Author

24/06/2022 სალომე კანდელაკი

საქართველოს მოკლე თუ გრძელვადიანი ევროპული პერსპექტივა: სლოვაკეთის შემთხვევის ანალიზი

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე რთული შიდა და გარე დაბრკოლებების გადალახვა უწევს. მსგავს გამოწვევებთან გამკლავება ევროპეიზაციის პროცესში ევროკავშირის არა ერთ წევრ სახელმწიფოს მოუხდა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარი და პირობითობის ამოქმედება მიღებული პრაქტიკაა. სიტუაციურად  საქართველოს შემთხვევა ყველაზე მეტად სლოვაკეთისას ჰგავს, როდესაც სახელმწიფოს თავდაპირველად არ მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არადემოკრატიული მმართველობის გამო.

კოპენჰაგენის კრიტერიუმებიდან ყველაზე კრიტიკული შეფასება ორივე ქვეყანამ პოლიტიკური მიმართულებით მიიღო, რაშიც დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინსტიტუციური სტაბილურობის მიმართულებით არსებული ჩავარდნები მოიაზრება. ამგვარად საინტერესოა ამ ორი ქვეყნის წინაპირობების შედარება ევროინტეგრაციის გზაზე,  ასევე იმის,  თუ როგორ გაუმკლავდა სლოვაკეთი აღნიშნულ გამოწვევებს და რამდენად შეიძლება მისი გამოცდილება საქართველოსთვის იყოს მაგალითი.

მთავრობასა და პრეზიდენტის ინსტიტუტს შორის დაპირისპირება

სლოვაკეთისთვის 1997 წელს კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება რამდენიმე ისეთმა ფაქტორმა განაპირობა, რაც საქართველოს შემთხვევაშიც რელევანტურია. ინსტიტუციურ დონეზე დაპირისპირებების  გამომწვევი მიზეზების მსგავსებების მხრივ, ყურადღება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი მთავრობის უპატივცემულობას და მის დელეგიტიმაციის მცდელობას შეიძლება დაეთმოს. საგულისხმოა, რომ საქართველოს მსგავსად 1992 წელს სლოვაკეთში პრეზიდენტი მმართველი პარტიის მიერ იყო მხარდაჭერილი, შემდეგ კი მან დამოუკიდებლად მოქმედება განიზრახა, რასაც პრემიერ მინისტრ  ვლადიმირ მეჩიარსა და პრეზიდენტ მიხალ კოვაჩს შორის დაპირისპირება მოყვა. თავდაპირველად პრეზიდენტმა პარლამენტისადმი ყოველწლიურ მიმართვაში პრემიერი უფლებამოსილების კონცენტრაციისა და სახელმწიფოს შემოსავლების თავისი პარტიის დასაფინანსებლად გამოყენებაში დაადანაშაულა. შედეგად, მთავრობის მხრიდან პრეზიდენტის ისედაც ნომინალური უფლებამოსილება უფრო მეტად შეიზღუდა. პრეზიდენტის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევის შემთხვევა საქართველოს შემთხვევაშიც არსებობს. ამის მაგალითი მისთვის საერთაშორისო ვიზიტების აკრძალვა იყო, რის გამოც მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანაც კი დააპირეს, რაც საბოლოოდ აღარ განხორციელდა. თუმცა მის წინააღმდეგ სარჩელი მთავრობამ შეიტანა იმ ბრალდებით, რომ პრეზიდენტმა ელჩების დანიშვნას ხელი შეუშალა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს შემთხვევაში სიტუაცია უფრო რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ დაპირისპირებას წინ ორწლიანი პოლიტიკური კრიზისი უძღოდა. ამ ყველაფერს დაემატა ომი უკრაინაში, უკრაინის თემაზე პრეზიდენტის მოთხოვნაზე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევაზე პარლამენტის უმრავლესობის მხრიდან უარის თქმა და ამ მხრივ პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება. თუმცა უნდა ითქვას, რომ არც სლოვაკეთის და არც საქართველოს შემთხვევაში პრეზიდენტებს საზოგადოების გამაერთიანებლის როლი არ უთამაშიათ, რადგან თავდაპირველად ორივე მმართველი პარტიის მხრიდან იყვნენ მხარდაჭერილები. შესაბამისად მათდამი საზოგადოების მხარდაჭერა მმართველი გუნდისადმი ელექტორალური სიმპათიით იყო განპირობებული.

