Author

20/02/2017 მიხეილ სარჯველაძე

საქართველო და გერმანია ევროატლანტიკურ სივრცეში: მოლოდინს და რეალობას შორის

მიხეილ სარჯველაძე
კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტი

საზოგადოების ემოციური დამოკიდებულება ევროინტეგრაციის პროცესისადმი და ამავდროულად არაინფორმირებულობა ცუდი კომბინაციაა, რომელიც შესაძლოა მარტივად გახდეს განწყობის შეცვლის საფუძველი. ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის აღქმა განსაკუთრებით საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც არ ჰქონია ევროკავშირში, ცხოვრების, მოგზაურობის, სწავლის ან უბრალოდ ევროკავშირის შესახებ ინტენსიურად ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა დაკავშირებულია 3 ასპექტთან: ა) ბუნდოვან იმედთან, რომ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება  ბ) პოლიტიკურ აპათიასთან, რომ „ევროკავშირში მაინც არავინ მიგვიღებს“ გ) ევროკავშირი (დასავლეთი) ,,ქართველობას გვართმევს“. 

ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ სოციალური ქსელები ხუმრობების ტალღამ წალეკა ავტობუსების ფოტოებით მაგ. „ოკრიბა-პრაღა-ლონდონი“ ან „მარტვილი-რომი-პარიზი“. მსგავსი დამოკიდებულება ერთის მხრივ მიანიშნებს იმ მოლოდინზე, რომელიც საზოგოდოებას აქვს ევროკავშირთან მიმართებაში სოციალური და ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. მეორეს მხრივ კი ნათლად გამოხატავს, ერთგვარ ზედაპირულ დამოკიდებულებას. ზედაპირული დამოკიდებულება ევროინტეგრაციის თემაზე ღრმა საზოგადოებრივი დისკურსის არარსებობაზე და სახელმწიფოს მიერ საინფორმაციო პოლიტიკის დეფიციტზე მიუთითებს.

ამ ყველაფერს თან ერთვის ინტეგრაციის პროცესის დინამიკის შენელების შემთხვევაში პოლიტიკური ელიტების და მედიასაშუალებების მიერ შეფერხების რეალური მიზეზების არასაკმარისად ახსნა.

ევროკავშირში თუ ნატოში აზრთა სხვადასხვაობა ამა თუ იმ საკითხზე დამოკიდებულია  წევრი სახელმწიფოების განსხვავებულ პოზიციებზე. სახელმწიფოების პოზიციებს და ინტერესებს, როგორც ეს ხშირად ხდება საგარეო პოლიტიკის შემთხვევაში, საშინაო პოლიტიკა განსაზღვრავს. შესაბამისად ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესები დიდმნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ამ სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის აქცენტებს. ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოების შიდა პოლიტიკური პროცესები, როგორიცაა მაგალითად რადიკალური ძალების გაძლიერება ან მიგრანტთა კრიზისი, რათქმაუნდა აისახება მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზეც. თუმცა, ეს პროცესი ბევრად წინ უსწრებს ინფორმირებულობას საქართველოში ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზე და ევროკავშირში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. შედეგი – გარკვეული ინფორმაციული ვაკუუმი ქმნის მცდარ წარმოდგენებს, ზედაპირულ დამოკიდებულებას და უნდობლობას ინტეგრაციის პროცესისადმი.

ქართულმა საზოგადოებამ ორი მოვლენა აღიქვა განსაკუთრებით მტკივნეულად ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში. პირველი, როცა ბუქარესტის ნატოს სამიტზე 2008 წელს საქართველომ ვერ მიიღო ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა და მეორე, როცა 2016 წლის ზაფხულის დასაწყისში მოხდა ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეფერხება. ორივე შემთხვევაში დომინანტური როლი შეასრულა გერმანიამ, რომელსაც მხარს სხვა ევროპული სახელმწიფოები უჭერდა. ორივე შემთხვევაში საქართველოში გერმანიისადმი უარყოფითი განწყობა შეიქმნა, მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი ურთიერთობების გათვალისწინებით გერმანია საქართველოს უმნიშვნელოვანესი ევროპელი პარტნიორი იყო და რჩება. უარყოფითი განწყობის და ზოგადად იმედგაცრუების დამატებით გაღრმავების საშიშროება უკვე აღნიშნული ინფორმაციული დეფიციტის და ანტიდასავლური მედიასაშუალებების აქტიურობის ფონზე საკმაოდ დიდია.

