამი სხვადასხვა კვლევის ანალიზს; შვიდი მთავარი პოლიტიკური პარტიის პროგრამების კონტენტ ანალიზსა და ფოკუს ჯგუფ დისკუსიებს იმ ახალგაზრდებთან, რომლებიც ამ შვიდი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები არიან.

კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ შვიდიდან მხოლოდ სამ პარტიას აქვს თავიანთ სახელებთან და რიტორიკასთან იდეოლოგიურად შესაბამისი წინასაარჩევნო პროგრამა; წარმატებული პარტიების პროგრამები უკეთესად ასახავენ საზოგადოებრივ აზრს, ვიდრე ნაკლებად წარმატებული პარტიების პროგრამები. როდესაც ამა თუ იმ პარტიაში გაწევრიანებას დააპირებენ, ახალგაზრდა ქართველები უფრო ხშირად უპირატესობას ანიჭებენ არაფორმალურ პირად კავშირებს, კარიერული წინსვლის შესაძლებლობებსა და იდეოლოგიას, ვიდრე პარტიის პოლიტიკურ ლიდერს.

, , , , , , ,