ამ ორი ქვეყნის სიტუაციის უკეთ გასაანალიზებლად, ქვემოთ მოცემულია ცხრილი სადაც ნათლად არის ასახული სლოვაკეთისა და საქართველოს იმ წლების მაჩვენებლები, როდესაც  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარყოფითი რეკომენდაციები იქნა გაცემული ევროკომისიის მხრიდან.

ცხრილი 1: 1997 წლის სლოვაკეთის და 2022 წლის საქართველოს დემოკრატიის, თავისუფლებისა და კორუფციასთან დაკავშირებული ინდექსირებული შეფასებები:

წყარო: მონაცემები აღებულია Freedom House-ის, Polity IV-ის, Economist EIU-ს, Transparency International-ის, RSF Reporting Without Boders-ის, Civil.ge -ის ოფიციალური ვებგვერდებიდან. სლოვაკეთი 1997წ./საქართველო 2022.

პოლიტიკური შუღლი და უფლებამოსილების გადამეტება

ინსტიტუციურ დონეზე სლოვაკეთის მმართველი გუნდის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნათელი მაგალითი იყო კენჭისყრის გზით ყოფილი თანაგუნდელის საკანონმდებლო ორგანოდან გარიცხვა მას შემდეგ რაც მან მმართველი პარტია – “სახალხო პარტია – მოძრაობა დემოკრატიული სლოვაკეთისთვის” დატოვა. ასეთი პრეცედენტი საქართველოს შემთხვევაშიც მოხდა, როდესაც ერთ-ერთ ოპოზიციონერ ლიდერს პარლამენტმა დეპუტატის სტატუსი შეუჩერა მას მერე რაც სასამართლომ მას თაღლითობის ბრალდება წაუყენა რაზეც დავა დღემდე მიმდინარეობს; ხოლო მეორე დეპუტატს კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დასდეს ბრალი.  ამგვარი პრეცედენტები ძირითადად პიროვნული დაპირისპირებისა და პოლიტიკური შუღლის შედეგია ხოლმე, რაც უარყოფითად აისახება მმართველი, თუ ოპოზიციური აქტორების მიმართ ელექტორალურ განწყობებზე და ასევე ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. ამგვარად, აღნიშნული შემთხვევები არც ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა.

სლოვაკეთის შემთხვევაში, ევროპის კავშირის საბჭოს 1997 წლის უარყოფითი გადაწყვეტილება განპირობებული იყო მმართველი პარტიის უფლებამოსილების გადაჭარბების, სასამართლოზე გავლენის მოხდენის მცდელობის და ოპოზიციისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამო. კერძოდ, 1997 წლის 23-24 წლის მაისს სლოვაკეთში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც ოთხი საკვანძო კითხვიდან ბოლო ოპოზიციური პარტიების მხრიდან იყო ინიციირებული, რაც პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესის შემოღებას ეხებოდა (რადგან 1992 წლის კონსტიტუციური ცვლილების თანახმად, პრეზიდენტს მთავრობა ნიშნავდა). საგულისხმოა, რომ ოპოზიციამ ნახევარ მილიონზე მეტი ხელმოწერის შეგროვების წყალობით შეძლო აღნიშნული ინიციატივის პრეზიდენტის გავლით ამოქმედება. თუმცა მმართველმა პარტიამ თავისი ძალაუფლების გასამყარებლად სასამართლოს მიმართა ბოლო შეკითხვის რეფერენდუმის კითხვების ჩამონათვალიდან ამოღების მოთხოვნით. ყურადსაღებია, რომ სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა მმართველმა პარტიამ აღნიშნული შეკითხვა ბოლო წამს თვითნებურად ამოიღო.