დეზინფორმაციული მანქანის სამიზნე ზოგადად ევროკავშირის და ნატოს გარდა ის სახელმწიფოებია, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში. მაგალითად ვიზალიბერალიზაციის პროცესის წარმატების პარალელურად 2016 წლის გაზაფხულზე საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმმა“, გამოაქვეყნა სტატია, რომ ანგელა მერკელი ადოლფ ჰიტლერის ქალიშვილია. იგივე სტატიაში საქინფორმი წერს „ევროატლანტიკურ ქართველების“ საყურადღებოდ, რომ „ავხორცობა და ოჯახური ღალატი, გარყვნილება და სექსუალური ძალადობა სწორედ მათთვის ესოდენ სათაყვანო აშშ-ისა და ევროპის უმაღლეს ხელმძღვანელობას ახასიათებს.“ მედიის განვითარების ფონდის კვლევის „ანტიდასავლური კვლევა. მედია მონიტორინგის ანგარიში 2014-2015 წლები“ ანტიდასავლური განწყობის მთავარი წყარო სწორედ მედიაა, ანტიდასავლური და პრორუსული მედიის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი კი სწორედ უკვე აღნიშნული საქინფორმია. 

იმისთვის, რომ დაინტერესებული სახელმწიფოების პროპაგანდისტულმა მანქანებმა ვერ შეძლონ ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესისადმი საზოგადოების დადებითი განწყობის შეცვლა, სახელმწიფომ 1) ქმედითი ინსტრუმენტები უნდა შექმნას დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად 2) ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში დაეხმაროს საზოგადოებას პროცესიდან სარგებლობის გააზრების მხრივ და ჰქონდეს მასთან ინტეგრაციის პროცესის დინამიკასთან დაკავშირებით რეალისტური კომუნიკაცია. ქმედითი ნაბიჯები აუცილებელია, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსახლეობაში ევროკავშირის და ნატოს მიმართ დადებითი განწყობაზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა ინტეგრაციის პროცესის დინამიკის შენელების გამო.

ქეისი: საქართველო და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP)

2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიუხედავად მოლოდინისა საქართველომ ვერ მიიღო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). პროცესს, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს ბუშის ადმინისტრაცია, წინააღმდეგობა შეხვდა ევროპელი წევრების, პირველ რიგში კი გერმანიის მიერ. გერმანიას  რუსეთში 2008 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ჰქონდა იმედი, რომ დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის პირობებში, ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების და რუსეთის მოდერნიზაციის შანსი უფრო მაღალი იყო, ვიდრე მისი წინამორბედის შემთხვევაში.

გარდა ამისა გერმანია მხარს უჭერდა ევროკავშირს და რუსეთს შორის 2007 წელს ვადაგასული ,,პარტნიორობის და თანამშრომლობის ხელშეკრულების“ (The EU- Russia Partnership and Cooperation Agreement) განახლების პროცესს. გერმანიის აზრით პრეზიდენტ ბუშის მიერ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების ფორსირება, ხანგრძლივ პერსპექტივაში დააზარალებდა ვროპულ-რუსულ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობდა დესტაბილიზაციას რუსეთის სამეზობლოში, რაც პირველ რიგში თავად გერმანიისთვის იქნებოდა საზიანო. პუტინმა ღიად გამოხატა მუქარა ბუქარესტის სამიტამდე, 2008 წლის თებერვალში, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, ის უკრაინის წინააღმდეგ ატომური იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავდა.

