07/07/2020 keta

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრობლემა სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში

ლევან პაპავა | ELS ზუგდიდი

ინფორმაციის მიღების და გავრცელების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით. ინფორმაციის თავისუფლება ხელს უწყობს აზრის ფორმირებას და არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფერო. ინფორმირებული სამოქალაქო საზოგადოება უფრო მეტად არის ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართელობის განხორციელებაში და მეტი შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს საინტერესო ხედვები და ინიციატივები კარგი მმართველობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კერძოდ, პროაქტიული გამოქვეყნების (ვებ-გვერდზე განთავსების) კუთხით არსებული პრობლემები დღეის მდგომარეობით კვლავ რჩება დაუძლეველ გამოწვევად სამეგრელოს რეგიონში არსებულ მუნიციპალიტეტებში.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საჯარო ინფორმაცია შეიძლება იყოს საჯარო დაწესებულებაში დაცული ნებისმიერი   ოფიციალური დოკუმენტი, აგრეთვე სახელმწიფო უწყების ან  მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან გაგზავნილი ინფორმაცია.

ნებისმიერი საჯარო დაწესებულება (ადმინისტრაციული ორგანო), ადგილობრივი თვითმმართველობის შემთხვევაში კი – წარმომადგნელობითი ორგანო,  ვალდებულია განსაზღვროს საზოგადოებრივი ინტერესების მატარებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა, პროაქტიულად გამოაქვეყნოს (საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსოს) ისინი, ასევე, განსაზღვროს ინფორმაციის გაცემაზე და გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელე.

ადგილობრივი თვითმმართველობის შემთხვევაში საკრებულოები იღებენ დადგენილებას, რომლითაც გასათვალისწინებელია გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა. მაგალითად: ინფორმაცია თანამდებობის პირებზე და სხვა თანამშრომლებზე გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების ოდენობების შესახებ, ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ,  ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ და ა.შ.

საგულისხმოა, რომ სამეგრელოს რეგიონში  უმრავლეს შემთხვევებში მუნიციპალური ორგანოების ვებ-გვერდზე განთავსებულია 2017 და 2018 წლის მონაცემები, რიგ შემთხვევაში კი მსგავსი საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე საერთოდ არ არის განთავსებული.  

საჯარო ინფორმაციის მოპოვება მუნიციპალური ორგანოებიდან შესაძლებელია წერილობითი ფორმით წარდგენილი განცხადებითაც. თუმცა, სამეგრელოს რეგიონში მერიებისა და საკრებულოების (საკრებულოს აპარატის) შემთხვევაში არ არსებობს ცალკეული პირველადი ან მეორადი სტრუქტურული ერთეული (სამსახური, განყოფილება), რომელიც მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გაცემისა და ხელმისაწვდომობის საკითხებზე მუშაობს. როგორც წესი ეს ფუნქცია ეკისრება მერიის ან საკრებულოს აპარატის იურისტს, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელს, რომელსაც სამუშაო აღწერილობის მიხედვით ეკისრება სხვა ძირითადი ვალდებულებებიც.  მათ შორის ეს გარემოებაც განაპირობებს ხშირად წერილობითი ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემის ვალდებულების შეუსრულებლობას.

თავისმხრივ, კონკრეტულ შემთხვევაში, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, შეიძლება არსებობდეს  ადგილობრივი მნიშვნელობის ინფორმაციის დაუყოვნებლივ მოპოვებისა და  გაცნობის გადაუდებელი ინტერესი, რომლის დაკმაყოფილება ანუ ინფორმაციის ხელმისავწდომობის უფლების რეალიზება შესაძლებელია მუნიციპალურ ორგანოში, სადაც საქვეყნოობის, კანონიერების, გამჭვირვალობის პრინციპი მაღალი ხარისხითაა დაცული და ეს საზოგადოებრივი ინტერესების მატარებელი საჯარო ინფორმაცია სრულად არის განთავსებული შესაბამის ვებ-გვერდზე.

სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტებში საზოგადოებრივი ინტერესების მატარებელი საჯარო ინფორმაციის, მათ შორის ფინანსური ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ამ  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში საქვეყნოობის, კანონიერებისა და  ანგარიშვალდებულების პრინციპი არ არის დაცული მაღალი ხარისხით და თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი თუ წარმომადგენლობითი ორგანოები არ იყენებენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ეფექტურ მექანიზმებს.

ამასთან,  როდესაც საჯარო ინფორმაცია სრულად და პერიოდულად  არ ქვეყნდება ვებ-გვერდზე და  პროცესი არ არის განგრძობადი, ეს ფაქტი უჩვენებს, რომ   მუნიციპალიტეტი თავად უგულებელყოფს საკუთარი დადგენილების მოთხოვნებსაც და უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურად აქვს ნაკისრი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ვალდებულება. აღნიშნული კი, თავის მხრივ გამორიცხავს კეთილსინდისიერ და გამჭირვალე მმართველობას.

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტის მიერ არის ერთ-ერთი ძირითადი გარანტი საზოგადოების მხრიდან კონტროლის განხორციელებისა, თუ რამდენად მართებულად, გონივრულად და ადეკვატურად არის მოწესრიგებული ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები. ამასთან იგი არის ანგარიშვალდებული და ღია საჯარო მმართველობის ინდიკატორი. ანგარიშვალდებულების, საქვეყნოობის და კანონიერების პრინციპის მაღალი სტანდარტით დაცვა განაპირობებს საზოგადოების ნდობას მუნიციპალური ორგანოებისადმი. ამ პრიციპების სისტემატური დარღვევა ცხადყოფს, რომ სამეგრელოს რეგიონში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არ ცდილობენ დემოკრატიული მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებას.

 მნიშვნელოვანია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების მოწესრიგების უფლებამოსილებით აღჭურვილმა მუნიციპალურმა ორგანოებმა იზრუნონ საზოგადოების ინფორმირებულობაზე. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებით, ხელს უწყობს ურთიერთგაგებისა და ნდობის დამკვიდრებას, რადგან მხოლოდ კარგად ინფორმირებულ მოქალაქეს შეუძლია პროცესებში ღირებული და ხარისხიანი თანამონაწილეობა. ინფორმაციული უზრუნველყოფის პრობლემა ავლენს  ნაკლოვანებას ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიების აღსრულების თვალსაზრისით, რადგან ასეთ შემთხვევაში მუნიციპალური ორგანოები არ ქმნიან ყველა აუცილებელ წინაპირობას საზოგადოების წევრების სრულყოფილი ჩართულობისთვის.

ამასთან პროაქტიულად ინფორმაციის გამოქვეყნების სტრატეგიის შემუშავება ახალი ელექტრონული მმართველობა (ვებგვერდები)  გამჭვირვალობის მიმართულებით, მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს სამუშაოს თვითმმართველობებისთვის.


გამოყენებული მასალა:

  • საქართველოს კონსტიტუცია
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
  • საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია.
, , ,