ზემოთ აღწერილი პრეცედენტის გამო, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა პროტესტის ნიშნად რეფერენდუმში აღარ მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად ამ რეფერენდუმმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. მეტიც, პრეზიდენტისა და ოპოზიციის ფიასკომ და მთავრობის არალეგიტიმურმა ქმედებამ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხზეც უარყოფითად იმოქმედა, რადგან რეფერენდუმის პირველი კითხვა ნატოში გაწევრიანების სურვილს ეხებოდა, რეფერენდუმი კი მთლიანად ჩავარდა. პრემიერმა სიტუაცია ისე აღწერა, თითქოს ქვეყანას არაფერი დაუკარგავს რადგან იმ მომენტისთვის NATO ისედაც არ იყო მზად ალიანსის გაფართოებისთვის. შედარებისთვის უნდა ითქვას, რომ  მეტნაკლებად მსგავსი რიტორიკა ჰქონდა საქართველოს მთავრობას მას შემდეგ რაც ევროკომისიის დასკვნა დაიდო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ამჯერად მინიჭებისგან თავის შეკავების თაობაზე. მთავრობის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ რომ არა უკრაინა საქართველო ისედაც არ აპირებდა 2024 წლამდე ამ განაცხადის გაკეთებას, შესაბამისად ევროკავშირის შეფასება ტრაგედიას არ წარმოადგენდა. თუმცა მათ ამავდროულად ოპოზიცია დაადანაშაულეს იმაში, თითქოს მათი ნეგატიური ძალისხმევის გამო არ მიენიჭა საქართველოს ეს სტატუსი.

ნაცვლად პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევისა, რაც ევროკომისიის თორმეტ პუნქტიანი რეკომენდაციების პირველივე პუნქტად არის გამოტანილი, პოლიტიკური ელიტა აგრძელებს დაპირისპირებას. ხოლო საქართველოს მოსახლეობა უკვე მეორედ ცდილობს პოლიტიკური კლასის შეცდომების გამოსწორებას ქვეყნის იმიჯის შესანარჩუნებლად. პირველად ეს საზოგადოებამ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მასშტაბური სოლიდარობის აქციებით, ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებით, თუ უკრაინელების მოხალისეობრივი დახმარების გზით შეძლო. ხოლო მეორედ სამოქალაქო საზოგადოებისა და ახალგაზრდა აქტივისტების დიდი ძალისხმევით უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად. საზოგადოების არც ერთი ეს სოლიდარობის აქტი საერთაშორისო ყურადღების მიღმა არ დარჩენილა. მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ აქციებით ვერ შეძლებს ქვეყნის ევროატლანტიკური საგარეო კურსის შენარჩუნებას, ამისთვის მაღალი ინსტიტუციონალური პასუხისმგებლობაა საჭირო, რისი მზაობაც ჯერჯერობით არ არის.

სასამართლოს დამოუკიდებლობის შეზღუდვა

სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით საქართველოზე არანაკლებ რთული გამოწვევის წინაშე იდგა სლოვაკეთი 90-იან წლებში. კერძოდ, 1993-97 წლებში, სლოვაკეთში ვლადიმირ მეჩიარის პრემიერ მინისტრობის დროს, სასამართლო სისტემა იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის კონტროლის ქვეშ იყო და მთავრობა პირდაპირ ერეოდა მოსამართლეების დანიშვნისა და დაწინაურების საკითხებში. მოსამართლეთა მთავრობის მიმართ ლოიალობას ისიც განაპირობებდა, რომ მათ 4 წლიანი პრობაციის პერიოდი ჰქონდათ. ამ ოთხი წლის მანძილზე ისინი მაქსიმალურად ცდილობდნენ მთავრობის მოწონება დაემსახურებინათ რათა 4 წლის შემდეგ მოსამართლის უვადო სტატუსი მოეპოვებინათ. მსგავსი სიტუაციაა საქართველოშიც, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაჩქარებული წესით უვადოდ დანიშნეს დიდი კრიტიკის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ადგილობრივი იურისტების განსხვავებული რეკომენდაციების მიუხედავად. სასამართლო შტოსადმი უნდობლობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რაც სლოვაკეთის შემთხვევაში ხელისუფლების არჩევნების გზით ცვილებამდე ვერ გამოსწორდა, რადგან არ იყოს სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის პოლიტიკური ნება. საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ამ მხრივ როგორც წესი ყველაზე მეტად საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლა და გამკაცრებული მონიტორინგის მექანიზმის ამოქმედება ამართლებს ხოლმე, რაც საქართველოს შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსამართლეთა დანიშვნის წესთან მიმართებით.

მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული გამოწვევები

სლოვაკეთის დემოკრატიის ხარისხისა და გამოხატვის თავისუფლების შეფასების ერთ-ერთი მთავარი საზომი მედიის დამოუკიდებლობის განსაზღვრა იყო, როგორც სლოვაკეთის, ისე საქართველოს შემთხვევაში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სლოვაკეთის მედიის თავისუფლების შეფასების შედეგები ბევრად უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე ეს საქართველოს შემთხვევაში მოხდა. სლოვაკეთში იმ დროისთვის მედიის წინააღმდეგ ძირითადად ვერბალური დაპირისპირების მექანიზმები გამოიყენებოდა. მაგალითად პრემიერ მინისტრ ვლადიმირ მეჩიარის მთავრობის სიტყვიერი თავდასხმის სამიზნე ორი ტელევიზია SME და Markiza მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ისინი თანდათანობით დისტანცირდნენ მმართველი პარტიისგან, რომლის მიმართაც მანამდე უფრო ლოიალური სარედაქციო პოლიტიკა ჰქონდათ. სამთავრობო საქმიანობის შესახებ მძიმე გაშუქების გამო, მთავრობამ საპასუხოდ დამოუკიდებელი რადიოს Radio Twist სიხშირე ჩაახშო ბრატისლავაში. საქართველოს მთავრობის მსგავსად, იმ დროინდელმა სლოვაკეთის მთავრობამ რამდენიმე ტელევიზია პოლიტიკური ინდოქტრინაციის იარაღად აქცია, სადაც პროპაგანდისტული ინფორმაცია ვრცელდებოდა მათგან განდგომილი პრეზიდენტის, ოპოზიციისა და კრიტიკული მედიის დისკრედიტაციის მიზნით. მეჩიარის მმართველობის წლებში განსაკუთრებით დაიწია მედიის თავისუფლების ინდექსმა და 1997 წლის Freedom House-ს ანგარიშში მედია გარემო “ნაწილობრივ თავისუფლად” შეფასდა. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, დამოუკიდებელი მედია საშუალებები მაინც არსებობდა, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღოდათ მოსახლეობის ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობაში. ამ გარემოებამ გარკვეული წვლილი შეიტანა 1998 წლის საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის პროცესში, რის შემდეგადაც ერთ თვეში  ევროკომისიამ სლოვაკეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა და 1999 წელს კი ფორმალურად დაიწყო გაწევრებისთვის მოლაპარაკებები, რაც 2004 წელს ევროკავშირის წევრობით დაგვირგვინდა.

მედიას საქართველოშიც შეუძლია ევროინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით დიდი წვლილის შეტანა, თუმცა უკიდურესი პოლარიზაციის გამო შესაძლოა გარკვეული მედიასაშუალებების პოლიტიკურად მიკერძოებულმა გაშუქებამ ევროპეიზაციის პროცესზე ნეგატიური გავლენაც იქონიოს. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში მედიაზე გახშირებულმა ფიზიკურმა თავდასხმებმა და სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების პასიურობამ ჟურნალისტების უფლებების დაცვისა და დამნაშავეების დასჯის მიმართულებით განსაკუთრებული კრიტიკა გამოიწვია ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტის შეფასებებში, რაც ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ევროინტეგრაციის პროცესზე. ამის მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში კრიტიკული მედია ორგანიზაციები მაინც ახერხებენ ფუნქციონირებას და საზოგადოებამდე ალტერნატიული ინფორმაციის მიტანას.