გერმანიისთვის მოვლენების ამგვარად განვითარება ცალსახად საზიანო იქნებოდა, რადგან გერმანიამ გაერთიანების შემდეგ ერთგვარი ხიდის ფუნქცია შეითავსა რუსეთს და ევროკავშირს, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპას შორის, რაც ქვეყნის პოლიტიკურ წონაზე და ეკონომიკაზე უაღრესად დადებითად აისახა. 2008 წლისთვის გერმანიას და რუსეთს შორის საერთო სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 60 მილიარდ ევროს შეადგენდა და რუსეთში 4600 გერმანული ფირმა იყო წარმოდგენილი. გარდა ამისა, საქართველოში მიმდინარე შიდა პოლიტიკურმა პროცესებმა გერმანიას MAP-ის დაბლოკვისთვის საჭირო არგუმენტაცია გაუადვილა. 2007 წლის ნოემბრის მოვლენებმა, მედიასაშუალებებზე ზეწოლამ და იუსტიციის ინსტრუმენტალიზებამ საშუალება მისცა გერმანულ მხარეს ეთქვა, რომ ნატოში გაწევრიანება საქართველოში შიდა პოლიტიკური კრიზისების და დემოკრატიის ხარისხის გაუარესების ფონზე ნაადრევია და რომ საქართველომ ჯერ შიდა პრობლემები უნდა მოაგვაროს.

არა უგვიანეს 2008 წლის მარტისა ცნობილი იყო გერმანიის პოზიცია, რომ ბერლინი საქართველოსთვის MAP-ს, ისევე როგორც ნატოს წევრობას ნაადრევად მიიჩნევდა. მიუხედავად ამისა საქართველოს მთავრობა მაინც მიმართავდა ბუქარესტის სამიტამდე რიტორიკას, რომ საქართველო მალე ნატოს წევრი გახდებოდა. მას შემდეგ რაც 2008 წლის ომის შემდეგ გერმანია რუსეთს და ევროკავშირს შორის კოოპერაციის ხელშეკრულების აღდგენას შეეცადა, საქართველოს პრეზიდენტმა გერმანული გაზეთის TAGESSPIEGEL-თან ინტერვიუში მოუწოდა გერმანიის მთავრობას, თავი აერიდებინა ღალატისთვის. გარდა ამისა აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ღიად დაადანაშაულეს დასავლეთი ომის დაწყებისთვის ხელის არშეშლის გამო. მათი თქმით საქართველოსთვის MAP-ზე უარის თქმით, დასავლეთმა (იგულისხმება პირველ რიგში გერმანია) მწვანე შუქი აუნთო რუსეთს.

გერმანიის მიმართ დამოკიდებულება საზოგადოებაში ნატოსთან ინტეგრაციის კონტექსტში ჯერ კიდევ  ნეგატიურია. რაც ზოგადად ნატოსთან ინტეგრაციის პროცესისადმი დამოკიდებულებაზეც ნეგატიურად აისახება. ბუქარესტის სამიტის შემდეგ პოლიტიკური ელიტების მიერ გარკვეული დოზით ანტი-გერმანულმა რიტორიკამ ხანგრძლივ პერსპექტივაში დააზარალა ქართულ-გერმანული ურთიერთობები. შიდა ევროპული პროცესების გაუთვალისწინებლობით და საზოგადოებისთან რეალური მდგომარეობის ამსახველი  კომუნიკაციის არქონით, შეიქმნა მცდარი მოლოდინები, რაც გერმანიისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში გარდაისახა.

ქეისი: ვიზალიბერალიზაცია

თუ რაოდენ დიდ ზეგავლენას ახდენს ცალკეული ევროპული ქვეყნების საშინაო პოლიტიკა საქართველოს ინტეგრაციაზე ევროკავშირთან, განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა 2016 წლის ივნისში. გერმანიის ფაქტორმა, განსაზღვრა ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურება. მიუხედავად იმისა, რომ გერმანია ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი პარტნიორია განვითარების პოლიტიკის კუთხით ამერიკის შერთებული შტატების შემდეგ, ის სათავეში ჩაუდგა იმ ქვეყნების სიას (უპირველეს ყოვლისა საფრანგეთი და იტალია), რომლებიც ე.წ. შეჩერების მექანიზმის მომხრენი იყვნენ. საქართველოში, სადაც სამართლიანად არსებობდა მოლოდინი, რომ პროცესი არ გაჭიანურდებოდა, გაიღვიძა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ გერმანიისადმი. ამ დროს კი რეალობა გაცილებით კომპლექსური იყო. გერმანულ პრესაში 2016 წლის ივნისის დასაწყისში საქართველოზე ნეგატიური სტატიების  ტალღა გავრცელდა. სტატიებში საუბარი იყო გერმანიაში ქართული ორგანიზებული კრიმინალის ზრდაზე და ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში კრიმინალის კიდევ უფრო ზრდის საშიშროებაზე. ამ მოსაზრებების ავტორები ცნობილ გერმანულ მედიაგამოცემებში, როგორიცაა მაგ. BILD, SPIEGEL, FOCUS და DIE WELT ძირითადად ბაიერნის მხარის შინაგან საქმეთა მინისტრი იოახიმ ჰერმანი (ქრისტიანულ-სოციალური კავშირი) და გერმანიის პარლამენტის წევრი ქრისტიან-დემოკრატიული კავშირიდან – არმინ შუსტერი იყვნენ.

მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ მართლაც არსებობს ქართული კრიმინალის პრობლემა გერმანიაში და მასიურად ხდება ლტოლვილის სტატუსის მაძიებლის სტატუსის ბოროტად გამოყენება ქართველების მიერ, რეალურად მოხდა საკითხის ინსტრუმენტალიზება. ქართველები გერმანიაში 2015 წელს ეჭვმიტანილთა საერთო რაოდენობის  0,3% შეადგენდნენ. ასევე 2015 წელს მთავარი ბრალდების – ბინების ძარცვის ასპექტში ქართველი ეჭვმიტანილების ოდენობა შეადგენდა ყველა უცხოელი ეჭვმიტანილის 6,4%. უცხოელ ეჭვმიტანილთა საერთო ჩადენილი დანაშაულის რაოდენობის მიხედვით, საქართველო 2015 წელს 24-ე ადგილზე იმყოფებოდა გერმანიის მასშტაბით, ბაიერნში კი 23-ე ადგილზე.

გერმანიის ამჟამინდელი მთავრობა შედგება ე.წ. დიდი კოალიციისგან, რომელიც ბუნდესტაგში ორი ფრაქციითაა წარმოდგენილი. პირველ ფრაქციას ქრისტიან-დემოკრატიული (CDU) და ქრისტიანულ-სოციალური (CSU) კავშირები წარმოადგენენ. მეორე ფრაქციას კი სოციალ-დემოკრატები (SPD). ქრისტიანულ-სოციალური კავშირი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალაა ბაიერნში, რომლის სამხარეო მთავრობაშიც შესაბამისად აღნიშნული პარტიაა წარმოდგენილი.

ქრისტიანულ-სოციალური კავშირი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ანგელა მერკელის მიერ წარმოებულ პოლიტიკას მიგრანტებთან მიმართებაში. ანგელა მერკელის მიგრანტთა პოლიტიკის მოწინააღმდეგეა ასევე მისი პარტიის წარმომადგენელი, არმინ შუსტერი, რომელიც ამავდროულად შინაგან საქმეთა პოლიტიკის ექსპერტია ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირში. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის ივნისში მემარჯვენე პოპულისტური და ანტიევროპული პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“(AfD)  რეიტინგმა 14% მიაღწია.  AfD 2013 წელს დაარსდა და 2014 წელს უკვე გერმანიის 16 მხარიდან 10 მხარის პარლამენტში იყო წარმოდგენილი. AfD-ს რეიტინგის ზრდის პარალელურად შემცირდა ე.წ. სახალხო პარტიების – ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის და სოციალისტური სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეიტინგი, რომელიც 32% და 19% შეადგენდა 2015 წლის ივნისში. ამავდროულად შემცირდა ბაიერნში ქრისტიანულ-სოციალური კავშირის რეიტინგი 40%-მდე, AfD-ს რეიტინგი კი გაიზარდა 10%-მდე.

მემარჯვენე-პოპულისტური და ევროკავშირის მოწინააღმდეგე AfD-ს წარმატება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა ა) პროტესტი ამომრჩევლებში არსებული პოლიტიკური ჯგუფების პოლიტიკის მიმართ ბ) მიგრანტთა დიდი რაოდენობის შედინებამ ქვეყანაში (გერმანიაში მილიონზე მეტი მიგრანტი) გ)ევროსკეპტიკური და პოპულისტური მოძრაობების გაძლიერებამ ევროპის (და არამხოლოდ ევროპის) მასშტაბით. შესაბამისად ვიზალიბერალიზაციის შემთხვევაში ცალკეულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს კანცლერის მიგრაციის პოლიტიკას დაპირისპირებოდნენ დაკარგული ხმების კომპენსაციის და პოლიტიკური პროფილირების მიზნით.

