13 ოქტომბერს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე – “საქართველოს საგარეო პოლიტიკის დილემა: როგორ ვიპოვოთ ბალანსი ტრანზაქციულ და ღირებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს შორის”.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დებატების ნაშრომი, რომელზეც საქართველოს საკითხზე მომუშავე ორმა ცნობილმა მეცნიერმა და საერთაშორისო ექსპერტმა იმუშავეს, პროფ. ნილ მაკფარლეინმა (ოქსფორდის ნივერსიტეტი) და პროფ. სტივენ ჯონსმა (ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი). პუბლიკაცის ავტორებმა საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა ვირტუალურ რეჟიმში მიიღეს.
პროფ. ნილ მაკფარლეინის ხედვით უკრაინაში რუსეთის მზარდი აგრესიის გათვალისწინებით და სამოკავშირეო დამცავი მექანიზმების არარსებობის პირობებში, საქართველომ ბალანსი უნდა შეინარჩუნოს დასავლეთსა და რუსეთს შორის.
პროფ. სტივენ ჯონსის მოსაზრებით განსაკუთრებით სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებების პერიოდში, შუალედური პოზიცია არ არის ერთადერთი გზა რუსეთსა და დასავლეთს შორის. დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო ბალანსირების პოლიტიკით ვერ გადარჩება რუსეთის ახალ/ძველ საერთაშორისო წესრიგში. საქართველომ უნდა ისარგებლოს სამხრეთ კავკასიაში რუსეთის დასუსტებით და გაატაროს ისეთი საგარეო პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების კოალიციაზე, რომელიც ქვეყანას ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას მოუტანს.
ავტორთა მოხსენების შემდეგ, შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. მოწვეულმა მომხსენებლებმა და დამსწრე აუდიტორიამ ერთობლივად განიხილეს ავტორთა მიერ წარმოდგენილი პოზიციები და იმსჯელეს შემდეგ აქტუალურ კითხვებზე:
- შეუძლია თუ არა მცირე ზომის სახელმწიფოს, აწარმოოს ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა, როდესაც მას არ იცავს ნატო-ს უსაფრთხოების ქოლგა და ის არ არის ევროკავშირის წევრი?
- გამართლებულია თუ არა ტრანზაქციური საგარეო პოლიტიკა საქართველოსთვის და რა რისკები ახლავს ან რა სარგებელი მოაქვს ასეთ მიდგომას?
საჯარო დისკუსია კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისთან თანამშრომლობით, “KAS-GIP საგარეო პოლიტიკის საუბრების” ფორმატის ფარგლებში გაიმართა.
ფოტოალბომი