1998 წლიდან სლოვაკეთში არალიბერალური ტენდენციების რღვევის განმაპირობებელი ფაქტორები: გაკვეთილი საქართველოსთვის

სლოვაკეთისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საბჭოს უარმა, სლოვაკი საზოგადოების მთავრობისადმი კრიტიკული განწყობის ჩამოყალიბება და განსაკუთრებული მობილიზება გამოიწვია. თუ მანამდე საზოგადოების ნაწილი ვერ აცნობიერებდა მმართველობაში ავტორიტარული ტენდენციების ნელ-ნელა გაღვივებას. არალიბერალური ტენდენციების რღვევაში განსაკუთრებული წვლილი სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ და საერთაშორისო აქტორებმა შეიტანეს.  ასევე ნაწილობრივ, თუმცა არც ისე მნიშვნელოვანი წვლილი ოპოზიციამაც შეიტანა ამ პროცესში, რომელიც დიდი ნდობით არ სარგებლობდა იმ დროისთვის ელექტორატში. სლოვაკეთის მოსახლეობის მობილიზება ყველაზე მეტად იზოლაციისა და დასავლური ინსტიტუტებისგან გარიყვის შიშმა განაპირობა. შესაბამისად ოპოზიციამაც გონივრულად გამოიყენა ეს მომენტუმი და 1998 წლის არჩევნებში ოთხი პარტიისგან შემდგარი კოალიციის წყალობით მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც მიკულაშ ძურინდა ჩაუდგა სათავეში. მეჩიარის მთავრობის პოპულისტური რიტორიკა, რაც ნაციონალისტურ ღირსების, ემოციების გაღვივებაში და ოპონენტების სახით მუდმივი მტრის ხატის წარმოჩენაში აისახებოდა და საზოგადოებაზე გავლენას ახდენდა, ეკონომიკურმა და საერთაშორისო მარგინალიზაციის შიშმა გადაწონა.

სლოვაკეთისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის რეალური პერსპექტივა სწორედაც მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების, რეფორმების გატარებისთვის მზაობის და რეალურად გადადგმული ნაბიჯების გამო გაიხსნა. საქართველოს შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა, რადგან კალენდრულად არჩევნები 2024 წლამდე არ უწევს. შესაბამისად საზოგადოების დაძაბულობიდან გამომდინარე წნეხი არსებულ ხელისუფლებაზე უნდა იყოს მიმართული თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების ექვსთვიან ვადაში ეფექტიანად განხორციელების მიზნით. რაც შეეხება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას, მისი უზრუნველყოფა ფართო საზოგადოებრივ კონსოლიდაციას მოითხოვს და უამრავ ფინანსურ, თუ ადმინისტრაციულ რესურსთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით რიგი რეკომენდაციების გათვალისწინებაა საჭირო მათ შორის შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარე, რისი განხორციელების გარეშეც რთული იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი არჩევნების ჩატარება. სიტუაციის გამოსასწორებლად და საქართველოს ე.წ. ტრიოს ფორმატში დასაბრუნებლად, ყველაზე მნიშვნელოვანი ხელისუფლების მუშაობაზე მაქსიმალური კონტროლის გაზრდაა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ასევე საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა სხვადასხვა ინსტიტუციური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობის კუთხით. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ევროპული ღირებულებების გარშემო კონსოლიდირება და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის ელექტორალური მხარდაჭერის გაზრდაზე და დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გამყარებაზე მუშაობა.

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პირობითობის შემოღების გამო შესაძლოა საქართველოს მოსახლეობა სლოვაკების მსგავსად უფრო მობილიზდეს და მეტად კრიტიკული გახადოს პოლიტიკური ელიტის თითოეული გადაწყვეტილების მიმართ, რაც გაზრდის ხელისუფლებაზე და ასევე ოპოზიციაზე საზოგადოებრივ კონტროლს და ანგარიშვალდებულების ხარისხს.

 

 

ბლოგი მომზადდა „ღია საზოგადოების ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით. აქ გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა, არ ემთხვეოდეს „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა“ და „ღია საზოგადოების ფონდის საქართველოში“ შეხედულებებს.
, , , , , , , ,