ბუნებრივია, რომ მსგავსი შიდა პოლიტიკური დინებები და ცალკეული საკითხების ინსტრუმენტალიზება დიდ გავლენას ახდენს ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციაზე. მაგ. ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ SPIEGEL-მა ერთ-ერთ სტატიაში მიუთითა, რომ გერმანიაში ბინების ძარცვის უმეტესობა ქართველების მიერ ხდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გერმანიაში საქართველოს საელჩოს ჩარევის შედეგად, თუ რომელ წყაროს  ეყრდნობოდა სტატიაში მითითებული მონაცემები, SPIEGEL-ის რედაქციამ სტატიაში სიტყვა „უმეტესობა“  სიტყვით „ბევრი“ ჩაანაცვლა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი ამ წინააღმდეგობების გამო დროში გაჭიანურდა, გერმანიის მთავრობა მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ 2016 წლის ივნისამდე გაავრცელა ანტი-დასავლური რიტორიკით გამორჩეული პოლიტიკური პარტიის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განცხადება, რომ გერმანია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების სასტიკი წინააღმდეგია.  ეს რომ დეზინფორმაცია იყო კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე კენჭისყრისას. საქართველომ ყველაზე მეტი ხმა ევროპის სახალხო პარტიისგან და სოციალ-დემოკრატებისგან მიიღო, რომელთა წევრებიც სწორედ გერმანიის მთავრობაში მყოფი პარტიები არიან.

რეკომენდაციები

დასავლეთში მემარჯვენე-პოპულისტური და ანტი-ევროპული ძალების გაძლიერება მზარდი ტენდენციაა, რომელმაც როგორც აღმოსავლეთი ისე დასავლეთ ევროპა მოიცვა. ამ ტენდენციის გაძლიერების ფონზე, იზრდება ზეწოლა ლიბერალურ საზოგადოებებზე.  ბუნებრივია, რომ ზეწოლაზე რეაქცია და ამ რეაქციის შიგნით მიმდინარე პროცესები აისახება საგარეო პოლიტიკაზე და შესაბამისად საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. ურთიერთობების ინტენსიურობის დინამიკა არ უნდა გახდეს საქართველოში არც ზედმეტი ეიფორიის და არც ზედმეტი სკეპტიციზმის საბაბი. მდიდარი პოლიტიკური კულტურის არქონის პირობებში გარეშე ძალებისთვის მარტივია მოახდინოს გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. ინტერნეტის და დეზინფორმაციის ერაში ეს საშიშროება კიდევ უფრო იზრდება. ამიტომ სახელმწიფო მაქსიალურად უნდა შეეცადოს ჩამოაყალიბოს ქმედითუნარიანი საინფორმაციო მენეჯმენტი ორი მიმართულებით:

  • ქვეყნის შიგნით მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო კამპანიებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე,  რეალურ სიკეთეებზე და ამ სიკეთეების გამოყენების გზებზე. ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია არ უნდა იყოს ელიტური პროექტი, არამედ საზოგადოებრივი დისკურსის საგანი, რომელსაც საზოგადოების ფართო წრეები რეალურად აღიქვამს, როგორც შანსს აწმყოში და არა როგორც შორეულ პერსპექტივას.
  • ქვეყნის გარეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებში უნდა ამაღლდეს აქტუალური ინფორმაციის მიწოდების დონე ექსპერტების, აკადემიური წრეების და ზოგადად სამოქალაქო საზოგაოდების წარმომადგენლებისთვის. ამ მხრივ სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები აკადემიური წრეების წარმომადგენელი საქართველოს მოქალაქეების პოტენციალი. ასევე ქართულ-უცხოური ანალიტიკური ორგანიზაციების კავშირები და თანამშრომლობა.
, , , , , , , , , , , , , , , , , , , ,